Home Blog Page 1641

“ჩვენ რუსეთს ვეღარ დავეყრდნობით,ის ვერ გვიცავს, მისი იმედი აღარ უნდა გვქონდეს”- ინტერვიუ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან

ბოლო დღეებში დასავლური პრესა ყურადღებას უთმობს სამხრეთ კავკასიაში მომხდარ მოვლენებს, კერძოდ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შექმნილ მზარდ დაძაბულობას მთიანი ყარაბაღის გამო და ამასთან დაკავშირებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაკეთებულ საკმაოდ რადიკალურ განცხადებებს რუსეთის მიმართ.

„მოსკოვი სომხეთს ვეღარ იცავს“, „კრემლი სომხეთის უსაფრთხოების დაცვის გარანტორი არ არის“, „სომხეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომ რუსეთის მოიმედე გახდა“, – ასეთი სათაურები აქვს ფრანგულ, გერმანულ და ამერიკულ გაზეთებში გამოქვეყნებულ მასალებს.

აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკოში“ (Politico) სათაურით „ჩვენ რუსეთს ვეღარ დავეყრდნობით, ის ვერ გვიცავს, მისი იმედი აღარ უნდა გვქონდეს“, გამოქვეყნებულია სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის ინტერვიუს შინაარსი, რომელსაც ჟურნალისტი გებრიელ გევინი ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

რუსეთის კატასტროფული შეჭრა უკრაინაში იმას ნიშნავს, რომ სომხეთს მეტად აღარ შეუძლია მოსკოვს – როგორც უსაფრთხოების გარანტს – დაეყრდნოს და მისი მოიმედე იყოს, განსაკუთრებით აზერბაიჯანის მხრიდან კონფლიქტის განახლების მზარდი საფრთხის გამო, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი Politico-სთან ინტერვიუში.

პრემიერ-მინისტრის უჩვეულოდ მკვეთრი კრიტიკა რუსეთის მიმართ, რომ მოსკოვი უკვე უუნაროა კავკასიაში საპოლიციო ფუნქციის შესასრულებლად, აძლიერებს იმის შეგრძნებას, რომ კრემლი გავლენას კარგავს – ოდესღაც ნაქებ ზესახელმწიფოს სტატუსს, რომელიც ადრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საყრდენს წარმოადგენდა.
(…)

ამჟამად, როცა რუსეთის ყურადღება მთლიანად არის გადატანილი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, ერევანში მატულობს შიში იმისა, გააგრძელებენ თუ არა ვლადიმერ პუტინის ჯარისკაცები, მშვიდობის დაცვას სამხრეთ კავკასიაში. ამ შიშს მართლაც აქვს საფუძველი: არსებობს რეალური საფრთხე, რომ აზერბაიჯანმა, სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის ანკლავის წინააღმდეგ, სამხედრო მოქმედება განაახლოს.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა“, – ამბობს ნიკოლ ფაშინიანი და ხაზს უსვამს, რომ კრემლს არ სურს აზერბაიჯანთან და მის მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება სომხეთის გამო.
დღეს, მოსკოვისათვის, რომელიც კიევთან სისხლისმღვრელ ომშია ჩაბმული, ბაქოსთან და ანკარასთან კარგი კავშირების შენარჩუნება აუცილებელია.

„ჩვენი სტრატეგია იმით უნდა იყოს გამოხატული, რომ ასეთ სიტუაციაში შევეცადოთ და შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება სხვებზე“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი, – ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო გვქონდეს, მაგრამ იმავდროულად უნდა შეგვეძლოს თავი ავარიდოთ არასასურველ მოვლენებს, არ მოვხვდეთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შეტაკების ეპიცენტრში… არ უნდა დავუშვათ ისეთი შემთხვევა, რომ სომხეთი „პროქსი“-ქვეყანა გახდეს სხვებისათვის. ეს ძალზე მნიშვნელოვანია“.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, „როცა მეზობლებთან კონფლიქტის წინაშე ვდგებით, ყოველთვის რუსეთის იმედად ყოფნა და მისი დასახმარებლად მოწვევა მიუღებელია. ასეთი სამოქმედო მოდელი ბევრ მოწყვლად მომენტებს შეიცავს“.
მთიანი ყარაბაღი, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მდებარეობს, მაგრამ მის ტერიტორიას ადგილობრივი სომხური მოსახლეობა აკონტროლებს, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორი ომის არეალად იქცა. ორივე შემთხვევაში რუსეთი ჩაერია სომხების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მოსკოვის უნარი, რომ მან მხარეთა შორის სტატუ-ქვო დაიცვას, ნელ-ნელა სუსტდება.

„ბოლო დროს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის დონე მკვეთრად დაეცა, შეიქმნა იმის საშიშროება, რომ აზერბაიჯანი უშუალოდ შეიჭრას და მთიანი ყარაბაღი სრულად გააკონტროლოს. გარდა ამისა, ბაქომ თავისი მოქმედებით ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი ინტერვიუში. იგი ბრალს სდებს აზერბაიჯანს, ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის გამო, რომელიც მთიან ყარაბაღთან სომხეთის ერთადერთ დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს და რომელსაც რუსი მშვიდობისმყოფელები იცავენ 2020 წლის ნოემბრიდან.

ლაჩინის გზით მთიან ყარაბაღში სომხეთიდან სურსათი, მედიკამენტები და საწვავი შედის და მისი ჩაკეტვით ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას შიმშილი ემუქრება.
(…)
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მომხდარი ამბები აშკარად ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი თავის ვალდებულებას ვერ ასრულებს: „ამ ყველაფრის აღკვეთა, რაც ხდება, რუსი მშვიდობისმყოფელების მოვალეობას წარმოადგენს და რადგანაც ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ ამოცანას, რუსული სამშვიდობო მისია წარუმატებელი აღმოჩნდა“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი და იქვე ამატებს: „თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ თუ მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელები არ იქნებოდნენ, სიტუაცია უფრო კარგი იქნებოდა“.
(…)
ბოლო დღეებში ორი მეზობელი სახელმწიფოს საზღვარზე შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიები საბრძოლო მზადყოფნაში იქნენ მოყვანილნი, რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიამაც დაადასტურა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ესკალაციის სცენარის გამორიცხვა ჯერ-ჯერობით არ შეიძლება, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ სომხეთი თანახმაა მობილიზებული სამხედრო ქვედანაყოფები, თავიანთი დისლოცირების ბაზებში დააბრუნოს, იგივე უნდა გააკეთოს აზერბაიჯანმაც.

ინტერვიუში პრემიერმა დაადასტურა, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას, აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით.

„ჩვენ ვაცნობიერებთ ერთ ჭეშმარიტებას: თუ გვსურს გვქონდეს მტკიცე სახელმწიფოებრიობა, ამისათვის სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარების მიზნით“, – თქვა მან და იქვე აღნიშნა, რომ ძველი მოკავშირის (რუსეთის) მფარველობაზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთს, რომელიმე დასავლელი დამცველი სწრაფად გამოუჩნდება: დიდი გზის გავლა იქნება საჭირო იმისათვის, რომ სომხეთმა დასავლეთისაგან ისეთი სრული მხარდაჭერა მიიღოს, როგორიც მას სურს.
„ჩვენი პარტნიორები – ევროკავშირი და აშშ – მხარს მაშინ გვიჭერენ, როცა საქმე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ეხება, მაგრამ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ასეთი მხარდაჭერა საკმარისია ჩვენი [საბოლოო] მიზნების მისაღწევად და ჩვენი საქმიანობის დღის წესრიგის შესასრულებლად“, – დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში.

წყარო

ქართველმა კარატისტებმა ტაშკენტში მე-13 მსოფლიოს ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვეს

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დასრულებულ მე-13 მსოფლიოს ჩემპიონატზე შოტოკან კარატეში, წარმატებით იასპარეზეს საქართველოს კარატეს ერონული ფედერაციის  წარმომადგენლებმა. საერთო ჯამში ქართველმა კარატისტებმა 14 მედალი მოიპოვეს, აქედან ორი ოქროს, ორი ვერცხლის და 10 ბრინჯაოსი დაიმსახურეს. უმაღლესი სინჯის მედლები პარასპორტსმენთა შორის ჯონი თოფურიამ და ალექსანდრე შამუგიამ მოიპოვეს, ვერცხლის ბექა ბეჟუაშვილმა და ანდრია კუპრეიშვილმა.

საქართველოს კარატისტთა ნაკრები გუნდის ლიდერმა ლუკა ხვედელიანმა, პირად პირველობაში ბრინჯაოს სინჯის მედალი დაისაკუთრა, თუმცა, რომ არა ½ ფინალში, რომელსაც ლუკა 3:1 იგებდა, მოწინააღმდეგე სპორტსმენის მიერ გამოყენებული აკრძალული დარტყმა ყელის არეში, მეტის მიღწევაც შეეძლო. ამ დარტყმის შედეგად კი ხვედელიანმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ვეღარ შეძლო ფინალში მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასულმა უზბეკმა სპორტსმენმა ღირსეული საქციელით დაგვამახსოვრა თავი და ქართველ კარატისტს დაუთმო თავის პირველი ადგილი კვარცხლბეკზე, როგორც უფრო დამსახურებულ სპორტსმენს. ჩვენმა კარატისტებმა უფროს ასაკობრივ კატეგორიაში ვაჟთა შორის გუნდურ შეჯიბრებაზე ასევე ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთო ჯამში საქართველომ  31 მონაწილე ქვეყნას შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ განვრცელებულ განაცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად.

„საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 სექტემბერს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთში, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსი და მოსალოდნელი სოხუმში, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +24, ღამის ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +14, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანში დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი და მცირე ნალექია მოასლოდნელი. სიღნაღში დღისით +23 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.

“იმდენად შეშინებულია პრეზიდენტი, ელჩებს და ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუხმო და მათთან ერთად გადის კონსულტაციებს”- მამუკა მდინარაძე

ვცდილობ, მოვერიდო ასეთი სიტყვების გამოყენებას ქალი პრეზიდენტია და, რა თქმა უნდა, ეთიკის ნორმებს უფრო მეტად ვიცავთ, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, იმდენად შეშინებულია პრეზიდენტი, რომ ელჩებს მოუხმო თავისთან და რაღაცები ილაპარაკა. მერე მოუხმო ოპოზიციონერ დეპუტატებს და მათთან ერთად გადის კონსულტაციებს ვითომ ევროპულ გზაზე, ამ დროს, ელაპარაკება იმაზე, რომ მხარი არ დაუჭირონ იმპიჩმენტს, ამაზე თავად ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა, იმის იმედით, რომ ვერ გადააყენებდნენ, გაბედა და კონსტიტუცია დაარღვია.

„ძალიან შეშინებულია, რადგან იცის, რაც გააკეთა. იმის იმედით, რომ ვერ გადააყენებდნენ, ეს იცის, რომ ამის ნაკლები შანსია, გაბედა და დაარღვია კონსტიტუცია. შემაკავებელი ფაქტორი ის კი არ იყო, რომ კონსტიტუციისთვის პატივი ეცა, ის იყო, რომ ვერ გადააყენებდნენ. შემაკავებელი ფაქტორი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის არ ჩადენა და შესაბამისი სასჯელის მოლოდინი გახდა მაშინ, როდესაც მან მტკიცებულება დადო. თავად ძალიან კარგად იცის, რომ კონსტიტუციას არღვევს, როდესაც პირადი ხარჯებით წავიდა. მას თუ მიაჩნდა და მყარად იყო დარწმუნებული, რომ კონსტიტუციას არ არღვევდა და უფლება ჰქონდა მთავრობის ნებართვის გარეშე რომელიმე ქვეყანაში გამგზავრებულიყო, მაშინ ის ამას სახელმწიფო ხარჯით გააკეთებდა, მაგრამ მტკიცებულებაა ის, რომ რადგან მან გადაწყვიტა, თავისი ხარჯით წასულიყო, ეს იმას ნიშნავს, მან იცის, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური. თუმცა, ხარჯებთან დაკავშირებით, ამას ემატებოდა, რომ ეს ამავდროულად დანაშაული გახდებოდა და დანაშაული არ გარისკა. სასჯელი მოჰყვება ყველა დანაშაულს, ასეთის დამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში იმპიჩმენტი. ალბათ სასჯელმა შეაშინა, მაგრამ იმპიჩმენტმა ვერა, რადგან იცის 100 ხმა არ გვაქვს.

კონსტიტუციაა დიდი ამბავი, კონსტიტუცია დაარღვია მერე რა – ეს მესიჯ ბოქსია, წარმოიდგინეთ რაზე ვლაპარაკობთ და ჩვენ თუ კონსტიტუციას არ ვეცით პატივი, რომელი კანონის დაცვაზე, რომელ კანონიერებაზე და სამართლის უზენაესობაზეა ლაპარაკი. კონსტიტუციის დარღვევა მერე რა-თი გასატარებელი, ამ თავხედური მესიჯით გასატარებელი რამ არ უნდა იყოს არასდროს, ეს უნდა დავიმახსოვროთ და უნდა გვქონდეს ქცევის წესად, ეს არის მარტივი ამბავი, თუ გვინდა, რომ ნამდვილად ევროპელები ვიყოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,პრეზიდენტი თუ, ამ ნაბიჯს გადადგამს მაშინ ის შანტაჟს ექვემდებარება” – მდინარაძე

„პრეზიდენტის შანტაჟის ამ ამაზრზენ ფორმაზე თუ რეაქცია იქნება, რომ შეიწყალებს [სააკაშვილს], მაშინ ყველას ეცოდინება, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ერთის მხრივ არღვევს კონსტიტუციას, მეორე მხრივ, ექვემდებარება შანტაჟს,“ – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ კითხვას, რას ფიქრობს იმ ფარულ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი არ გაათავისუფლებს სააკაშვილს, „ნაცმოძრაობა“ შევა დარბაზში და მხარს დაუჭერს მის იმპიჩმენტს.

„თავიდან რომ მალავდნენ გახსოვთ? უარყოფდნენ. განიხილავენ ამას, დღეს სტატუსებიც შემომხვდა „ფეისბუქზე“ – ან სააკაშვილის შეწყალება, ან იმპიჩმენტი. პრეზიდენტის შანტაჟის ამ ამაზრზენ ფორმაზე თუ რეაქცია იქნება, რომ შეიწყალებს [სააკაშვილს], მაშინ ყველას ეცოდინება, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ერთის მხრივ არღვევს კონსტიტუციას, მეორე მხრივ, ექვემდებარება შანტაჟს და თავისი სკამის შესანარჩუნებლად იყენებს შეწყალების უფლებას ყველაზე სასტიკი დამნაშავის მიმართ. იმ დამნაშავის მიმართ, რომელმაც შექმნა წამების, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ტელევიზიების ჩამორთმევის, ადამიანების მოკვლის სისტემა. ავტოკრატიული – ყველაზე რბილი შეფასებაა ალბათ. ამ ადამიანს იწყალებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ უფრთხილდება საკუთარ სკამს. მას ალბათ მორალური უფლება არც ისე აღარ აქვს და აღარც ექნება არანაირი უფლება, რომ პრეზიდენტის სავარძელში იჯდეს როცა ამ სავარძლისთვის იწყალებს ვიღაცას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტების განცხადებებს, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ვიღაცების გადაბირებას, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები მოგროვდეს, მდინარაძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა.

„ყველა იტყუება. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ თუ რომელიმე მათგანი ამბობს, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვინმე ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ მხარი დაუჭირონ იმპიჩმენტს, და კულისებში რაღაც ხდება და იქ ვაპირებთ ან ვინმეს ველაპარაკებით, ეს არის ცალსახა ტყუილი და ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

14 სექტემბრიდან საეკლესიო ახალი წელი იწყება

საეკლესიო ახალი წლის დასაწყისი, ძველი სტილით 1 სექტემბერს, ახალი სტილით კი 14 სექტემბერს აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია “ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს” შესთხოვს, “აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა”.

გადმოცემის თანახმად, როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის თვის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ. სექტემბრის პირველ დღეს ხარკის გადახდით ხალხი მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდა. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა.

წმიდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: “სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე… ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული”.

ასევე, 312 წლის 14 სექტემბერს კი კონსტანტინე დიდის მიერ მაქსენციუსის დამარცხების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ მოვლენათა აღსანიშნავად უძველესი დროიდან ბერძნულ ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.

მნიშვნელოვანია ინფორმაცია მძღოლებისთვის

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ივერთუბნის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას განაგრძობს.

მათივე ცნობით, ამჯერად, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე მოეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 14 სექტემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან, ბეთაშვილისა და მერი შერვაშიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან, ნიკოლოზ ხუდადოვისა და მერი შერვაშიძის ქუჩების გამოყენებით. ასევე იოსებ ჟორდანიას ქუჩის, მერი შერვაშიძის II შესახვევისა და მერი შერვაშიძის ქუჩის გამოყენებით.

ამასთანავე, ავტომობილები იმოძრავებენ ბეთაშვილისა და შერვაშიძის ქუჩების კვეთიდან შერვაშიძის, ხუდადოვისა და ზამთრიანის ქუჩების, შერვაშიძის ქუჩის, შერვაშიძის II შესახვევისა და იოსებ ჟორდანიას ქუჩის საშუალებით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, რთული დღეა – საყვარელ ადამიანთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. შესაძლებელია უსაფუძვლო ეჭვები და ამის გამო, ჩხუბი. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ – ახლობლებს დღეს თქვენი დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ.

ამ დღეს შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

კურო

საკუთარ ინტერესებსა და საყვარელი ადამიანების სურვილებს შორის რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. თუ ხვდებით, რომ გეგმების დამოუკიდებლად განხორციელებას ვერ ახერხებთ, დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს უნდა მიმართოთ.

შესაძლებელია მოულოდნელი ხარჯები და ფინანსური დანაკარგები, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, იმედი არ დაკარგოთ. ამ დღეს კარგი განწყობა და ოპტიმიზმი წარმატების აუცილებელი პირობაა.

ტყუპები

მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა. დროა, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელზედაც ბევრი რამაა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია სიტუაციის ობიექტური შეფასება, ამიტომ გირჩევთ „ვარდისფერი სათვალე“ მოიხსნათ.

დღის მეორე ნახევარში ხმაურიანი დაპირისპირება გელით. სურვილის მიუხედავად, პრობლემის მშვიდად და დელიკატურად მოგვარებას ვერ შეძლებთ. გამოწვევებით სავსე დღეა, მაგრამ შანსი გაქვთ, რომ ღირსეულად დაძლიოთ და ღირებული გამოცდილება მიიღოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს უსიამოვნო სიურპრიზები გელით. ძველ პარტნიორებთან ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა, ამიტომ ახალი კავშირები უნდა დაამყაროთ. არ არის გამორიცხული პრობლემები სამთავრობო უწყებებთან და მაკონტროლებელ ორგანოებთან.

ფრთხილად იყავით – შეიძლება ძვირფასი ნივთი დაკარგოთ ან ძარცვის მსხვერპლი გახდეთ. თავი შეიკავეთ მაღაზიებში სიარულისგან, რადგან შეიძლება ბევრი უსარგებლო ნივთი შეიძინოთ და უფულოდ დარჩეთ.

ლომი

თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. გავლენიანი ადამიანების დახმარებით თამამ იდეებს განახორციელებთ და გარშემო მყოფთა პატივისცემას დაიმსახურებთ.

ზოგიერთი ლომი დაუგეგმავ შემოსავალს მიიღებს ან დავიწყებულ ვალს დაუბრუნებენ. მშვენიერი დღეა ხალხმრავალ წვეულებებზე გართობისა და საჯარო გამოსვლებისთვის. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი ნაცნობობა გაგახარებთ.

ქალწული

ეჭვებით სავსე ხართ და ყველგან ინტრიგები და შეთქმულებები გელანდებათ, რაც საქმიან ურთიერთობებზეც აისახება და პირადზეც.

ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სიტუაციის განვითარებას დააკვირდეთ – ეს უკეთესია, ვიდრე რეალურ თუ წარმოსახვით მტრებთან ბრძოლა. ამ დღეს ფიზიკური აქტივობები აუცილებელია, თუმცა ეცადეთ არ გადაიღალოთ.

სასწორი

ამ დღეს წარმატებით გაუმკლავდებით პრობლემებს, რომლებსაც სხვები ვერ უმკლავდებიან. საქმიანი მოლაპარაკებები კარგად ჩაივლის. კონფერენციებზე, სემინარებსა და მსგავს ღონისძიებებზე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით.

ეცადეთ, საკუთარ ცხოვრებაში ცოტაოდენი მრავალფეროვნება შეიტანოთ – მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი, გაახარეთ მოულოდნელი საჩუქრით და ეს თქვენც განწყობას აგიმაღლებთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა კონფლიქტების მოგვარებისა და შერიგებისთვის. სავარაუდოდ, მოგებიანი გარიგებების დადებას და მოკავშირეების პოვნას შეძლებთ. ასევე შეიძლება ძველ პარტნიორებთან ურთიერთობა აღადგინოთ.

ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებას საგრძნობლად შეცვლის, თუმცა ურთიერთობა ისე არ განვითარდება, როგორც ელით.

მშვილდოსანი

ამ დღეს გარშემომყოფები თქვენ მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ვერავინ ვერაფერში მოგედავოთ. განსაკუთრებით მოერიდეთ ახალი იდეებისა და ინიციატივების წარდგენას, რათა თავზე საყოველთაო რისხვა არ დაიტეხოთ.

თხის რქა

ამ დღეს საშუალება გექნებათ, პრიორიტეტები დასახოთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ. ამ დღეს დაწყებული თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და მოგების გარდა, ღირებულ გამოცდილებასაც მოგიტანთ.

ოჯახში ურთიერთგაგება სუფევს, ამიტომ უთანხმოება და კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის. შეყვარებულ თხის რქებს ახლა ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა და განტვირთვა სჭირდებათ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის – საქმიანი მოლაპარაკებების, მეგობრული შეხვედრებისა და რომანტიკული პაემნებისთვის. პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი, უბრალოდ ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. მარტოხელა მერწყულს საინტერესო ნაცნობობა ელის.

თუ სახლში დარჩით, ეცადეთ არ მოიწყინოთ, მით უმეტეს, რომ ოპტიმიზმის უამრავი მიზეზი გაქვთ.

თევზები

სირთულეებით სავსე დღეა, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით. მთავარია, საკუთარ სურვილებში გაერკვეთ და მოლოდინებსა და შიშებს მოერიოთ. ეცადეთ, საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ – ეს პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ ურთიერთობის დამყარებას, რომელსაც დიდი ხანი ვერ ახერხებდით. ბევრი თევზი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში დაძაბულობის პერიოდის დასრულებას შეძლებს.

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს.

„პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს.

საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის  კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ.

ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის (ევროკავშირის) მომავალსაც გაიზიარებს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-საელჩოს განცხადებას აფასებს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აფასებს აშშ-საელჩოს განცხადებას, რომელიც საქართველოში სამხედრო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
აშშ-ს საელჩოს განმარტებით „შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“.

ქართველიშვილის თქმით, ამას უკვე აღარც ფსკერი ჰქვია, არც კრახი და არც ფიასკო.

„როგორ არ აღვნიშნო, რომ ახალი ხელმძღვანელის მოლოდინში მყოფმა აშშ-ს საელჩომ სასიამოვნოდ გამაოცა. დღეს „ჟურნალისტად“ წოდებული „გლავკანალის“ სვავი არ ეშვებოდა ირაკლი კობახიძეს ამ იაფფასიანი და უბინძურესი ფეიკით. კობახიძის არაერთ კონტრშეკითხვას: „წყარო დამისახელეთო„ – აბსოლუტური საპასუხო ბოდვა მოჰყვა.

ასე ხდება, როდესაც ამერიკის საელჩო თავისი არასწორი დამოკიდებულებით იმდენად ათამამებს თავის ლაქიებს და მარიონეტებს, რომ ისინი თვით საკუთარ „მემარიონეტეს“ ფამილიარულად და „იერარქიულ კიბეზე“ საკუთარი რეალური ადგილის დავიწყებით ექცევიან. „გლავკანალს“ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ თავის მორიგ ფეიკსა და დეზინფორმაციაზე ისინი პატრონებისგან წამახალისებელ რეაგირებას მიიღებდნენ.

ამჯერად, ზღვარსგადასული და აბუნტებული ლაქიების დონე საელჩოშიც კი ადეკვატურად შეაფასეს. მათ განცხადებას სრულად შემოგთავაზებთ: “აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“.

ამას უკვე აღარც ფსკერი ჰქვია, არც კრახი და არც ფიასკო. ამას საჯარო გაროზგვა თუ გამათრახება ჰქვია, გაბლატავებულ მონას ბამბის პლანტაციაზე მოთმინებიდან გამოსული პატრონი რომ უთავაზებს. მადლობა საელჩოს ასეთი მყისიერი რეაგირებისათვის. არა რუსულ დეზინფორმაციას! არა რუსულ გლავკანალიზაციას!“- წერს ქართველიშვილი.

,,ააყიყინეს სანაცეთის პოლიტიკანები და სასაცილო “ექსპერტები” მორიგ სიყალბეზე”- აბაშიძე

რომელიღაც ნაცსუბიექტმა დაწერა ვითომ კომპეტენტური და ვითომ სანდო ინფორმაცია, რომ თითქოს ამერიკულ ბაზაზე საქართველომ თქვა უარი. სამარცხვინო ისაა, რომ ვითომ პროდასავლური ნაცმედია სიცრუეში ამხილა აშშ-ის საელჩომ:

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში”- ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

“ENG ნაცპროპაგანდის უგვანო თავისებურება – “ჭ” კლასის აქტივისტს ათქმევინებენ რაღაც სისულელეს და შემდეგ ამაზე აწყობენ ვითომ “შავ პიარს”. რომელიღაც ნაცსუბიექტმა დაწერა ვითომ კომპეტენტური და ვითომ სანდო ინფორმაცია “ყვავის ჩხიკვის მამიდის მეზობელზე” დაყრდნობით, რომ თითქოს ამერიკულ ბაზაზე საქართველომ თქვა უარი. ააყიყინეს სანაცეთის პოლიტიკანები და სასაცილო “ექსპერტები” მორიგ სიყალბეზე.

„თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად. მოვუწოდებთ საზოგადოებას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კიდევ უფრო სამარცხვინო ისაა, რომ ვითომ პროდასავლური ნაცმედია სიცრუეში ამხილა აშშ-ის საელჩომ: აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში.