“სომხეთ-რუსეთს შორის საინტერესო განცხადებები და დიალოგია, მედიის მეშვეობით, დიპლომატიურ სკანდალთან ერთად.
სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებისას რუსეთის პასიურობით განაწყენებულმა ფაშინიანმა კუხო-დან (ОДКБ) დამკვირვებელი გამოიწვია. ამასთან ერთად, იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთი თვითონ გადის სამხრეთ კავკასიიდან. იქვე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მხოლოდ რუსეთის ფაქტორთან დაკავშირება არასწორია. ამ ყველაფერს დაემატა სომხეთში ამერიკულ-სომხური სამხედრო წვრთნები.
ყველაზე მეტად რუსეთის გაღიზიანება სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიკაციის პროცესის დაწყებას მოჰყვა, რაც სომხეთს დაავალდებულებს პუტინის სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში ის დააკავოს.
ამ ფაქტების შესახებ ვწერდი წინა დღეებში. რუსეთის რეაქციამ არ დააყოვნა და ლავროვის უწყებაში სომხეთის ელჩი დაიბარეს მკაცრი საუბრისთვის. ამ დიპლომატიური დაპირისპირების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განმარტა საკუთარი პოზიცია და წყენა რუსეთთან მიმართებაში.
სომხეთის პრეტენზია უკავშირდება როგორც 2020 წლის ომში, ასევე შემდგომი დაპირისპირებისას რუსეთის პასიურ როლს, ასევე რუსეთ-აზერბაიჯანის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას (იარაღით ვაჭრობას).
რუსეთის ოფიციალური პირები, სომხეთის პრეტენზიას არ იღებენ და უკან უბრუნებენ ბრალდებას. ლავროვი და სხვები ამბობენ, რომ ერევანმა თავად არ მოახდინა “მთიანი ყარაბაღის” აღიარება და რუსეთს რა უნდა გაეკეთებინაო?! არადა რუსეთი წამყვანი შუამავალი იყო კონფლიქტის დარეგულირებისას. აღიარება კი გამოიწვევდა სამშვიდობო პროცესის დახურვას, რასაც თვითონ რუსეთიც არ დაუშვებდა.
რამდენიმე დღის წინ პუტინმა გააკეთა კომენტარი სომხურ-რუსულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ურთიერთობებში პრობლემები არაა და სომხეთის რუსეთისგან შებრუნება არ იგეგმებაო.
განცხადებების შინაარსის მიუხედავად, ორი ქვეყნის ურთიერთობებში გაჩენილი სერიოზული ბზარი სახეზეა.
რაც შეეხება დაძაბულობას აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე და ყარაბაღის ირგვლივ დაძაბულობა გრძელდება, თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია. რთულია თქმა ესკალაციის გაგრძელებაზე რა ფაქტორები მოქმედებს, მიმდინარე სამხედრო წვრთნა, თუ სხვა ფაქტორები.
თუმცა, როგორც ჩანს, დაძაბულობა ახდენს გავლენას. ნიკოლ ფაშინიანმა ახლახან განაცხადა, რომ ცნობს მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად. დიდი ალბათობით, ამ განცხადებას ოპოზიციის გააქტიურება მოჰყვება.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა რუსეთის სამშვიდობო მისიის ჩავარდნის შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტ ყინულს გააჩენს ერევანსა და მოსკოვს შორის. ბოლო ერთი წლის მანძილზე სომხეთის პრემიერმა რამდენჯერმე გააკრიტიკა რუსეთი სამშვიდობო კონტინგენტის უმოქმედობის გამო. თავშივე ვწერდი, როცა რუსეთის კონტინგენტის შეყვანაზე შეთანხმდნენ 3 წლის წინ, რომ რუსეთს ეს რეგიონში ახალი წერტილის დაკავებისთვის სჭირდებოდა”- წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.
https://www.facebook.com/salukvadzeamirani/posts/pfbid0CpJ5Y3yFcQeV4E98XNmQ98Ruxx66TDiiyBXNDD7CZHa2uHcZwwy83zMJKnfBQ43Jl