Home Blog Page 1635

“ივლისში საარსებო მინიმუმმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 253.5 ლარი შეადგინა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 249.8 ლარი იყო, აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი სამი ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა და, ჯამში, 253.5 ლარი შეადგინა.

ამასთან, 2023 წლის ივლისთან შედარებით, აგვისტოში სამი ლარითა და 20 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 224.5 ლარს შეადგენს.

როგორც საქსტატში განმარტავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.

საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

“საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს გილოცავთ პროფესიულ დღეს”- პრემიერი

მოხარული ვარ, რომ დაზვერვის სამსახური დღეისათვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულფასოვნად და ეფექტურად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, მათ აკისრიათ უმნიშვნელოვანესი მისია − შეინარჩუნონ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში.

“საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს გილოცავთ პროფესიულ დღეს!

ჩვენს ურთულეს დროში, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი მისია − შეინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყანაში, განამტკიცოთ მოქალაქეთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ამგვარად − უზრუნველყოთ საქართველოს შემდგომი წინსვლა.

მოხარული ვარ, რომ დაზვერვის სამსახური დღეისათვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულფასოვნად და ეფექტურად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ დაუღალავი ძალისხმევისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისათვის და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ”, – აღნიშნავს პრემიერი.

“მადამ „ევროპელო“ პრეზიდენტო! გახსოვთ გვარამიამ ФСБ-ს აგენტად რომ გამოგაცხადათ?” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტვიტერით მიმართავს:

„მადამ „ევროპელო“ პრეზიდენტო! უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ გსმენიათ ევროპაში? არც აშშ-ს საელჩოში? საქართველოში? არა? გახსოვთ გვარამიამ ФСБ-ს აგენტად რომ გამოგაცხადათ? ანუ აწი ორნი ხართ ФСБ-ს აგენტები, ნიკას ვერსიით თქვენ და აშშ-ს ფარცხალაძე. დავიჯეროთ?“ – წერს ხაინდრავა.

 

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხდება 500-მდე აქტივისტის გადამზადება” – „ხალხის ძალა“

ცხადია, ოპოზიციას დამოუკიდებლად არავითარი არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს. თუმცა საქმეში ჩახედული კაცისთვის ისიც ცხადია, რომ ქვეყნისა და ხელისუფლების მთავარი მტრები არა კეზერაშვილი, ხაბეიშვილი, ვაშაძე ან ლომჯარია, არამედ მათი უცხოელი პატრონები არიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი სუს-ის განცხადებას გამოეხმაურნენ.

როგორც „ხალხის ძალა“ აღნიშნავს, საქართველოშიც ქვეყნის არევის სცენარი ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ რადიკალური ოპოზიციის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ყურადღების მოდუნება ერთი წამითაც არ შეიძლება. მეტიც, სწორედ იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიცია ასეთი მოშლილი და დასუსტებულია და საპარლამენტო არჩევნების მოგების არავითარი შანსი არ აქვს, ის და მისი პატრონები არჩევნებამდე და მის შემდეგ ყველაფერ უკადრებელზე წავლენ. ისიც ლოგიკურია, რომ ისინი თავდაპირველად აქცენტს სწორედ ოქტომბერ-ნოემბერზე გააკეთებენ და ეცდებიან, ქვეყნის არევის საბაბად ევროკომისიის დასკვნა გამოიყენონ, რომლის შინაარსიც, როგორც ჩანს, ახლაც წინასწარ იციან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ მას არ უთქვამს მთავარი – ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ცხადია, ოპოზიციას დამოუკიდებლად არავითარი არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს. თუმცა საქმეში ჩახედული კაცისთვის ისიც ცხადია, რომ ქვეყნისა და ხელისუფლების მთავარი მტრები არა კეზერაშვილი, ხაბეიშვილი, ვაშაძე ან ლომჯარია, არამედ მათი უცხოელი პატრონები არიან.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ამერიკის ხელისუფლებაში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები შესუსტდა, რაც მსოფლიო პოლიტიკაზეც დადებითად აისახა. 2016-20 წლები იყო გამონაკლისი, როდესაც ამერიკის ჩართულობით მსოფლიოში ომები არ მომხდარა და ამერიკისთვის საინტერესო (განსაკუთრებით, ნავთობით მდიდარ) ქვეყნებში რევოლუციური პროცესები შეჩერდა. თუმცა ტრამპის მარცხის შემდეგ, „გლობალურმა ომის პარტიამ“ ამერიკის ხელისუფლებაზე გადამწყვეტი გავლენა დაიბრუნა და მსოფლიოც კიდევ ერთხელ საფუძვლიანად აირია. იმედი გვაქვს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკაში რესპუბლიკელები მოიგებენ, რაც მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების რელსებზე დააბრუნებს.

საქართველოშიც ქვეყნის არევის სცენარი სწორედ ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდა. იმავე პერიოდში ჩაანაცვლა კელი დეგნანმა კარლ ჰარცელი „გლობალური ომის პარტიის“ ელჩის თანამდებობაზე. სწორედ მათ უწოდეს ოპოზიციის საბოტაჟს „პოლიტიკური კრიზისი“ და „ქართული ოცნება“ აიძულეს, 43-პროცენტიან ბარიერს დათანხმებულიყო და ქვეყანა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების რისკის წინაშე დაეყენებინა. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი ჰქონდა – რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზი არა ერთი, არამედ ორი ქვეყნიდან უნდა გაშლილიყო. თუმცა „გლობალურ ომის პარტიას“ ყველა რევოლუციური გეგმა ჩაეშალა: არჩევნების გაყალბების ვერავითარი მტკიცებულება ვერ დადეს და პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება იქით გაუმჟღავნდათ, ხელისუფლებამ მოლაპარაკებები სწორად წაიყვანა და „ნაცმოძრაობას“ ცესკო, სასამართლო და პროკურატურა არ ჩააბარა, უკრაინის ხელისუფლების დახმარებით საქართველოში შემოპარებული სააკაშვილი ქართველმა ძალოვნებმა დაიჭირეს და საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებში 43-პროცენტიანი ბარიერიც დიდი სხვაობით გადალახა. რევოლუციური გეგმა შარშან ივნისშიც ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მსოფლიო გმირად გამოცხადებულ ზელენსკის საქართველოდან ელჩი გააწვევინეს, ხოლო შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი ათქმევინეს. იმ პირობებში, რომ ვერც ხელისუფლება შეცვალა და ომზე ვერც მოქმედი ხელისუფლება დაითანხმა, ბუნებრივია, „გლობალური ომის პარტია“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ორი ფრონტის სცენარის ჩაშლისთვის ხელისუფლებაზე შური იძიოს და ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა დააბრუნოს.

საქართველოდან კელი დეგნანის წასვლას ქართულ საზოგადოებაში ფართო სიხარული მოჰყვა. გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანა ახლა მაინც დამშვიდდებოდა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები თავიდან დალაგდებოდა. თუმცა სიხარული შესაძლოა ნაადრევი იყოს, რაზეც ახალი ელჩისა და მისი მოადგილის ბიოგრაფიები მიგვანიშნებს. ორივე მათგანი ვიტორია ნულანდის კადრია, ნულანდი კი ის ქალბატონია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში „გლობალური ომის პარტიის“ ხაზის მთავარი გამტარებელია და სისხლიანი ომებისა და რევოლუციების მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა. ის გახლდათ უკრაინული „მაიდნის“ სულისჩამდგმელიც. თავის დროზე, ნულანდი იყო სააკაშვილის ყველაზე აქტიური ლობისტი, რომელსაც, როგორც ჩანს, 2008 წლის ომის გამო განსაკუთრებულად ემადლიერებოდა. თავად მომავალი ელჩი, რობინ დანიგანი უშუალოდ იყო ჩართული „მაიდნის“ რევოლუციის ორგანიზებაში. მას ახლო ურთიერთობები აკავშირებს როგორც ნულანდთან, ისე ერმაკთან და არახამიასთან, რომლებიც უკრაინაში „გლობალური ომის პარტიის“ დავალებების მთავარი ამსრულებლები არიან. რაც შეეხება ელჩის მოადგილეს, ალან პარსელს, ის „მაიდნის“ დროს ამერიკის საელჩოში პოლიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და აშკარაა, რომ საქართველოში ისიც სწორედ მისი რევოლუციური გამოცდილების გამო გამოუშვეს.

რევოლუციური გეგმის ადგილობრივი სუბიექტები უკვე გამოკვეთილია: უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ რადიკალური ოპოზიციური პარტიები – „ნაცმოძრაობა-ვაშაძე“, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი-დროა“, გახარიას და ლომჯარიას პარტიები; სალომე ზურაბიშვილი; 3 პარტიული ტელევიზია; ყველაზე მდიდარი ენჯეოები, განსაკუთრებით – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“; ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები – „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და სხვ. გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხდება 500-მდე აქტივისტის გადამზადება, ასევე განიხილება რევოლუციურ სცენარში უკრაინაში მებრძოლი 400-მდე ქართველის ჩართვაც. ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონის ჩავარდნის მიუხედავად, საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ ექსტრემისტული პარტიების, ტელევიზიების, ენჯეოებისა და სხვა დაჯგუფებების საქმიანობა თავიდან ბოლომდე ამერიკული წყაროებიდან ფინანსდება. დაფინანსების ამერიკული წყაროა კეზერაშვილიც, რომელიც „გლობალურ ომის პარტიას“ ერთდროულად ორ საქმეს უკეთებს – საქართველოში რევოლუციას აფინანსებს და ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, რითაც ისედაც დასუსტებულ ევროპას დამატებით პრობლემებს უქმნის. გარედან მართული რევოლუციები მარტივი სქემით წარიმართება – შემოგაქვს ხელისუფლების არალეგიტიმურობის „ნარატივი“, ახდენ ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას და წინასწარ მომზადებული აგრესიული ჯგუფების მეშვეობით აორგანიზებ აქციებს და დაუმორჩილებლობას.

ამგვარი სქემებით, „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების კარნახით მოქმედმა ამერიკულმა ადმინისტრაციებმა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანეს არაერთი ქვეყანა, მათ შორის სირია, ერაყი, ლიბია, იემენი და უკრაინა:

– ე.წ. არაბული გაზაფხულის შემდეგ, სირიის ეკონომიკა 21-ჯერ შემცირდა, ნახევარ მილიონზე მეტი სირიელი ომს შეეწირა, ხოლო 13 მილიონზე მეტი ლტოლვილად ან დევნილად იქცა;

– ერაყის ორ ომს, ჯამში, მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. 1990 წელს ერთ სულ მოსახლეზე ერაყის ეკონომიკა 10 ათას დოლარზე მეტი იყო, რითაც ის საბერძნეთს, პორტუგალიას და ცენტრალური ევროპის ყველა ქვეყანას უსწრებდა. დღეს ერაყი ღარიბი ქვეყანაა, მის ნავთობს კი „გლობალური ომის პარტია“ დაეპატრონა;

– ლიბიის ომს 15 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, ქვეყნის ეკონომიკა 94-დან 44 მილიარდ დოლარამდე შემცირდა და აქაც ქვეყნის ნავთობს „გლობალური ომის პარტია“ დაეპატრონა;

– იემენის 2011-12 წლების ე.წ. ღირსების რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა სამჯერ შემცირდა და დღეს იემენი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი ქვეყანაა;

– „მაიდნის“ რევოლუციამდე უკრაინა იყო ერთიანი სახელმწიფო, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა და მან 2013 წელს 190 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რევოლუციიდან 10 წლის თავზე კი, უკრაინას ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს დაკარგული, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი დოლარითაა შემცირებული. რევოლუციის დასრულებასთან ერთად დაიწყო რუსეთ-უკრაინის პირველი ომი, რასაც 8 წელიწადში მეორე ომი მოჰყვა. „მაიდანს“ 100-ზე მეტი, ხოლო ომებს მრავალი ათეული ათასი უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა.

ყველას გვახსოვს, რომ ზემოაღნიშნული რევოლუციები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით ეწყობოდა. თუმცა, რეალობა ისაა, რომ ყველა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაც დღეს ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე თუნდაც რევოლუციებამდე იყო.

ისიც ყველას გვახსოვს, თუ როგორი დემოკრატია და ადამიანის უფლებები მოგვიტანა „ვარდების რევოლუციამ“ საქართველოში: სასამართლოს და ძალოვანი სტრუქტურების სრული მიტაცება ხელისუფლებაში მოსული უცხოური აგენტურის მიერ, ციხეების გადავსება, ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და სრული მონოპოლიზაცია, ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა, ომს შეწირული 400-ზე მეტი ადამიანი და 30 ათასი ახალი დევნილი – ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ უბედურებისა, რომელიც საქართველოს სააკაშვილის რეჟიმმა დამართა.

დღეს კი, თავხედურად გვეუბნებიან, რომ არაფრისმომცემ კანდიდატის სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვცემენ, თუ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ დავაბრუნებთ. „გლობალური ომის პარტიის“ სურვილია, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით ხელისუფლებაში ის ძალა დაგვიბრუნოს, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საბოლოოდ დაასამარებს, რაზეც მას გარედან უპირობო მწვანე შუქი ექნება ანთებული. რაც მთავარია, „ნაცმოძრაობა“ თვალდახუჭული შეასრულებს ყველა დავალებას და უკრაინული „მაიდნის“ ანალოგიურად, საქართველოს ომში რევოლუციის დასრულებისთანავე ჩართავს, რაც ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას უკრაინაზე მძიმე შედეგებს მოუტანს.

ბუნებრივია, „გლობალურ ომის პარტიას“ და მის აგენტურას საქართველოში რევოლუციის მოწყობის დიდი რესურსი არ აქვთ. ეს არც იანუკოვიჩის უკრაინაა, არც კადაფის ლიბია და არც შევარდნაძის საქართველო. თუმცა მომდევნო წელიწად ნახევრის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, რომ ჩვენი ქვეყანა ბოროტი ძალების გლობალური და ლოკალური ინტერესების მსხვერპლად არ ვაქციოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

უნდა გავზარდოთ გაერო-ს უნარი, შეაჩეროს და აღკვეთოს აგრესია -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში იმყოფება და მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ღონისძიებებში, ასევე შეხვდება ამერიკელ ოფიციალურ პირებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკიმ თავდაპირველად მოინახულა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც რეაბილიტაციასა და მკურნალობას ნიუ იორკის საავადმყოფოში გადიან.

უკრაინის პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის გარდა, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტსა და უშიშროების საბჭოში მიიღებს მონაწილეობას.

„მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები უკვე დაიგეგმა. სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არის ყველა ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტის, განსაკუთრებით, გაერო-ს წესდების მთავარი პრინციპი. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ მას ის ძალა, რაც რუსეთის შემოჭრის შედეგად განადგურდა და უნდა გავზარდოთ გაერო-ს უნარი, შეაჩეროს და აღკვეთოს აგრესია. უკრაინა ამასთან დაკავშირებით მკაფიო წინადადებას შესთავაზებს გაერო-ს წევრებს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ გვერდზე.

როგორც მედიისთვის არის ცნობილი, ვაშინგტონში ზელენსკი მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან, სამხედრო ხელმძღვანელობასთან, ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან.

საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანა სესილია გერვასმა მოაწერეს ხელი.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, ნიუ იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

„ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება.

„შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომლებზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით,
არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“უკრაინამ საქართველოს მოდერნიზებული BMP-ები მიჰყიდა,რომლებსაც რუსეთი ახლა უკრაინელების წინააღმდეგ იყენებს”-Forbes

ამერიკული ჟურნალის „ფორბსის“ (Forbes) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინამ საქართველოს მოდერნიზებული BMP-ები მიჰყიდა, რომლებსაც რუსეთი ახლა უკრაინელების წინააღმდეგ იყენებს“ (ავტორი – დევიდ აქსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, მემკვიდრეობის სახით, 2500 ერთეული BMP-1 (БМП – Боевая машина пехоты – ქვეითების საბრძოლო მანქანა) მიიღეს. 13-ტონიანი BMP-1, რომელიც 11 ჯარისკაცს იტევს, უკრაინის არმიაში, საბრძოლო ტექნიკის თვალსაზრისით, რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილი უკავია, BMP-2-ის შემდეგ, რომელიც უფრო უკეთესად არის შეიარაღებული. სამწუხაროდ, BMP-1-ს ძალიან ბევრი და დიდი ნაკლოვანებები აქვს – ძალიან სუსტად არის დაცული ჯავშნით, სუსტი აქვს ქვემეხიც (73-მილიმეტრიანი), რომლის დამაზიანებელი ეფექტი ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგისათვის არასაკმარისია.
BMP-1-ის ცეცხლის ძალა რომ გაედიდებინა და უფრო წარმატებით რომ გაყიდულიყო იარაღის ბაზარზე, უკრაინის არტილერიისა და ცეცხლმსროლელი იარაღის სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ძველი BMP-ების მოდერნიზება განახორციელა – მოუმატა ჯავშნის სისქე და დაამონტაჟა შედარებით თანამედროვე, ძლიერი და სწრაფმსროლელი ავტომატური 30-მილიმეტრიანი ქვემეხი. მართალია, ქვემეხმა ორი ჯარისკაცის დასაჯდომი ადგილი „შეიწირა“, მაგრამ როგორც იტყვიან, მოდერნიზებამ გაამართლა.
კიევის კომპანიამ მოდერნიზებულ 9-ჯარისკაციან ქვეითთა საბრძოლო მანქანას BMP-1U უწოდა. სამწუხაროდ, მოვლენათა უცნაური ჯაჭვის გამო, დღეს უკრაინული BMP-1U უკრაინელთა წინააღმდეგ არის გამოყენებული – ამას ადასტურებს ახლახან რუსების მიერ ნაჩვენები პროპაგანდისტული ვიდეორგოლი.
საიდან აქვთ რუსებს უკრაინული BMP-1U? საქმე შემდეგშია: მოდერნიზების შემდეგ, 2007 წელს, საქართველომ უკრაინისაგან 15 საბრძოლო მანქანა იყიდა თავისი არმიისათვის. არ გასულა ერთი წელი და რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები საქართველოში შეიჭრნენ და, როგორც ჩანს, 15-ვე BMP-1U ხელში ჩაიგდეს. მოგვიანებით, 2011 წელს, თბილისმა კვლავ იყიდა უკრაინისაგან იგივე საბრძოლო მანქანები, მაგრამ ისინი, რომლებიც რუსებმა წაიღეს, სამხედრო ინჟინრებმა ყურადღებით შეამოწმეს და ჯარს გადასცეს. 15 წლის შემდეგ კი მოსკოვმა BMP-1U თვითონ გამოიყენა – ფრონტზე, უკრაინელების წინააღმდეგ. თუმცა უდაოა, რომ უკრაინულმა ტექნიკამ რუსებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა გაურთულა – რადგანაც კოშკურა და ქვემეხი მთლიანად უკრაინული დეტალებით არის დამზადებული, რუსებს მისი ათვისება საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ, ამიტომ 15 საბრძოლო მანქანიდან რამდენიმეს დაშლა და მათი მარაგ ნაწილებად გამოყენება მოუწევთ.
რუსეთის არმიას დღეს ქვეითთა საბრძოლო მანქანები ჰაერივით სჭირდებათ. ომის დაწყების მომენტში უკრაინის ფრონტზე მოსკოვს სხვადასხვა მოდიფიკაციის ასობით BMP-ები ჰქონდა, მაგრამ მათი უმეტესობა განადგურებულია, მათ შორის შედარებით ახალი BMP-3.
რუსეთის მრეწველობას ახალი BMP-ების სწრაფი წარმოება არ შეუძლია, ამიტომ, დანაკარგების კომპენსირების მიზნით, საწყობებიდან ძველი მანქანები გამოაქვს, ამოწმებენ, უდგამენ აკუმულატორებს და ფრონტზე გზავნიან. რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი ძველი BMP ექსპლოატაციას აღარ ექვემდებარება.
კრემლის სამწუხაროდ, დანაკარგები არ მცირდება. ყოველი დაკარგული ძველი საბჭოური BMP-ის ფონზე სულ უფრო მეტ ფასს იძენს უკრაინული BMP-1U, მისი შედარებით რთული ლოჯისტიკის მიუხედავად.
როგორც ამბობენ ხოლმე, მათხოვრებს მოწყალების არჩევის უფლება არ აქვთ. როცა საქმე BMP-ებს ეხება, რუსები უკვე დიდი ხანია ითხოვენ მოწყალებას და ყველანაირ მოდელზე თანახმანი არიან.

წყარო

“ნიკო ფიროსმანის მოდერნისტული სამყარო”- Basler Zeitung

შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში (ბაზელ-შტადტის კანტონი) ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით, გაზეთ Basler Zeitung-ში („ბაზელის გაზეთში“) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ნიკო ფიროსმანის მოდერნისტული სამყარო“ (ავტორი – ქრისტოფ ჰეიმი). როგორც მასალაშია აღნიშნული, ეს გამოფენა ყველაზე დიდი და მასშტაბურია მათგან, რომლებიც ევროპაში დღემდე გამართულა – წარმოდგენილია 150-მდე ნახატი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.
პუბლიკაციაში განხილულია ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, გადმოცემულია ეპიზოდები მისი ბიოგრაფიიდან, ასევე მისი ხელით შექმნილი ცალკეული ნამუშევრების ბედი. აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთ სხვადასხვა გზებით გატანილი ფიროსმანის ნახატების სამშობლოში დაბრუნების საქმეში დიდი როლი მიუძღვის ქართველ მილიარდერს და მეცენატს ბიძინა ივანიშვილს. მაგალითად, სწორედ მისი ძალისხმევით იქნა შესყიდული 2015 წელს ლონდონში კრისტის აუქციონზე ნახატი „არსენალის მთა ღამით“ 962 500 გირვანქა სტერლინგად, რომელიც ფიროსმანმა თბილისში შექმნა 1920 წელს, შემდეგ მისი მფლობელი საქართველოს მწერალთა კავშირი გახდა, 1977 წელს კი საფრანგეთის კომპარტიის ცნობილ მოღვაწეს ლუი არაგონს აჩუქეს. ასევე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა ლონდონის სოტბის აუქციონზე ფიროსმანის ნახატი „ირემი წყლის პირას“ 629 ათას გირვანქა სტერლინგად. ორივე ნახატი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.
სტატიაში მიმოხილულია ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფია (დაიბადა 1862 წელს) ახალგაზრდობის წლები, შრომითი საქმიანობა, შემოქმედება, მისი ნახატები, რომელთაგან ბევრი დაკარგულია, თვითონ მხატვარი კი 1918 წელს, სიღარიბეში გარდაიცვალა და მისი სახელი დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებული იყო.
„ფიროსმანის შემოქმედებაში ვხედავთ ქართულ ფოლკლორულ ფერწერას, იგრძნობა ბიზანტიური იკონოგრაფიისა და შუა საუკუნეების [იტალიური] ხელოვნების გავლენა. უეჭველია, რომ გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია „მეთევზე წითელ პერანგში“, რომლის შექმნის თარიღი, ისევე როგორც სხვა ნამუშევრებისა, დღემდე უცნობია“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ავტორი ერთმანეთთან აკავშირებს ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებას, განიხილავს მისი ხატვის [მოდერნისტულ-პრიმიტივისტულ] სტილს, ყურადღება უთმობს მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული საზოგადოების მდგომარეობას. პუბლიკაციის დასასრულს აღნიშნულია, რომ გამოფენა 2024 წლის 28 იანვრამდე გასტანს.

წყარო

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მიიღებთ მხარდაჭერას, რომელსაც დიდხანს ელოდით. შესანიშნავი დროა ნაცნობობისთვის – შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენი მეგობრები და თანამოაზრეები გახდებიან.

საღამოს შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს, რაც ძალიან განერვიულებთ და გაღიზიანებთ. გირჩევთ, დინებას მიჰყვეთ – პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც თქვენ ფიქრობთ.

კურო

ყურადღებით იყავით – ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დღეა, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. დააკვირდით თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს – თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ. თუ დახმარება არა, რჩევები და გამამხნევებელი სიტყვები აუცილებლად დაგჭირდებათ.

ტყუპები

თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით და სიტუაციას ობიექტურად შეაფასებთ ,ამ დღის სირთულეების გადალახვა გაგიადვილდებათ. თავიდან დამოუკიდებლად მუშაობა მოგიწევთ, მოგვიანებით მოკავშირეები დაგეხმარებიან.

სავარაუდოდ, ამ დღის სიახლეები არ მოგეწონებათ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ – მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

კირჩხიბი

მოსალოდნელია სიურპრიზები, მათ შორის ძალიან სასიამოვნო. პლანეტების განლაგება დაგეხმარებათ, ისეთ შედეგს მიაღწიოთ, როგორზეც ვერასოდეს იოცნებებდით. ენდეთ საკუთარ ინტუიციას – ის ამ დღეს ნამდვილად არ გიღალატებთ.

ამ დღეს თავში ბევრი ახალი იდეა მოგივათ და მათი განხორციელების საშუალება უახლოეს მომავალში მოგეცემათ.

ლომი

დღის პირველ ნახევარში ფრთხილად უნდა იყოთ – გირჩევთ, ამ დროს მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთოთ. მოგვიანებით, პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დრო დადგება და ფულის გამომუშავების შანსიც მოგეცემათ.

ხელსაყრელი დღეა ინვესტიციებისთვის. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღება – ინტუიცია დაგეხმარებათ, მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ.

ქალწული

გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ეს დღე კარგად ჩაივლის. ოპტიმიზმი და კარგი განწყობა პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. კოლეგებთან და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობას ადვილად დაამყარებთ.

ზოგი ქალწული მაცდურ შეთავაზებას მიიღებს, რომელიც საინტერესო პერსპექტივას გაუხსნის. პირადი პრობლემების გადაჭრა დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა ეს თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

სასწორი

ეცადეთ, შესაძლებლობა გამოიყენოთ – პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სავარაუდოდ, ეს რომანტიკული ურთიერთობა იქნება, თუმცა უყურადღებოდ არც მეგობრული და საქმიანი კავშირები უნდა დაგრჩეთ.

ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

მორიელი

შესანიშნავი დღეა ახალი ცოდნისა და სასარგებლო გამოცდილების მისაღებად. გირჩევთ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, რამდენჯერმე გადაამოწმოთ. ამ დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება და თქვენს კარიერულ ზრდას დაეხმარება.

შესაძლოა, ამ დღეს საერთო ენა მათთანაც კი იპოვოთ, ვისთანაც ბოლო დროს ვერ თანხმდებოდით.

მშვილდოსანი

ამ დღეს მცირე ძალისხმევით შეიძლება უდიდეს წარმატებას მიაღწიოთ. შრომისმოყვარე და მონდომებული ადამიანი ხართ, რაც დაგეხმარებათ, შესანიშნავი შედეგი მიიღოთ იქ, სადაც სხვებმა ვერ შეძლეს.

პირად ცხოვრებაში შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. სიტუაციას სწორად აფასებთ, კარგად გესმით, რა გსურთ და იცით, სასურველს როგორ მიაღწიოთ. შორეული ნათესავებისგან მიიღებთ ცნობას, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.

თხის რქა

ძალიან ნაყოფიერი დღეა. შრომისმოყვარეობისა და მონდომების წყალობით ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდებით. ზოგჯერ სიტუაცია არასტანდარტული მეთოდების გამოყენებას მოითხოვს, მაგრამ ეს არ გაშინებთ – ექსპერიმენტები მოგწონთ.

თუ ცოტა ხნის წინ ვინმესთან იჩხუბეთ, მშვიდობის დამყარებისთვის საუკეთესო დღეა.

მერწყული

გირჩევთ, მოსაწყენი საქმეების კეთება სამომავლოდ გადადოთ და ამ დღეს მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ – თქვენი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩება.

გირჩევთ საკუთარ გრძნობებზე გულახდილად ისაუბროთ – ეს მიმზიდველობას გმატებთ. ნებისმიერი ახალი ნაცნობობა, რომელიც ამ დღეს დაიწყება, დიდხანს გაგრძელდება. შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდით, მაგრამ უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

თევზები

სახლში და სამსახურში უამრავი საქმე გაქვთ და ყველაფერი რომ მოასწროთ, დასვენებაზე და მეგობრულ შეხვედრებზე უარის თქმა მოგიწევთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება – თავს შესანიშნავად იგრძნობთ, როდესაც საკუთარი საქმიანობის შედეგებს ნახავთ.

თქვენმა გულგრილობამ და თავშეკავებამ შეიძლება საყვარელი ადამიანი გააღიზიანოს. ეცადეთ, პირადი პრობლემები დროულად მოაგვაროთ, რათა სამომავლოდ ურთიერთობა არ გართულდეს.

“უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას”-ოლეგ ნიკოლენკო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, სადაც საუბარია, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, მონაწილეა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზაციას შიდაპოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

მკვლელობა მოხდა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.​ თავად თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.