“უკრაინამ საქართველოს მოდერნიზებული BMP-ები მიჰყიდა,რომლებსაც რუსეთი ახლა უკრაინელების წინააღმდეგ იყენებს”-Forbes

474
spot_img

ამერიკული ჟურნალის „ფორბსის“ (Forbes) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინამ საქართველოს მოდერნიზებული BMP-ები მიჰყიდა, რომლებსაც რუსეთი ახლა უკრაინელების წინააღმდეგ იყენებს“ (ავტორი – დევიდ აქსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, მემკვიდრეობის სახით, 2500 ერთეული BMP-1 (БМП – Боевая машина пехоты – ქვეითების საბრძოლო მანქანა) მიიღეს. 13-ტონიანი BMP-1, რომელიც 11 ჯარისკაცს იტევს, უკრაინის არმიაში, საბრძოლო ტექნიკის თვალსაზრისით, რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილი უკავია, BMP-2-ის შემდეგ, რომელიც უფრო უკეთესად არის შეიარაღებული. სამწუხაროდ, BMP-1-ს ძალიან ბევრი და დიდი ნაკლოვანებები აქვს – ძალიან სუსტად არის დაცული ჯავშნით, სუსტი აქვს ქვემეხიც (73-მილიმეტრიანი), რომლის დამაზიანებელი ეფექტი ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგისათვის არასაკმარისია.
BMP-1-ის ცეცხლის ძალა რომ გაედიდებინა და უფრო წარმატებით რომ გაყიდულიყო იარაღის ბაზარზე, უკრაინის არტილერიისა და ცეცხლმსროლელი იარაღის სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ძველი BMP-ების მოდერნიზება განახორციელა – მოუმატა ჯავშნის სისქე და დაამონტაჟა შედარებით თანამედროვე, ძლიერი და სწრაფმსროლელი ავტომატური 30-მილიმეტრიანი ქვემეხი. მართალია, ქვემეხმა ორი ჯარისკაცის დასაჯდომი ადგილი „შეიწირა“, მაგრამ როგორც იტყვიან, მოდერნიზებამ გაამართლა.
კიევის კომპანიამ მოდერნიზებულ 9-ჯარისკაციან ქვეითთა საბრძოლო მანქანას BMP-1U უწოდა. სამწუხაროდ, მოვლენათა უცნაური ჯაჭვის გამო, დღეს უკრაინული BMP-1U უკრაინელთა წინააღმდეგ არის გამოყენებული – ამას ადასტურებს ახლახან რუსების მიერ ნაჩვენები პროპაგანდისტული ვიდეორგოლი.
საიდან აქვთ რუსებს უკრაინული BMP-1U? საქმე შემდეგშია: მოდერნიზების შემდეგ, 2007 წელს, საქართველომ უკრაინისაგან 15 საბრძოლო მანქანა იყიდა თავისი არმიისათვის. არ გასულა ერთი წელი და რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები საქართველოში შეიჭრნენ და, როგორც ჩანს, 15-ვე BMP-1U ხელში ჩაიგდეს. მოგვიანებით, 2011 წელს, თბილისმა კვლავ იყიდა უკრაინისაგან იგივე საბრძოლო მანქანები, მაგრამ ისინი, რომლებიც რუსებმა წაიღეს, სამხედრო ინჟინრებმა ყურადღებით შეამოწმეს და ჯარს გადასცეს. 15 წლის შემდეგ კი მოსკოვმა BMP-1U თვითონ გამოიყენა – ფრონტზე, უკრაინელების წინააღმდეგ. თუმცა უდაოა, რომ უკრაინულმა ტექნიკამ რუსებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა გაურთულა – რადგანაც კოშკურა და ქვემეხი მთლიანად უკრაინული დეტალებით არის დამზადებული, რუსებს მისი ათვისება საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ, ამიტომ 15 საბრძოლო მანქანიდან რამდენიმეს დაშლა და მათი მარაგ ნაწილებად გამოყენება მოუწევთ.
რუსეთის არმიას დღეს ქვეითთა საბრძოლო მანქანები ჰაერივით სჭირდებათ. ომის დაწყების მომენტში უკრაინის ფრონტზე მოსკოვს სხვადასხვა მოდიფიკაციის ასობით BMP-ები ჰქონდა, მაგრამ მათი უმეტესობა განადგურებულია, მათ შორის შედარებით ახალი BMP-3.
რუსეთის მრეწველობას ახალი BMP-ების სწრაფი წარმოება არ შეუძლია, ამიტომ, დანაკარგების კომპენსირების მიზნით, საწყობებიდან ძველი მანქანები გამოაქვს, ამოწმებენ, უდგამენ აკუმულატორებს და ფრონტზე გზავნიან. რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი ძველი BMP ექსპლოატაციას აღარ ექვემდებარება.
კრემლის სამწუხაროდ, დანაკარგები არ მცირდება. ყოველი დაკარგული ძველი საბჭოური BMP-ის ფონზე სულ უფრო მეტ ფასს იძენს უკრაინული BMP-1U, მისი შედარებით რთული ლოჯისტიკის მიუხედავად.
როგორც ამბობენ ხოლმე, მათხოვრებს მოწყალების არჩევის უფლება არ აქვთ. როცა საქმე BMP-ებს ეხება, რუსები უკვე დიდი ხანია ითხოვენ მოწყალებას და ყველანაირ მოდელზე თანახმანი არიან.

წყარო