Home Blog Page 1633

“მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლა იყო” – კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას უპასუხა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობა დასავლელი პარტნიორების რჩევების გათვალისწინებით მოხდა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვქონდა კანონზე მუშაობა, თუმცა გავჩერდით ჩვენი მეგობრების მოთხოვნით. მოგვცეს გზამკვლევი თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ორი დღის წინ პრემიერმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე სიბინძურე უწოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და ხაზი გაუსვა რომ ბიძინა ივანიშვილი უდიდესი ქველმოქმედოა და არა ოლიგარქი.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის  არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი ქველმოქმედება აქვს ქვეყანაში გაკეთებული. აღარ ჩამოვთვლი პროექტებს, რაც ამ ადამიანმა და მისმა საქველმოქმედო ფონდმა გააკეთა, აკეთებს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გააკეთებს ამ ქვეყნის განვითარებისთვის. მე თუ მკითხავთ, მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა 2011 წელს და ის სისხლიანი რეჟიმი, ის ბოროტება, რომელიც დაკავებული იყო ოჯახების, ადამიანების გაუბედურებით, ბიზნესის რეკეტით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, გაუშვა იქ, სადაც გასაშვები იყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით,  „ბინძური ლობიზმის“ შედეგია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია და ევროპარლამენტარების ის განცხადებები, რაც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„რაც შეეხება იმ ბინძურ პროპაგანდას, რაც ვნახეთ, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ეს იყო კონკრეტული თანხების სანაცვლოდ, ლობიზმის შედეგად მიღებული რეზოლუციები. ეს არის სამწუხარო რეალობა და მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – ეს ევროპა არ არის, მეგობრებო. ევროპული მომავალი და ის, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, არ არის ეს. ეს არის სიბინძურე, რაც ჩვენ ვნახეთ. ნამდვილ ევროპა და ევროპული მომავალი არის ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუნძნებული, ეს არის სამართლიანობა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვნახეთ, რომ არ არსებობს და ძალიან დიდი სიბინძურეა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ თუ ფულს გადაიხდი, შესაძლებელია ნებისმიერი რეზოლუციის მიღება. სამწუხაროა ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთებული სამარცხვინო განცხადებები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და ჩვენ როდესაც ამას ვპასუხობთ და ვიცავთ სიმართლეს, თავდასხმას უწოდებთ, თუმცა ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს რეალობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“2023 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა” – „საქსტატი“

2023 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 280.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2023 წლის II კვარტალში 2.0 პროცენტით განისაზღვრა.

„ 2023 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.6 პროცენტი), მშენებლობა (22.7 პროცენტი), განათლება (19.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (20.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.8 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (42.8 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-7.1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-2.8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7.0 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევავაჭრობა (15.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9 პროცენტი), მშენებლობა (7.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.0 პროცენტი), განათლება (5.3 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური გამოკვლევის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური გამოკვლევის მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით. გასული წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, იმავე წლის ოთხი კვარტალის მაჩვენებლების დაზუსტებასთან ერთად ხორციელდება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტალების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც. 2023 წლის ნოემბერში 2022 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება 2022 წლის კვარტალური მაჩვენებლები.

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცლებს.

უწყების ცნობით, გასულ ღამეს ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონი კიდევ ერთხელ დააზიანა. ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად დაზარალდა თელავის, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა როგორც სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. ზარალის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება.

„პრემიერ- მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაურდება. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არცერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე.“ – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ყვარელს მიაყენა. კერძოდ, ქალაქ ყვარელში, გრემში, ენისელში, საბუესა და ჭიკაანში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავების ნაწილი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ნაწილი, ავტომანქანები. ასევე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაისეტყვა ყველა სოფელში. საავტომობილო გზებზე ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ჩატარდა გზების გაწმენდის სამუშაოები.

17 სექტემბერს, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა, კახეთის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის- ლაგოდეხის სოფლები დააზარალა. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკის საშუალებით პირველადი სამუშაოები უკკვე განხორციელდა.

სტიქიამ ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები – ფშაველი, ნაფარეული და ლალისყური.

“საქართველო და უნგრეთი 2022 წლიდან სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ სიახლოვეს”

ჩემთვის დიდი პატივია უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ლასლო კოვერის მასპინძლობა და ჩემი კოლეგისთვის ქართული სტუმართმოყვარეობის, ისტორიის, კულტურის გაცნობა. ჩვენი სახელმწიფოები 2022 წლიდან სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით, რაც ხაზს უსვამს პოლიტიკურ დონეზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ სიახლოვეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ლასლო კოვერისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველო ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ, ამ ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოს ასეთი პარტნიორობა და თანადგომა საქართველოსთვის განსაკუთრებით დასაფასებელია.

„ამ კონტექსტში ჩვენი მიზანია აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობის შევსება, გაძლიერება და გამდიდრება საპარლამენტო მიმართულებით. შეხვედრაზე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით და ვაფასებთ უნგრული მხარის უმაღლესი დონის განცხადებებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მკაფიოდ და უპირობოდ უჭერს მხარს. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი სამშობლოს ევროპულ მომავალს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს არის ის, რის მოსმენას სხვა სახელმწიფოებისგანაც ველით და ვისურვებდით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა და აღნიშნეს ეკონომიკისა და ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების უდიდესი პოტენციალი.

„რა თქმა უნდა, განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესი. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა წევრი ქვეყნის, მათ შორის, უნგრეთის გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე. მზად ვართ საქმიანი და არსებითი დიალოგისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის. დიდი ენერგიით და მონდომებით გავაგრძელებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე მუშაობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“სტრატეგიულმა პარტნიორმა დასანქცირებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს” – კალაძე ფარცხალაძეზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სტრატეგიული პარტნიორის შესაბამისმა უწყებებმა უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა წარმოუდგინონ ქართულ მხარეს. ამის შესახებ მან ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.

„პირველ რიგში, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ  საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ სანქცირებულიაო, მეტი ინფორმაცია წარმოადგინონ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქმის შესწავლა დაიწყო, ალბათ შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს, რომ საკითხის გარშემო მეტი კონკრეტიკა წარმოადგინონ.

გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევა, როდესაც ვიზების შეზღუდვა მოხდა. თუმცა, ახსნა-განმარტებიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როცა სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ჩვენთვის მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს მოწოდებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“უკრაინის მარცვლეულის ირგვლივ შექმნილმა დაძაბულობამ ევროკავშირში განხეთქილება შეიტანა”-The Wall Street Journal

აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის მარცვლეულის ირგვლივ შექმნილმა დაძაბულობამ ევროკავშირში განხეთქილება შეიტანა: ბრიუსელს ბლოკის აღმოსავლეთ ფლანგელები აუმხედრდნენ“ (ავტორი – თომას გროუვი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება რუსეთის მიერ ევროკავშირისათვის მტკივნეულ პოლიტიკურ პრობლემად გადაიქცა: ბრიუსელმა გასულ ხუთშაბათს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკრაინული ხორბლის გაყიდვაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ კი დაუყოვნებლივ გამოვიდნენ აღმოსავლეთ ევროპელი ქვეყნები.
პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს უკრაინული მარცვლეულის იმპორტი არ სურთ. უთანხმოება სერიოზულია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი ინიციატორი პოლონეთია, კიევის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირე რუსეთთან ომში. უკრაინის მოსაზღვრე სამ სახელმწიფოს კიევის იაფი მარცვლეულის დაშვება თავიანთ შიდა ბაზარზე არ უნდათ, რადგან თუ ისინი იმპორტზე დათანხმდებიან, ამით საკუთარ ფერმერთა უკმაყოფილებას გამოიწვევენ.
მას შემდეგ, რაც 15 სექტემბერს ევროკავშირმა დროებითი ემბარგო აღარ გააგრძელა და გააუქმა, ვარშავა, ბუდაპეშტი და ბრატისლავა დაიმუქრნენ, რომ მათთვის ბრიუსელის გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს და თვითნებურად მიიღებენ ზომებს უკრაინული ხორბლის იმპორტის აკრძალვის მიზნით. თავის მხრივ, უკრაინამ მადლობა გადაუხადა ურსულა ფონ დერ ლაიენს მხარდაჭერისთვის, მაგრამ პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის მოქმედება გააპროტესტა და მათ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საჩივრის წარდგენით დაემუქრა: „ჩვენ ყველაფერს ცივილიზებულად გავაკეთებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ .
პოლონეთში მოახლოებული არჩევნების გამო მმართველ პარტიას „სამართალსა და სამართლიანობას“ არ სურს, რომ მომხრეები გაანაწყენოს და ფერმერების ხმები გამოაკლდეს. მთავრობა ფართო კამპანიას აწარმოებს და ხმამაღლა აცხადებს, რომ ფერმერების ინტერესებს დაიცავს: პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი მტკიცედ აცხადებს, რომ უკრაინის პროტესტისა და უკმაყოფილების მიუხედავად, ყველაფერს გააკეთებს პოლონელი ფერმერების ინტერესების დასაცავად.
რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან ბრიუსელის გადაწყვეტილებას დაემორჩილონ. უნგრეთმა აღნიშნა, რომ თანახმაა უკრაინული მარცვლეული ტრანზიტით გაატაროს, მაგრამ შიდა ბაზარზე მისი გაყიდვა აკრძალული იქნება. „ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ მარცვლეულის ტრანზიტს ისე, რომ მისი ერთი გრამიც არ მოხვდეს შიდა ბაზარზე“, – თქვა პრემიერმა ზოლტან კოვაჩმა.
სლოვაკეთიც მზადაა უკრაინული მარცვლეულის აკრძალვისათვის, – აღნიშნა მთავრობის პრეს-მდივანმა პეტერ მაიერმა. სექტემბერში სლოვაკეთშიც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და როგორც გამოკითხვების შედეგები მოწმობს, შეიძლება ხელისუფლებაში ყოფილი პრემიერი, რუსოფილი რობერტ ფიცო დაბრუნდეს. ამიტომ მმართველ პროდასავლურ პარტიას პრორუსებისთვის ხელისუფლების დათმობა არ უნდა, მას ჰაერივით ჭირდება საკუთარი ფერმერების ხმები.
უკრაინაში მარცვლეული ექსპორტის ძალზე მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს. საკმარისია ითქვას, რომ 2021 წელს უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში მსოფლიოში მეორე ადგილი ჰქონდა დაკავებული. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა – 27 მილიარდი დოლარის ოდენობით – ქვეყნის ექსპორტის თითქმის ნახევარი შეადგინა.
როცა რუსეთი „მარცვლეულის გარიგებიდან“ გავიდა, ამით საფრთხე შეექმნა უკრაინის შემოსავლებს. გარდა ამისა, მსოფლიოში გაჩნდა შიში, რომ მარცვლეულის დეფიციტი შეიქმნებოდა. შესაბამისად, გაძვირდა ხორბალი
რუსეთის მოქმედებით, შავ ზღვაზე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, უკრაინამ გადაწყვიტა თავისი მარცვლეული ერთგული მოკავშირის – პოლონეთის ტერიტორიით გაეტანა (ნაწილობრივ რუმინეთის დახმარებითაც, მდინარე დუნაის ნავსადგურებით). მაგრამ ამ დროს თავი იჩინა უკრაინა-პოლონეთის ისტორიულმა დაპირისპირებამ, რომელიც დროდადრო პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება ხოლმე. ვარშავამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტი ჯერ კიდევ ივლისში აკრძალა.„უკრაინულმა იაფმა მარცვლეულმა ჩვენი, პოლონური მარცვლეულის ფასი ძალიან დასწია. ფაქტობრივად, ფასები უკონტროლოდ დაეცა. უკრაინული პროდუქციის მოულოდნელი და დაუგეგმავი შემოტანა პოლონური ბაზრის დესტაბილიზებას გამოიწვევს“, – ამბობდნენ იმ დროს პოლონელი ფერმერები.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პოლონეთის მთავრობა გააკრიტიკა და მას „არამეგობრული და პოპულისტური“ უწოდა. ასეთმა ნათქვამმა პოლონელები განარისხა და უკრაინელებს შეახსენეს, რომ პოლონეთმა მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი მიიღო: „კიევს ვურჩევთ, რომ ყველაფერი გაიხსენოს, რასაც მათ დასახმარებლად პოლონეთი აკეთებს“.
პოლონელებს შორის უკრაინელებისადმი დახმარების სურვილი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ დასამალი არაა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.
ვარშავა უკვე დიდი ხანია მოითხოვს კიევისაგან ბოდიშის მოხდას ვოლინისა და გალიციის მხარეებში მცხოვრები პოლონელების დახოცვის გამო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ისტორიკოსების შეფასებით, ნაციონალისტი უკრაინელების ხელით დაახლოებით 100 ათასამდე პოლონელი დაიღუპა.
რასაკვირველია, ბოლო დრომდე ორივე მხარე – უკრაინას და პოლონეთიც – ცდილობდნენ როგორღაც გაენეიტრალებინათ ისტორიული უთანხმოება. პრეზიდენტებმა ანჯეი დუდამ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთად მიაგეს პატივი ომის დროს დაღუპული პოლონელების ხსოვნას დასავლეთ უკრაინის ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარებული ლიტურგიის დროს.
მაგრამ მარცვლეულის საკითხში გაჩენილმა უთანხმოებამ შერიგების ძალისხმევას ხაზი გადაუსვა.
მართალია, ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინისადმი მხარდაჭერა ჯერ კიდევ მაღალია (უნგრეთის გარდა), მაგრამ წინ არჩევნებია პოლონეთში, სლოვაკეთში, ნიდერლანდებში… მომავალი წლის ივნისში კი – ევროპარლამენტშიც. ერთიანობის შენარჩუნების მიზნით ევროკავშირის ჩინოვნიკები პოლონელ და სლოვაკ ფერმერებს მილიონობით ევროს აძლევს საკომპენსაციოდ, მაგრამ ბრიუსელს ამ მიზნით ფული თანდათანობით ელევა.
უკრაინის მარცვლეული ახალი მოსავალი, როცა ჯერ მთლიანად ძველიც – შარშანდელიც – არ არის გაყიდული, ევროკავშირის ქვეყნებს დამატებით პრობლემებს შეუქმნის. საზღვრებზე სულ უფრო მატულობს სატვირთო ავტომანქანების (ფურების) რაოდენობა.
როგორც ჩანს, უკრაინისა და მისი ევროპელი მეზობლების ურთიერთობა მარცვლეულის გამო ისევ გამწვავდება… რაც, სავარაუდოდ, ნეგატიურ გავლენას, ალბათ, რუსეთთან ომის მიმდინარეობაზეც მოახდენს.

წყარო

“დასამალი არაფერი მაქვს, რაც არ უნდა ჩხრიკოთ, რაც არ უნდა ეძიოთ, ვერაფერს ნახავთ”- კახა კალაძე

მე დასამალი არაფერი მაქვს და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, რაც არ უნდა ეძიოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, რომ კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი, კანონის საწინააღმდეგო ჩაედინოს – მე ბიუჯეტის ხარჯზე არ მიმგზავრია, გადავრიცხე საკუთარი თანხები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის განმარტებით, მისსავე დეკლარაციაში, სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობის თანხები პირად ხარჯებში არის ასახული.

“ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში, ასე რომ იმის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, არ გამოგივათ. მე დასამალია არაფერი მაქვს და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, რაც არ უნდა ეძიოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, რომ კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი, კანონის საწინააღმდეგო ჩაედინოს.

პირველი მე ვიყავი, ვინც დავადასტურე, რომ მისარგებლია, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯით, რომელსაც აკეთებდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი წლების განმავლობაში და იცით, რომ მილიონობით თანხები არის გაფლანგული პირადი ვოიაჟებისთვის, რაც ძალიან მძიმე და ცუდია,” – განაცხადა კალაძემ.

“ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს” – კალაძე პრეზიდენტზე

ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის მიზანმიმართული წახალისება ხდება.

„თქვენ ალბათ, აკვირდებით პროცესს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ხელშეწყობა და წახალისება იმისა, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ნუ, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს აღნიშნულ კონსტიტუციას და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი შედეგი ექნება,“ – განაცხადა კალაძემ.

“უკრაინელებმა ბახმუტთან 50 კმ-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს” – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, ბახმუტთან ახლოს 2 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, სამხრეთ ფრონტზე კი 5.2 კვადრატული კილომეტრი, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე ბახმუტის მიდამოებში სულ 51 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული.

„რობოტინოს სამხრეთით და აღმოსავლეთით წარმატებას მივაღწიეთ და გასულ კვირას, სამხრეთის მიმართულებით, 5.2 კვ.კმ ტერიტორია გათავისუფლდა “, – აღნიშნა მალიარმა.

მისი განმარტებით, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან სამხრეთით, საერთო ჯამში, 260 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიაა გათავისუფლებული.

გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს და უფრო ინკლუზიური და ყოვლისმომცველი უნდა გახდეს-ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს. The Telegraph-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ბაიდენი ამ საკითხზე თავად ისაუბრებს.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ვაშინგტონი, რომ გაეროს უშიშროების საბჭო დასახულ ამოცანებს ვერ პასუხობს, კირბიმ განაცხადა, რომ დადგა დრო, ამ საბჭოს არქიტექტურა შეფასდეს. კერძოდ, ვაშინგტონი თვლის, რომ გაეროს უშიშროების საბჭო „უფრო ინკლუზიური და ყოვლისმომცველი“ უნდა გახდეს.

“გამოვიყენებთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, რათა ნათლად გამოვხატოთ ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ” – ჯოზეფ ბორელი

მომავალ კვირას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ევროკავშირი გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას უკრაინის ურყევ მხარდაჭერას და უშიშროების საბჭოს რეფორმის აუცილებლობას, რომლის გადაწყვეტილებებსაც რუსეთი ბლოკავს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ეს კვირა არის კრიტიკული მომენტი გლობალური და მრავალმხრივი სისტემისთვის. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომით რუსეთი, რომელიც არის ბირთვული ძალა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, არღვევს გაერო-ს წესდებას. მიუხედავად გენერალური ასამბლეის არაერთგზის მოწოდებისა, რუსეთი არ აძლევს უშიშროების საბჭოს უფლებას, შეასრულოს თავისი როლი, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვაგანაც, რაც საფრთხეს უქმნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთელი სისტემის სანდოობას“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბორელის თქმით, ეს ომი რჩება უდიდეს საფრთხედ გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს გლობალურ კრიზისს.

„ჩვენ გამოვიყენებთ წლევანდელ გაერო-ს მაღალი დონის კვირეულს, რომ ნათლად გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა მსოფლიოს ყველა კუთხის ქვეყნები შემოგვიერთდნენ გაერო-ს წესდების დასაცავად და რუსული ნეოიმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ბორელი.

“ადამიანი, რომლისთვისაც არსებობდა ერთადერთი პატიმარი და ერთადერთი ადამიანი, რომლის უფლებებსაც იცავდა – მიხეილ სააკაშვილი, ვერ გახდება საზოგადოების ლიდერი – სოზარ სუბარი

ჩვენი წერილის გამოქვეყნებიდან 2 დღეც არ იყო გასული და გამოიკვეთა ახლი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება შევიდნენ „ლელო“, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას „დროა“, სალომე ზურაბიშვილი და მათ შორისაა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავისი ახალი პლატფორმით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა  ნინო ლომჯარიას მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის კომენტირებისას განაცხადა.

სუბარის თქმით, ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს რესურსი, რომ ის იყოს ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი.

„თითქოს სიმბოლურია, რომ ნინო ლომჯარიას მიერ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებას თან დაერთო განცხადება, რომ მას წარადგენენ სახაროვის პრემიაზე. სახაროვი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო გამოაცხადა მცირე იმპერიად და თქვა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაიშალოს. ეს იყო ერთგვარი ტრიგერი, ბიძგის მიმცემი სწორედ სეპარატისტული ძალებისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის იმ მოძრაობის დაწყებისა, რომელმაც საქართველო მიიყვანა ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით ოკუპაციამდე.

ჩვენი წერილის გამოქვეყნებიდან 2 დღეც არ იყო გასული და გამოქვეყნდა ახლი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება შევიდნენ „ლელო“, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას „დროა“, სალომე ზურაბიშვილი და მათ შორისაა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავისი ახალი პლატფორმით.

ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს ის რესურსი, რომ ის იყოს ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი, მას უბრალოდ ქარიზმა არ ყოფნის,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე ლომჯარიას სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პატიმარი, ვის უფლებებსაც ლომჯარია იცავდა, მიხეილ სააკაშვილი იყო.

„ადამიანი, რომლისთვისაც არსებობდა ერთადერთი პატიმარი და ერთადერთი ადამიანი, რომლის უფლებებსაც იცავდა – მიხეილ სააკაშვილი, ის ადამიანი ვერ გახდება საზოგადოების ლიდერი. აბსოლუტურად მოგონილი თემაა, თითქოს პატიმრებს ავალებდა ციხის ადმინისტრაცია, რომ როცა ლომჯარია ციხეში შედიოდა დაეწყოთ სტვენა და ხმაური ე.წ. „შუმოკი“. მართლა ძალიან შორს უნდა იყო სახალხო დამცველობისგან, რომ ასე ცუდად გესმოდეს პატიმრის ფსიქოლოგია – ვერავინ აიძულებს პატიმრებს დაუსტვინონ იმას, ვისაც არ უნდათ, რომ დაუსტვინონ,” – აღნიშნა სუბარმა.