“უკრაინის მარცვლეულის ირგვლივ შექმნილმა დაძაბულობამ ევროკავშირში განხეთქილება შეიტანა”-The Wall Street Journal

477
spot_img

აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის მარცვლეულის ირგვლივ შექმნილმა დაძაბულობამ ევროკავშირში განხეთქილება შეიტანა: ბრიუსელს ბლოკის აღმოსავლეთ ფლანგელები აუმხედრდნენ“ (ავტორი – თომას გროუვი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება რუსეთის მიერ ევროკავშირისათვის მტკივნეულ პოლიტიკურ პრობლემად გადაიქცა: ბრიუსელმა გასულ ხუთშაბათს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკრაინული ხორბლის გაყიდვაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ კი დაუყოვნებლივ გამოვიდნენ აღმოსავლეთ ევროპელი ქვეყნები.
პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს უკრაინული მარცვლეულის იმპორტი არ სურთ. უთანხმოება სერიოზულია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი ინიციატორი პოლონეთია, კიევის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირე რუსეთთან ომში. უკრაინის მოსაზღვრე სამ სახელმწიფოს კიევის იაფი მარცვლეულის დაშვება თავიანთ შიდა ბაზარზე არ უნდათ, რადგან თუ ისინი იმპორტზე დათანხმდებიან, ამით საკუთარ ფერმერთა უკმაყოფილებას გამოიწვევენ.
მას შემდეგ, რაც 15 სექტემბერს ევროკავშირმა დროებითი ემბარგო აღარ გააგრძელა და გააუქმა, ვარშავა, ბუდაპეშტი და ბრატისლავა დაიმუქრნენ, რომ მათთვის ბრიუსელის გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს და თვითნებურად მიიღებენ ზომებს უკრაინული ხორბლის იმპორტის აკრძალვის მიზნით. თავის მხრივ, უკრაინამ მადლობა გადაუხადა ურსულა ფონ დერ ლაიენს მხარდაჭერისთვის, მაგრამ პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის მოქმედება გააპროტესტა და მათ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საჩივრის წარდგენით დაემუქრა: „ჩვენ ყველაფერს ცივილიზებულად გავაკეთებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ .
პოლონეთში მოახლოებული არჩევნების გამო მმართველ პარტიას „სამართალსა და სამართლიანობას“ არ სურს, რომ მომხრეები გაანაწყენოს და ფერმერების ხმები გამოაკლდეს. მთავრობა ფართო კამპანიას აწარმოებს და ხმამაღლა აცხადებს, რომ ფერმერების ინტერესებს დაიცავს: პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი მტკიცედ აცხადებს, რომ უკრაინის პროტესტისა და უკმაყოფილების მიუხედავად, ყველაფერს გააკეთებს პოლონელი ფერმერების ინტერესების დასაცავად.
რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან ბრიუსელის გადაწყვეტილებას დაემორჩილონ. უნგრეთმა აღნიშნა, რომ თანახმაა უკრაინული მარცვლეული ტრანზიტით გაატაროს, მაგრამ შიდა ბაზარზე მისი გაყიდვა აკრძალული იქნება. „ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ მარცვლეულის ტრანზიტს ისე, რომ მისი ერთი გრამიც არ მოხვდეს შიდა ბაზარზე“, – თქვა პრემიერმა ზოლტან კოვაჩმა.
სლოვაკეთიც მზადაა უკრაინული მარცვლეულის აკრძალვისათვის, – აღნიშნა მთავრობის პრეს-მდივანმა პეტერ მაიერმა. სექტემბერში სლოვაკეთშიც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და როგორც გამოკითხვების შედეგები მოწმობს, შეიძლება ხელისუფლებაში ყოფილი პრემიერი, რუსოფილი რობერტ ფიცო დაბრუნდეს. ამიტომ მმართველ პროდასავლურ პარტიას პრორუსებისთვის ხელისუფლების დათმობა არ უნდა, მას ჰაერივით ჭირდება საკუთარი ფერმერების ხმები.
უკრაინაში მარცვლეული ექსპორტის ძალზე მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს. საკმარისია ითქვას, რომ 2021 წელს უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში მსოფლიოში მეორე ადგილი ჰქონდა დაკავებული. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა – 27 მილიარდი დოლარის ოდენობით – ქვეყნის ექსპორტის თითქმის ნახევარი შეადგინა.
როცა რუსეთი „მარცვლეულის გარიგებიდან“ გავიდა, ამით საფრთხე შეექმნა უკრაინის შემოსავლებს. გარდა ამისა, მსოფლიოში გაჩნდა შიში, რომ მარცვლეულის დეფიციტი შეიქმნებოდა. შესაბამისად, გაძვირდა ხორბალი
რუსეთის მოქმედებით, შავ ზღვაზე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, უკრაინამ გადაწყვიტა თავისი მარცვლეული ერთგული მოკავშირის – პოლონეთის ტერიტორიით გაეტანა (ნაწილობრივ რუმინეთის დახმარებითაც, მდინარე დუნაის ნავსადგურებით). მაგრამ ამ დროს თავი იჩინა უკრაინა-პოლონეთის ისტორიულმა დაპირისპირებამ, რომელიც დროდადრო პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება ხოლმე. ვარშავამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტი ჯერ კიდევ ივლისში აკრძალა.„უკრაინულმა იაფმა მარცვლეულმა ჩვენი, პოლონური მარცვლეულის ფასი ძალიან დასწია. ფაქტობრივად, ფასები უკონტროლოდ დაეცა. უკრაინული პროდუქციის მოულოდნელი და დაუგეგმავი შემოტანა პოლონური ბაზრის დესტაბილიზებას გამოიწვევს“, – ამბობდნენ იმ დროს პოლონელი ფერმერები.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პოლონეთის მთავრობა გააკრიტიკა და მას „არამეგობრული და პოპულისტური“ უწოდა. ასეთმა ნათქვამმა პოლონელები განარისხა და უკრაინელებს შეახსენეს, რომ პოლონეთმა მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი მიიღო: „კიევს ვურჩევთ, რომ ყველაფერი გაიხსენოს, რასაც მათ დასახმარებლად პოლონეთი აკეთებს“.
პოლონელებს შორის უკრაინელებისადმი დახმარების სურვილი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ დასამალი არაა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.
ვარშავა უკვე დიდი ხანია მოითხოვს კიევისაგან ბოდიშის მოხდას ვოლინისა და გალიციის მხარეებში მცხოვრები პოლონელების დახოცვის გამო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ისტორიკოსების შეფასებით, ნაციონალისტი უკრაინელების ხელით დაახლოებით 100 ათასამდე პოლონელი დაიღუპა.
რასაკვირველია, ბოლო დრომდე ორივე მხარე – უკრაინას და პოლონეთიც – ცდილობდნენ როგორღაც გაენეიტრალებინათ ისტორიული უთანხმოება. პრეზიდენტებმა ანჯეი დუდამ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთად მიაგეს პატივი ომის დროს დაღუპული პოლონელების ხსოვნას დასავლეთ უკრაინის ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარებული ლიტურგიის დროს.
მაგრამ მარცვლეულის საკითხში გაჩენილმა უთანხმოებამ შერიგების ძალისხმევას ხაზი გადაუსვა.
მართალია, ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინისადმი მხარდაჭერა ჯერ კიდევ მაღალია (უნგრეთის გარდა), მაგრამ წინ არჩევნებია პოლონეთში, სლოვაკეთში, ნიდერლანდებში… მომავალი წლის ივნისში კი – ევროპარლამენტშიც. ერთიანობის შენარჩუნების მიზნით ევროკავშირის ჩინოვნიკები პოლონელ და სლოვაკ ფერმერებს მილიონობით ევროს აძლევს საკომპენსაციოდ, მაგრამ ბრიუსელს ამ მიზნით ფული თანდათანობით ელევა.
უკრაინის მარცვლეული ახალი მოსავალი, როცა ჯერ მთლიანად ძველიც – შარშანდელიც – არ არის გაყიდული, ევროკავშირის ქვეყნებს დამატებით პრობლემებს შეუქმნის. საზღვრებზე სულ უფრო მატულობს სატვირთო ავტომანქანების (ფურების) რაოდენობა.
როგორც ჩანს, უკრაინისა და მისი ევროპელი მეზობლების ურთიერთობა მარცვლეულის გამო ისევ გამწვავდება… რაც, სავარაუდოდ, ნეგატიურ გავლენას, ალბათ, რუსეთთან ომის მიმდინარეობაზეც მოახდენს.

წყარო