Home Blog Page 1620

“ბლექს სი არენა” მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად 5-6 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს

Black Sea Arena-მ შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ Black Sea Arena-ზე 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გააუქმოს.

“ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა და ვლოცულობთ მათთვის, ვინც ამ მძიმე წუთებში ახლობლებს ეძებს. ახლა გვსურს, ჩვენი ფიქრები და ძალები მივმართოთ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და უკეთესი ამბების იმედით დაველოდოთ ერთმანეთთან შეხვედრას შემდეგ ღონისძიებებზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც “ბლექ სი არენა” ავრცელებს.

“ყველა სამთავრობო სტრუქტურა, მაქსიმალური კოორდინაციით, ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ”

დაახლოებით, 25 ადამიანი, ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება. ყველა სამთავრობო სტრუქტურა, მაქსიმალური კოორდინაციით ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ ცოცხალი. ჩვენი ეკიპაჟები მობილიზებულები არიან ონში და სტიქიის ეპიცენტრთან ახლოს. ისინი სამედიცინო დახმარებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე – დაკარგულთა ოჯახის წევრებს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სტიქიის ზონიდან, ვერტმფრენის საშუალებით, 210 ადამიანი და მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები, უვნებლად გამოიყვანეს. მინისტრის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, უმეტესობა უკვე საკუთარ სახლშია და არც დამატებითი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკიპაჟის წევრებს, მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია სამაშველო სამუშაოებში“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ვინც ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპა“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

“უკრაინის მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული პატივისცემის აღდგენაა”

უკრაინის მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული პატივისცემის აღდგენაა, – განაცხადა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მშვიდობის გლობალური სამიტისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსული აგრესიის სამართლიანი დასრულება სარგებელს მოუტანს მსოფლიოში ყველას. უკრაინის მიწის ოკუპანტებისგან გათავისუფლება საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული პატივისცემის აღდგენა. უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის რუსეთის მიერ შექმნილი ყველა საფრთხის აღმოფხვრა არის სიმშვიდის დაბრუნება საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს გლობალური ცხოვრების სტაბილურობაა“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

“გარდაცვლილი 11 ადამიანის ცხედარი გადმოსვენებულია სტიქიის ზონიდან და გადასვენებულია პროზექტურაში”

სტიქიის ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო სამუშაოები , – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან და სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარში განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ თათბირზე განისაზღვრა დამატებით ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს.

„თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი დამატებით იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. როგორც იცით დღეს, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც დამატებით განისაზღვრა ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. დამატებით თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. ასევე, ვადასტურებთ 11 ადამიანის გარდაცვალებას, რომელთა ცხედრებიც გადმოსვენებულია სტიქიის ზონიდან და პროზექტურაშია გადასვენებული. ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. დღეს თქვენ როგორც იცით, შევხვდით იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. მათ ავუხსენით დეტალურად თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. დამატებით მათ შევთავაზეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შევიყვანდით სტიქიის ზონაში, რომ თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოების ჩატარება, რისი სურვილიც მათ გამოთქვეს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

შოვში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები ჩაერთო

საქართველოს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლედ ჩაერთო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით.

„საქართველოს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტიანად განსახორციელებლედ დღეიდან ჩაერთო.

პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ.

შოვში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად კოპიტნარის ბაზიდან კი, ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება. ქვედანაყოფი უახლესი თაობის სამაშველო საშუალებებით არის აღჭურვილი, რომელიც ქართულ მხარეს დანიის სამეფომ გადასცა. პირად შემადგენლობას ასევე, გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის მიმართულებებსა და საჭიროებებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური სამხედრო ტექნიკითა და საშუალებებით, რომლებიც ამოცანების მიღებისთანავე ჩაერთვებიან სამაშველო და გაწმენდით ღონისძიებებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“შოკირებული ვარ სტიქიით – თანაგრძნობას და თანადგომას გიცხადებთ” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიან საქართველოს პრემიერ – მინისტრს სამძიმრის წერილს უგზავნის, რომლითაც თანაგრძნობას უცხადებს 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო.

„ძალიან შოკირებული ვარ იმ სტიქიით, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა და ნგრევა გამოიწვია საქართველოს რაჭის რეგიონში. სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ისევე როგორც ჩემი სახელით, თანაგრძნობას და თანადგომას გიცხადებთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს. დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას“ , – ნათქვამია ფაშინიანის განცხადებაში.

აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს დახმარება სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოების განხორციელებასა და შედეგების ლიკვიდაციაში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ წერს.

„ბაირამოვმა ღრმა მწუხარება გამოხატა დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი, გამოჯანმრთელება უსურვა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს იპოვიან“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის ახლოს არის საქართველოსთან და მზად არის, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება სამაშველო სამუშაოების განხორციელებასა და სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრაში.

დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გამოჩენილი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.

მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 – წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის ექსტრემისტული თემის შექმნის საქმეზე, განსაკუთრებული რეჟიმით 19 წელი მიუსაჯა. ამის შესახებ რუსული მედია იუყწყება.

სასამართლო სხდომა ვლადიმირის რეგიონის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაიმართა, სადაც პოლიტიკოსი თაღლითობის საქმეზე ცხრაწლიან სასჯელს იხდის.

ნავალნი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებითაც.

კერძოდ, ექსტრემიზმისადმი საჯარო მოწოდებების შესახებ; ნაციზმის რეაბილიტაციის; არასრულწლოვანთა ჩართულობა სიცოცხლისათვის საშიში ქმედებების ჩადენის; არაკომერციული ორგანიზაციის შექმნისთვის, რომელიც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს; ექსტრემიზმის დაფინანსებისთვის.

რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მიერ დაარსებულ ანტიკორუფციულ ფონდს და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა რეგიონულ შტაბს ექსტრემისტულ საზოგადოებად მიიჩნევს.

“ჩინეთი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის მშვიდობის გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრაში, რომელზეც რუსეთი არ არის დაპატიჟებული”

ჩინეთი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის მშვიდობის გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრაში, რომელზეც რუსეთი არ არის დაპატიჟებული. ამის შესახებ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საუდის არაბეთის სამეფოს მოწვევით ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუეი უკრაინულ საკითხზე შეხვედრაში მონაწილეობისთვის ჯიდას ეწვევა.

ჩინეთი მზად არის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ითანამშრომლოს, რათა გააგრძელოს უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ძიებაში კონსტრუქციული როლის თამაში”, – წერია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის მიერ ინიცირებული შეხვედრის გამართვა 5-6 აგვისტოში იგეგმება. რუსეთს ფედერაცია მოწვეული არ არის.

“7 ვერტმფრენი, „სუპერ პუმა”, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ახლა შოვში”

მთელი გულით განვიცდი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს , – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხიელ სააკაშვილი წერს, რომელიც მის „ფესიბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი წერს, 7 ვერტმფრენი (სუპერ პუმა), რომელიც საქართველომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დიდი ჩართულობით შეიძინა, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლს შეასრულებდა შოვში.

„მთელი გულით განვიცდი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.

7 ვერტმფრენი (სუპერ პუმა), რომელიც ჩვენ ნიკოლა სარკოზის დიდი ჩართულობით შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლს შეასრულებდა ახლა შოვში.

როცა ჩვენ ამ ვერტმფრენებს ვყიდულობდით, მედვედევი და ლავროვი საფრანგეთს დაემუქრა სანქციებით. თუ საქართველო მიიღებდა ამ ვერტმფრენებს, ისინი ევროკოპტერს აღარ შეუშვებდნენ რუსეთში.

სწორედ, ამიტომ ჩვენ ამ “სუპერპუმებს” მივეცით სამოქალაქო სტატუსტი. რეალურად, ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენები, როგორც სამხედრო, ასევე, სამაშველო. მას სამოქალაქო სახე მიეცა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული სანქციებისთვის აგვევლო გვერდი.

პრეზიდენტი სარკოზი პირადად იყო ამ ვერტმფრენების ყიდვაში ჩართული. სარკოზის პირადი კავშირებით უპრეცედენტო, ფაქტობრივად 0% კრედიტით ვიყიდეთ 7 “ევროკოპტერი” და დამატებით კიდევ ვგეგმავდით 7 ჩამოყვანას საქართველოში.

როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში დაიბარა საფრანგეთიდან წარმომადგენლები და უთხრა, რომ საქართველოს აღარ სჭირდებოდა ფრანგული ვერტმფრენები და გადაწყვიტა ძველი, ამორტიზებული რუსული ვერტმფრენების შეკეთება. მას კარგად აუხსნეს, რომ რუსეთი არ გვაძლევდა მარაგნაწილებთან წვდომას და რომ ეს დაჯდებოდა ბევრად ძვირი. ამ საუბრის მიუხედავად ივანიშვილმა დაიწყო მოლაპარაკება პეტერბურგელ ბიზნესმენთან, “ევროკოპტერების” გასაყიდად, იმ “ევროკოპტერების”, რომელიც საფრანგეთისგან რუსეთის დიდი ზეწოლის მოუხედავად, მაინც ჩამოვიყვანეთ საქართველოში!“,- წერია მიხიელ სააკაშვილის განცხადებაში.

“ამაზრზენი სანახავია, როცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ცდილობ, ყველაზე დიდ სტიქიაში პოლიტიკური ნიშნები იპოვო” -ანდრია გვიდიანი

საზოგადოება შეძრა მომხდარმა და ალბათ არ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მომხდარ კატასტროფაზე გლოვის გარდა სხვა რამეს გათქმევინებს. მაგრამ, არა – ეგრეც არ არის. ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები – ხალხი, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს, – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, მთელი ქვეყანა გლოვობს, თუმცა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არსებულ ვითარებაშიც კი, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

მისი თქმით, პოლიტიკის გამო ყველანაირი საზღვრის გადაკვეთა დაუშვებელია.

„მთელი საქართველო გლოვობს უმძიმეს ტრაგედიას. საზოგადოება შეძრა მომხდარმა და ალბათ არ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მომხდარ კატასტროფაზე გლოვის გარდა სხვა რამეს გათქმევინებს.

მაგრამ, არა – ეგრეც არ არის. ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები – ხალხი, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს, რომლებმაც შეძლეს, ამ ტრაგედიისთვის პოლიტიკური სარჩული ეპოვათ. ამაზრზენი სანახავია, როცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ცდილობ ყველაზე დიდ სტიქიაში პოლიტიკური ნიშნები იპოვო და, უფრო უარესი, ამ სტიქიაზე პოლიტიკური ქულების მოპოვებას შეეცადო.

ხალხო, არის დაუწერელი წესები, რაც უბრალოდ არ უნდა გეშლებოდეს. არის საზღვრები, რომლის გადალახვაც უბრალოდ არ შეიძლება. არის მორალი, ზნეობა, ეთიკა, ადამიანობა. პოლიტიკის გამო, ყველაფრის გადახაზვა არ შეიძლება. სად გაიზარდეთ, ან როგორ გაიზარდეთ, ასე რამ გაგაბოროტათ?!” – წერს ანდრია გვიდიანი.