Home Blog Page 1617

კობა კობალაძე ვეტერანებთან ერთად, შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებიან.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში, უკვე ჩართულია ომისა და თავდაცვის ძალების 30-ზე მეტი ვეტერანი; მობილიზებულია 600-ზე მეტი ვეტერანი და ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მედპერსონალი სრული შემადგენლობით, რომლებიც სრულ მზადყოფნაში არიან, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ნებისმიერ დროს ჩაერთონ სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ოპერაციებში.

სტიქიის ზონაში, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი; მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან; ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კურორტ შოვში მიმდინარე სამუშაოებში, თავდაცვის ძალები ჩაერთო.

შეგახსენებთ, შოვში, მეწყერი, 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს, 16 ადამიანი ემსხვერპლა; 25-მდე დაკარგული მოქალაქის ძებნის სამუშაოები,კი მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად.

შოვში მეწყერს რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა – მედია

რუსეთის მოქალაქე, პერმელი ქსენია ტრიჩევა, საკურორტო სოფელ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში დაუდასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს – მისი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო მისი ცხედარი. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახსა და მეგობრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სტიქიის ზონაში გაუჩინარებული რუსეთის მოქალაქის შესახებ. როგორც წერდნენ, გოგონამ რაჭაში მოგზაურობის შესახებ მანამდე მეგობრებს აცნობა.

,,ხვალ გვექნება კონკრეტულ მონაცემებსა და ინფორმაციაზე დაფუძნებული დასკვნა”- ნინო თანდილაშვილი

შოვში, სტიქიის ადგილზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ექვსი ჯგუფი მუშაობს, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები – გეოლოგები, ჰიდროლოგები, გლაციოლოგები, ვმუშაობთ ყველა მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენი სპეციალისტებისგან მოდის, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, ხეობაში განვითარებული პროცესებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციის გაანალიზება ხდება. „ვმუშაობთ, რათა საზოგადოებას ამ მძიმე დროს, როდესაც ასეთი მაღალი არის ემოციური ფონი, მივაწოდოთ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია. ამ მიმართულებით ჩვენ არც ერთი წუთით მუშაობა არ შეგვიჩერებია. დღეს დილას კიდევ შეფრინდნენ ჩვენი სპეციალისტები ხეობაში, მოხდა ძალიან დეტალურად ხეობის დათვალიერება. ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია, ხვალ უკვე გვექნება ოფიციალური დასკვნა, რომელიც საზოგადოებას გაეცნობა და ეს იქნება დასკვნა, რომელიც ემყარება კონკრეტულ მონაცემებსა და ინფორმაციას. ამ ეტაპისთვის რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ძალიან უცბად, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი. ეს არის მყინვარული დნობის პროცესი. მოხდა კლდეზვაური მასის ჩამოშლა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლა. ძალიან სწრაფად განვითარდა პროცესები ხეობაში, რასაც ასევე თან დაერთო ღვარცოფული და თანმდევი მეწყრული პროცესები. რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა ჩვენ საქმე. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის მძიმე სურათი, რასაც ვხედავთ ხეობაში. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდო ყველას და ვთხოვო, რომ როდესაც ასეთი რთული ემოციური ვითარება არის, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სპეციალისტებს, დავეყრდნოთ მათ მონაცემებს და არ უნდა გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რაც საბოლოოდ საზოგადოებას შეიყვანს შეცდომაში და კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ამ მძიმე ემოციურ ფონს. ჩემი თხოვნა იქნება ყველას მიმართ, გადაუმოწმებელი ინფორმაციისგან შეიკავონ თავი. სპეციალისტებს დასჭირდებათ დრო, რათა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და ყველა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

„ეს ქვაღორღი არის წყლით გაჟღენთილი და რბილი მასაა, არის როგორც ჭაობი”- პაპუაშვილი

ადგილზე უმძიმესი ვითარებაა, სიარული შეუძლებელია, უჭირს როგორც ტექნიკას, ისე ადამიანს, მაშველების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ გარკვეული მაჩვენებლებით საზღვრავენ ზონებს და შემდეგ ეძებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განუცხადა. მისივე თქმით, ასეთი მასშტაბის სტიქია იშვიათია. „უმძიმესი სიტუაციაა ადგილზე, რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო ხდება იმის გააზრება, რა მასშტაბის იყო ეს სტიქია. 50 ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც, საშუალოდ, 4 მეტრი ქვაღორღიანი მასით არის დაფარული და ყველაფერი მოყოლილი აქვს. ასეთი მასშტაბის სტიქია ზოგადად იშვიათია და რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო მძიმეა ამის ნახვა. მქონდა შესაძლებლობა, რომ იმ ოჯახის წევრებთან მესაუბრა, ვინც დაკარგულ ნათესავებს ეძებენ. რა თქმა უნდა, რთულია მათი მდგომარეობა და რთულია, მოძებნო სიტყვები, რომელიც მათ დაამშვიდებს. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩვენს მაშველებს და ვიმედოვნებთ, თუკი არსებობს რაიმე შანსი, ეს შანსი იქნება სასიკეთოდ და იპოვიან. ძალიან მძიმე სიტუაციაა. გარშემო ტერიტორიას რაც შეეხება, იქ ყველანაირად ყველა ტერიტორია მოიარეს. ვერტმფრენი დღეს ძალიან ინტენსიურად იყო სტიქიის ზონაში, ზემოდანაც ხდებოდა ტერიტორიის დაზვერვა. გუშინდელს შემდეგ, გარე ტერიტორიიდან რომ ვინმე ყოფილიყო გადარჩენილი, ასეთი ინფორმაცია არ არის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მაშველების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ ზონებს საზღვრავენ გარკვეული მაჩვენებლებით და შემდეგ ამ ზონაში ეძებენ, რაც აჩვენებს მუშაობის ეფექტიანობას. „ეს ქვაღორღი არის წყლით გაჟღენთილი და რბილი მასაა. არის როგორც ჭაობი, მასზე სიარული შეუძლებელია. უჭირს ტექნიკასაც და ადამიანსაც, თუმცა არის ზონები, სადაც რამდენიმე გარდაცვლილი გუშინ იქნა აღმოჩენილი და ინტენსიურად იმ ზონაში ექცეოდა ყურადღება. სწორედ იმ ადგილას აღმოჩნდნენ სხვა გარდაცვლილები. იმ რუკის მიხედვით, სად რა იყო განლაგებული, შეუძლებელია ძებნა, ვინაიდან დაძრულია ყველაფერი მასის მიერ. ჩვენი მაშველების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ ისინი ზონებს საზღვრავენ გარკვეული მაჩვენებლებით და შემდეგ ეძებენ ამ ზონაში. ეს აჩვენებს მუშაობის ეფექტიანობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სტიქიის ზონაში 16 ცხედარია ნაპოვნი, მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება – შსს

“სტიქიის ზონაში, დღეს, მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს ხუთი ცხედარია ნაპოვნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ ძებნა-შველის ღონისძიებას”,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“სამუშაოებში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა.  მთელი ღამის განმავლობაში, ღამის განათებებით უწყვეტად გაგრძელდება სამაშველო ოპერაცია.
„დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24 საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ , ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოწმდება და ხდება მასზე რეაგირება.
„რაც არ უნდა ალოგიკურად მოეჩვენოს ვინმეს ვამოწმებთ ნებისმიერ ინფორმაციას. ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაციები. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერების საშუალებით და მოვუწოდო თუკი ვინმე საჭიროდ ჩათვლის ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმებას მოგვმართოს როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში დააფიქსიროს ზარი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მყისიერად მოხდება ყველანაირი სახის ინფორმაციის გადამოწმება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის 16 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“გვარამიამ მავნებლობის რეკორდი მოხსნა”- ლევან ნიკოლეიშვილი

“რამდენიმე საათიც არ გასულა ჩემს მიერ წინა პოსტის დადებიდან და სრული ლუსტრაცია ამ მოკლე დროში: ზოგმა თავის მართლება დაიწყო, არ გვყავს საკუთარი ვერტმფრენებიო, ზოგმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დამატებითი ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ვერაფერს შეცვლიდა, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ პოლიტიკური განცხადებების კეთების დრო არ არის, მით უმეტეს თუ ეს განცხადებები ტყუილს შეიცავს და არა ხელისუფლებასთან ოპონირებას, არამედ ტრაგედიით სარგებლობას ისახავს მიზნად.

როგორც ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, ვერტმფრენებთან დაკავშირებული ორდღიანი მავნებლობიდან, რადიკალური ოპოზიცია კოტეჯების შესახებ „ფეიკზე” გადავიდა, კერძოდ, ნიკა გვარამიამ, კომუნისტების დროინდელი კოტეჯების აშენება, ახლანდელ ხელისუფლებას დააბრალა.

„რამდენიმე საათიც არ გასულა ჩემს მიერ წინა პოსტის დადებიდან და სრული ლუსტრაცია ამ მოკლე დროში: ზოგმა თავის მართლება დაიწყო, არ გვყავს საკუთარი ვერტმფრენებიო, ზოგმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დამატებითი ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ვერაფერს შეცვლიდა და ყველაზე მთავარი, რისთვისაც მადლობა ყველას, – ვთანხმდებით, რომ ასეთი ტრაგედიის დროს არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთების დრო, მით უმეტეს, თუ ეს განცხადებები ტყუილს და სპეკულაციას შეიცავს და მიზნად ისახავს არა ხელისუფლების ოპონირებას, რომლის დროც ახლა ასევე არ არის, არამედ ტრაგედიით სარგებლობას! p. s. გვარამიამ მაგალითად მავნებლობის რეკორდი მოხსნა, კომუნისტებისდროინდელი კოტეჯების ფოტო დადო და მის მშენებლობას ხელისუფლებას აბრალებს, ხალხი ითხოვდა არ აშენებულიყო და ამათმა არ შეისმინესო. ვერტმფრენების ორდღიანი მავნებლობა ჩავარდა, ახლა კოტეჯების „ფეიკს” ამყარებენ…” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი კი 15-მდე გაიზარდა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 21 ადამიანს ეძებენ.

,,ეს იქნება მათთვის საბოლოო გადაწყვეტილება „ხორბლის შეთანხმებაზე“- მედვედევი

კიეველ არარაობებს ოდესაზე, ისმაილზე და სხვა პორტებზე დარტყმები არ ჰყოფნით, ისინი შავ ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფის მოწყობას ცდილობენ. ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა „ტელეგრამში“ დაწერა.

„თუ კიეველ არარაობებს შავ ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფის მოწყობა სურთ, მათ ის თავიანთი ტერიტორიის იმ ნაწილზე უნდა მიიღონ, რომელსაც მალე პოლონეთი წაიღებს და რომელსაც ამის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში მყრალი სუნი ექნება“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

და ეს იქნება მათთვის საბოლოო გადაწყვეტილება „ხორბლის შეთანხმებაზე“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ეს განცხადება უკრაინაში შეიარაღებული ძალების მიერ რუსულ გემებზე შავ ზღვაში განხორციელებული რამდენიმე წარმატებული შეტევის შემდეგ გააკეთა. 4 აგვისტოს შეტევის დროს უკრაინულმა საზღვაო დრონმა ნოვოროსიისკში რუსული სადესანტო ხომალდი ააფეთქა, ხოლო 5 აგვისტოს ასევე დრონის გამოყენებით რუსული ტანკერი იყო დაზიანებული.

შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკვე მოეწყო დროებითი ხიდი და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძრებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას.

„გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები. ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში. ამ ეტაპზე ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, საიდანაც 15 ერთეული უშუალოდ სტიქიის არეალშია. ამასთან, რამდენიმე ათეული ტექნიკა დაემატება.

3 აგვისტოს ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ სამინისტროში.

,,ინფორმაცია, მანქანაში აღმოაჩინეს ცხედრების შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს” – მღებრიშვილი

თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მანქანაში აღმოაჩინეს ცხედრები, არ შეესაბამება სიმართლეს.

ამ დროისთვის აღმოაჩინეს ორი მანქანა, მიმდინარეობს ამ მანქანების ამოღება მდინარის კალაპოტიდან, შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები, ერთ ერთი მათგანის მფლობელები ცოცხლები არიან.

“არსებობს თემები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება სცადო პოლიტიკური ქულების დაწერა”- ირაკლი კობახიძე

ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას, ეს, უბრალოდ, არასწორია და მართლა გამაოგნებელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან მძიმე ვითარებაა, ადგილზე ჩანს მასშტაბი ამ სტიქიის.

„მაშველები მაქსიმუმს აკეთებენ. წარმოიდგინეთ, 3-4 მეტრი სიმაღლის მიწით არის დაფარული ძალიან დიდი ტერიტორია და, შესაბამისად, რთულია მუშაობა, ყველა შესაბამისი რესურსი არის ჩართული, როგორც ცოცხალი ძალა, პოლიციელიები, მაშველები, ჯარისკაცები, ასევე შესაბამის ტექნიკა, გამწმენდი ტექნიკა, ვერტმფრენებიც მუშაობენ, ყველა რესურსია ჩართული იმისთვის, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს. უზარმაზარი ტერიტორია მიწით არის დაფარული, სტიქიის მასშტაბი იყო დიდი და აქედან გამომდინარე, დადგა მძიმე შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტიქიის პროგნოზირება შესაძლებელი იყო, კობახიძემ აღნიშნა, რომ უამრავი სპეკულაციური განცხადება კეთდება.

„არსებობს თემები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება, სცადო პოლიტიკური ქულების დაწერა ან, ზოგადად, სპეკულირება, უბრალოდ, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. დღეს ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კოტეჯებზე ნებართვები გასცა ჩვენმა ხელისუფლებამ, მაშინ როდესაც 70-იანი წლებიდან დგას ეს კოტეჯები იქ, ასეთ ტყუილს რომ კადრულობ იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერო, სირცხვილია. მეორე ტყუილი, რომელსაც არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო, გელა მთვილიშვილი, არ ვიცი, რომელი მედიასაშუალებაა, ავრცელებს ფოტოს, სადაც არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ჰყავს შვილი დაკარგული და იქვე მიწერილი აქვს, რომ ეს კაცი არის უყურადღებოდ და არავინ მას არ ელაპარაკებოდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობდნენ. ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ორი წუთით ადრე ამ კაცს ელაპარაკებოდა შალვა პაპუაშვილი 15 წუთის განმავლობაში, დაინახა, მაინც გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ, უბრალოდ, კაცი არ არის. სტიქიაა, ადამიანები დაიღუპნენ და ამ დროს ცდილობ, რომ შენს პარტიას პოლიტიკური ქულები დაუწერო, უბრალოდ, სირცხვილია ეს ყველაფერი. ამაზე არ მინდა საერთოდ საუბარი, დეტალებში შესვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონ სტიქიით მანიპულირებას, ეს, უბრალოდ, არასწორია და მართლა გამაოგნებელია. არსებობს შესაბამისი სტრუქტურები, უწყებები, არსებობს შესაბამისი ინფორმაცია, ყველაფერი დაიდება ხელისგულზე და ამის შემდეგ შეგიძლიათ, იმსჯელოთ, რა არის სიმართლე“, – განაცხადა კობახიძემ

“დაკარგულთა ოჯახებთან მობილიზებულია ეკიპაჟები, რომლებიც ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას, მათ ადგილზე უწევენ”-ზურაბ აზარაშვილი

„სტიქიის ეპიცენტრთან, მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ასევე,  გახსნილია პუნქტი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის. გარდა ამისა, მიმდებარე სოფელში, დაკარგულთა ოჯახებთან არიან მობილიზებული ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უწევენ მათ ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას“, –  ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, უშუალოდ ადგილზე ძალიან დიდი მთის მასაა წამოსული, რაც ხელს უშლის სამუშაო პროცესს.

„ვიმყოფებოდი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიდის. როგორც ხედავთ, ჩართულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, სამაშველო სამსახური, პოლიცია, ასევე ჯარის ქვედანაყოფები, საგანგებო სიტუაციების სამსახური. ყველა მცდელობაა, რათა ადამიანები, თუ არის რაიმე შანსი, რომ კიდევ ცოცხლად ვნახოთ, ვიპოვოთ.

სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი დაემატა. აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ უშუალოდ ადგილზე ძალიან დიდი მთის მასაა წამოსული, ათასობით კუბური მეტრი მიწაა, რაც ხელს უშლის სამუშაო პროცესს. დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლის არის. არის ყველანაირი კოორდინაცია, სხვადასხვა ლოკაციაზეა გაშლილი სამძებრო სამუშაოების ფრონტი როგორც მდინარეში, ასევე მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, უშუალოდ ეპიცენტრის ადგილზეც ხდება სამძებრო სამუშაოები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ერთ ადგილას რამდენიმე ცხედარი იქნა აღმოჩენილი, იქ განსაკუთრებული სიფრთხილით მუშაობენ, რადგან შემდეგი შემთხვევა თუ იქნება, არ დაზიანდეს.

მსუბუქი მანქანა რომ არის აღმოჩენილი წყალში, ამის დადასტურება შემიძლია, მაგრამ ცხედრები არის თუ არა, ამას ვერ გეტყვით. ახლა მიმდინარეობს მანქანის წყლიდან ამოყვანის სამუშაოს დაგეგმვა და შემდეგ უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება.

ჯანდაცვის სამინისტროს რაც შეეხება, ჩვენთან დაკავშირებულ ყველანაირ სამედიცინო პროცესს,  აცრა იქნება ეს, უშუალოდ ადამიანების დახმარება თუ სხვა რამ, ყველანაირ დახმარებას ადგილზე ვუწევთ.

სტიქიის ეპიცენტრთან, მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ასევე,  გახსნილია პუნქტი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის.

გარდა ამისა, მიმდებარე სოფელში, დაკარგულთა ოჯახებთან არიან მობილიზებული ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უწევენ მათ ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა აზარაშვილმა.

 

“ძალიან რთული ვითარებაა, ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ”-ირაკლი ქარსელაძე

მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს სამუშაოები, მაშველები, ჯარი და, რა თქმა უნდა, ტექნიკა. ძალიან რთული ვითარებაა და მძიმე პირობები არის სამუშაოდ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, სტიქიის ადგილზე არის ლამი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს სამუშაოებს.

„მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება მუშაობა იმდაგვარად, რომ მაქსიმალური ძალისხმევა არის ახლა სწორედ კოტეჯებისა და სასადილოსკენ. კიდევ ერთი ცხედარი იქნა აღმოჩენილი. მეტი დეტალი დასადგენია. რაც შეეხება სამუშაოებს, რეალურად გუშინ მოვახერხეთ ჩვენ ხუთი ერთეული ტექნიკის გადასვლა. დღეს დაახლოებით 15 ერთეული მუშაობს უშუალოდ არეალში. გარდა ამისა, მთლიანობაში 30 ერთეული არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად ბევრი ტექნიკის ჩართულობით ვახერხებთ იმას, რომ გარკვეულწილად მობილობა იზრდება.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხიდის აწყობა და საგზაო დეპარტამენტმა დღეს აუცილებლად უნდა დავდოთ ხიდი. ხედავთ, რომ მდინარეზე გადასასვლელი გზაც ეწყობა პარალელურ რეჟიმში, ვიდრე ხიდი მოეწყობა. ასევე ალტერნატიული გზა, რომლითაც ჩვენ რეალურად მეორე ფრონტი გვინდა, გავხსნათ და იქედანაც გვინდა, შევიდეთ უკვე მაშველებთან და ჯართან ერთად, ასევე, მესამე ფრონტი იქნება მას მერე, რაც უკვე ხიდი დამონტაჟდება. ფაქტობრივად, ვცდილობთ, რომ მთელი პერიმეტრი მოვიცვათ შეძლებისდაგვარად, წინა მხარეზეა საუბარი. გარდა ამისა, კიდევ დავამატოთ ორი შესაძლო ფრონტი, ასევე მიმდინარეობს შიდა ტროტუარზე უშუალოდ არსებული ძველი გზის გაწმენდა, რომელიც შედარებით უფრო გვემორჩილება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.