Home Blog Page 1616

“ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი”- ზურაბ აზარაშვილი

“ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი”, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ტიქიის ზონაში, მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით,  დაკარგულთა შორის, სავარაუდოდ, 8 ბავშვია.

“მიმდინარეობს ამოცნობითი სამუშაოები, აქტიური სამუშაოები მიდის ღამეც და ვცდილობთ, რომ მიუხედავად ამ რთულიპირობებისა, გარდაცვლილი ადამიანების თუ ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ასეთი მაგალითად დეენემის ანალიზია. დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის სამწუხაროდ 7 თუ 8 ბავშვია. ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ამ სტიქიის არიდება შეიძლებოდა, მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს დეზინფორმაციაა”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

,,ტრაქტორის თითოეულ მოძრაობას აკვირდებიან, რომ არ მოხდეს ცხედრის დაზიანება”- თემურ მღებრიშვილი

დღეს ვიპოვეთ 6 ცხედარი, 17 ადამიანია გარდაცვლილი. მეხანძრე-მაშველები და ჯარის ბიჭები არიან განლაგებულები და ტრაქტორის თითოეულ მოძრაობას აკვირდებიან, რომ არ მოხდეს ცხედრის დაზიანება, აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მოხდეს სამუშაოების შეჩერება და ცხედრების ამოსვენება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხიდის მოწყობამ შესაძლებელი გახადა სტიქიის ეპიცენტრში შესულიყო მძიმე ტექნიკა. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მუშაობს მძიმე ტექნიკა. ეს სწორედ იმ მძიმე და აქტიური სამუშაოების შედეგია, რაც გაწია ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მოეწყო გადმოსასვლელი ხიდი. ხიდის საშუალებით მოხდა ექსკავატორების შემოყვანა. ეს პროცესი, სადაც მიმდინარეობს არის სწორედ ის ლოკაცია, სადაც მოხდა ცხედრების ამოსვენება – ე.წ. კოტეჯის ტერიტორია. კოტეჯები იყოს გზის იქით მხარეს, ტალღის დარტყმის შედეგად წამოიღო და აქეთ არის გადმოტანილი კოტეჯების ფრაგმენტები, შესაბამისად ის ადამიანებიც აქ იქნა ნანახი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 17 ადამიანია დაღუპული, 19 ადამიანს კი ეძებენ.

„აი როგორ ხდება ტყუილის შეთხზვა! – ნიკო კახეთელიძე (ფოტო)

ამ წუთას გადავამოწმე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნა ახლახანს გერმანული KFW-ს დაფინანსებით და რეინჯერების შერჩევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საკრებულოს წევრი და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკო კახეთელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„აი როგორ ხდება ტყუილის შეთხზვა! ამასთანავე ეს „მოჩხლართული” ამბავი ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში და ხდება ტყუილის ტირაჟირება.

1. ის რომ მეწყერის შეკავება შეუძლებელი იყო ამას არ უარყოფენ.

2. „რეინჯერებმა” 27-ში შეატყობინეს შეგუბების და მეწყრული პროცესების შესახებ“ ვის შეატყობინეს? რეინჯერი არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელი და შეტყობინებაც უნდა გაეკეთებინათ ამ სააგენტოში. სად არის ეს შეტყობინება? საიდან გაიგო რომ შეატყობინეს? ამ შემთხვევაში რეინჯერები სად არიან? გვარი, სახელი? ვინმე კაპანაძეს ეს ინფორმაცია ლოგიკურად ხომ უნდა ჰქონდეს. ვინ არიან თქვას!

3. “მდინარე სადღაც გუბდებოდა”. სად გუბდებოდა? ვერ დაინახეს? შეტყობინებაში არ მიუთითეს სად გუბდებოდა?

4. ამ წუთას გადავამოწმე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნა ახლახანს გერმანული KFW-ს დაფინანსებით და რეინჯერების შერჩევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჯერ არ დანიშნულა არავინ. გავაგრძელო?

აი ეს ფაქტი არის არაკაცობა და დიდი ტყუილის ფრაგმენტი. ამით შეცდომაში შეყავთ ყველა. დანარჩენი ფრაგმენტებიც გამოჩნდება…“, – წერს ნიკო კახეთელიძე.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული, 20 ადამიანს კი ეძებენ.

 

 

შოვში დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

სტიქიის ზონაში, დღეს, 5 აგვისტოს მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-ს შეადგენს.

სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 აგვისტოს, თბილისში, შპს ,,ლილო მოლი“-ს ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზარალებულს თავის არეში დაზიანება მიაყენა, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება

კობა კობალაძე ვეტერანებთან ერთად, შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებიან.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში, უკვე ჩართულია ომისა და თავდაცვის ძალების 30-ზე მეტი ვეტერანი; მობილიზებულია 600-ზე მეტი ვეტერანი და ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მედპერსონალი სრული შემადგენლობით, რომლებიც სრულ მზადყოფნაში არიან, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ნებისმიერ დროს ჩაერთონ სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ოპერაციებში.

სტიქიის ზონაში, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი; მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან; ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კურორტ შოვში მიმდინარე სამუშაოებში, თავდაცვის ძალები ჩაერთო.

შეგახსენებთ, შოვში, მეწყერი, 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს, 16 ადამიანი ემსხვერპლა; 25-მდე დაკარგული მოქალაქის ძებნის სამუშაოები,კი მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად.

შოვში მეწყერს რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა – მედია

რუსეთის მოქალაქე, პერმელი ქსენია ტრიჩევა, საკურორტო სოფელ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში დაუდასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს – მისი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო მისი ცხედარი. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახსა და მეგობრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სტიქიის ზონაში გაუჩინარებული რუსეთის მოქალაქის შესახებ. როგორც წერდნენ, გოგონამ რაჭაში მოგზაურობის შესახებ მანამდე მეგობრებს აცნობა.

,,ხვალ გვექნება კონკრეტულ მონაცემებსა და ინფორმაციაზე დაფუძნებული დასკვნა”- ნინო თანდილაშვილი

შოვში, სტიქიის ადგილზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ექვსი ჯგუფი მუშაობს, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები – გეოლოგები, ჰიდროლოგები, გლაციოლოგები, ვმუშაობთ ყველა მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენი სპეციალისტებისგან მოდის, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, ხეობაში განვითარებული პროცესებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციის გაანალიზება ხდება. „ვმუშაობთ, რათა საზოგადოებას ამ მძიმე დროს, როდესაც ასეთი მაღალი არის ემოციური ფონი, მივაწოდოთ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია. ამ მიმართულებით ჩვენ არც ერთი წუთით მუშაობა არ შეგვიჩერებია. დღეს დილას კიდევ შეფრინდნენ ჩვენი სპეციალისტები ხეობაში, მოხდა ძალიან დეტალურად ხეობის დათვალიერება. ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია, ხვალ უკვე გვექნება ოფიციალური დასკვნა, რომელიც საზოგადოებას გაეცნობა და ეს იქნება დასკვნა, რომელიც ემყარება კონკრეტულ მონაცემებსა და ინფორმაციას. ამ ეტაპისთვის რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ძალიან უცბად, მყისიერი მოვლენის განვითარებას ჰქონდა ადგილი. ეს არის მყინვარული დნობის პროცესი. მოხდა კლდეზვაური მასის ჩამოშლა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლა. ძალიან სწრაფად განვითარდა პროცესები ხეობაში, რასაც ასევე თან დაერთო ღვარცოფული და თანმდევი მეწყრული პროცესები. რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა ჩვენ საქმე. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის მძიმე სურათი, რასაც ვხედავთ ხეობაში. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდო ყველას და ვთხოვო, რომ როდესაც ასეთი რთული ემოციური ვითარება არის, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სპეციალისტებს, დავეყრდნოთ მათ მონაცემებს და არ უნდა გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რაც საბოლოოდ საზოგადოებას შეიყვანს შეცდომაში და კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ამ მძიმე ემოციურ ფონს. ჩემი თხოვნა იქნება ყველას მიმართ, გადაუმოწმებელი ინფორმაციისგან შეიკავონ თავი. სპეციალისტებს დასჭირდებათ დრო, რათა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და ყველა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

„ეს ქვაღორღი არის წყლით გაჟღენთილი და რბილი მასაა, არის როგორც ჭაობი”- პაპუაშვილი

ადგილზე უმძიმესი ვითარებაა, სიარული შეუძლებელია, უჭირს როგორც ტექნიკას, ისე ადამიანს, მაშველების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ გარკვეული მაჩვენებლებით საზღვრავენ ზონებს და შემდეგ ეძებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განუცხადა. მისივე თქმით, ასეთი მასშტაბის სტიქია იშვიათია. „უმძიმესი სიტუაციაა ადგილზე, რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო ხდება იმის გააზრება, რა მასშტაბის იყო ეს სტიქია. 50 ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც, საშუალოდ, 4 მეტრი ქვაღორღიანი მასით არის დაფარული და ყველაფერი მოყოლილი აქვს. ასეთი მასშტაბის სტიქია ზოგადად იშვიათია და რაც უფრო ახლოდან ხედავ, მით უფრო მძიმეა ამის ნახვა. მქონდა შესაძლებლობა, რომ იმ ოჯახის წევრებთან მესაუბრა, ვინც დაკარგულ ნათესავებს ეძებენ. რა თქმა უნდა, რთულია მათი მდგომარეობა და რთულია, მოძებნო სიტყვები, რომელიც მათ დაამშვიდებს. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ჩვენს მაშველებს და ვიმედოვნებთ, თუკი არსებობს რაიმე შანსი, ეს შანსი იქნება სასიკეთოდ და იპოვიან. ძალიან მძიმე სიტუაციაა. გარშემო ტერიტორიას რაც შეეხება, იქ ყველანაირად ყველა ტერიტორია მოიარეს. ვერტმფრენი დღეს ძალიან ინტენსიურად იყო სტიქიის ზონაში, ზემოდანაც ხდებოდა ტერიტორიის დაზვერვა. გუშინდელს შემდეგ, გარე ტერიტორიიდან რომ ვინმე ყოფილიყო გადარჩენილი, ასეთი ინფორმაცია არ არის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მაშველების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ ზონებს საზღვრავენ გარკვეული მაჩვენებლებით და შემდეგ ამ ზონაში ეძებენ, რაც აჩვენებს მუშაობის ეფექტიანობას. „ეს ქვაღორღი არის წყლით გაჟღენთილი და რბილი მასაა. არის როგორც ჭაობი, მასზე სიარული შეუძლებელია. უჭირს ტექნიკასაც და ადამიანსაც, თუმცა არის ზონები, სადაც რამდენიმე გარდაცვლილი გუშინ იქნა აღმოჩენილი და ინტენსიურად იმ ზონაში ექცეოდა ყურადღება. სწორედ იმ ადგილას აღმოჩნდნენ სხვა გარდაცვლილები. იმ რუკის მიხედვით, სად რა იყო განლაგებული, შეუძლებელია ძებნა, ვინაიდან დაძრულია ყველაფერი მასის მიერ. ჩვენი მაშველების პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის, რომ ისინი ზონებს საზღვრავენ გარკვეული მაჩვენებლებით და შემდეგ ეძებენ ამ ზონაში. ეს აჩვენებს მუშაობის ეფექტიანობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სტიქიის ზონაში 16 ცხედარია ნაპოვნი, მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება – შსს

“სტიქიის ზონაში, დღეს, მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს ხუთი ცხედარია ნაპოვნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ ძებნა-შველის ღონისძიებას”,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“სამუშაოებში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა.  მთელი ღამის განმავლობაში, ღამის განათებებით უწყვეტად გაგრძელდება სამაშველო ოპერაცია.
„დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24 საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ , ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოწმდება და ხდება მასზე რეაგირება.
„რაც არ უნდა ალოგიკურად მოეჩვენოს ვინმეს ვამოწმებთ ნებისმიერ ინფორმაციას. ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაციები. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერების საშუალებით და მოვუწოდო თუკი ვინმე საჭიროდ ჩათვლის ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმებას მოგვმართოს როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში დააფიქსიროს ზარი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მყისიერად მოხდება ყველანაირი სახის ინფორმაციის გადამოწმება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის 16 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“გვარამიამ მავნებლობის რეკორდი მოხსნა”- ლევან ნიკოლეიშვილი

“რამდენიმე საათიც არ გასულა ჩემს მიერ წინა პოსტის დადებიდან და სრული ლუსტრაცია ამ მოკლე დროში: ზოგმა თავის მართლება დაიწყო, არ გვყავს საკუთარი ვერტმფრენებიო, ზოგმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დამატებითი ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ვერაფერს შეცვლიდა, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ პოლიტიკური განცხადებების კეთების დრო არ არის, მით უმეტეს თუ ეს განცხადებები ტყუილს შეიცავს და არა ხელისუფლებასთან ოპონირებას, არამედ ტრაგედიით სარგებლობას ისახავს მიზნად.

როგორც ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, ვერტმფრენებთან დაკავშირებული ორდღიანი მავნებლობიდან, რადიკალური ოპოზიცია კოტეჯების შესახებ „ფეიკზე” გადავიდა, კერძოდ, ნიკა გვარამიამ, კომუნისტების დროინდელი კოტეჯების აშენება, ახლანდელ ხელისუფლებას დააბრალა.

„რამდენიმე საათიც არ გასულა ჩემს მიერ წინა პოსტის დადებიდან და სრული ლუსტრაცია ამ მოკლე დროში: ზოგმა თავის მართლება დაიწყო, არ გვყავს საკუთარი ვერტმფრენებიო, ზოგმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დამატებითი ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ვერაფერს შეცვლიდა და ყველაზე მთავარი, რისთვისაც მადლობა ყველას, – ვთანხმდებით, რომ ასეთი ტრაგედიის დროს არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთების დრო, მით უმეტეს, თუ ეს განცხადებები ტყუილს და სპეკულაციას შეიცავს და მიზნად ისახავს არა ხელისუფლების ოპონირებას, რომლის დროც ახლა ასევე არ არის, არამედ ტრაგედიით სარგებლობას! p. s. გვარამიამ მაგალითად მავნებლობის რეკორდი მოხსნა, კომუნისტებისდროინდელი კოტეჯების ფოტო დადო და მის მშენებლობას ხელისუფლებას აბრალებს, ხალხი ითხოვდა არ აშენებულიყო და ამათმა არ შეისმინესო. ვერტმფრენების ორდღიანი მავნებლობა ჩავარდა, ახლა კოტეჯების „ფეიკს” ამყარებენ…” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი კი 15-მდე გაიზარდა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 21 ადამიანს ეძებენ.

,,ეს იქნება მათთვის საბოლოო გადაწყვეტილება „ხორბლის შეთანხმებაზე“- მედვედევი

კიეველ არარაობებს ოდესაზე, ისმაილზე და სხვა პორტებზე დარტყმები არ ჰყოფნით, ისინი შავ ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფის მოწყობას ცდილობენ. ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა „ტელეგრამში“ დაწერა.

„თუ კიეველ არარაობებს შავ ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფის მოწყობა სურთ, მათ ის თავიანთი ტერიტორიის იმ ნაწილზე უნდა მიიღონ, რომელსაც მალე პოლონეთი წაიღებს და რომელსაც ამის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში მყრალი სუნი ექნება“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

და ეს იქნება მათთვის საბოლოო გადაწყვეტილება „ხორბლის შეთანხმებაზე“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ეს განცხადება უკრაინაში შეიარაღებული ძალების მიერ რუსულ გემებზე შავ ზღვაში განხორციელებული რამდენიმე წარმატებული შეტევის შემდეგ გააკეთა. 4 აგვისტოს შეტევის დროს უკრაინულმა საზღვაო დრონმა ნოვოროსიისკში რუსული სადესანტო ხომალდი ააფეთქა, ხოლო 5 აგვისტოს ასევე დრონის გამოყენებით რუსული ტანკერი იყო დაზიანებული.