Home Blog Page 1605

“რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, უკრაინულ კრიზისზე არცერთი შეხვედრა არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებს სერიოზულად ვერ აღიქვამს, რადგან სურს, რომ უკრაინამ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტოს.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირება კიევის მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

“ჩვენ არ გვაკმაყოფილებს 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულის“ არც ერთი პუნქტი, რადგან ის რუსეთისთვის უაზრო ულტიმატუმს წარმოადგენს და საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურებაზე არის მიმართული”, – განაცხადა ზახაროვამ.

ასევე კრემლს არ ესმის, თუ რატომ არ დაპატიჟეს გამართულ სამიტზე.

“რუსეთის მონაწილეობის და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, უკრაინულ კრიზისთან დაკავშირებული არც ერთი შეხვედრა არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს “, – ნათქვამია განცხადებაში.

“რუსეთის საქართველოში შეჭრა იყო არა მხოლოდ რეგიონალური კონფლიქტი, არამედ მოვლენა, რომელმაც გავლენა მოახდინა გლობალურ უსაფრთხოებაზე”

15 წლის წინ რუსეთის ფედერაცია საქართველოში შეიჭრა. ეს არ იყო მხოლოდ რეგიონალური კონფლიქტი – როგორც ზოგიერთს სურდა მისი აღწერა – არამედ მოვლენა, რომელმაც გავლენა მოახდინა გლობალურ უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერზე” წერს.

მისი თქმით, ეს იყო პოსტკომუნისტური რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველი პირდაპირი აქტი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

“ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, რეგიონის ერთიანობისა და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის სანდოობის ტესტი”, – წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, საქართველომ ეს გამოცდა ჩააბარა მამაცი ჯარისკაცების, ხელისუფლებისა და ხალხის დამსახურებით.

“საქართველომ ეს გამოცდა მამაცი ჯარისკაცებითა და კომპეტენტური ხელისუფლებით ჩააბარა, ასევე თავისი ხალხით, რომელიც მზად იყვნენ დაეცვათ საკუთარი ქვეყანა. ჩემმა რეგიონმა, ცენტრალურმა და აღმოსავლეთმა ევროპამ, პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერების თბილისში ერთობლივი ჩასვლით, გამოავლინა სოლიდარობა და აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ გვეშინია რუსეთის და რომ ჩვენ მზად ვართ საკუთარი სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დავაყენოთ იმისთვის, რომ ამ შემოჭრასა და რუსული იმპერიალიზმის აღდგენას დავუპირისპირდეთ. მესამე ფაქტორი, რომელმაც რუსული ტანკების თბილისში შემოსვლა შეაჩერა, შეერთებული შტატების გადამწყვეტი ქმედება, მათ შორის არაპირდაპირი სამხედრო ხასიათის ქმედებაა”, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპა მთლიანი და თავისუფალი იყოს.

“დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩვენს ნაწილში ნაცრისფერი ზონები არ შეიძლება არსებობდეს. უკრაინის გამარჯვება არის ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპა იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი და საქართველო, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია”, – წერს ევროპარლამენტარი.

“ჩვენ თუ დამოუკიდებლობა, სახელმწიფო ნამდვილად გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე”

ჩვენ თუ დამოუკიდებლობა, სახელმწიფო ნამდვილად გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე, ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი გადაიხადეს რაჭაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის. რომლებიც ჯერ შეიძლება, კიდევ ცოცხალია და შეიძლება, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, მათთვის ილოცეს. ამავდროულად, ილოცეს 2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის.

ამ ორ ტრაგედიაში, რომელიც ორივე აგვისტოში მოხდა, შეიძლება, ბოლომდე თანხვედრა არ არის. ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა, ასევე განრისხებული ბუნებაც გვებრძვის, რომლის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება.

ისეთი განცხადებები ისმის, თუ სოციალურ ქსელში დაწერილი, თუ წამოძახილი, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვინდა, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის -პატრიარქი

რაჭაში ახლახანს მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო, და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.

„შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი, ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა.

ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს. აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე.

ესაა ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი ნუგეშისა და იმედის წყარო; და ეს განწყობა, გლოვასთან ერთად, ყველას უნდა გვქონდეს.

მინდა, დღეს უფალს დიდი მარხვის სავედრებლის სიტყვებით მივმართო:

„რომელნი შთანთქა წყალმან, რომელნი მოსრნა წვიმამან და ღვართა და ნაფშვენმან სიმრავლემან შეაშთვნეს და დაფარა ქვეყანამან, ძვრამან და სვრამან და პირად-პირადმან სიკვდილმან, და მდინარეთა და წყაროთა შინა, სახლითა განგლილთა (სახლის ნანგრევებში მოყოლილთა) დაძვრისაგან დაფარულთა … სარწმუნოებით შენდა მოსულთა მორწმუნეთა, ქრისტე ღმერთო, წყალობით განუსვენე“.

ყოვლადწმინდაო სამებაო, ასევე გევედრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები განამტკიცე, განაძლიერე და მშვიდობით შენით აკურთხე; დალოცე და სასოება შენი მოჰმადლე სრულიად საქართველოს, ამინ!“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია.

„15 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და ძალის გამოყენებით, დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა, რასაც მოყვა საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რუსეთი დღემდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში თავისი უკანონო კონტროლის გაძლიერებას, საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოებას და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ, სისტემატურ დარღვევას, რაც მათ შორის გამოიხატება ეთნიკური დისკრიმინაციით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით. ამასთან, შემაშფოთებელია ოკუპირებული რეგიონებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შემდგომი ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებები, რაც სხვა მიზნებთან ერთად, ხალხთაშორისი მზარდი კავშირებისა და შერიგების პროცესის ხელშეშლას ემსახურება.

კვლავ დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირები. ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საოკუპაციო ძალის მიერ კვლავ არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულყოფილი შესრულებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.

საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

საქართველოს მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული, ინტენსიური თანამშრომლობით, განაგრძობს ძალისხმევას ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემის, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის, უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვის ჩათვლით.

უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მაცხოვრებლებს შეუქმნას სტაბილურ, მშვიდობიან და განვითარებულ საქართველოში ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობები. სწორედ ამიტომ, ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებშიც კი, საქართველოს მთავრობა მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას, რაც, დეოკუპაციასთან ერთად, მიმართულია ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დეპოლიტიზირებული დიალოგის გაფართოებისა და ნდობის მშენებლობისკენ, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შეთავაზებისკენ, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს მხოლოდ დეპოლიტიზებული, სტატუს-ნეიტრალური და ჰუმანიტარული მიდგომით, რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა.

სამშვიდობო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პრინციპული და კონსოლიდირებული მხარდაჭერის გაგრძელება, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებების აღკვეთისა და ხალხთაშორისი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება და უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო პარტნიორების წვლილს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში”, – ნათქვამია განცხადებაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6106 ლარი ეღირება, ევრო – 2.8644 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3215 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6117 ლარი ღირდა, ევრო – 2.8590 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3171 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 აგვისტოს ამოქმედდება.

აშშ-ის დახმარებამ უკრაინისთვის ომის დაწყებიდან 66 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 66 მლრდ. აშშ დოლარის დახმარება აღმოუჩინა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ამ თანხის უდიდესი ნაწილი – 44 მლრდ აშშ დოლარი – სამხედრო დახმარებაა. ეს ბევრად აღემატება სხვა ქვეყნებისთვის გაწეულ სამხედრო მხარდაჭერას. ასე, მაგალითად, ისრაელმა შეერთებული შტატებისგან 2022-2023 წლებში 8.6 მლრდ დოლარი მიიღო, ეგვიპტემ 3,3 მლრდ., ხოლო იორდანიამ – 2,9 მლრდ აშშ დოლარი.

“ევროპაში დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატაკლიზმები მოხდა, მაგრამ არსად მახსოვს, ხელისუფლებაზე ორკესტრირებულად ოპოზიციურ-პარტიული შეტევა ყოფილიყოს”

არსებობს ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლის პრევენცია და წინასწარი გაფრთხილება შეუძლებელია – ამაზე მეტი კომენტარი მე არ გამაჩნია, კითხვები დაუსვით მას, ვისაც მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს , – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

როგორც მან აღინიშნა, დღეს გლოვის დღეა და იმ ადამიანების მდგომარეობა არ უნდა დავამძიმოთ, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა.

ვოლსკის თქმით, “ძალიან ცუდია, როცა ვინმეს გლოვის დღეს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების კეთების სურვილი რჩება”.

“ყველა ექსპერტად გადაიქცა. ადრეული გაფრთხილების სისტემაზე ყველას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს. ამ თემაზე ექსპერტებმა უნდა ილაპარაკონ. არსებობს სტიქიური უბედურების მოვლენა, ის რაც საქართველოს თავს დაატყდა, რა დროსაც ადრეული გაფრთხილების სისტემა არ არის შესაძლებელი. ის თუ რამდენად ეხება ეს იმ თემას, რამაც გლოვის დღე დაგვიყენა, ამასთან დაკავშირებით ექსპერტებს ესაუბრეთ. არ მგონია, ექსპერტები იყვნენ ადამიანები, ვინც გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით გარკვეულ თემებზე დგანან და ფეხს არ იცვლიან.

არაერთხელ აგიხსნეს ყველას, რომ ისეთი კატაკლიზმური მოვლენები არსებობს, რომლის წინასწარი პრევენცია შეუძლებელია – არ მიმაჩნია, რომ მე ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები უნდა ვაკეთო და კითხვები დაუსვით მას, ვისაც მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვს.

არსებობს მორალის სტანდარტი, ფორმა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას უნდა ახასიათებდეს, ისევე როგორც ევროპული ქვეყნების საზოგადოებებს, სადაც ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატაკლიზმები მოხდა, ადამიანები დაიღუპნენ, ინფრასტრუქტურა დაინგრა, მაგრამ არსად არ მახსოვს, რომ ხელისუფლებაზე ასე ორგანიზებულად, ორკესტრირებულად ოპოზიციურ-პარტიული შეტევა ყოფილიყოს – მეგონა, რომ არსებობს გარკვეული ვითარება, როცა ერი უნდა გაერთიანდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

“7 აგვისტო არის ის თარიღი, რომელიც დაფიქსირდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში ომის დაწყების თარიღად”- მდინარაძე

7 აგვისტო არის ის თარიღი, რომელიც დაფიქსირდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში ომის დაწყების თარიღად და მასთან იყო დაკავშირებული ქართველი სამხედროების მიერ ომის დაწყება და ომის დანაშაული. ანუ, დაადანაშაულეს 7 აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები და 7 აგვისტოს ომის დანაშაულის ჩადენაში. შემდეგ ეს გავაბათილეთ და მოვიგეთ როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში ორივე სასამართლო – „ნაცების“ მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დღეს ცოტა ჭირს ასეთ თემებზე საუბარი, მაგრამ რადგან არ იშლიან, მე მათ ვურჩევდი, რომ 7 აგვისტოს თემაში, ომის კონტექსტში, ჯერ ერთი, მათ ადგილზე არ აღმოვჩნდებოდი, მაგრამ თუ აღმოვჩნდებოდი, არ შევიდოდი ამაში. როცა საუბრობენ რუსულ ნარატივზე, ერთ-ერთმა ტელევიზიამ ეს სტიქია და გლობალური დათბობა რუსულ ნარატივთან დააკავშირა – 7 აგვისტო არის ის თარიღი, რომელიც დაფიქსირდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში ომის დაწყების თარიღად და მასთან იყო დაკავშირებული ქართველი სამხედროების მიერ ომის დაწყება და ომის დანაშაული. ანუ, დაადანაშაულეს 7 აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები და 7 აგვისტოს ომის დანაშაულის ჩადენაში. შემდეგ ეს გავაბათილეთ და მოვიგეთ როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში ორივე სასამართლო – „ნაცების“ მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად. მათ ფილმიც გადაიღეს 08.08.08, 8 აგვისტოს გადიოდნენ საფლავებზე 2014 წლამდე, შემდეგ შეცვალეს ნარატივი და 7 აგვისტოს დაიწყეს საფლავებზე გასვლა. ანუ 2014 წლამდე ისინი რუსულ ნარატივზე ისხდნენ, რადგან მოიხსენიებდნენ დაღუპულ გმირებს 8 აგვისტოს? ეს ხომ ცალსახა სპეკულაციაა და მართლად რუსულ საქმეს აკეთებს. რუსეთი ამტკიცებდა ორივე სასამართლოში, რომ ის მოცემულობა იყო სწორი, რაც რეზოლუციაში ეწერა. ამ ნარატივით „გვაწვებოდნენ“ ქართულ მხარეს, რომ 7 აგვისტოს დაიწყო ომი და ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ეს ომი და ომის დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენ ეს გავაბათილეთ და სასამართლო პროცესი მოვიგეთ. პრეზიდენტის ბრძანებულებაში იყო და შემდეგ პარლამენტმაც დაუდასტურა ეს მაშინდელ პრეზიდენტს, რომ 8 აგვისტოს შემოიჭრა საქართველოში რუსული ჯარი. 2014 წლის შემდეგ შეცვალეს ეს ნარატივი და უნდათ, ამით მანიპულირება მოახდინონ“, – აცხადებს მდინარაძე.

“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”

დღეს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს.

ბლინკენის თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,

„დღეს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია. რუსეთი კვლავ უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის ვალდებულებების შესრულებაზე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

“ვადასტურებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”

რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 15 წლისთავზე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ , – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებაშია აღნიშნული.

“მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, – აღნიშნულია ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.

“საზოგადოებრივი უსაფრთხოების უკეთ უზრუნველსაყოფად ტექნიკური გადაწყვეტილებები უდავოდ მისაღებია”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

ამ დიდი ტრაგედიიდან სერიოზული დასკვნებია გამოსატანი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების უკეთ უზრუნველსაყოფად ტექნიკური გადაწყვეტილებები უდავოდ მისაღებია, რასაც ჯერ სერიოზული ანალიზი და გეგმის შემუშავება სჭირდება; მაგრამ, რაც არის გასაკეთებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ორგანიზაციული კუთხით, ეს ამ უბედურებამდეც ისედაც ზედაპირზე იყო და ტრაგედიამ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა, მეტად აქტუალურიც გახადა.

უწინარეს ყოვლისა – აშკარაა, რომ დეზინფრომაციული პარტიული პროპაგანდა, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს – ვითარებას ამძიმებს და საფრთხე კრიტიკული შეიძლება გახადოს. ამ მიმართულებით უალტერნატივოდ მოჩანს საზოგადოებრივად მაღალი მნიშვნელობისა და მომეტებული რისკების მოვლენათა მედია-გაშუქებისათვის საერთაშორისოდ კარგად აპრობირებული მეთოდის – აკრედიტებული ჟურნალისტიკის გამოყენება. განსაკუთრებით, ისეთი სპეციალური ღონისძიებების, როგორებიცაა მაგ. სამაშველო ანდა პოლიციური ოპერაციები, გაშუქება უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული მედია და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით. ამ შემთხვევაში ასეთი სტანდარტები უსაფრთხოების მიზნითაა აუცილებელი და უნდა დგინდებოდეს აკრედიტაციის პირობებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ავიცილებთ რისკს, რომ შეგნებულად ანდა უნებლიედ არ მოხდეს ამ ოპერაციებისათვის ხელის შეშლა, სულაც – მათი საბოტირება, თუნდაც დისკრედიტაციის გზით. ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ რაიმე დამატებით არგუმენტაციას არ საჭიროებს. ცხადია, როცა საქმე მომეტებულ რისკს ეხება და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება თავაშვებულობად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიყურებოდეს. ისეთი თავაშვებულობა, რის უფლებასაც თავს აძლევენ ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიები, რომლებიც სინამდვილეში პარტიული დეზინფორმაციული პროპაგანდის იარაღები არიან და დაუფარავად ეწევიან საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს, ყოვლად შეუწყნარებელია და ვერც ერთი შემდგარი საზოგადოება თუ სუვერენული სახელმწიფო ამას ვერ დაუშვებს!

სპეციალური ოპერაციების გასაშუქებლად უნდა დაიშვებოდნენ მხოლოდ აკრედიტირებული მედია საშუალებები. ხოლო ასეთი ოპერაციების თაობაზე ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელებისათვის აკრედიტაციის წესებით უნდა დადგინდეს პირობები, რაც ობიექტურობის მაღალ მედია და პროფესიულ ჟურნალისტურ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ამ წესების და სტანდარტის დარღვევაა დაუყოვნებლივ უნდა იწვევდეს აკრედიტაციის გაუქმებას და შესაბამისად, მსგავსი მოვლენების გაშუქების შეზღუდვას, ყოველ შემთხვევაში – ადგილებიდან ონ-ლაინ რეპორტაჟის, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის, არასწორი ინტერპრეტაციით გადაიცემა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას წარმოადგენს, დაუყოვნებლივ აკრძალვას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში – მაუწყებლის ლიცენზიის შეჩერებას.

ასევე, აუცილებელია საგნობრივი მსჯელობის დაწყება, რათა საკანონმდებლო წესით ერთი-მეორისგან გაიმიჯნოს ობიექტური, პროფესიული ჟურნალისტიკა და პოლიტიკური მედია-პროპაგანდა. მაუწყებლობის შესახებ კანონში უნდა გადაისინჯოს “ფეიკ-ნორმა”, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს უკრძალავს საკუთარი მედია-მაუწყებლობის ქონას. ეს ნორმა თვალთმაქცურია, ცრუა, “ფეიკია”, რადგან რეალურად, ყველა მეტ-ნაკლებად ძლიერ პარტიას თავისი მედია-საშუალება აქვს. რაც ყველამ შესანიშნავად ვიცით. პარტიული ტელევიზიები ოფიციალურადაც უნდა იქნას დაშვებული, ოღონდ ერთი სავალდებულო პირობით: ზოგადი მაუწყებლობის ლიცენზია უნდა გამორიცხავდეს პარტიულ პროპაგანდას, რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის პირდაპირ რეკლამას, მის სასარგებლოდ ან საზიანოდ ფაქტობრივი რეალობის გარდა რაიმე სხვა აზრის, თუკი ასევე არ გადაიცემა საპირისპირო აზრი, ცალმხრივ გავრცელებას. ვისაც სურს, დაე, გააჩნდეს საკუთარი მედია, ოღონდ კეთილი ინებოს და ეს გამჭვირვალედ, ღიად განაცხადოს და მიიღოს პარტიული მაუწყებლობის ცალკე, სპეციალური ლიცენზია. დეზინფორმაციაზე, ფეიკზე, ცილისწამებაზე კი, თუკი ეს გავრცელდება, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შესაბამის პარტიასაც. ასევე, ეს პარტიული ტელევიზია უნდა მიიჩნეოდეს პარტიულ ორგანოდ, მის სტრუქტურულ ერთეულად. მისი დაფინანსება -პარტიის პირდაპირ ხარჯად, რაც პარტიების შესახებ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. აქ, პარტიული მედიის ლიცენზირების დეტალებზე უდავოდ სამსჯელოა.

მაგრამ:
მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის და მომეტებული საფრთხეების მქონე მოვლენების გაშუქებისას აკრედიტებულ ჟურნალისტიკას, თუკი გვსურს ცივილიზებულ ხალხად და სახელმწიფოდ მივიჩნეოდეთ, ალტერნატივა არა აქვს!