არსებობს ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლის პრევენცია და წინასწარი გაფრთხილება შეუძლებელია – ამაზე მეტი კომენტარი მე არ გამაჩნია, კითხვები დაუსვით მას, ვისაც მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს , – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
როგორც მან აღინიშნა, დღეს გლოვის დღეა და იმ ადამიანების მდგომარეობა არ უნდა დავამძიმოთ, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა.
ვოლსკის თქმით, “ძალიან ცუდია, როცა ვინმეს გლოვის დღეს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების კეთების სურვილი რჩება”.
“ყველა ექსპერტად გადაიქცა. ადრეული გაფრთხილების სისტემაზე ყველას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს. ამ თემაზე ექსპერტებმა უნდა ილაპარაკონ. არსებობს სტიქიური უბედურების მოვლენა, ის რაც საქართველოს თავს დაატყდა, რა დროსაც ადრეული გაფრთხილების სისტემა არ არის შესაძლებელი. ის თუ რამდენად ეხება ეს იმ თემას, რამაც გლოვის დღე დაგვიყენა, ამასთან დაკავშირებით ექსპერტებს ესაუბრეთ. არ მგონია, ექსპერტები იყვნენ ადამიანები, ვინც გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით გარკვეულ თემებზე დგანან და ფეხს არ იცვლიან.
არაერთხელ აგიხსნეს ყველას, რომ ისეთი კატაკლიზმური მოვლენები არსებობს, რომლის წინასწარი პრევენცია შეუძლებელია – არ მიმაჩნია, რომ მე ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები უნდა ვაკეთო და კითხვები დაუსვით მას, ვისაც მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვს.
არსებობს მორალის სტანდარტი, ფორმა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას უნდა ახასიათებდეს, ისევე როგორც ევროპული ქვეყნების საზოგადოებებს, სადაც ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატაკლიზმები მოხდა, ადამიანები დაიღუპნენ, ინფრასტრუქტურა დაინგრა, მაგრამ არსად არ მახსოვს, რომ ხელისუფლებაზე ასე ორგანიზებულად, ორკესტრირებულად ოპოზიციურ-პარტიული შეტევა ყოფილიყოს – მეგონა, რომ არსებობს გარკვეული ვითარება, როცა ერი უნდა გაერთიანდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.