Home Blog Page 1598

“სამწუხაროა, როცა ერთი ცდილობს მეორის დადანაშაულებას, მაშინ, როცა შოვში მომხდარ უბედურებაში მთავარი ამბავი ტრაგედიაა, უნდა ვიყოთ ერთსულოვანნი”

ხშირად, ტრაგედია აერთიანებს ადამიანებს. ვისურვებდით, ერთსულოვანნი ვიყოთ ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის და იმ გმირების პატივის საგებად, რომლებმაც თავი დასდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აგვისტოს ომსა და შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პანაშვიდი ჩატარდა.

„15 წელი შესრულდა აგვისტოს ომის დასაწყისიდან და დღეს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ იმსახურა პანაშვიდი ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებლად. წაიკითხა პატრიარქის სიტყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვლოცულობთ საქართველოს გაერთიანებისთვის, ვლოცულობთ დაღუპულთა სულებისთვის – როგორც აფხაზების და ოსების, ისე ქართველების. ასევე, მსახურებაზე მოხსენიებულ იქნა შოვში ტრაგედიის შედეგად დაღუპულები. ძალიან ხშირად ხდება, რომ ტრაგედია აერთიანებს ადამიანებს. ვისურვებდით, ერთსულოვანნი ვიყოთ ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის და იმ გმირების პატივის საგებად, რომლებმაც თავი დასდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ შოვში მომხდარ სტიქიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს და სამწუხაროა, როცა ერთი მეორის დადანაშაულებას ცდილობს.

„ძალიან ძნელია სანუგეშო სიტყვების შერჩევა ადამიანებისთვის, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ ტრაგედია. ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს ახსნა, რატომ ხდება ასე და სამწუხაროა, როცა ერთი ცდილობს მეორის დადანაშაულებას, მაშინ, როდესაც მთავარი ამბავი ამ უბედურებაში ტრაგედიაა. ამიტომ ერთსულოვანნი უნდა ვიყოთ მათთვის ლოცვაში და ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახების ნუგეშისცემაში“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

“წარმოიდგინეთ, რას დაუჭირეს ნაცებმა მხარი…” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის თარიღად 7 აგვისტოს დასახელება ყველა ინფორმაციით, იყო რუსული მხარის ინიციატივა.

„ნაცმოძრაობის ლიდერების“ დაფუძნებული ორგანიზაცია ამბობს, რომ ჩანაწერი, რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, რუსებს არ შეუტანიათ შესწორების სახით, თავიდანვე ეწერაო. ამ არგუმენტით მცდარად მიიჩნიეს განცხადება. დანარჩენზე ვერაფერზე დავობენ.

წარმოიდგინეთ, რას დაუჭირეს ნაცებმა მხარი – ქართველი სამხედროების დადანაშაულებას 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაში და მშვიდობიანი მოქალაქეების კასეტური ბომბებით დაბომბვაში. საკუთარი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულებაზე მოუწერეს ხელი რუსებს!
რაც შეეხება იმას, ვისი შესწორება იყო – თავიდანვე ეწერა? ფორმალურ საკითხებს ვეკიდებით, კომიტეტებზე შევიდა შესწორება თუ მანამდე, დრაფტის შემუშავების დროს, მაგას ვდავობთ? კი ბატონო – ვიღაცამ ხომ ჩაწერა თავიდან? ვინ იყო ის ვიღაც? ჩვენმა პარტნიორებმა დაგვადანაშაულეს და არა რუსულმა მხარემ? თუ ეგეც ნაცების დელეგაციის ინიციატივა ხომ არ იყო? მოკლედ, თუ რუსების არა, ვისი ინიციატივით ჩაიწერა თავდაპირველ ვერსიაშივე ქართველი სამხედროების დადანაშაულების ვერსია?

ყველა ინფორმაციით, ეს იყო რუსული მხარის ინიციატივა. თუ ასე არ იყო, გამოვიდნენ ის ადამიანები, ვინც ამ პროცესების მონაწილე იყო და თქვას, რუსების გარდა ვის და რატომ მოუვიდა თავში ჩვენი ქვეყნის და სამხედროების დადანაშაულება და მსგავსი ჩანაწერის შეტანა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში?!“ – წერს მდინარაძე.

გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ტყეში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. აგვისტოს თვე, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას – დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები.

უწყების ცნობით, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა.

ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ანთავსებს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გომბორის უღელტეხილზე, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, სახელმწიფო ტყის განაპირა ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნები განათავსეს და დასუფთავების აქციაც მოაწყვეს.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს მოსახლეობას, დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე“, – აცხადებენ უწყებაში.

“ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას!”

ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ქართველს, დღემდე მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

„გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები და ობლად დარჩენილი ბავშვები – აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ქართველს, დღემდე მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, ასჯერ უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ!

მათი სახელების უკვდავსაყოფად შემოვიღეთ ტრადიცია – მოგონების ყაყაჩო. სიმბოლურად, გმირების სისხლით შეფერილი ლამაზი ქვეყანა, რომელიც განადგურებას გადავარჩინეთ“,- წერს სააკაშვილი.

აგვისტოს ომის სამხედრო-სტრატეგიული ანალიზი და სამხედრო პოლიტოლოგიური შეფასება

ამა წლის 7-8 აგვისტოს შესრულდა მე-15 წლისთავი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე ვერაგული თავდასხმისა და პირდაპირი სამხედრო აგრესიის განხორციელების. საკმაოდ დიდი დროის გასვლის მიუხედავად, კვლავაც სამხედრო პოლიტოლოგიური და სამხედრო მეცნიერული კუთხით შეუსწავლებელია ამ ომის არსი და ფენომენი. სამწუხაროდ, დღესაც არ გაკეთებული სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ოპერატიული დასკვნები (wargame lessons learned), რომლებიც უნდა გაკეთებულიყო ომის დასრულების მოკლე პერიოდში. საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, აღნიშნული სამხედრო-ოპერატიული და გეოსტრატეგიული ანალიზი გაკეთდა, საქართველოს თანამედროვე სამხედრო სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებლის, მაშინდელი გენშტაბის უფროსის, სამხედრო მეცნიერების დოქტორის და გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის ხელმძღვანელობით, რომელსაც გააჩნია გრიფი „საიდუმლო“ და მხოლოდ განკუთვნილია პროფესიონალი სამხედროებისთვის (ამ მინი-კვლევის განხორციელებაში ავტორები მადლობას უხდიან ბატონ ვახტანგ კაპანაძეს კონსულტაციებისთვის). ამიტომაც აღნიშნული ანალიზი გაკეთებული ღია წყაროების საფუძველზე და მიზნად ისახავს, რომ ფართო საზოგადოებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის იყო გასაგებ ენაზე, თუ როგორი ტიპის სამხედრო კონფლიქტის კლასიფიკაცია შეიძლება მივანიჭოთ ამ ომს და გაკეთდეს სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული ანალიზი, სამხედრო პოლიტოლოგების მხრიდან და გავერკვეთ მის არსში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინდენტიფიცირების და კლასიფიკაციის კუთხით გამოსაყოფია ის გარემოება, რომ თანამედროვე სამხედრო კონფლიქტები თავის შინაარსობრივი და განვითარების პროცესების მიხედვით იყოფა ძირითადად სამ კატეგორიად:

1) შეზღუდული სამხედრო კონფლიქტი – ამ სახის კონფლიქტებს ემპირიული სამხედრო რაოდენობრივი კრიტერიუმები და მათი მიმდინარეობა ხასიათდება შემდეგნაირად: საბრძოლო მოქმედებათა პერიოდში დაპირისპირებული მხარეების რაოდენობა მერყეობს -7-30 ათასს მებრძოლამდე, 150 ტანკამდე, 300 ჯავშანმანქანამდე, 10-15 მსუბუქ საბრძოლო თვითმფრინავამდე (უფრო ხშირად მოიერიშეები და საწვრთნელი თვითმფრინავები) და 20-მდე სამხედრო ვერტმფრენამდე. ამგვარ კრიტერიუმებს შეესაბამებოდნენ კონფლიქტები დნესტრისპირეთში (1992-93 წლებში), ოსურ-ინგუშური შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წელს, სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში (1990-1992 წლებში) და ა.შ.

2) ლიმიტირებული ომი – ასეთი სახის სამხედრო კონფლიქტს გააჩნია შემდეგი სახის დეფინიცია – ეს არის ომი, რომლის დროსაც დაპირისპირებული მხარეები სრულად არ იყენებენ თავიანთ სამხედრო ძალასა და შეიარაღებას. ის ატარებს ერთგვარ შეზღუდულ ხასიათს, მეორეს მხრივ, პოტენციალურ მოწინააღმდეგესთან ყველა მიმართულებით სრულ მასშტაბში არ ახორციელებენ შემტევი ხასიათის საბრძოლო ოპერაციებს. ლიმიტირებული ომის ხარისხობრივი პარამეტრები აღემატება შეზღუდული სამხედრო კონფლიქტის პარამეტრებს, ხოლო შავი ზღვის რეგიონის მაგალითზე კი გააჩნია თავისი პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო-ტექნიკური თავისებურებანი. ამ მხრივ გამოსაყოფია რეგიონში არსებული ორი საკონფლიქტო ზონის მისადაგება ლიმიტირებული ომის დეფინიციასთან. ასეთებად შეიძლება ჩაითვალონ საომარ მოქმედებანი მთიან ყარაბაღსა და ბოსნია ჰერცეგოვინაში წინა საუკუნის 90-იან წლებში;

3) ლოკალური ომი – მისი განსაზღვრება კი შეიძლება გამოიხატოს შემდეგნაირად – ომი, რომელიც გამოირჩევა შეზღუდული სამხედრო-სტრატეგიული მიზნებით და რომელსაც აწარმოებს ერთი სახელმწიფო, თავისი ლიმიტირებული შეიარაღებული ძალების მეშვეობით, ერთი ან რამოდენიმე სახელმწიფოს (ან მისი სეპარატისტული ძალების) წინააღმდეგ მცირე ტერიტორიულ რაიონში (რეგიონში). ასეთი კლასიფიკაციით შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებიდან შეიძლება დახასიათდეს ჩეჩნეთსა და კოსოვოს ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებები, გასული საუკუნის 90-იან წლებში. ამავე კლასიფიკაციას აკმაყოფილებს ასევე, 1999 წლის 24 მარტს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები ნატოსა და იუგოსლავიის ფედერაციულ რესუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის.

ზემოაღნიშნული კლასიფიკაციით შესაძლოა განისაზღვროს, თუ რომელი სამხედრო კონფლიქტის ტიპოლოგიას მიეკუთვნება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი. ამისთვის სასურველია განხორციელდეს შესაბამისი კვლევის მეთოდი და მოხდეს მის საფუძველზე სათანადო სამხედრო-სტრატეგიული ანალიზი.

შემთხვევის გარჩევის მეთოდი (case-study method):  რუსეთ-საქართველოს ომის სპეციფიკა გამოიხატება კავკასიონის ქედის მახლობლად საბრძოლო მოქმედებათა თეატრი (საოპერაციო თეატრი), რომელიც მოიცავდა ცხინვალის რეგიონს, გამოირჩეოდა საინტერესო გეოგრაფიულ და ოპერატიული დაგეგმარების თავისუბურებებით. პირობითად, ე.წ. „ცხინვალის რეგიონის“ თეატრის უპირველესი ფუნქციონალური მახასიათებელი მის უწყვეტობაშია დასავლეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, ხოლო მერიდიანულად კი ჩრდილოეთ-სამხრეთით გამოირჩევა რთული მთაგორიანი რელიეფით, რაც თავის მხრივ ზღუდავდა საბრძოლო ტექნიკის, პირველ რიგში ჯავშანტექნიკის და სატანკო დანაყოფების ინტენსიურ გამოყენებას. აღნიშნული თეატრი წარმოადგენდა უწყვეტ არეალის, რომელიც არსად არ შემოისაზღვრება მნიშვნელოვანი შიდა ჰიდროლოგიური წინააღმდეგობებით, მაგრამ პირიქით შემოიფარგლება მთაგორიანი რელიეფით, რომელშიც გამოიყოფა სტრატეგიული სიმაღლეების სახით – მაგალითად, იგივე წვარიახოს მთა და ძარის გზა, რომლებიც მაღალმთიან სივრეცეზე მდებარეობენ). თეატრის ერთგვარ უწყვეტობის გამოვლენას წარმოადგენდა ისიც, რომ მისი შემადგენელი ქვეთეატრების (ოპერაციების რაიონები) ერთმანეთში უშუალოდ გადადიოდნენ. ოროვე ქვეთეატრი (ჯავისა და ქალაქ ცხინვალის) უშუალოდ ესაზღვრებიან ერთმანეთს (აქ ძირითადად თავმოყრილი იყო ცხინვალელი სეპარატისტების და რუსული სამხედრო დანაყოფების ტაქტიკური ჯგუფები და მართვის ცენტრები), სამხრეთით კი ლიახვის ხეობა-ახალგორი, უკვე იკვეთებოდა ქართული სამხედრო-პოლიტიკური მართვის ცენტრები, ლოკალურ-ტაქტიკურ დონეზე – აქვე იყო ქართული სამშვიდობო ძალების მართვის შტაბიც და ადგილობრივი პრო-ქართული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელისუფლების სტრუქტურები. თვით ცხინვალის რეგიონის საბრძოლო მოქმედებათა თეატრის ფუნქციონალური ნიშანი იყო ის, რომ თეატრის სიღრმე და სიგრძე მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იყო, სადაც თეატრის ზომა პარალელის მიმართულებით ბევრად მეტი იყო, ვიდრე მერიდიანის ზომა მიმართულებით. აღნიშნული გარემოება კი მკვეთრად ზღუდავდა სამხედრო პოტენციალის და საბრძოლო ტექნიკის დიდი რაოდენობით გამოყენებას, ორივე მხრიდან, რაც შემდგომში, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დადასტურდა და რომელიც, თავის მხრივ, განპირობებული იყო გეოგრაფიული განზომილებებით და ოპერატიული მოცულობით. ზოგად კონტექსტში (იგულისხმება გეოსტრატეგიული კონტექსტი) რომ შევადაროთ, ცხინვალის რეგიონის საბრძოლო მოქმედებათა თეატრი, პირობითად და ზოგად კუთხით, უფრო წააგავდა ცენტრალური ევროპის თეატრის ტიპოლოგიას „ცივი ომის“ პერიოდში – ნატოსა და ვარშავის პაქტის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში . სახმელეთო და მთიანი მასივის, როგორც თეატრის ერთიანობაში შემკრავი, წარმოადგენს ცხინვალის რეგინის თეატრის ერთ-ერთ არსებით ფუნქციონალურ მახასაიათებელს. ამიტომაც შესაძლებელია თეატრი დახასიათდეს შემდეგი სამხედრო-სტრატეგიული თავისებურებებით:

სამთო-სახმელეთო კომუნიკაციების კრიტიკული როლი თეატრის მდგრადობისთვის;

ამ კომუნიკაციების მიმდებარე საჰაერო და სახმელეთო სივრცეზე კონტროლის აუცილებლობა;

მეორე ეშელონებისა და რეზერვების უდიდესი მნიშვნელობა

თეატრის სიმეტრიულობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თეატრის ნებისმიერ ქვეთეატრზე წარმატება კრიტიკულ მნიშვნელობას ატარებს მთელი თეატრისთვის (ჯავას რაიონის და როკის გვირაბის არ თუ ვერ დაკავებამ გამოიწვია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მარცხი მოწინააღმდეგესთან).

ამავე დროს, სიმეტრიულობა გამორიცხავდა თეატრზე იზოლირებული ოპერაციების ჩატარებას. ყოველი ცალკე ოპერაცია წარმატებული იქნებოდა მხოლოდ მთელი თეატრის მომცველი სტრატეგიული მოქმედებების კონტექსტში. ამავე დროს, ამ თეატრის ერთ-ერთ საინტერესო სპეციფიკურ მახასიათებლის წარმოადგენდა მისი ურბანიზებული ხასიათი, უშუალოდ ქალაქ ცხინვალში. აქ მცირე დასახლებული პუნქტები ერწყმოდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებით აღმოსავლეთიდან დასავლეთ მომართულებით. დასახლებული პუნქტების ამგვარი მეტ-ნაკლები სიუხვე, ბუნებრივია, ზეგავლენას მოახდენდა საბრძოლო მოქმედებათა ხასიათზე. ოსური სეპარატისტების სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ასევე, მათმა კურატორებმა რუსეთის ფედერაციიდან, კარგად გაითვალისწინეს საკუთარი სამხედრო პოტენციალი და ცხინვალის თავდაცვის ორგანიზაცია იმდენად ჭკვიანურად დაგეგმეს, რომ აშკარა გახდა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა რფ-ის სპეცსამსახურების გენერლების დანიშვნა სხვადასხვა თანამდებობაზე ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული მთავრობაში . წინასწარ იყო შერჩეული ყველა შენობა-ნაგებობა, რომელშიც თავდაცვითი პოზიცია იყო მომზადებული – ძირითადად, წინააღდეგობის კერები ცხინვალის ცენტრალურ რაიონებში იყო ორგანიზებული. ამავე დროს, ოსურ მხარეს მოწინავე სათვალთვალო პუნქტები ჰქონდათ განთავსებული ტბეთისა და ცხინვალის შესასვლელ გადაკვეთაზე, ასეთივე სათვალთვალო და წინააღმდეგობის კერები ჰქოდათ მომზადებული რფ-ის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სადაზვერვო ჯგუფებსაც. ზოგადი კუთხით, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ცხინვალის თავდაცვის გეგმა რუსული სახმელეთო ჯარების საბრძოლო წესდების თანახმად იყო მომზადებული. ამიტომაც საომარი მოქმედებების დაწყების ეტაპზე, ოსური სეპარატისტების საბრძოლო ქვედანაყოფებმა ქართულ შძ-ის შენაერთებს ცხინვალის ცენტრამდე შეღწევის საშუალება მისცეს და ძირითადი ყურადღება ქალაქის ცენტრალური საკვანძო შენობების დაცვაზე გადაიტანეს, რითაც ფაქტიურად ქართული დანაყოფები მოაქციეს ე.წ. „ცეცხლის ტომარაში“ .

ამავე დროს ცხინვალის საბრძოლო მოქმედების თეატრის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიული თავისებურებას წარმოადგენდა, საბრძოლო მოქმედების პერიოდში მეომარ მხარეების სამხედრო-ოპერატიული გრავიტაციული ცენტრების განსაზღვრა, რომელიც შეიძლება გამოიყოს გეოგრაფიული საოპერაციო ხაზების არსებობითაც. როგორც ცნობილია, გრავიტაციის ცენტრები განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორებით. ერთის შეხედვით, გრავიტაციული ცენტრი განისაზღვრება გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, და შეიძლება განიხილებოდეს როგორც გეოგრაფიაზე ბაზირებული გრავიტაციის პირობები. მეორეს მხრივ კი, გრავიტაციის ცენტრი წარმოადგენს წერტილებს, რომელთა დაკავება შლის ბმულობას. ის შეიძლება განისაზღვროს, როგორც ისეთი, რომლის მწყობრიდან გამოსვლა ან დაკარგვა შლის შეიარაღებული ძალების მდგრადობას. ამასთან ცეტრი შეიძლება არ იყოს მაინცდამანც დასახლებული პუნქტი (თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ეს მართლაც ასეა). ეს წერტილი შეიძლება იყოს აეროპორტი, ლოგისტიკური საწყობი, კომუნიკაცია, კავშირგაბმულობის კვანძი ან ოპერაციის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელობა. ზოგიერთ შემთხვევაში, გრავიტაციის ცენტრს წარმოადგენს ისიც, რომელიც ზურგისა და ფრონტის ხაზზე მყოფი ძალების ბმულობას მოშლის .  არსებობს ასევე ოფიციალური განმარტება, თუ რას წარმოადგენს გრავიტაციის ცენტრი, რომელიც შემუშავებული იქნა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის-პენტაგონის მიერ. ამ განმარტების მიხედვით, „გრავიტაციის ცენტრი – არის ძალის წყარო, რომელიც უზრუნველყოფს მორალურ ან ფიზიკურ ძლიერებას, მოქმედებების თავისუფლებას ან ნებას მოქმედებისკენ“ .

ამიტომაც საინტერესოა თუ როგორ განისაზღვრებოდა რუსულ-ქართული აგვისტოს ომის პირობებში, მეომარ მხარეების გრავიტაციული ცენტრები (ამ შემთხვევაში იგულისხმება გეოგრაფიული საოპერაციო ხაზები ან პოზიციის ცენტრები). ამ შემთხვევაში, ოსურ-რუსული გაერთიანებული სამხედრო შენაერთების გრავიტაციულ ცენტრად ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს დასახლებული პუნქტი ჯავა. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ 2007 წლიდან მოყოლებული ჯავაში დახურული რუსული სამხედრო ქალაქის მშენებლობის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. აქვე ფაქტიურად გადმოვიდა, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული ხელისუფლება, ე.წ. „პრეზიდენტის“ ედუარდ კოკოითის მეთაურობით საომარი მოქმედებების დაწყებამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე. ფაქტობრივად, სამხედრო ბაზას წარმოადგენდა და შესაბამისი ინფრაქსტრუქტურა გააჩნდა. ჯავაში დასაწყობებული იყო ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალებისა და საწავავის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც რუსეთის ფედერაციის არმიას საბრძოლო მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში აუცილებლად დასჭირდებოდა (და ასეც მოხდა 2008 წლის აგვისტოში). გარედან ყოველგვარ მონიტორინგის მექანიზმს მოკლებულ ბაზაზე, ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთმა განათავსა როგორც არტილერია, ასევე სატანკო დანაყოფები . მოგვიანებით, როგორც ინტერნეტსაიტებით გახდა ცნობილი, ჯავაში რათქმაუნდა, რუსული გაძლიერებული სამხედრო კონტიგენტი წინასწარ შეიყვანეს. საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა:

ა) 135-ე მოტომსროლელი პოლკის ერთი მოტომსროლელი ბატალიონი

ბ) დაზვერვის ოცეული

გ) დაუზუსტებელი რაოდენობის სატანკო და მექანიზებული დანაყოფი ასევე სადაზვერვო კომპონენტები

დ) დაუზუსტებელი მონაცემებით, ცხინვალში წინასაწარ იყვნენ განთავსებული რფ-ის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების მე-10 და 22-ე ბრიგადის ქვედანაყოფები.

რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებული ძალების გრავიტაციულ ცენტრს, ის შეიძლება ყოფილიყო და სავარაუდოდ იყო ქალაქი ახალგორი და მისი მიმდებარე ტერიტორია ქართული დასახლებებით. სწორედ ამ ტერიტორიაზე იყო განთავსებული ძირითადი ტაქტიკური დონის ლოჯისტიკური და მართვის კომუნიკაციური ხაზები და ახალგორი განიხილებოდა ერთ-ერთ მთავარი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბმულობის ცენტრი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე გასაგებია რომ საბრძოლო მოქმედებების პირობებში ორივე მხარე იყენებდა შედარებით შეზღუდული რაოდენობის ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკას ამ თეატრზე. ზოგადად შეიძლება აღინიშნოს, რომ სამხედრო კონფლიქტის დაწყებისთანავე, ორივე მხარეს გააჩნდა შემდეგის სახის სამხედრო პოტენციალი:

2008 წლის აგვისტოსთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო შემადგენლობა შეადგენდა 29 ათასს სამხედრო მოსამსახურეს, პლიუს 60-100 ათასს შეადგენდა სარეზერვო რესურსი. შეიარაღებაზე აღირიცხებოდა 200 საბრძოლო ტანკი (ტ-55 – 40 ერთეული, ტ-72 – 165 ერთეული), 80 ჯავშანმანქანა, სადაზვერვო მანქანა 11 ერთეული, 150-მდე ერთეული საარტილერიო სისტემა, 40 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 180 ნაღმრტყორცნი, 25 მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25, 15 საბრძოლო-საწვრთნელი თვითმფრინავი L-39 („ალბატროსი“), 28 ვერტმფრენი, საზენტო-სარაკეტო კომპლექსები, მათ შორის, საშუალო სიშორის, „ბუკის“ სისტემა და ა.შ.

ამავე პერიოდისთვის, კი რფ-ის ოპერატიულ-სტრატეგიულ გაერთიანება – ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქში, რომელიც ემიჯნებოდა ცხინვალის საბრძოლო მოქმედებათა თეატრს, შედიოდა 58-ე არმია, მე-20 მოტომსტროლელი დივიზია და მე-7 საჰაერო-სადესანტო დივიზია. მათი საერთო რაოდენობა შეადგენდა 100 ათასს სამხედრო მოსამსახურეს. მათ შეიარაღებაში შედიოდა 620 საბრძოლო ტანკი, 200 ჯავშანმანქანა, 875 საარტილერიო სისტემა. მათ მხარდასაჭერად არსებობდა 60 ერთეული სუ-24 საფრონტო მოიერიშე, 100 თვითმფრინავი მიგ-29, 60 თვითმფრინავი სუ-25, 75 დამრტყმელი ვერტმფრენი მი-24 .

აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარემ სრულად გამოიყენა მის ხელთ არსებული სამხედრო არსენალი და ცოცხალი ძალა ამ თეატრზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე. საერთო ჯამში უნდა ითქვას, რომ რეალურ პირობებში, საომარი მოქმედებების დაწყების და მიმდინარეობის პერიოდში 2008 წლის 7-12 აგვისტომდე, ორივე მხარე იყენებდა შეზღუდული სახის სამხედრო კონტიგენტი, რომელიც განპირობებული იყო ზუსტად ცხინვალის რეგიონის საბრძოლო მოქმედებათა თეატრის სამხედრო-სტრატეგიული ფაქტორებით, რომელიც ზემოთ იყო აღნიშნული. ამაზე მოწმობენ კონკრეტული ეპირიული და რაოდენობრივი მონაცემები, ორივე მხარის სამხედრო დანაყოფების მონაწილეობაზე ომის მსვლელობისას. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ფაქტიურად საქართველომ სრულად გამოიყენა მის ხელთ არსებული შეიარაღებული ძალების პოტენციალი.

კონკრეტულად, რფ-ის სამხედრო კონტინგენტი, რომელიც შემოიჭრა სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე და განახორციელა სამხედრო აგრესია და ინტერვენცია, მოიცავდა 58-ე არმიის მე-19, 42 დივიზიის, 76-ე და 98-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ნაწილებს და რფ-ის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების მე-10, 22-ე და 45-ე ბრიგადის დანაყოფებს. საერთო ჯამში, რფ-ის სამხედრო ინტერვენციონალისტური დაჯგუფების რაოდენობა ცხინვალის საბრძოლო მოქმედებათა თეატრის ზონაში შეადგენდა 16 ათასს სამხედრო მოსამსახურეს, 130 საბრძოლო ტანკს, 105 საარტილერიო და სარაკეტო სისტემის ერთეულს, 40 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემის ერთეულს, 400 ერთეულ ჯავშანტექნიკას, 400 ერთეულ სატრასპორტო სამხედრო მანქანას, 60 ერთეულ საბრძოლო მანქანას (უფრო ტაქტიკური დონის, მაგალითად რუსული „ტიგრები“). ამასთან ერთად, ასეთ ოპერატიულ დაჯგუფებას ზურგს უმარგებდნენ ადგილობრივი აფხაზი და ოსური სეპარატისტული სამხედრო შენაერთები, რომელთა საერთო რაოდენობა არ აღემატებოდა სავარაუდოდ 6500 მებრძოლს .

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოტენციალი, 2008 წლის აგვისტოს ომისთვის, რომლებიც განკუთვნილი იყვნენ ცხინვალის საბრძოლო მოქმედებათა თეატრის მიმართულებით, სავარაუდო რფ-ის შეირაღებული ძალების მხრიდან სამხედრო პროვოკაციების აღკვეთის მიზნით, შეადგენდა 18 ათასს სამხედრო მოსამსახურეს, 120 საბრძოლო ტანკს, 30 საარტილერიო და სარაკეტო სისტემის ერთეულს, 40 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემის ერთეულს, 80 საარტილერიო და სარაკეტო სისტემის ერთეულს, 120 ჯავშანმანქანას და საბრძოლო მანქანას (მაგალითად, თურქული წარმოების საბრძოლო მანქანა „კობრა“ და „ეჯდეერი“) . მოცემული საბრძოლო პოტენციალით საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობას შეეძლო თავისუფლად გამოეყენებინა ე.წ. „მანევრირებადი ომის“ სტრატეგია, რაც გულისხმობდა ისეთი ტაქტიკური ერთეულების ფართოდ გამოყენებას, როგორიცაა: შემორტყმა, შემოვლა, ე.წ. „მარწუხების“ მანევრები და ა.შ. მაგრამ აღნიშნული ელემენტი არ იქნება გამოყენებული არცერთხელ, რამაც გარკვეულწილად იქონია საბოლოო შედეგზე გავლენა.

საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სავარაუდო რაოდენობა, რომელიც ქვეყნის მთავარსარდლის განკარგულებაში იყო, შეადგენდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მიმართულებაზე: თავდაცვის სამინისტროს 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს, შსს-ს 5 ათასამდე პირადი შემადგენლობის მოსამსახურეს და 30 ათასამდე რეზერვისტს (მათი გათვალისწინება, როგორც საბრძოლო ოპერატიული რეზერვი, წარმოადგენს აბსოლუტურად ნაკლებად ეფექტურ კომპონენტებს, რომელმაც სამწუხაროდ სრულად გაამართლა სამხედრო მოქმედებების პერიოდში). ამავდროულად, კოდორს იცავდა შსს-ს 500-მდე და თავდაცვის სამინისტროს 2500-მდე სამხედრო მოსამსახურე .  ასეთი იყო სავარაუდო კუთხით საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული დაჯგუფება ამ თეატრის მიმართულებაზე. ამავე დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული დაჯგუფება, თავის მხრივ, შედგებოდა შემდეგი სახის შენაერთებისაგან: პირველი მექანიზებული ბრიგადა, მეორე ქვეითი ბრიგადა, მესამე ქვეითი ბრიგადა, მეოთხე ქვეითი ბრიგადა, მეხუთე ქვეითი ბრიგადა და პირველი საარტილერიო ბრიგადა .

საინტერესო იქნებოდა გაგვეხილა თუ როგორ რეალური ანუ დე-ფაქტო სამხედრო რაოდენობრივი (აღნიშნული ფაქტორი გამომდინარეობს იქიდან, რომ ორივე მხარე იყენებდა თითქმის ერთი და იმავე საბრძოლო სისტემებს, ძირითადად საბჭოთა წარმოების) თანაფარდობა არსებობდა რუსეთის ფედერაციის  და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის ამ თეატრზე, საომარი მოქმედებების დაწყების და უშუალოდ მსვლელობის დროს, რომელიც ზოგადად შეიძლება გამოხატოს სამხედრო ძალისა და საბრძოლო ტექნიკის სახით ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:

 

საერთო ჯამში, თუკი მოვახდენთ ზოგად შეფასებას, 2008 წლის აგვისტოს ომის უფრო მეტად იხრება, რომ ის განიხილებოდეს როგორც შეზღუდული სამხედრო კონფლიქტი და მისი განვითარების ტემპი და ხანმოკლე დროის პერიოდი კიდევ უფრო ამყარებს აღნიშნული კლასიფიკატორს (აღნიშნულში განიხილება რაოდენობრივი კომპონენტის ფაქტორი – იხილეთ ზემოთ – თუმცაღა საქართველომ მთლიანად გამოიყენა საკუთარი საბრძოლო პოტენციალი და მისთვის, განსაკუთრებული შემთხვევის კონტექსტში, აღნიშნული სამხედრო კონფლიქტი, შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ლოკალური ომი).

 

იმედია, აღნიშნული კვლევა გამოადგებათ თანამედროვე თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას, რომელსაც ყველაზე მეტად არიან დაინტერესებული ასეთი კვლევების ჩატარებაში და ასევე სხვა დაინტერესებულ საზოგადოების წრის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ კვლევას არ გააჩნია პრეტენზია რომ ის არის იდეალური, მაგრამ თუ მან გამოიწვია ანალოგიური კვლევების ჩატარებისა და საუბრების დაწყების პროცესი, მაშინ მისი მიზანი არის მიღწეული.

 

ვახტანგ მაისაია

აგვისტოს ომში დაღუპული გმირები რუსთავში გაიხსენეს

დღეს, 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან გოგოლაურმა, სამმართველოს თანამშრომლებმა, ადგილობრივმა ვეტერანებმა, რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებმა და აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა თანამებრძოლებმა, ქ.რუსთავში, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები, იძულებით, თითქმის, 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

მირონ ჩიგოგიძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

დღეს, 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები, იძულებით, თითქმის, 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

”იმედს ვიტოვებთ, რომ მათი თავგანწირვა არ იქნება უშედეგო, ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი!” – კობა კობალაძე

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

კობა კობალაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა. მან, საქართველოსთვის თავდადებული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს ერთგული, ღირსეული შვილების აღზრდისთვის.

” ცრემლი და ტკივილი არ გვაკლდება, მაგრამ, ამავე დროს, არ გვაკლდება ჟინი ცხოვრების, ბრძოლის და გამარჯვების. დღეს, კიდევ ერთხელ, მინდა, მივუსამძიმრო ამ გმირი კაცების და გოგონების მშობლებს, ოჯახის წევრებს, მთლიანად ჩემს ქვეყანას, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროთ მათ. იმედს ვიტოვებთ, რომ მათი თავგანწირვა არ იქნება უშედეგო, ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი. მე მინდა, ამავე დროს, მივუსამძიმრო, შოვში, ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს და მთლიანად საქართველოს. ღმერთმა გაგვაძლიეროს,”- განაცხადა კობა კობალაძემ.”

2008 წლის ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში.

“ზელენსკის მკვლელობის მიზნით დაგეგმილი შეთქმულება აღიკვეთა” – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მიზნით დაგეგმილი შეთქმულება აღკვეთეს.

უწყების მტკიცებით, ოკუპანტი ზელენსკიზე თავდასხმას ნიკოლაევის ოლქში გეგმავდა. სპეცსამსახურებმა დააკავეს ადგილობრივი ქალი, რომელიც ოლქში ჩასული უკრაინის პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და უკრაინის სამხედრო ობიექტების განლაგების შესახებ ცნობებსაც აწვდიდა.

“მინისტრმა ვან ი-მ სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას დაიკავებს”

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ვან ი-სა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვან ი-მ თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ოფიციალური პეკინი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას დაიკავებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის კრიზისის საკითხთან ერთად, მხარეებმა სხვა საერთაშორისო და რეგიონული პრობლემა განიხილეს, რომლებიც ორი ქვეყნის საერთო ინტერესებს წარმოადგენს.

„ვან ი-მ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პეკინი ობიექტური და რაციონალური იქნება, აქტიურად შეუწყობს ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და გააგრძელებს ამ კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ძიებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჩინეთის მიერ მომზადებულ პოზიციურ შეთანხმებას ეთანხმება, აფასებს და მიესალმება ჩინეთის კონსტრუქციულ როლს ამ საკითხში.

“ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას” – პატრიარქი

ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია აღნიშნული.

როგორც პატრიარქი აღნიშნავს, შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ.

„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რის შემდეგაც, აფხაზეთთან ერთად, უკვე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ.

საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია!

ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობისა.

შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით… ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ.

საქართველოს ეკლესია ყოველ წირვაზე აღავლენს ლოცვებს, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისე ერის სულიერი ერთობისათვის; ასევე მუდამ ვიხსენიებთ სამშობლოსათვის თავდადებულთ და ახლაც შევთხოვ ღმერთს, მართალთა თანა განუსვენოს და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ ძმათამკვლელი ომის მსხვრეპლთ, მათ შორის, ოსებსაც და აფხაზებსაც.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მშვიდობით აკურთხოს მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და ინებოს ჩვენი გაერთიანება, ჩვენი ძველი ურთიერთობების აღდგენა, ამინ.

ღმერთმა ერთობით აკურთხოს სრულიად საქართველო“,-ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.

“სტიქიის ზონაში 90-მდე მძიმე ტექნიკა რვა ძირითად მდებარეობაში აგრძელებს სამუშაოებს” – ირაკლი ქარსელაძე

90-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნიკა დაემატება, რათა სამძებრო სამუშაოებისთვის არეალი გაფართოვდეს. ამ ეტაპზე რვა ძირითად ლოკაციაზე ვმუშაობთ, მოხერხდა წყლის ხიდის ქვეშ გადაგდება, რამაც სამუშაო არეალის გაფართოების საშუალება მოგვცა,  – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული შეკრების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მაშველების ზედამხედველობით და მითითებით, შველა-ძიების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მთავარი ძალისხმევა ე.წ კოტეჯების ტერიტორიაზეა მიმართული. თუმცა, სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს ჩამოწოლილი მეწყერის მიწის მასის შემადგენლობა.

„მაშველები, ჯარი, ყველა ის ადამიანი, ვინც პროცესშია ჩართული, ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. ასევე, აღნიშვნის ღირსია საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები და თითოეული ის ოპერატორი, რომელიც მძიმე ტექნიკაზე მუშაობს, დიდი მადლობა მათ ასეთი თავდადებისთვის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ავლენენ და არსებულ რთულ პირობებში ახერხებენ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებას. რა თქმა უნდა, სამუშაოები გრძელდება და ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

საძიებო სამუშაოების შედეგად, დღეს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. მინისტრის თქმით, სტიქიის არეალში მძიმე ტექნიკისა და ფიზიკური ძალის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.