Home Blog Page 1592

ბათუმში ცოლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მეუღლე – 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ”

ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ენტონი ბლინკენსა და დევიდ კამერონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – დეტალები

ენტონი ბლინკენსა და დევიდ კამერონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს.

„ასევე, მათ წითელ ზღვაში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედების მნიშვნელობა განიხილეს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„უკრაინისათვის ახალი 2024 წელი შეიძლება ღალატით დასრულდეს” – რას წერს „დეილი ტელეგრაფი“

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) თავის 3 იანვრის ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით „უკრაინისათვის ახალი 2024 წელი ღალატით შეიძლება დასრულდეს: უხერხემლო დასავლელი ლიდერები პუტინს გამარჯვებაში ხელს უწყობენ“ (ავტორი – რობერტ კლარკი, სამხედრო მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

შარშან ამ დროს, 2023 წლის იანვრის დასაწყისში, უკრაინა ძალიან იმედიანად იყო განწყობილი: მისმა ჯარმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა ჯერ ხერსონთან, შემდეგ კი ხარკოვთან, რუსი ოკუპანტებისაგან ტერიტორიები გაათავისუფლა და დაიბრუნა. მოვლენებს ისეთი პირი უჩანდა, რომ დასავლეთის დედაქალაქები დარწმუნდნენ – კიევის გამარჯვება მოსკოვზე ახლოს იყო. დასავლელი ლიდერები იმას კი არ ლაპარაკობდნენ, გაუგზავნონ თუ არ გაუგზავნოს კიევს რაკეტები, ქვემეხები, ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა, არამედ იმას, თუ რამდენი გაუგზავნონ და როდის.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისადმი მრისხანე „ჩელენჯერების“ გაგზავნით დაადასტურა, რომ ლონდონი კიევისათვის წარმატებული სამხედრო დონორი გახდა. ალბიონმა ერთგვარი დიპლომატიური ზეწოლა განახორციელა ვაშინგტონ-ბერლინზე და ისინი აიძულა კიევისათვის „აბრამსები“, „ბრედლები“ და „ლეოპარდები“ გადაეცა. ამ ტანკებზე დიდი იმედები იყო დამყარებული დაგეგმილი კონტრშეტევისათვის.

სამწუხაროდ, 2024 წლის იანვრის დასაწყისში განწყობა სრულიად განსხვავებულია: კონტრშეტევა ჩაშლილია – უკრაინამ ვერ მოახერხა ვლადიმერ პუტინის არმიისათვის გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა. რუსულმა ეკონომიკამ დასავლეთის სანქციებს გაუძლო და სწრაფად გადავიდა სამხედრო რელსებზე, რათა ფრონტი უწყვეტად მოემარაგებინა იარაღით. დასავლეთი ამ მხრივ რუსეთს ჩამორჩება და დაყოვნებულად მოქმედებს. ამასობაში კი უკრაინა ახალი წლის დღეებში მასირებულ დაბომბვას განიცდის, მისი ფრონტი შესუსტებულია, არმიას ჯარისკაცები აკლია, მობილიზაცია პრობლემების წინაშე დგას.

არადა, გვახსოვს, რომ სულ რამდენიმე თვის წინათ უკრაინის მედგარი მებრძოლები დასავლეთმა ლიბერალური ფასეულობებისა და თავისუფლების დამცველებად შერაცხა, დღეს კი დასავლელ მთავრობებს ემჩნევათ, რომ უკმაყოფილონი არიან, გაჩნდა ეჭვები კიევისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევის საკითხებში.

უკრაინელი ხალხისაგან დღეს ზურგით შებრუნება, თანაც ასე სწრაფად და მით უმეტეს, ბოლო თვეების სისხლისმღვრელი ბრძოლების ფონზე – ეს დასავლეთის მორალურ კრახსა და სტრატეგიულ გულგრილობას ნიშნავს.

გასაგებია, რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს გარკვეული ეჭვი შეეპარათ დამანგრეველი ომის გაგრძელებაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. შესაბამისად, უკეთეს შემთხვევაში, ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე მოკლევადიან ან საშუალოვადიან ჩიხს უნდა ველოდოთ.

დასავლური ეკონომიკა ჯერაც ვერ გამართულა წელში გასული წლების პანდემიისა და ენერგეტიკული კრიზისისაგან. საერთაშორისო სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, წითელი ზღვის აკვატორიაში (იემენელი ხუსიტების თავდასხმები სავაჭრო გემებზე) – ეს ყველაფერი მყიფე მსოფლიო ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან დარტყმას წარმოადგენს. შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომელიც უკრაინისადმი დახმარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

და ამ დროს, როცა აშშ-ის ხელისუფლებაში სპილოების – ამერიკელი რესპუბლიკელების დაბრუნების პოტენციური შესაძლებლობაა გაჩენილი 12 თვის შემდეგ, დღის წესრიგში დგება უკრაინისადმი ამერიკული დაფინანსების შეწყვეტის საფრთხე. ვაშინგტონში ჯო ბაიდენი ამბოხებულ კონგრესს ებრძვის და აგებს, ბრიუსელში კი ევროკავშირს ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება და იგებს – უკრაინისადმი დახმარების გამოყოფას ბლოკავს.

ერთობლიობაში საკმაოდ შავბნელი სურათი იხატება. უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევა, ჩიხური სიტუაცია თითქმის მთელ ფრონტზე, რუსეთის ეკონომიკის ამტანობა და სიმტკიცე, დასავლეთის ყურადღების გადატანა უკრაინის მიღმა… დღეს კიევი ბევრად უფრო ცუდ სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე შარშან ამ დროს იყო.

თუმცა მდგომარეობა მთლად უიმედოდ არ არის: უკრაინა თავის სამხედრო მრეწველობას ავითარებს, რათა დასავლეთზე დამოკიდებულება შეასუსტოს. კიევს შესწევს იმის ძალა, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები დაიბრუნოს, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა. უკრაინის არმია ბრძოლისუნარიანია, ათასობით ჯარიკაცი მომზადდა ნატოს მიერ, საზღვარგარეთ. მათი ერთ მუშტად გაერთიანება ფრონტზე წარმატების მომტანი იქნება. მთავარია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფა და არტილერიის რეზერვების შევსება.

თავის მხრივ, რუსეთის ემზადება ომის გასაგრძელებლად – მისი სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედი სამხედრო დანიშნულებისაა. კრემლი ცდილობს მიტაცებული ტერიტორიები შეინარჩუნოს. თუ მოსკოვი ამას მოახერხებს, მაშინ დრო მის სასარგებლოდ იმუშავებს, უკრაინის ეკონომიკა კი, დასავლეთის დაუხმარებლად, მძიმე ტვირთს ვერ გაუძლებს და გამოიფიტება.

რუსეთს სწორედ ამის იმედი აქვს. ვლადიმერ პუტინი ფსონს იმაზე დებს, რომ დასავლეთი გამოცდას ვერ გაუძლებს და წელში გაწყდება. მაგრამ თუ ჩვენ მტკიცედ დავდგებით, შეგვიძლია მას ხელი შევუშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი 2024 წელს არამარტო უკრაინის დამოუკიდებლობას დაასრულებს, არამედ ევროპის სუვერენიტეტსაც.

წყარო

“ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით, რუსეთის ციხეებიდან სამშობლოში ჩვენი ოფიცრების დაბრუნების საკითხი დაიძრა”

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და გაიხსენა 2014 წელს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით რუსული ციხეებიდან აგვისტოს ომის შემდეგ პატიმრობაში მყოფი ქართველი ოფიცრების საქართველოში დაბრუნება.

„მაშინ “თლა” არ გამოგვივიდა. ვერ მოვასწარით. ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ახალ 2014 წელს ჩვენი ოფიცრები, რომლებიც სააკაშვილმა 2008 წელს ოკუპანტის ზურგში ჩატოვა და ვინც ციმბირის ციხეებში 20-წლიან პატიმრობას იხდიდა “ჯაშუშობის” მუხლით, საქართველოში დაგვებრუნებინა.

2014 წლის იანვარში ჩავფრინდი მოსკოვში. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით, რუსეთის ციხეებიდან სამშობლოში ჩვენი ოფიცრების დაბრუნების საკითხი დაიძრა მკვდარი და მივიწყებული წერტილიდან. ერთხელ ჩემმა ბაჩომ და დანიელმა მოკრძალებულად მკითხეს, ჩემი სუს-ში მოღვაწეობის პერიოდიდან რაზე შემიძლია მოვუყვე და რა მეამაყება…

ამ ბიჭების დაბრუნებაში მეამაყება ჩემი მოკრძალებული როლი. ჩემს მოყოლილზე ბაჩოს ცრემლიც არ დამავიწყდება არასდროს. პირველი “პარტია” – 2014 წლის იანვარი – სამი პირველი პატიმარი. მოსკოვის “ლეფორტოვოს” ციხეში წინასწარ ჩამოყვანილი პირველი სამი ქართველი ოფიცერი. ჰაერის ტემპერატურა – მინუს 31 გრადუსი ყინვა. “ვნუკოვოს” აეროპორტში მხვდებიან ადგილობრივი წარმომადგენლები…

სასტუმროში? – მეკითხებიან. შეიძლება მანამდე “ქრისტე მაცხოვრის ტაძარში” მივიდეთ? გაოცებულები მთანხმდებიან. შევდივართ ტაძარში. ჩემთვის უცხო აქ რა უნდა იყოს…უკან დამდევს მოსკოველი “კოლეგა”. უცებ მიახლოვდება და მეკითხება: “გარდაცვლილ მამაზე სად უნდა დავანთო სანთელი?” – მივიყვანე ჯვარცმასთან, დავანთებინე სანთელი, მადლობა გადამიხადა. მივხვდი, რომ უფლის წყალობით, მოწინააღმდეგის მოედანზეც პირველი უპირატესობა მოვიპოვე…

მეორე დღე – “ლეფორტოვო”. ჩვენს ბიჭებს აცნობეს დილიდან, რომ დღეს “სადღაც” გადაიყვანდნენ. სამივეს ეგონა, რომ ФСБ-ში დამატებით დაკითხვაზე. КПП-სთან ვხვდები მე. ჩემს მიმართ გაუგებარი, უნდობლობით აღსავსე მზერა. მე – ქართული თეატრალური პაუზა და ტექსტი: “საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით, დღეიდან თავისუფალი ადამიანები ბრძანდებით. და თუ სხვა რაიმე გეგმები არ გაქვთ – მაქსიმუმ ოთხ საათში, თბილისის შოთა რუსთაველის სახ. აეროპორტში ვიქნებით…”

ვაჟკაცების ცრემლი გინახავთ? ჩემი ცრემლი? ბევრი რამე არ გინახავთ! მთავარი პრობლემა რა იყო იცით? ერთს ფეხსაცმელზე ზონარი არ ჰქონდა – თბილისში შევუძინე. სამივეს კი – პასპორტი არ ჰქონდა. სამივე უპასპორტოდ ავიყვანე “ვნუკოვოს” აეროპორტში ბორტზე. მანამდე კი მოსკოვის რესტორანში საუზმე მოვასწარით. რამ გამახსენა? ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა – მათ მიერ გაუხმაურებელმა (ჯერჯერობით) სიქველემ. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!” – წერს ქართველიშვილი.

პუტინი, როგორც 2023 წლის გამარჯვებული – რას წერს „ლე პარიზიენი”

ფრანგული გაზეთი „ლე პარიზიენი(Le Parisien) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომი უკრაინაში და რუსეთის ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა. პუტინი როგორც 2023 წლის გამარჯვებული“ (ავტორი – ანრი ვარნიე). აქვე შევნიშნავთ, რომ მასალაში გადაჭარბებული ოპტიმიზმია გამოხატული.

„2024 წლის მარტში ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აქვს განზრახული – მან თავისი კანდიდატურა უკვე წამოაყენა. იგი მეხუთედ აპირებს ბალოტირებას რუსეთის მეთაურის პოსტზე. ზოგიერთები ამბობენ, რომ მას კონკურენტები ჰყავსო, მაგრამ ეს ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი და გადაჭარბებულად. „ვლადიმერ პუტინი არასდროს არ ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორიც ახლაა. დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – გვითხრა ამას წინათ პარიზში ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. შეიძლება ეს ნათქვამი ვინმემ ისე ჩათვალოს, რომ რუსი „აპარატჩიკი“ პრეზიდენტისადმი ერთგულებას გამოხატავს, მაგრამ არა, ეს სინამდვილეა. 2023 წელი კრემლის ბატონ-პატრონისათვის საკმაოდ კარგი შედეგით დასრულდა. იგი 2023 წლის გამარჯვებულად შეიძლება ჩაითვალოს“, – ასე იწყება „ლე პარიზიენში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც   ვლადიმერ პუტინის საქმიანობის შეფასებაა მოცემული.

2023 წელს რუსეთის არმიამ ჩაშალა უკრაინის არმიის კონტრშეტევა. რუსეთის ეკონომიკა, ომისა და მკაცრი დასავლური სანქციების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად სტაბილურად ვითარდებოდა. რუსულმა დიპლომატიამ დასავლეთის მიერ გამოცხადებული იზოლაცია გაარღვია. რუსული საზოგადოება, შეიძლება ითქვას, ერთიანია და მხარს უჭერს პრეზიდენტს. „მოკლედ, 2023 წელს თამამად შეიძლება ეწოდოს „პუტინის წელი“, – წერს ავტორი ანრი ვარნიე.

აქედან გამომდინარე, 2024 წლის მარტისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები კრემლის ბინადარისათვის მხოლოდ უბრალო ფორმალობაა – მას პრეზიდენტად ყოფნა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. ბოლო დროს რუსეთის ფედერაციამ, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, დაადასტურა, რომ იგი სიცოცხლისუნარიანია და ყველა გამოცდას უძლებს.

„პუტინი იღბლიანია, რომელსაც  შეუძლია ყველაზე რთული და მძიმე სიტუაციებიდან პრაქტიკულად უვნებლად გამოვიდეს და მის წინააღმდეგ მიმართული მოვლენები თავის სასარგებლოდ შეაბრუნოს“, – ნათქვამია სტატიაში.

„გასულმა წელმა პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ იგი სწორად მოქმედებს რამდენიმე მიმართულებით:

პირველი – რუსეთი ძველებურად ლიდერის პოზიციებს იკავებს უკრაინის ომში. კიევის კონტრშეტევა ჩაიფუშა, უკრაინის ელიტაში განხეთქილება გაჩნდა, დასავლეთში ეჭვები მატულობს. რუსეთს მობილიზაციის თვალსაზრისით, პრობლემები არ აქვს. რუსეთის არმიას ისევ აქვს დაკავებული უკრაინის ტერიტორიის 20%, მისი თავდაცვის ზღუდეები ურყევია და უკრაინის არმიას გამაგრებული ხაზის გადალახვა არ შეუძლია;

მეორე – რუსეთის ეკონომიკამ, ექსპერტთა გასაკვირად, მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოამჟღავნა. ბიუჯეტი უძლებს როგორც ომის ხარჯებს, ასევე მოსახლეობისათვის სოციალურ ტრანსფერტებს. გარდა ამისა, როგორც დრომ აჩვენა, რუსეთი წარმატებით უვლის გვერდს დასავლურ სანქციებს, რითაც დასტურდება, რომ ვერც აშშ და ვერც ევროკავშირი თავიანთი შეზღუდვებით რუსულ ეკონომიკას ვერ დაანგრევს;

მესამე – რუსულმა დიპლომატიამ მოხერხებულად ისარგებლა იმ პოლიტიკური თამაშებით, რომლებშიც გლობალური სამხრეთია ჩაბმული და რომელიც გარკვეულწილად დასავლეთისადმი წყენით არის განპირობებული. რუსეთმა ტავი დააღწია საერთაშორისო იზოლაციას. ვლადიმერ პუტინის ამასწინანდელმა ვიზიტმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და საუდის არაბეთში აჩვენა, რომ იგი ისეთი „გარიყული“ არ არის, როგორც ამის წარმოდგენას დასავლეთი ცდილობს.

„მოკლედ, 2023 წელი კრემლის ბინადარისათვის საკმაოდ მაღალ ნოტაზე დამთავრდა“, – ასკვნის სტატიის ავტორი, – დრო ვლადიმერ პუტინის მხარეზეა, რუსეთი თავს მტკიცედ გრძნობს შინაც და გარეთაც. შესაბამისად, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მას ქვეყანა სტაბილური და სწორი კურსით მიჰყავს“.

წყარო

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ვინ შეძლებს პუტინის შეჩერებას, თუ ის უკრაინაში გაიმარჯვებს?” – გაზეთ Le Figaro-ს სარედაქციო სტატია

დასავლეთის სუიციდურმა სტრატეგიამ უკრაინის დამარცხება შეიძლება გამოიწვიოს, რის შედეგადაც მსოფლიო წესრიგი თავდაყირა დადგება, – წერს ფრანგული გაზეთი Le Figaro სარედაქციო სტატიაში სათაურით ვინ შეძლებს პუტინის შეჩერებას, თუ ის უკრაინაში გაიმარჯვებს?

“ვლადიმირ პუტინმა [2024] წელი დიდი ფოიერვერკით დაიწყო. [ის] სკოლებს, ეკლესიებს, სამშობიაროებს, საავადმყოფოებსა და სავაჭრო ცენტრებს თავისი ბომბებით ანადგურებს, თითქოს ეს ლეგიტიმური სამიზნე იყოს. ​​ახალი “ცარი” მსოფლიოს ავბედ შეხსენებას სთავაზობს, რომ მისი მიზნები 2024 წელს არ შეცვლილა: მას სურს გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და იმის იმედი, რომ უკრაინა ერთ დღეს გახდება აყვავებული დემოკრატია, ინტეგრირებული ევროკავშირსა და შესაძლოა ნატოში”, – ნათქვამია სტატიაში.

გაზეთი Le Figaro სარედაქციო სტატიაში აღნიშნავს, რომ 2023 წელს დასავლეთს უკრაინის აღორძინების იმედი ჰქონდა, თუმცა უკრაინას ამის საშუალება.

“2024 წელს, მაშინ, როდესაც ევროპული არჩევნები ახლოვდება, ხოლო შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვება აღარ არის გამორიცხული სცენარი, დეფეტიზმის ცდუნება ჩნდება”, – აღნიშნულია სტატიაში.

“ამერიკის კონგრესი ყოყმანობს უკრაინის გადარჩენისთვის აუცილებელი დახმარების გამოყოფაზე. ევროპაშიც კი ისმის ხმები, რომელიც კიევს მოლაპარაკებისკენ უბიძგებს. თითქოს დასავლეთმა ვერაფერი ისწავლა კრემლის ბატონის წინაშე წარსულში გამოჩენილი სიბრმავისგან”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციის შიშის გამო, ჯო ბაიდენი უკრაინას გადარჩენის საშუალებას აძლევს, თუმცა მას გამარჯვების საშუალებას არ აძლევს.

“კრემლის ბატონის ფსიქოლოგიაში ეს უძლურების აღიარებაა. ეს სუიციდური სტრატეგია უკრაინის და მასთან ერთად დასავლეთის დამარცხების რისკს შეიცავს, რადგან მსოფლიო წესრიგი თავდაყირა დადგება. ვის შეუძლია შეაჩეროს პუტინი შემდგომში? მისი გამარჯვება იქნება მაგალითი ჩინეთისთვის, ირანისა და დასავლური დემოკრატიის ყველა მტრისთვის”, – ამბობს სარედაქციო სტატია.

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იშიკავას რეგიონული მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს.

იშიკავას ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 20-ის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის 31 800-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში რჩება.

შეგახსენებთ, 1-ელ იანვარს იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ დახმარებაზე უარი თქვათ და ყველაფერი თავად აკეთოთ, რადგან თქვენს საქმეში სხვების ჩარევას შეიძლება შეცდომა მოჰყვეს და შემდეგ ყველაფრის თავიდან კეთება მოგიწიოთ. ეცადეთ, თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ. ამ დღეს დაუგეგმავ შოპინგს უნდა ერიდოთ.

კურო 

მშრომელი და კეთილი ადამიანი ხართ და ხშირად სხვის გასაკეთებელ საქმესაც თქვენ აკეთებთ, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ სიკეთის კეთება ვალდებულებად ჩაგითვალოთ და იფიქროს, რომ ყოველთვის ასე იქნება. იქნებ დროა, დახმარება შეზღუდოთ და ადამიანებს საშუალება მისცეთ, საკუთარ თავზე ზრუნვა ისწავლონ.

ტყუპები 

საფრთხე, რომელიც აქტიურად მოქმედებაში ხელს გიშლიდათ, ახალმთვარეობამ გააქარწყლა. ახლა თამამად შეგიძლიათ გარისკოთ და ამისგან დივიდენდები მიიღოთ. ეს ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების დროა, მაგრამ ინიციატივა ხელში უნდა აიღოთ.

კირჩხიბი 

მომდევნო 24 საათის განმავლობაში შემოსავლის მიღების სხვადასხვა შესაძლებლობაზე იფიქრებთ. მთავარია, გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიიღოთ, რადგან ამას შეიძლება, მძიმე შეცდომა მოჰყვეს. დრო საკმარისად გაქვთ, ამიტომ ნუ აჩქარდებით და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

ლომი

მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არ უნდა დარჩეთ. ახლობელი ადამიანის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, საქმეების ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ. ხვალ სხვა ადამიანების დახმარებით, მათი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების წყალობით შეძლებთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და დაგეგმილი საქმე წარმატებით შეასრულოთ.

ქალწული

ამ დღეს საკუთარ თავში შეიძლება ლიდერის თვისებები აღმოაჩინოთ – მზად ხართ გადაწყვეტილებები მიიღოთ და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ეს, ერთის მხრივ, ეარაკეთილსინდისიერი ადამიანების თავდასხმების სამიზნედ გაქცევთ, მეორე მხრივ კი, შეიძლება შესანიშნავი შედეგი მიიღოთ და კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ.

სასწორი

ვარსკვლავებმა შენიშნეს, რომ ადრე არასდროს გაინტერესებდათ, რას ფიქრობენ გარშემო მყოფები თქვენს ქმედებებზე, მაშინ ახლა რატომ უნდა იდარდოთ? როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, თუკი თქვენი გადაწყვეტილებები გარკვეულ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს მათი პრობლემაა და არა თქვენი.

მორიელი 

შესაძლოა სამსახურში რაღაცამ ქაოსი გამოიწვიოს, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ქაოსი ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს. თქვენ იდეალურ მდგომარეობაში იქნებით იმისთვის, რომ აქედან სარგებელი მიიღოთ. ცვლილებები თქვენთვის სასარგებლოა.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს ოპონენტებს თქვენთან შედარებით უპირატესობა აქვთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, სიტუაცია შეცვალოთ და სიტუაციის ბატონ-პატრონი გახდეთ.

თხის რქა 

ამ დღეს შეგიძლიათ პრობლემებს თავი ადვილად დააღწიოთ, მაგრამ ისინი მოგვიანებით ისევ გაჩნდება. იქნებ ჯობს, მათი მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ და პრობლემებს ახლავე გაუმკლავდეთ?

მერწყული

თუ საკუთარ მიზანზე უარს არ იტყვით და მომდევნო დღეების განმავლობაში მისი განხორციელებისთვის არაფერს დაიშურებთ, თავადაც გაოცდებით, ისე სწრაფად მიუახლოვდებით მას. ეს პროგრესი შეიძლება კიდევ უფრო სწრაფი იყოს, თუ საკუთარ გეგმებს სხვებსაც გაუზიარებთ.

თევზები

თუ მეგობარი ან კოლეგა დახმარებას არ გთხოვთ, ეცადეთ, ამ დღეს არავის საქმეში ჩაერიოთ. იმის მიუხედავად, რომ კეთილი განზრახვა გაქვთ, შეიძლება ვიღაცამ თქვენი ძალისხმევა არ დააფასოს, კარისკენ მიგითითოთ და ამით გული გატკინოთ.

მანავში, 31 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში 31 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ადვოკატი ბრალდებულის 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაკავებულია 57 წლის ელდარ საბაშვილი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, მასთან სახლში სტუმრად მისულ 31 წლის ვიტალი კოხტაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. საბაშვილის ოჯახის წევრების თქმით, მოკლულსა და სავარაუდო მკვლელს შორის კონფლიქტი დიდი ხნის წინ, ფულის გამო დაიწყო.

ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მოკლული კოხტაშვილი საბაშვილს ხშირად სძალავდა ფულს. მათივე ცნობით, ამ ფაქტის გამო სიღნაღის სასამართლოს კოხტაშვილისთვის შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული საბაშვილი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ახლაც ჩაუტარდება.

მომდევნო სასამართლო პროცესი კი თელავის სასამართლოში 22 თებერვალს გაიმართება. გამოძიება საბაშვილს განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.