“ვინ შეძლებს პუტინის შეჩერებას, თუ ის უკრაინაში გაიმარჯვებს?” – გაზეთ Le Figaro-ს სარედაქციო სტატია

62
spot_img

დასავლეთის სუიციდურმა სტრატეგიამ უკრაინის დამარცხება შეიძლება გამოიწვიოს, რის შედეგადაც მსოფლიო წესრიგი თავდაყირა დადგება, – წერს ფრანგული გაზეთი Le Figaro სარედაქციო სტატიაში სათაურით ვინ შეძლებს პუტინის შეჩერებას, თუ ის უკრაინაში გაიმარჯვებს?

“ვლადიმირ პუტინმა [2024] წელი დიდი ფოიერვერკით დაიწყო. [ის] სკოლებს, ეკლესიებს, სამშობიაროებს, საავადმყოფოებსა და სავაჭრო ცენტრებს თავისი ბომბებით ანადგურებს, თითქოს ეს ლეგიტიმური სამიზნე იყოს. ​​ახალი “ცარი” მსოფლიოს ავბედ შეხსენებას სთავაზობს, რომ მისი მიზნები 2024 წელს არ შეცვლილა: მას სურს გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და იმის იმედი, რომ უკრაინა ერთ დღეს გახდება აყვავებული დემოკრატია, ინტეგრირებული ევროკავშირსა და შესაძლოა ნატოში”, – ნათქვამია სტატიაში.

გაზეთი Le Figaro სარედაქციო სტატიაში აღნიშნავს, რომ 2023 წელს დასავლეთს უკრაინის აღორძინების იმედი ჰქონდა, თუმცა უკრაინას ამის საშუალება.

“2024 წელს, მაშინ, როდესაც ევროპული არჩევნები ახლოვდება, ხოლო შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვება აღარ არის გამორიცხული სცენარი, დეფეტიზმის ცდუნება ჩნდება”, – აღნიშნულია სტატიაში.

“ამერიკის კონგრესი ყოყმანობს უკრაინის გადარჩენისთვის აუცილებელი დახმარების გამოყოფაზე. ევროპაშიც კი ისმის ხმები, რომელიც კიევს მოლაპარაკებისკენ უბიძგებს. თითქოს დასავლეთმა ვერაფერი ისწავლა კრემლის ბატონის წინაშე წარსულში გამოჩენილი სიბრმავისგან”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციის შიშის გამო, ჯო ბაიდენი უკრაინას გადარჩენის საშუალებას აძლევს, თუმცა მას გამარჯვების საშუალებას არ აძლევს.

“კრემლის ბატონის ფსიქოლოგიაში ეს უძლურების აღიარებაა. ეს სუიციდური სტრატეგია უკრაინის და მასთან ერთად დასავლეთის დამარცხების რისკს შეიცავს, რადგან მსოფლიო წესრიგი თავდაყირა დადგება. ვის შეუძლია შეაჩეროს პუტინი შემდგომში? მისი გამარჯვება იქნება მაგალითი ჩინეთისთვის, ირანისა და დასავლური დემოკრატიის ყველა მტრისთვის”, – ამბობს სარედაქციო სტატია.