Home Blog Page 1585

“საჭიროების შემთხვევაში პაციენტს შეუძლია გადაადგილდეს აქტიურად” – ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

როგორც იქნა, მოხდა ჩვენი აზრების თანხვედრა, – ასე გამოეხმაურა ზურაბ ჩხაიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გამოქვეყნებულ ახალ დასკვნას.

„აქ იგულისხმება ლაბორატორიული ანალიზების მაჩვენებლების პერიოდულად გაუარესება, რომ ეს ძირითადად დაკავშირებულია ისევ და ისევ კვების კომპონენტთან. დღევანდელ დასკვნაში კოლეგები აღნიშნავენ, რომ ეს უკავშირდება პროტეინდეფიციტურ მდგომარეობას, ანუ შიმშილს. რაც შეეხება კონკრეტულ დეფიციტს, დიახ, ესეც ალბათ ცოტა საკამათოა. შეიძლება ეს ნევროლოგის შეფასებაა, მაგრამ დინამიკაში ბევრად უფრო გაუმჯობესებულია.

პაციენტი ნაკლებად აქტიურია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გადაადგილდეს აქტიურად და გადაადგილდება ძირითადად დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე“, – აცხადებს ჩხაიძე.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნარჩუნდება გაუარესებისკენ ნელი დინამიკა. მედიკოსების დასკვნაში კვებით დეფიციტზეც არის საუბარი. ასევე ნათქვამია, რომ „ვივამედში“ მართვასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვთ.

შოვში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი მირიან ჭელიძე სამხედრო პატივით დაიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის მაიორი – 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძე, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, სამხედრო პატივით დაიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე შსს-ს წარმომადგენლებმა გააცილეს.

„მირიან ჭელიძე სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა – შალვა ბედოიძემ, მინისტრის მოადგილეებმა – გიორგი ბუთხუზმა, იოსებ ჭელიძემ , ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გარდაცვლილი პოლიციელის კოლეგებმა და ახლობლებმა.

საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების” დეპუტატის მწერალთა სახლის დირექტორად პორტირება იმაზე მიანიშნებს, რომ ამ სფეროს კონტროლიც ბიძინა ივანიშვილს დაექვემდებარება” – ბოკუჩავა

„ქართული ოცნების” დეპუტატის მწერალთა სახლის დირექტორად პორტირება იმაზე მიანიშნებს, რომ ამ სფეროს კონტროლიც ბიძინა ივანიშვილს დაექვემდებარება, – ასეთია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის თინა ბოკუჩავას შეფასება მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის თაობაზე.

“ივანიშვილი ყველა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი სფეროს სრულ, აბსოლუტურ და უპირობო კონტროლს ცდილობს. ჩვენ ამას მათ შორის კულტურის სფეროში ვხედავთ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

“შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს – ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნამაჰვანჰესის საქმეზე ჯგუფური ძალადობისთვის მსჯავრდებული პირებიდან ერთის ძმას, პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების მიზნით საქმის შესწავლას დაჰპირდა.

ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არც წინასწარი ინფორმაცია და არც არანაირი დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება შეწყალებასთან, პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე.

როგორც არაერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნეთ, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს. ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე.

ნათელია, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან, არამედ პრეზიდენტის დისკრედიტაციასთან. ეს ყოველივე წარმოადგენს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ- ერთ ფორმას.

რაც შეეხება მათ, ვინც ელოდება შეწყალებას, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არც წინასწარი ინფორმაცია და არც არანაირი დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნამაჰვანჰესის საქმეზე ჯგუფური ძალადობისთვის მსჯავრდებულმა ირაკლი ჭელიძის ძმამ დაადასტურა, რომ შეწყალების თემაზე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან. მისი თქმით, პატიმრის ციხიდან დასახსნელად საქმის შესწავლას ოჯახს სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი ანგი ხუციშვილი დაპირდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6315 ლარი გახდა

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9015 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8709 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0306 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“აღარც კი მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში!” – რამაზ დავლაძე

რამაზ დავლაძე, რომელსაც 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, სოციალურ ქსელში შოვის ტრაგედიას ემოციური სტატუსით ეხმიანება.

რამაზ დავლაძე: „გაფრინდნენ ჩემი ანგელოზები”,

„არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და სად გავჩერდე! აღარც კი მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში! ჯერ იყო სახლში მყოფი ჩემი ლამაზი ოჯახის ტრაგედია, ჩემი მეზობლები. შემდეგ ჩვენი გმირი მაშველები, შემდეგი კი ულამაზესი და მშვენიერი შადრევანთან მოთამაშე მარიტა!

ახლა კი დასასვენებლად მყოფი ჩვენი ძმები, დები და შვილები! ნუთუ ამ ყველაფერს დასასრული არ უნდა ჰქონდეს! ღმერთმა მოგვცეს გამძლეობა! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! მაშველებო, თქვენ ხართ გმირები, გვეამაყებით მთელს საქართველოს!“ – წერს რამაზ დავლაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

“მწერალთა სახლში, როგორც იქნა, “დაბრუნდება” საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის სული…” -ლაშა ბუღაძე

„მწერალთა სახლში, როგორც იქნა, “დაბრუნდება” საქ სსრ მწერალთა კავშირის სული… “ქართულმა ოცნებამ” ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  მწერალი ლაშა ბუღაძე  მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს.

“მწერალთა სახლში, როგორც იქნა, “დაბრუნდება” საქ სსრ მწერალთა კავშირის სული… “ქართულმა ოცნებამ” ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს.

ვიდრე “ოცნება” იქნება ხელისუფლებაში – ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება… თ. წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს “ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე” პოსტების მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური “კულტურის მუშაკების” გულის მოგებას…

რომელიმე რუსულ კანონ 2-ს ალბათ უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს “ძველ და საყვარელ” საბჭოთა მამების და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!“ – წერს ლაშა ბუღაძე.

მწერალთა სახლს, 4 სექტემბრიდან, ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.

https://www.facebook.com/sandro.mamaladze.9/posts/pfbid023iTjWxWphydHcDieHG8ZHzxGj8Y8sVg7gD8bzY4FkDrQy4H3n1DDH4DnqPaxULzvl?ref=embed_post

უკრაინამ შავ ზღვაში სამოქალაქო ხომალდებისთვის ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ განაცხადა

უკრაინამ შავ ზღვაში სამოქალაქო ხომალდებისთვის ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალებმა გაავრცელა.

„გამოცხადებულია ახალი დროებითი მარშრუტები სამოქალაქო ხომალდებისთვის, რომლებიც უკრაინის შავი ზღვის პორტებისკენ ან პორტებიდან გადაადგილდებიან. ამასთან ერთად, ყველა მარშრუტზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალი სამხედრო და ნაღმების საფრთხეები შენარჩუნებულია“, – განაცხადეს უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურებმა.

როგორც იუწყებიან, უკრაინის ხელისუფლებამ შავ ზღვაში სამოქალაქო ხომალდების გადაადგილების მარშრუტი „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან“ შეათანხმა, რომელიც აღიარებს უკრაინის უფლებას, თავისუფალი სავაჭრო ნაოსნობა განახორციელოს. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო კონვენციები და არ დაემუქროს სავაჭრო ნაოსნობას შავ ზღვაში. როგორც ვარაუდობენ, სამოქალაქო ხომალდები ახალი მარშრუტების გამოყენებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. უპირველეს ყოვლისა, ამ დერეფნებით ისარგებლებენ ის გემები, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის შავი ზღვის პორტებში იმყოფებიან.

რუს სამხედროებს უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც რუსეთმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება დატოვა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ყველა ხომალდი, რომელიც შავ ზღვაში გადაადგილდება უკრაინული პორტებისკენ, განიხილება, როგორც პოტენციური იარაღის გადამზიდავი, ხოლო იმ ქვეყნებს, რომელთა დროშის ქვეშაც დაცურავენ გემები, მოსკოვი „კონფლიქტში ჩართულ მხარედ განიხილავს“.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევი შავი ზღვის აკვატორიაში მოძრავ ნებისმიერ გემებს, რომლებიც რუსული ან რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული პორტებისკენ გადაადგილდებიან, ასევე ჩათვლიან პოტენციურად შეიარაღების გადამზიდად, რასაც შესაბამისი რისკები მოჰყვება.

„ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

„ფაქტ-მეტრი“ საფუძველს მოკლებულს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ყალბ ციტატებს ე.წ. ფაქტების შემოწმების პროექტები არ გამოეხმაურნენ.

„ფაქტს-მეტრის“ შეფასებით, აღნიშნული განცხადება ფაქტების გადამოწმების ობიექტური საქმიანობის პოლიტიკურად მიკერძოებულად წარმოჩენას ცდილობს.

„ფაქტ-მეტრი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა: „განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად გამოქვეყნებული და გაზიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის – ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის, ყალბი ციტატები, რომლის მიზანი მათ მიმართ მკითხველებში მტრული განწყობის გამოწვევა იყო“. მისივე თქმით, „არცერთ ამ ყალბ ციტატას არ გამოეხმაურა ე.წ. ფაქტების შემოწმების პროექტები, იქნება ეს „ფაქტჩეკი“ თუ „მითების დეტექტორი“ და მხოლოდ მას მერე, რაც ჩვენი მხრიდან მოხდა ამის მხილება, მხოლოდ ამის შემდეგ საკუთარ ვებგვერდზე ამხილეს ეს ყალბი ციტატები“.

აღნიშნული განცხადება საფუძველს მოკლებულია და ფაქტების გადამოწმების ობიექტური საქმიანობის პოლიტიკურად მიკერძოებულად წარმოჩენას ცდილობს.

შალვა პაპუაშვილის მსგავსად, „ფაქტ-მეტრის“ წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ბრალდებებს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ფეისბუქ-გვერდიც ხშირად ავრცელებს ხოლმე, რომელიც ფაქტების გადამოწმების პლატფორმად პოზიციონირებას ცდილობს. როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერების, ასევე აღნიშნული გვერდის მხრიდან ისმის ყალბი ბრალდებები, თითქოს „ფაქტ-მეტრი“ცალკეულ ინფორმაციას მიზანმიმართულად არ ამოწმებს, ან მხოლოდ მას შემდეგ ამოწმებს, რაც საჯაროდ მიგვითითებენ.

ამგვარი შემთხვევები აჩვენებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნული გვერდის მიზანი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არაა. ასე რომ იყოს, მათთვის პრიორიტეტული ჩვენთან თანამშრომლობა და სავარაუდოდ დეზინფორმაციული ბმულების ჩვენთვის გაზიარება იქნებოდა. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესებული მკითხველისთვის განმარტავს, რომ ფაქტებზე დაფუძნებული ობიექტური ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება ჩვენი მთავარი მიზანია და მიმდინარე ტრაგედიის შესახებ „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებული მასალები შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე იხილოთ. ეს მასალები, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ყალბ ამბებსაც ამხელს. ჩვენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“,- აღნიშნულია „ფაქტ-მეტრის“ განცხადებაში.

ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი ჩამოქცეულია, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება საფრთხის შემცველია -ლაშა ფარულავა

ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი ჩამოქცეულია, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამ ყოველივეზე პასუხისმგებელია ინდივიდუალურად ირაკლი ქარსელაძე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ჩინური კომპანიები კორუფციული გზით შეარჩია, სესხად 2.8 მლრდ ლარი აიღო, რომელიც ნანგრევებში გადაყრილი ფულია.

„ამასობაში, ჩინურმა კომპანიამ საკუთარი გულგრილობით, დაუდევრობით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის ინფრასტრუქტურა ჩამოაქცია, ძველი გზა ამორტიზებულია, ავტომობილით, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება არის საფრთხის შემცველი და ცხადია, ამას ჭირდება გამოძიება, რადგან კონკრეტული ადამიანების სახლებიც არის დანგრეული, ვინაიდან ჩინური კომპანია არაკეთილსინდისიერად ახორციელებს სამუშაოებს და ეს არის ინდივიდუალურად ირაკლი ქარსელაძის პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

“ზელენსკი პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება. ამის შესახებ კულებამ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ლიდერი არაა პარტნიორი, რომელთანაც მოლაპარაკებები შეიძლება აწამოო, ვინაიდან მან არაერთი სერიოზული დანაშაული ჩაიდინა. ასე გამოეხმაურა კულება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მუჰამედ ალ-ნახაიანის წინადადებას პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზების თაობაზე.

კულებას განმარტებით, რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ჯარი უკრაინის მთელ ტერიტორიას დატოვებს.

თურქული და ქართული მაჭახელი – ორად გაყოფილი რეგიონი

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის – TRT-ის ვე-გვერდზე, რუბრიკით „კუთხე-კუნჭული“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თურქული და ქართული მაჭახელი – ორად გაყოფილი რეგიონი“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

მაჭახელის რეგიონი საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარზე მდებარე ორად გაყოფილი რეგიონია. მაჭახლის მდინარეც ორივე მხარეს ჩამოედინება. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება მაჭახლის ეტიმოლოგიის შესახებ. ეტიმოლოგიის განმარტება ასეთია, როგორც „მაჯა“ და „ხელი“, თუმცა სიტყვის ფუძედ აღქმულ „ჭა“დაც შეიძლება მისი განმარტება, რაც ქვაბულივით ადგილსაც აღნიშნავს.

მაჭახელი 1877-1878 წლებში ოსმალო-რუსთა ომის შემდეგ ოსმალოთა მმართველობის ქვეშ დარჩა. ომის შემდგომ კი ბერლინის ხელშეკრულების თანახმად ის რუსეთის იპერიის სამეფოს გადაეცა. წყაროებიდან ირკვევა, რომ რუს მმართველობას მაჭახელის მოსახელობისათვის მანამდე არარსებული გადასახადები დაუკისრებია და ასევე მამაკაცების ჯარში სავალდებულო გაწვევა ბრძანებად შემოუღია, რაზეც მოსახლეობას უკმაყოფილება გამოუთქვამს.

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ კი, 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, მაჭახელი მის შემადგენლობაში შევიდა, 1921 წლიდან კი თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვრების დაწესებისას მაჭახელი ორად გაიყო. ექვსი სოფელი ზემო მაჭახელში ანუ თურქეთში, თორმეტი სოფელი კი ქვემო მაჭახელში – საქართველოში დარჩა.

თურქეთის მაჭახელის რეგიონში როგორც ვთქვით ექვსი სოფელი შედის. ზემო მაჭახლის ხეობის 70 % ტყიანი საფარითა და ხეხილითაა დაფარული. სწორედ ამ რეგიონში შესაძლებელია ერთი და ერთნახევარ საუკუნოვანი ვეებერთელა ხეების ნახვა. ამ ტყეებში მრავლადაა რცხილა, წაბლი, ცაცხვი, ნაძვი, ხეხილიდან წყავი, მუშმალა, თხილი, ვაშლი, ხურმა, კომში, ალუბალი (იგივე ქვიშნა), ბალი, თუთა და კაკალი. როგორც ვხედავთ მცენარეულმა საფარმა მაჭახლის ორივე რეგიონში ერთმანეთის მსგავსად განაგრძეს განვითარება. ეს მსგავსება ვრცელდება ცხოველთა და ფრინველთა ნაირსახეობებზეც. აქ გავრცელებულია მწყერი, შაშვი, ბეღურა, ქორი, ყორანი, კაკაჩა, ცხოველებიდან კი გარეული ღორი, დათვი, ტურა, ჯეილანი, გაზელი, კურდღელი, გარეული თხა. განსხვავება არც კლიმატშია. მაღალმთლიანი მაჭახელი ზაფხულში გრილია, ზამთრით კი დიდთოვლიანი და ცივია. ზამთარში ხანდახან თოვლის სიგრძე 3 მეტრსაც კი აღწევს.

თურქეთის მაჭახელი ადგილობრივი თოფების წარმოებითაც იყო ცნობილი. აქ თითოეული ოჯახი თავის სანადირო თუ გარეული ცხოველების თავდასხმისაგან თავის ასარიდებელ თოფს თავადვე აკეთებდა და თოფსაც „მაჭახელს“ უწოდებდა. თოფების კეთების ხელობა საქართველოს მაჭახლიდან თურქეთის მხარესაც გავრცელდა და ოსტატები ორივე მხრიდან თოფებს ამზადებდნენ. ცნობილია, რომ მათ „მუშტრები“ აზიიდან და ევროპიდანაც კი ჰყავდათ.

თურქეთის მაჭახლის რეგიონში როგორც ვიცით ბევრი ქართული ქრისტიანული ტაძარია შემორჩენილი. ამის შესახებ ბევრი კვლევა არსებობს, რომელიც ორივე მხარის ეთნოგრაფებმა და ისტორიკოსებმა ერთად და ცალ-ცალკეც ჩაატარეს. ადგილობრივი მოსახლეობა ყველა ტაძრის მშენებლობას თამარ მეფეს უკავშირებს. მას იქ დღემდე თამარის სახელით მოიხსენიებენ და მისი ძალის სწამთ. თამარს მის დროს აშენებული ხიდების გამოც ემადლიერებიან, რომელიც ამდენი საუკუნის შემდეგაც თავის ფუნქციას არ კარგავს და ვერანაირი სტიქიური კატასტროფა ვერ აზიანებს. თურქეთის მაჭახელის მეჩეთებში ხის ოსტატმა ადგილობრივმა მოსახლეობა ორიგინალურობა გამოიჩინა და ეს მეჩეთები კლასიკური მეჩეთის არქიტექურიდან „გაათავისუფლეს“. მის ასაშენებლად ხის მასალა, ორნამენტებად კი ყურძენი, ფოთოლი, ამფორები გამოიყენეს.

თურქეთის მაჭახელის მოსახლეობის უმეტესობა დღემდე სახლებში, სოფლებში ერთმანეთთან მიმოსვლისას ქართულად ლაპარაკობენ და ისეთ ქართულ ლექსიკას ფლობენ, რომლის დიდი ნაწილი ქართულ მხარეში დავიწყებულია კიდეც. ეს ორი მოსახლეობა მსგავსებას არ ჰკარგავს. ორივე მხარეს გურჯი თავისი „ფეთქებადი“ ხასიათითა და უცხოსთან სიდინჯით გამოირჩევა. სტუმართმოყვარეობა კი ორივეგან ისევ უცვლელია. ზემო მაჭახლელები ქვემო მაჭახლელებს ხშირად სტუმრობენ. „მოქნილი“ და აქტიური საზღვარი მათ ერთმანეთთან მიმოსვლას აადვილებს. ასე რომ ნათესაური კავშირები აღდგენილია და ორ კულტურას შორის მოქცეული ახალი თაობა ერთმანეთთან საერთო ენას ისევ პოულობს.

წყარო