Home Blog Page 1573

პოლონეთში რუსეთის მოქალაქეები ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ, – ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი “ტვიტერზე” წერს.

„შიდა უსაფრთხოების სააგენტომ და პოლიციამ დააკავა ორი რუსი, რომლებიც „ვაგნერის“ ჯგუფის პროპაგანდისტულ მასალებს ​კრაკოვსა და ვარშავაში ავრცელებდნენ“, – წერს მინისტრი.

მისი თქმით, დაკავებულებს ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს.

“სტიქიის დროს გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას” – კახა კალაძე

არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ვიღაც ცდილობს, ამ ყველაფერზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გულდასაწყვეტია, როდესაც ამხელა ტრაგედიის ფონზე მიზანმიმართული სპეკულაციები ისმის.

„ვიცით, რამხელა უბედურება დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად, რაჭას, უამრავი ადამიანია გარდაცვლილი და დღესაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება ღამის ხედვას, არ ვარ დარგის სპეციალისტი, თუმცა, მარტივად რომ მოვიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტით, ნებისმიერს შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მუშაობს ღამის ხედვის სისტემა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველანაირ პირობებში აღნიშნული სისტემის გამოყენება. თუ გაქვს ღამის ხედვის სისტემა, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოს ვერტმფრენმა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამინდი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ღამის ხედვის ტექნოლოგიაზე, ეს არის დრონი, რომელიც ჩვენ შესაბამის სამსახურებს გააჩნია. იცით, რომ ვერტმფრენები შესყიდულია, 2024 წლიდან დაიწყება მათი შემოტანა.

ძალიან ცუდია, როდესაც ვსაუბრობთ ტრაგედიების, სტიქიების პოლიტიკურად გამოყენებასა და სპეკულაციაზე, ეს დამაზიანებელია. პირადად მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით ამ სპეკულაციების დარტყმის ქვეშ. გახსოვთ, კამპანია ჰქონდათ, თითქოს, აღნიშნული ვერტმფრენები, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს შოვში ჩამოვიდა და ჩემი ბავშვები გაიყვანა, ხალხი კი მოატოვა. სიბინძურე წამოვიდა ბოლო დღეების განმავლობაში და არ ვიცი ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა თუ არა. ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ფაქტები ფიქსირდება. სტიქიის, ტრაგედიების დროს, როდესაც ამხელა უბედურება დაატყდა ქვეყანას, მგონია, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ვიღაც ცდილობს, რომ ამ ყველაფერზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს”,-აღნიშნა კალაძემ.

“საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, არის წარმოუდგენელი ტყუილი”-ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც, მისი თქმით, მძიმე სპეკულაციაა.

სტიქია იყო მყისიერი და, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი, უბრალოდ, არ ჰქონდათ. საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, წარმოუდგენელი ტყუილია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ ოფისში, ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო.

„ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რაშია საქმე. არსებობს დრონები, რომლებიც აქვს სამაშველო სამსახურს, ასევე ვერტმფრენები. როდესაც საუბარია ვერტმფრენებზე ღამის ხედვის საშუალებით, აქ საუბარი არ არის მაინცდამაინც პროჟექტორებზე. არის სპეციალური აპარატურა, რომელიც დამონტაჟებულია ვერტმფრენში და იძლევა უბრალოდ ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას, ეს არის და ეს. ზუსტად იმავეს გაკეთება, ბუნებრივია, შეუძლია დრონს. ვერტმფრენი თავისი ღამის ხედვის აპარატურით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საჭიროა იდენტიფიცირება და ამ იდენტიფიცირებული ობიექტის ლოკაციიდან მყისიერად გამოყვანა.

გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული მანამდეც, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო შესაძლებელი და ვერტმფრენების ჩართვას უბრალოდ არ ჰქონდა დამატებითი, რაციონალური საშუალება. ეს არის ის, რაც განმარტა შს მინისტრმა.

მანამდე, შეგახსენებთ, საღამოს 20:00 საათისთვის იყო საშუალება, სრულად დათვალიერებულიყო როგორც ღვარცოფის მასის არეალი, ასევე დამატებით გარშემო სივრცეც, როგორიც არის ტყის მასივი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბრობდა შს მინისტრი, რომ ყველა რესურსი იყო გამოყენებული. ყველაფერი, რისი იდენტიფიცირებაც იყო შესაძლებელი, მოხდა ყველაფრის იდენტიფიცირება, ამიტომ აღარ იყო საჭირო რაიმე დამატებითი რესურსის ჩართვა. რომ ყოფილიყო, მაგალითად, ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა ამის მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება, არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით, უბრალოდ არ არსებობდა.

ასევე იყო სპეკულაციები. არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, არის წარმოუდგენელი ტყუილი“, – განაცხადა კობახიძემ.

“ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი, ამაზე საუბარი არ ყოფილა” – ვახტანგ გომელაური

ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი, ამაზე საუბარი არ ყოფილა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილება თუ არა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

„ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი. არაფერი განიხილება. დაახლოებით ცხრა წელია, რაც თანამდევობაზე ვარ. ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი, ისე იქნება. ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა“,- განაცხადა გომელაურმა.

“ვფიქრობ, შევძლებთ, რომ დავიბრუნოთ ერთმანეთი” – კახა კალაძე აფხაზეთზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება.

ამის შესახებ მან 31 წლის წინ, აფხაზეთის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ძალიან მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც დაიწყო ომი და დავკარგეთ ტერიტორიები; გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი – მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები; მივიღეთ ლტოლვილად ქცეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ერთი რამ მინდა ვთქვა: ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს აღებული, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიბრუნოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ქვეყნის განვითარებით, გონიერებითა და ეკონომიკური წინსვლით უნდა მოხდეს.

„დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ კონსტიტუციაში პირველი, რაც გვიწერია, სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს ყველაფერი კი უნდა გავაკეთოთ არა ომით და შუღლით, არამედ განვითარებით, გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური წინსვლით. ვფიქრობ, შევძლებთ, რომ დავიბრუნოთ ერთმანეთი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“თუ შოვის სტიქიის დროს ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო, მაშინ რატომ ვყიდულობთ სამაშველო ვერტმფრენებს?!” – სერგო ჩიხლაძე

თუ შოვის სტიქიის დროს ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო, მაშინ რატომ ვყიდულობთ საერთოდ სამაშველო ვერტმფრენებს?! – ხელისუფლების მხრიდან კეთდება არა მხოლოდ არაკომპეტენტური, არამედ ადამიანობისგან შორს მდგომი განცხადებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

ამ კონტექსტში ჩიხლაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა, საგამოძიებო კომისიას გამჭვირვალობის მეტი ატრიბუტი აქვს, გააჩნია მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პოზიციის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით პარლამენტში საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება.

“არა თუ კითხვებზე პასუხების გაცემა, ლეგიტიმური კითხვების დასმაც კი აღიზიანებთ, რადგან მხოლოდ კითხვებიც კი აშიშვლებს მათ ბრალეულობას, რომ სათანადოდ მომზადებული არ იყვნენ, ადამიანებს დროული, ეფექტური დახმარება არ აღმოუჩინეს. გამოჩნდა, რომ სისტემის ყველა რგოლი ჩამოშლილია და ერთმანეთთან კოორდინაციაში არ იმყოფება.

ნებისმიერი გაიდლაინის მიხედვით, კრიტიკულია პირველი 5-8 საათი. როდესაც ღამის ხედვის საშუალებას პირველ ღამეს არ იყენებ, მეორე და მესამე ღამეს მის გამოყენებას რა ლოგიკა აქვს?! – თუ პირველ ღამეს მისი გამოყენების საჭიროება არ არის, მომდევნო ღამეს ადამიანების აღმოჩენის მეტი შანსია?! ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ გვქონდა ვერტმფრენები და არ გამოვიყენეთ, ვიღაც ამბობს, რომ მათ ჩამოყვანას ერთი წელი სჭირდება, ზოგი ამბობს, რომ საერთოდ არ გვყავს და საჭირო არც ყოფილა – ეს არის არა მხოლოდ არაკომპეტენტური, არამედ ადამიანობისგან შორს მდგომი განცხადებები”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

“სტიქიის ზონაში ყველაფერს ვაკეთებთ, რაც არის ადამიანისა და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში, მუშაობა არ წყდება”

ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, მინისტრი ატარებდა, სადაც მივიღეთ მინისტრისგან დავალებები, რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტები, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილ რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები.

„დღეს ნანახია „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით იმყოფებოდა სამი ადამიანი. ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. ასევე, მინდა, დავამატო, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დარჩენილია დაახლოებით 25%-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ანალიზის საფუძველზე და მოგვიანებით მოგახსენებთ. არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება, იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს, თუნდაც მცირე თეორიული შანსი. აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ადამიანისა და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

“ვერავინ შეცვლის ამ სახლის ფუნქციას და ვერც ვერავინ იგრძნობს შინაურულად თავს!”- ლევან თაქთაქიშვილი

“ვინც შუბლის ძარღვზე დაღონდება, ხომ კარგი, მარა ვინც საქმის აღძვრას მოითხოვს ქურდობაზე? მათი სახელი ლეგიონია! ო, რა საშინელებაა ეს კასტა!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი წერს.

“ბიჭო, თავად-აზნაურობას ჩამოართვეს საუკუნეების განმავლობაში განპირობებული მამულები, ყველაფერი სახელმწიფოსიაო! შეეგუენ კეთილშობილები, ვინც არა და … სარაჯიშვილის სახლიც ხოშტარიას წაართვეს, დიახ, ჩამოართვეს! მერე იყო და პავლე იაშვილი და ტიციან ტაბიძე მივიდნენ ორჯონიკიძესთან – სარაჯიშვილის ყოფილი სახლი, ხოშტარიას რომ წაართვით, მწერალთა კავშირს მიეცითო. მისცა სერგომ ეს სახლი არა შეხვედრებისათვის, არამედ სათაგურად!

დაამწყვდიეს ყველა მწერალი, დაუნიშნეს უფროსად უღმერთო სილიბისტრო თოდრია და მიხვდა ბატონი პავლე, მიხვდა, მარა გვიან იყო! ხო, და მოიკლა თავი! პრაქტიკაა ასეთი თურმე: კაცი თავს იკლავს იმ ადგილას, რაც ყველაზე მეტად მოსწონს!

არასოდეს არ გამხდარა ეს შენობა არავისი! ასეა სულ!

ასე იქნება მარად!

ვერავინ შეცვლის ამ სახლის ფუნქციას და ვერც ვერავინ იგრძნობს შინაურულად თავს! ან როგორ უნდა იგრძნოს, მანდ რაც ცოდვები დატრიალებულა, იხილეთ ჟურნალი მნათობი 1932-1937 წლები, ბოლოს მწერალთა სახლში ჩატარებული ხსდომების სტენოგრაფიული ანგარიშებით!

ასეა ეს!

ქალბატონ ქეთი დუმბაძეს ვულოცავ ამ სახლის ხელმძღვანელობას! იქნებ მან მოახერხოს და ერთად მოუყაროს თავი ამ განხეთქილებაში მყოფ მწერლობას! მხოლოდ ის თუ შეძლებს ასეთი ჩატეხილი ხიდის აღდგენას! რთული მისიაა! შესაძლებელი კი არის ეს?“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი.

საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.

https://www.facebook.com/levan.taktakishvili/posts/pfbid02sq7KVuTNXuHXqMrzY3BLPbF2Vpo9vZmK3M5aYM5ojoe1J9b4GNWEWPzTyLV7gKESl

“ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, დაჭრილი, ან ჩაფლული, ვერტმფრენს რომ არ შესძლებოდა, ბიჭები შევიდოდნენ და ამოიყვანდნენ” – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება, ჟურნალისტებთან მისი გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა ვერტმფრენებთან დაკავშირებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი იმაზე, რომ სტიქიის ზონაში ვინმეს გადარჩენის შანსი იყო და მას არ უშველეს, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან გარდა ვერტმფრენებისა, ადგილზე მაღალტექნოლოგიური დრონებითაც მუშაობდნენ, დღის შუქზევე დაათვალიერეს სტიქიის ზონა და ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან მიწის მასაში მოყოლილი, მაშველები აუცილებლად გამოიყვანდნენ.

„მინდა ჩემი გუშინდელი განცხადება განვმარტო ვერტმფრენებზე, რომელზეც აჟიოტაჟი ატყდა. მგონი გასაგებად ავხსენი გუშინ, რომ ვერტმფრენები, რაც ჩვენ გვყავს, მას აქვს ღამის ხედვის საშუალება. შეუძლია ვთქვათ თბილისის აეროპორტიდან აფრინდეს და ჩაფრინდეს ქუთაისში, ან სხვა აეროპორტში, საიდანაც სიგნალი მისდის ვერტმფრენს, მაღალ სიმაღლეზე. შეუძლია ასევე ღამის ხედვის საშუალებით იფრინოს ვაკე ადგილას. სადაც არის მთები და რაც მოხდა აქ [შოვში], ვერტმფრენი ჩამოვიდა დაახლოებით ექვსი საათისთვის, 5 წუთზე არ გამომეკიდოს არავინ. გუშინ რომ გამოხტნენ და ატეხეს ამბავი. მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათ, ვინც გუშინ განცხადებები აკეთეს რაღაც უაზრო. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე და ხალხის გამოყვანა დაიწყო, იმ ხალხის, რომელიც კუნძულზე მოხვდა, დაახლოებით 70 ადამიანამდე. ეს ხალხი გამოიყვანეს და ამასთან ერთად მუშაობდა რამდენიმე დრონი თავისი სითბურებით, რომელიც ვერტმფრენზე ბევრად უკეთ ხედავს. მუშაობდა 5-6 მაღალტექნოლოგიური დრონი დაბალ და მაღალ სიმაღლეებზე. კითხვას ვსვამ, ვერტმფრენიდან უფრო დაინახავდა პირობითად ღამე, თუ ღამის ხედვით და სითბური დრონებით?! ის, რომ ადამიანი იყო ჩარჩენილი, დღის შუქზევე დათვალიერდა ტერიტორია, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, ვგულისხმობ, რომ ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ. ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, ან დაჭრილი, ან ჩაფლული, ვერტმფრენს რომ არ შესძლებოდა, ბიჭები შევიდოდნენ და აუცილებლად ამოიყვანდნენ. მადლობა მაშველებს კიდევ ერთხელ რაც გააკეტეს“, – განაცხადა გომელაურმა.

“სტიქიის ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26 პროცენტი, რაც შესამოწმებელია, დაიგეგმა კიდევ ახალი მიმართულებები” – ვახტანგ გომელაური

სტიქიის ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26%, რაც შესამოწმებელია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.

„თათბირი ჩატარდა, კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა დაახლოებით 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიხლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო. როგორც ვიცით, პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს.

დაიგეგმა ასევე, ეს რომ დამთავრდება, შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, სამუშაოები მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება. ამაზე მერე დეტალურად გაკეთდება განცხადება“,– განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები დღეს 7:05 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან იყო და მისმა სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

“გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს” – ირაკლი კობახიძე

ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი, რომელმაც ეს დაამტკიცა სხვადასხვა ტიპის ვითარებაში, სხვადასხვა დროს, არაერთგზის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ მოსალოდნელია თუ არა შს მინისტრის გადადგომა.

ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზება სწორედ გომელაურის დამსახურებაა.

„ამ შემთხვევაშიც, იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო სრულად მობილიზებული, მათ შორის სამაშველო სამსახური იყო სრულად მობილიზებული, რაც პირველ რიგში, უშუალო ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დამსახურება არის. აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებზე საუბარი არის სრულიად უადგილო“, – განაცხადა კობახიძემ.