Home Blog Page 1572

“პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღემდე ვერ ახერხებს, პარლამენტს ცესკო-ს წევრობის კანდიდატები წარუდგინოს”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა ცვლილებების შეტანა „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში.

მისივე თქმით, დღევანდელი საკანონმდებლო რეგულირება აბსურდულია.

„უპრეცენდენტო და აბსურდულია საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც დღეს არსებობს და მაღალი რანგის თანამდებობის პირების 6 თვის ვადით არჩევას ითვალისწინებს. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას მსგავსი ჩანაწერი არ აქვს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერი ვერ ფუნქციონირებს. დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს, სრულად დააკომპლექტოს ცესკო-ს წევრობის კანდიდატები და წარუდგინოს პარლამენტს. რამდენჯერმე გამოაცხადეს კონკურსი. ამ კონკურსში არ შეიტანეს საბუთები და კონკურსი ჩაიშალა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგება პრაქტიკაში ვერ მუშაობს. ეს არის უპრეცედენტო რეგულირება, რომელიც თავის დროზე კომპრომისის სახით და იმ დათქმით მივიღეთ, რომ პრაქტიკაში დავაკვირვებოდით, იმუშავებდა თუ – არა. დავთმეთ და ვთქვით, რომ შეიძლება, ასეთი ჩანაწერი არსებობდეს. პრაქტიკაში ამ რეგულაციამ ვერავითარი სწორი ფუნქციონირება ვერ უზრუნველყო და ხარვეზების მეტი არაფერი გამოავლინა. საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ საჭიროა გამართული საკანონმდებლო ჩანაწერის არსებობა. ჩვენი ამოცანაა, საკითხი მოწესრიგდეს და პრაქტიკაში ასეთი ხარვეზები აღარ წარმოიქმნას. ჩვენი მიზანია, არსებობდეს სამართლებრივი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კანდიდატების არჩევას და ეს პროცესი არ იქნება გაჯერებული პოლიტიკური მოტივაციით. მაგალითად, ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიმართებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ წარადგენდა კანდიდატს. კვალიფიციურიც არის, კეთილსინდისიერიც, კარგადაც ჩაატარა არჩევნები, საუკეთესოდ უზრუნველყო არჩევნების ადმინისტრირება, თუმცა არ წარვადგენო. ეს ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ კანდიდატი უნდა შეარჩიო არა პოლიტიკური მოტივაციით, არამედ კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გათვალისწინებით. პრეზიდენტი პროცესში ჩართული იქნება მისი წარმომადგენლის მეშვეობით. ყველა კონსტიტუციური ნორმა დაცულია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

” არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და გადაიფიქრა, რადგან უცხო ქვეყნის სახელმწიფომ ასე ურჩია, ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვით შეკითხვა”- წულუკიანი

არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და არ ჩამოვიდა, გადაიფიქრა, გადაწყვეტილება შეცვალა იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფომ მას ასე ურჩია, გთხოვთ, რომ ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვათ შეკითხვა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კერძოდ, მინისტრს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განაცხადებაზე, რომ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა გააფრთხილეს, რომ საზღვრის კვეთისას პრობლემები შეიძლებოდა შექმნილიყო.

„ეს შეკითხვა მე ან ჩემს რომელიმე თანამოქალაქეს არ ეკუთვნის. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი სამძიმარზე და პატივი მიმეგო, ამ (ბუბა კიკაბიძის) დიდი ადამიანისა და კულტურის მოღვაწის ღვაწლის წინაშე მომეხადა ის ვალი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ვალია. სულ ეს შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება დავით არახამიას იმ განცხადებას, რომ „ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ჟურნალისტია და თუ მას გაათავისუფლებენ, პირველი იქნება, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს“, – თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს უპასუხა: „არ ვიცი, რაზე მესაუბრებით, ნიკა გვარამია იხდის კანონიერ სასჯელს და არც შეწყალების უფლებამოსილება ჩემთვის არავის მოუცია“.

“მგონი, არახამიას ქართველ ხალხზე არასწორი წარმოდგენები აქვს”- ნიკოლოზ სამხარაძე

ევროპულ მომავალს ქართველი ხალხი იმსახურებს და ეს არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გამოო – პირველად ეს სიტყვები პუტინმა გამოიყენა, რომელმაც ხალხი და მთავრობა გაყო და ამ შემთხვევაში არახამია პუტინის ნარატივს იმეორებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ხალხი და მთავრობა ყოველთვის ერთიანია.

„მთავრობას ირჩევს ხალხი და ბოლო ცხრა არჩევნებში ხალხმა ის ხელისუფლება აირჩია, რომელიც დღეს საქართველოს მართავს. მგონი, არახამიას ქართველ ხალხზე არასწორი წარმოდგენები აქვს. მისი მხრიდან არჩევნებზე საუბარი დარღვევაა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან. მაშინ, როცა უკრაინა ჩართულია ძალიან მძიმე ომში და რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს, შევეცდებით, თავი შევიკავოთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკისგან. რაც შეეხება ელჩს, არახამია არ არის პიროვნება, ვინც წყვეტს საქართველოში ელჩის გამოგზავნა-არგამოგზავნის საკითხს. ამას ამბობს, რადგან მას სურს, თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირად“, – განაცხადა სამხარაძემ.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში“.

“თურქეთს განზრახული აქვს რუსეთთან მტკიცე კავშირების შეინარჩუნოს – ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში” – Reuters

ბრიტანული გამოცემა „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთს განზრახული აქვს რუსეთთან მტკიცე კავშირების შეინარჩუნოს – ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში“ (ავტორები – ეჯე თოქსაბაი და ჰუსეინ ჰაისევერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ თვეში დაგეგმილ თურქეთის არჩევნებში, ნატოს წევრი ანკარა, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობას რუსეთთან.

ამის მიზეზი მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რამაც აიძულა პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, გამოესწორებინა დაძაბული ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ისრაელი, რომლებსაც ის მანამდე მკაცრად აკრიტიკებდა, ამბობენ ანალიტიკოსები.

ანკარა ასევე ცდილობს ეგვიპტესთან დაახლოებას და სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, სირიის ომის დაწყებიდან 12 წლის თავზე. „პოლიტიკის შეცვლა აუცილებლობის გამო მოხდა და არა მიზანმიმართულად“, ამბობს ფატიჰ ჯეილანი, ანკარის პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი.

რუსეთი მეზობელია, რომელთანაც თანამშრომლობა, რეგიონულ კონტექსტში, თურქეთს უწევს. თურქეთი დიპლომატიური შუამდგომლის როლს თამაშობს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ანკარა ეწინააღმდეგება დასავლეთის სანქციებს რუსეთზე და მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან და კიევთან. თუმცა აქვე, ანკარამ გააკრიტიკა რუსეთის ომი უკრაინაში და კიევს „ბაირახტარის“ დრონები გაუგზავნა.

„თურქეთი რუსეთს განზე ვერ დააყენებს, ის ძლიერი მეზობელია და ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური და კომერციული კავშირები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან“, – დასძინა ჯეილანმა.

გასულ თვეში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ერდოღანმა ვირტუალურად მიიღეს მონაწილეობა თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კომპანია “როსატომის” მიერ აშენდა. პუტინმა მას ფლაგმანი პროექტი უწოდა, რომელიც დაეხმარება „ორ სახელმწიფოს შორის მრავალმხრივი პარტნიორობის განმტკიცებას“.

თურქეთში 14 მაისს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. ინფლაციის შედეგად გამოწვეული ფასების ზრდამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ერდოღანის მხარდაჭერა ბოლო წლებში შეარყია და გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის ჩამორჩება თავის მთავარ ოპონენტ ქემალ ქილიჩდაროღლუს.

„ნებისმიერმა გაფართოებულმა საგარეო პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა კიდევ უფრო დააზარალოს თურქეთის ეკონომიკა“, – ამბობს ბირგულ დემირთაში, სტამბოლის თურქულ-გერმანული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.

მოსკოვს აშფოთებს ის, რომ მთავრობის ცვლილებამ შეიძლება განაპირობოს თურქეთის უფრო პროდასავლური პოზიცია, თქვა აჰმედ კამილ ეროზანმა, IYI პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც ექვსპარტიული ოპოზიციური ალიანსის წევრია.

„ჩვენ გვჭირდება შეთანხმება როგორც რუსეთთან, ასევე შეერთებულ შტატებთან პირველივე დღეს, რადგან ერდოღანის საგარეო პოლიტიკა პირად ურთიერთობებზე იყო დაფუძნებული“, – თქვა ეროზანმა, რომელიც განიხილება როგორც საგარეო საქმეთა მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

თურქეთი შეეცდება შეამციროს თავისი ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე 50%-დან 30%-მდე, ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასძინა ეროზანმა, რომელიც ნატოში თურქეთის ყოფილი ელჩია.

თურქეთი აგრძელებს რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას, უკრაინის ომის მიუხედავად. გასულ წელს, ანკარის და გაეროს შუამავლობით მიიღწა შეთანხმება, რომლითაც შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განახლდა. თურქეთის დაბალანსებული მიდგომა რუსეთის მიმართ არ შეიცვლება, თუ ქილიჩდაროღლუ შეცვლის ერდოღანს, თქვა ჯეილანმა.

თურქეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მათ შორის ტურიზმის, გაზის მიწოდების, მარცვლეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის სფეროში.

თავად კილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ “თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები ჯანსაღად და სანდოდ გაგრძელდება“ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.

ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელიც აპირებს შეცვალოს ერდოღანის პოლიტიკის დიდი ნაწილი, ასევე განაცხადა, რომ პრიორიტეტს მიანიჭებს დიპლომატიას და უარს იტყვის კონფრონტაციულ სტილზე, რომელიც თურქეთის საგარეო პოლიტიკას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახასიათებს.

ეროზანის თქმით, ოპოზიციური ალიანსი ევროკავშირში სრულ გაწევრიანებას მყარ მიზნად ისახავს და ევროკავშირის ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები შეესაბამება ოპოზიციის ხედვას.

ოპოზიცია აპირებს დაუბრუნდეს თურქეთის საგარეო პოლიტიკის ტრადიციულ პარამეტრებს, რომლებიც დასავლეთზე ორიენტირებას გულისხმობს, ამბობს დემირთაში. „თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ აქვთ აქცენტი თანასწორობაზე თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა საერთაშორისო აქტორთან, მათ შორის ევროკავშირთან, აშშ-სთან და რუსეთთან“, – დასძინა მან.

წყარო

“ევროკავშირი აქტიურდება, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობებს სანქციებისაგან თავის არიდებაში” – ფაინენშელ თაიმსი

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროკავშირი აქტიურდება, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობებს სანქციებისაგან თავის არიდებაში“ (ავტორი – ლაურა დიუბუა) განხილულია საკითხი ჩინური კომპანიებისათვის (პირველად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ) სავარაუდო სანქციების შემოღების თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: ევროკომისიამ პირველად შეიტანა სანქციების სიაში ჩინეთის შვიდი კომპანია, რომლებიც რუსეთს მოწყობილობებსა და დანადგარებს აწვდიან – ისეთების, რომლებიც შეიძლება სამხედრო სფეროში იქნეს გამოყენებული. კომპანიების ჩამონათვალს, რომელიც ჯერ-ჯერობით არ მჟღავნდება, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს დღეებში განიხილავენ. სხვათა შორის, ევროკომისიის მიერ „სადამსჯელო“ სიაში შეტანილი ჩინური ფირმებიდან რამდენიმე უკვე აშშ-ის მიერ არის უკვე „დასჯილი“, მაგრამ ევროკავშირი ერიდებოდა პეკინთან კონფრონტაციას და ამიტომ თავს იმართლებდა განცხადებით – მოსკოვისათვის ჩინეთის მხრიდან იარაღის მიწოდების ფაქტები გამოვლენილი არ არის და ამიტომ სანქციების დაწესება მცდარი იქნებოდა..

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნებს ჰაერივით სჭირდებათ ელექტრონული კომპონენტები („ჩიპები“, ანუ ინტეგრალური სქემები) რაკეტული და სხვა სახის იარაღის საწარმოებლად, ამიტომ უკრაინისათვის კარგი მხარდაჭერა იქნება, თუ სანქცირების სიაში მესამე ქვეყნების კომპანიებიც იქნებიან შეტანილნი, რომლებიც თავს არიდებენ სავაჭრო შეზღუდვებს და აკრძალულ კომპონენტებით რუსულ საწარმოებს ამარაგებენ. გარდა ამისა, სანქციები შეიძლება სატრანზიტო ქვეყნებსაც შეეხოს. თუმცა არსებობს განსხვავებული აზრიც – კრიტიკოსების თქმით, შეიძლება ის ქვეყნები ევროკავშირს განუდგნენ, რომელთა მეშვეობითაც, ტრანზიტით, ასეთი პროდუქცია რუსეთში შედის. „არ არის გამორიცხული, რომ ისინი რუსეთისაკენ ან ჩინეთისაკენ უფრო მეტად გადაიხარონ“, – ამბობს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ევროკავშირის ყველა წევრმა – 27 სახელმწიფომ – უნდა მოიწონოს და დაეთანხმოს. იმ შემთხვევაში, თუ კონსენსუსი მიღწეული იქნება, ევროკავშირის მიერ მესამე ქვეყნების „დასჯა“ უკვე ტრადიციული გახდება. განსაკუთრებით ჩინეთისა, საიდანაც რუსეთში ბევრი აკრძალული პროდუქცია შედის. იყო წინადადება, რომ სანქციების სიაში შეტანილიყო აკრძალვები რუსეთის ატომური სექტორის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო ეტაპზე აღარ გადაწყვიტეს. რასაკვირველია, მოსალოდნელია ცხარე დისკუსიები. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მსგავსი წინადადებები დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და აწონილ-დაწონილი“, – ამბობს ევროკავშირის დიპლომატიური მაღალჩინოსანი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

წყარო

“ასეთი მორალი აქვს რადიკალურ ოპოზიციას: ითხოვს უკრაინის დროშის ჩამომხსნელის დაპატიმრებას”

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, უკრაინის დროშის ჩამომხსნელი პირის და პოლიციელებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ლაზარე გრიგორიადისის მიმართ, ოპოზიციის წარმომადგენლების განსხვავებულ დამოკიდებულებას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მორალი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დროშის ჩამომხსნელის დასჯის პარალელურად, მოითხოვოს პოლიციისთვის ცეცხლის წაკიდებაში ბრალდებული პირის გათავისუფლება.

„აი ასეთი მორალი აქვს რადიკალურ ოპოზიციას: 1 – უკრაინის დროშის ჩამომხსნელის დაპატიმრებას ითხოვს 2 – ასევე დაჟინებით ითხოვს ციხიდან გათავისუფლდეს პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით პოლიციას ცეცხლი წაუკიდა,“ – წერს ედიშერ გვენეტაძე ფეისბუკზე.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings” თიბისი ბანკის საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings” თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი BB –”-დან BB” დონემდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი bb-‘დან bb”- მდე გაზარდა. ამასთან, პროგნოზი კვლავ „სტაბილურ” ნიშნულზე  შენარჩუნდა.

Fitch Ratings-ის განცხადებით, თიბისის საკრედიტო რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებით და ბიზნეს პროფილითრაც დასტურდება თიბისის მაღალი მომგებიანობითა და ძლიერი კაპიტალის პოზიციით.

“ჩვენ ძალიან გვახარებს თიბისის საკრედიტო რეიტინგის გაზრდასთან დაკავშირებით „Fitch Ratingის გადაწყვეტილება. ეს სარეიტინგო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის ფუნდამენტურ ფინანსურ სიძლიერესა და რისკის მყარ პროფილს, რაც გამოხატულია აქტივების ჯანსაღი ხარისხით და მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლებით” – განაცხადა თიბისი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმავახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

“კიევი შიშობს, რომ შეიძლება დასავლეთს უკრაინის არმიის შეტევის „იმედები გაუცრუვდეს” -Deutsche WellE

გერმანული რადიოსადგური „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle – „გერმანული ტალღა“) აქვეყნებს ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებული სტატიის მიმოხილვას სათაურით „კიევი შიშობს, რომ შეიძლება დასავლეთს უკრაინის არმიის შეტევის „იმედები გაუცრუვდეს“.

უკრაინას წარმატებული კონტრშეტევა ჭირდება, რომ დასავლეთს აჩვენოს – კიევი ღირსია იმისა, რომ დახმარება გაუგრძელდეს და თავი აარიდოს მოსკოვთან იძულებით მოლაპარაკებას“, – ნათქვამია ამერიკული გაზეთის პუბლიკაციაში.

უკრაინის არმიის სავარაუდო დარტყმების მიმართულებებია განხილული, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ დასავლეთის მხრიდან კონტრშეტევის მოლოდინს თან გადაჭარბებული აჟიოტაჟი ახლავს.

„ჩვენი კონტრშეტევის მიმართ მსოფლიოში მოლოდინები ძალიან გადაჭარბებულია… ადამიანთა უმრავლესობა ჩვენგან რაღაც გრანდიოზულს ელოდება“, – ამბობს თავდაცვის უწყების მეთაური ალექსი რეზნიკოვი ინტერვიუში, რომელიც მას აშშ-ის გაზეთის კორესპონდენტებმა ჩამოართვეს, „ასეთი აჟიოტაჟური მოლოდინების ფონზე ოპერაციის შედეგებმა შეიძლება ზოგიერთები ემოციურ იმედგაცრუებამდე შეიძლება მიიყვანოს“.

დაგეგმილი კონტრშეტევა, რომელიც დასავლეთის მიერ უკრაინისათვის გადაცემული იარაღის წყალობით უნდა განხორციელდეს, შეიძლება ომის ყველაზე მნიშვნელოვნად ეტაპად იქცეს იმდენად, რამდენადაც კიევი ომის ფინალურ სტადიაზე გადავა – შეეცდება უკან დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და, შესაბამისად, უკრაინა ღირსია მხარდაჭერა ჰქონდეს.

შემტევი სამხედრო ოპერაციები, როგორც წესი, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უპირატესობას გულისხმობს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსებს კარგად გამაგრებული პოზიციები აქვთ თითქმის 1400-კილომეტრიან ფრონტზე, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად წინ წაიწევს უკრაინის არმია.

შტურმის წინ ძალების კონცენტრირების, უკრაინელი მაღალჩინოსნები რთული საკითხის წინაშე დგანან: კონტრშეტევის როგორ შედეგი იქნება საკმარისი, რომ უკრაინის არმიამ დასავლეთზე შთაბეჭდილება მოახდინოს, განსაკუთრებით ვაშინგტონზე?

ზოგიერთები შიშობენ, რომ თუ უკრაინელთა შეტევა წარუმატებელი იქნება, კიევმა შეიძლება დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგოს, ანდა მოიმატებს ზეწოლა, რომ უკრაინა რუსეთთან რაღაც საერთო ენა გამონახოს და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში მოლაპარაკება კიევის სასარგებლოდ არ იქნება და მოსკოვი, ალბათ, უკრაინისაგან ტერიტორიების იურიდიულ გადაცემას მოითხოვს, რაც, თავის მხრივ, კიევისათვის მიუღებელია.

„ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტ გამარჯვებას მივაღწევთ ბრძოლის ველზე, მით უფრო მეტ ადამიანს ექნება ჩვენდამი ნდობა – ეს კი მეტ დახმარებას ნიშნავს“, – თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში ორშაბათს, პირველ მაისს, თავის საკმაოდ კარგად გამაგრებულ შენობაში შეხვედრის დროს.

კიევი ცდილობს სწრაფი გარღვევა განახორციელოს იმ დროს, როცა აღმოსავლეთის ფრონტზე გაჭიანურებული ბრძოლები მიდის და ვერცერთი მხარე ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვან ტერიტორიულ წარმატებას ვერ აღწევს. როგორც ექსპერტების ამბობენ, უკრაინის არმიისათვის ძალიან ძნელი იქნება (ან შეუძლებელიც კი) რუსებს იმ პოზიციებამდე დაახევინონ, რომლებიც მათ 2023 წლის 24 თებერვლამდე ჰქონდათ დაკავებული – მხოლოდ ყირიმი და დონეცკ- ლუგანსკის ოლქების ნაწილი.

უკრაინას თავდაცვისა და კონტრშეტევის კარგი გამოცდილება აქვს – გასული წლის გაზაფხულზე მთავრობამ მოახერხა კიევის შენარჩუნება, ხოლო შემოდგომაზე რუსეთისათვის მოულოდნელი ოპერაციის შედეგად უკრაინამ სამხრეთში ხერსონი დაიბრუნა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთში – ხარკოვის ოლქში – რიგი მნიშვნელოვანი ქალაქები.

„დღესაც დასავლელი პარტნიორები ჩვენგან მსგავს წარმატებას ელოდებიან“, – ამბობს ალექსი რეზნიკოვი, – მათ გვითხრეს, რომ ამჟამად სურთ დაინახონ წარმატების კიდევ ერთი მაგალითი. მათ გვითხრეს, რომ ჩვენი წარმატების შესაძლებლობა უკრაინელ ხალხს უნდა ვაჩვენოთ… მაგრამ მე არ შემიძლია იმის თქმა, როგორი იქნება წარმატების მასშტაბები – 10 კილომეტრი, 30 კილომეტრი, 100 ან 200 კილომეტრი“.

თუ უკრაინა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება იმის საწინდარი, რომ დასავლეთი კიევის გამარჯვების უნარში დარწმუნდება და მას იარაღს და საბრძოლო მასალებს უხვად მიაწვდის. გარდა ამისა, არსებობს წარმატების მორალური მხარეც – გაძლიერდება უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის სულისკვეთება.

წყარო

“ვითხოვ პასუხს, ვინ და რატომ მომიკლა შვილი” – ნიკო კვარაცხელიას დედა

ორი სულგაყიდული ახალგაზრდის დაპატიმრება არ არის პასუხი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე, ვითხოვ პასუხს – ვინ და რატომ მომიკლა შვილი… მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში! – ამის შესახებ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს და საგამოძიებო უწყებებს მიმართავს.

როგორც ომაძე აღნიშნავს, გამოძიებას მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი დრო ჰქონდა, შესაბამისად, ის ახლა შედეგს ელოდება.

„მეგობრებო, უბრალოდ სრულიად უცხო ადამიანებო, ჩემი ტრაგედიის გამზიარებლებო, დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით( ჩემს ემოციებზე რა მოგიყვეთ). ამას რომ შემიცოდოთ, იმისთვის არ ვწერ, მოგმართავთ იმისთვის რომ ერთად შევიცოდოთ ჩვენი შვილები. ევროპის ნაწილი კი არა მალე რუკაზე არ დავრჩებით, როგორც ქვეყანა. ყველამ იცის რომ მე არანაირი პოლიტიკური მხარე არ ვარ, საკმარისად დაზარალდა ჩემი ოჯახი ყველა დროში, მაგრამ ახლა შვილის ფაშისტურ დახვრეტაზეა საუბარი, რომელიც აგერ უკვე წელიწადი და რვა თვეა, არ გამოუძიებიათ, ორი სულგაყიდული ახალგაზრდის დაპატიმრება არ არის პასუხი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე, ჩემი შვილი არის პირველი ქართული სოციალური მედია პლატფორმის – „ფიდსის“ შემქმნელი, ახალგაზრდა ბიზნესმენი, ვითხოვ პასუხს – ვინ და რატომ მომიკლა შვილი…

საკმარისი დრო გავიდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დასაკითხად, დააყენეთ შედეგი! მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში!

მზად ვარ თითოეული ახალგაზრდის სახლის კართან მივიდე გასისხლული საათით და არგუმენტირებულად ავუხსნა, რომ იგივე ბედი ელით, სანამ თითოეული მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული!

გუშინ ერთ-ერთი „ფეისბუქ” მომხმარებელი წერდა და მახსენებდა ბრიუსელში მომხდარი ახალგაზრდის მკვლელობას. დიახ, მაშინ მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე მის დასაცავად, სანამ იგივე განმეორებულა ჩვენს ქვეყანაში, ველოდები რეაგირებას და თუ თქვენ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ ვისაც შეუძლია მას ვანდოთ ეს საქმე!

მესმის, რომ სისტემამ სინდისის და კუჭის ძარღვი ძალიან „მიაჭეჭყა” ერთმანეთს, მესმის, შიში სამსახურის დაკარგვისა, მაგრამ ადამიანი სინდისია მერწმუნეთ და თქვით ადამიანებო სიმართლე, ვინც მკვლელი კაველაძის დაკითხვას შეესწარით! გამოაჩინეთ მისი დაკითხვის ოქმი!“ – წერს ომაძე.

ცნობისთვის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულებს, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. თუმცა, გამოძიება მკვლელობის შესაძლო დამკვეთების მიმართულებით ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ირანში, ყურანის დაწვისა და მუჰამადის შეურაცხყოფისთვის ორი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ ყურანის დაწვისა და მუჰამადის შეურაცხყოფისთვის, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იუწყება ქვეყნის სასამართლო.

ირანის სასამართლო სისტემას დაქვემდებარებული საინფორმაციო სააგენტო Mizan-ი წერს, რომ იუსეფ მეჰრადსა და სადროლა ფაზელი-ზარეს სოციალურ ქსელებში ათობით ანგარიში ჰქონდათ, რომლებიც „ათეიზმსა და სიწმინდეების შეურაცხყოფისას“ ემსახურებოდა.

ნორვეგიაში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ირანის ადამიანის უფლებები“ იუსეფ მეჰრადსა და სადროლა ფაზელი-ზარეს სიკვდილით დასჯა დაგმო და შუა საუკუნეების რეჟიმის სასტიკ ქმედებად შეაფასა.

“იუსეფისა და სადროლას სიკვდილით დასჯა მუჰამედის შეურაცხყოფისთვის არა მხოლოდ შუა საუკუნეების რეჟიმის სასტიკი ქმედებაა, არამედ გამოხატვის თავისუფლების სერიოზული შეურაცხყოფაა”, – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოგადამმა.

„ირანის ადამიანის უფლებების“ მონაცემებით, ირანში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სიკვდილით 200-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს.

ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმა 20-დან 150 ლარამდე იზრდება

ძაღლის ღია სივრცეში – ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს.

კანონპროექტის მიხედვით, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა, გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

პროექტით, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა).

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.

“ცრუ პატრიოტიზმი არახამიამ მოუყვეს სოჭელებს, სადაც დაიბადა და გაიზარდა”-ირაკლი ზარქუა

ეს ცრუ პატრიოტიზმი არახამიამ მოუყვეს სოჭელებს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. რუსეთშია დაბადებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ახლა გამოიყვანეს, ეტყობა დაფინანსებულია და მორიგი ტალღაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეტყობა ახლა ახალს ამზადებენ. ეს არის ამათი სცენარი. ვინ ჰკითხავს არახამიას კანდიდატის სტატუსის მიცემას. ასეთი უავტორიტეტო ადამიანია და ახლა თურმე ეს გვილაგებს შიგნით ვინ გარეთ იყოს, ვინ შიგნით და ესე იგი სასამართლოს მითითებებს აძლევს?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას, მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს არ წახვიდეო, ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები“, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ საქართველოში ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში. არქახამიას განცხადებით, მოქმედი მთავრობა რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა.