Home Blog Page 1571

” ჩვენ ვშორდებით დასავლეთს და ვუახლოვდებით რუსეთს”- მიხეილ დაუშვილი

ქართული ოცნების“ და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა – ჩვენ ვშორდებით დასავლეთს და ვუახლოვდებით რუსეთს”, -აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი  მიხეილ დაუშვილი.

მისი თქმით,  ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშში  გაკეთებული მწვავე განცხადებები საყურადღებოა.

„ბრიტანეთი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მის საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებული განცხადებები მხედველობაშია მისაღები. როგორც „ოცნება“ იქცევა, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებში ექცევა, ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ”, – განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, საკმაოდ მძიმე შეფასება გააკეთა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც.

„რეალობაა ის, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად ავტოკრატიის გზაზეა. რასაც აკეთებს არ ემსახურება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესებს, ამიტომ მსგავსი შეფასებები გასათვალისწინებელია. თუმცა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს არ მაქვს“, – განაცხადა დაუშვილმა.

“პრეზიდენტი შეეცდება გაჰყვეს იმ ნარატივს, რომელსაც მიჰყვება საქართველოში ოპოზიცია”- მიხეილ სარჯველაძე

პრეზიდენტი შეეცდება გაჰყვეს იმ ნარატივს, რომელსაც მიჰყვება საქართველოში ოპოზიცია, – ასე ეხმაურება   ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე  სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტს.

სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ეს სტრატეგია მის რეპუტაციას „არ ეხმარება“.

„ძნელი სათქმელია, რა იქნება ამ შემთხვევაში მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები. მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ შეეცდება გაჰყვეს იმ ნარატივს, რომელსაც მიჰყვება საქართველოში ოპოზიცია. მას ეს სტრატეგია და ეს მიდგომები აქვს არჩეული. თუმცა არ მგონია, რომ ეს მის რეპუტაციას ეხმარებოდეს და ქვეყნის ინტერესებს. ნამდვილად არ მგონია, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგის გაზიარება ქვეყნის ინტერესი იყოს, რადგან ოპოზიციას არჩეული აქვს გეზი, რომ რაც შეიძლება მეტად დააზიანოს ევროინტეგრაცია, ეს არის მათი გეგმა, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ სისხლიანი რევოლუციის სცენარები განვითარდეს,”- განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.

“სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი”- სერგეი შოიგუ

კიევისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტს ახანგრძლივებს. საბოლოოდ, ისინი ბუმერანგივით ბრუნდება, რაც გავლენას ახდენს სტაბილურობაზე ევროპასა და მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეების სამხედრო გზით აღმოფხვრის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს.

“ჩვენი ამოცანები ნათელია და სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი”, – განაცხადა შოიგუმ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირებას კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით ცდილობენ.

„დღეს ეს დესტრუქციული ხაზი გამოიხატება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირების სურვილში კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით. დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე უპრეცედენტო ზეწოლა ხდება, იყენებენ აშკარა შანტაჟს, მუქარას, ფერად რევოლუციებს და სახელმწიფო გადატრიალებას, ვრცელდება უხეში დეზინფორმაცია. ეს ყველაფერი დიდი ხანია დასავლეთის სავიზიტო ბარათია”, – განაცხადა შოიგუმ.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველი ხალხი უკეთესი ცხოვრებისთვის მზად არ არის”

რასაც აქედან ვაკვირდები, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველი ხალხი უკეთესი ცხოვრებისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი, ოთარ ფანცულაია წერს.

მისი თქმით, ვეღარ დავასრულეთ ერთმანეთის სიძულვილისთვის მიზეზების ძებნა.

“ვეღარ გავაძღეთ პოლიტიკოსები ძალაუფლებით და პრივილეგიებით.. მეტი უნდათ.. ვის დავაბრალოთ? ასეთებს ვირჩევთ, ასეთები გვინდა რომ თავზე გვაჯდნენ, ვინც მეტად გვირტყამს ის მეტად გვიყვარს.. მივეჩვიეთ ასეთ გაუსაძლის გარემოში ცხოვრებას..

ქოცობით და ნაცობით ჩვენს შვილებს დიდი ხნით ვუკარგავთ მომავალს, მაგრამ არაფრის გაგონება არ გვინდა, ისევ იმას ვარჩევთ, თუ ორ ცუდს შორის რომელი უფრო ცუდია…

ქართველი ერი ჰგავს ჩვილ ბავშვს, რომელიც სიარულის დაწყებას აგვიანებს…

ევროპაში ბევრმა არაფერი იცის საქართველოს არსებობის შესახებ, ზოგს რუსები ვგონივართ.. ხოლო ვინც იცის, ისიც მხოლოდ ნეგატიური ნიშნის ამბებს ისმენს საქართველოდან – პოლიტიკური ნიშნით დევნა, დაჭერები, ადამიანის უფლებების დარღვევები, გაუთავებელი აქციები, ხმაური, ზუზუნი, ყაყანი, ომი, რუსული დილემა, ოკუპაცია..
ევროპაში ჩასული ქართველების დიდი ნაწილი მაინცდამაინც საამაყოდ არ იქცევა..

მოკლედ, ცუდ კონტექსტში ვჩანვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაგმატულ ევროპელს იოლად ვერ დაარწმუნებ, თუ რატომ უნდა აიტკივოს თავი ჩვენს გამო…

თუ გვინდა საბოლოოდ რაღაც გვეშველოს და ადამიანის განვითარებისთვის და ცხოვრებისთვის კომფორტული სახელმწიფო შევქმნათ, რამდენიმე პირობის შესრულება აუცილებლად მოგვიწევს:

1. უპირველეს ყოვლისა უნდა დავმშვიდდეთ, ცივი გონებით გადავხედოთ იმ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც მორალურად გვფიტავს და გვანადგურებს, ახლიდან გავაანალიზოთ რეალობა.. ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთისთვის ბრძოლა და ერთიანი დიდი ოჯახის განცდით თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, თუ ერთმანეთის ენა არ გვესმის, სხვას რა გავაგებინოთ?

2. ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ და ქვეყნისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად გამოვიყენოთ საქართველოს გეოპოლიტიკური, სატრანზიტო და სტრატეგიული მნიშვნელობა, მათ შორის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში. რამდენადაც საჭირო და შეუცვლელი ხარ, მით მეტად უღირთ შენთან თანამშრომლობა.

3. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ კაპიტალიზაციის პროცესი და უმოკლეს ხანებში ამოვიდეთ სიღარიბის ჭაობიდან.

4. და ბოლოს…

პოლიტიკური სისტემა იმგვარად უნდა ავაგოთ, რომ ის სრულიად გამორიცხავდეს გარკვეულ პირთა ან ჯგუფის პრივილეგირებას, არავის არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი იმ ზომის ძალაუფლებაზე, რომელსაც ხალხის ნება არ აღემატება. გამოსავალი არის მცირე მთავრობა და რეალური დეცენტრალიზაცია, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუკი ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური თანამდებობა არის ისეთივე რიგითი სამსახური, როგორიც ნებისმიერი სხვა.

მინისტრი, პარლამენტარი, გენერალი, მოსამართლე, პრემიერი, უნდა სარგებლობდნენ ზუსტად იმდენივე უფლებებით, რამდენითაც ნებისმიერი მოქალაქე.

არაფერი რთული და მიუღწეველი ამ ყველაფერში არ არის…

ყველა სხვა მიზანი ამ ოთხი ამოცანის გადაჭრაზეა მიბმული,”- წერს ოთარ ფანცულაია.

თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სუიციდის ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო.

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, რომელმაც უწყების ერთ-ერთ ობიექტზე თავი ჩამოიხჩო. საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსთავში 25 წლის ახალგაზრდა გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბინაში, სადაც  25 წლამდე მამაკაცი ცხოვრობდა, ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობელიდან დაგროვდა. ახალგაზრდა კაცი ოჯახის წევრების ზარებს არ პასუხობდა, მაშველების გამოძახების შემდეგ კი მათ სახლში ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

პროკურატურამ სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ, სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაეცნო გამოგონილი სახელებით, შევიდა მათთან ნდობაში და თითქოსდა აშშ-ში გამგზავრების, ასევე ესტონეთისა და ლიეტუვას რესპუბლიკების სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ფულადი თანხები მოსთხოვა.

პარალელურ რეჟიმში ბრალდებულმა მოიძია საქართველოში კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირები, რომლებსაც ყალბი ფეისბუქ-პროფილებით დაუკავშირდა და კრიპტოვალუტის შეძენაზე შეუთანხმდა.

ბრალდებულმა ვითომდა გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ, დაზარალებულებს დიდი ოდენობით ფულადი თანხები მის მიერ წინასწარ მოძიებული კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირების კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა. სანაცვლოდ კი, ამ უკანასკნელებს ჩარიცხული თანხის შესაბამისი ოდენობის კრიპტოვალუტა მოსთხოვა, რომელიც თავისი კონტროლის ქვეშ არსებულ კრიტპო საფულეებზე გადაიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული გზით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ათეულობით ათას ლარს.

გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულის სახელზე ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების პლატფორმებზე გახსნილი საფულეები და მათზე განთავსებული კრიპტოვალუტა.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაიწყო. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ყირიმში რუსეთის მთავარი ბაზა დაცარიელდა – CNN

ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საკვანძო ბაზა დაცარიელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსულმა ძალებმა დატოვეს ძირითადი ბაზა ჩრდილოეთ ყირიმში. სოფელ მედვედევკას და ხერსონის ოლქის საზღვართან ახლოს მდებარე ობიექტში აქამდე რუსული ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო განთავსებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, სამაგიეროდ, რუსი სამხედროები მარიუპოლის გარშემო ამაგრებენ თავდაცვას.

რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი პოლიტიკური შეცდომაა -ხათუნა სამნიძე

არ ვეთანხმები ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის დროა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა კონცენტრაცია უნდა იყოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებაზე.

„მგონია, რომ ახლა მთელი ჩვენი კონცენტრაცია და ენერგია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იყოს, იმაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩემი აზრით, ჩვენი საქმიანობისთვის დამაზიანებელი და არასწორია დღეს საუბარი იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. სტატუსის გამო იქნება თუ ზოგადად, დღეს ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, ამისი მოთხოვნა პოლიტიკური შეცდომაა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“სულ უფრო ხშირია აფეთქებები ოკუპირებულ ზაპოროჟიეში და ხერსონის ოლქში”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად უკრაინიდან ბავშვების ძალადობრივად გაყვანა წარმოადგენს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდს; რეზოლუცია მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების თაობაზე; ასევე, რეზოლუცია უკრაინელი ბავშვების ძალადობრივ გაყვანაში ადანაშაულებს ბელარუს დიქტატორ ლუკაშენკას;

რუსეთში ისტერია და ქაოსი ძლიერდება. გუშინაც გამოჩნდა მორიგი უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ცაში. გერმანულმა ჟურნალმა “ბილდმა” სულ მთლად გადარია ურდოსიკები. საწვავის გამოლევის გამო რომ ჩამოვარდა დრონი, იმას პუტინის მოკვლა ჰქონდა გეგმაშიო.

პროპაგანდისტები გაჰკივიან, ტექნოლოგიურად ძალიან საშიში ხდება უკრაინა. შეტევის დროს განსაკუთრებით თვალნათლად გამოჩნდებაო.

რუსეთის!!! ტელევიზიაში გუშინ განიხილავდნენ უკრაინის მიერ ბელგოროდის დაკავების შესაძლებლობას, ნუ ეხუმრებით უკრაინელებს, ისინი დაიპყრობენ ბელგოროდს და გამოიყენებენ შემდგომში ჩვენებზე ზეწოლისთვისო; აჰაჰაჰაჰაა! არადა 3 დღეში კიევის აღებას აპირებდნენ!

პროპაგანდისტებს თან ცუდი დღეები აქვთ. პროპაგანძიხების და სამხედრო ბლოგერების შემოწმება და დაჭერაც კი დაიწყეს.

ბლოგერებს ვინ ჩივის, გუშინ დიდი ღლავი მიაჩმობიკეს – თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი, მარიუპოლის ყასაბი მიზინცევი მიჯირყვნეს და მოხსნეს თანამდებობიდან. სხვა გენერლებიც მიაყოლეს ზედ. ამბობენ, საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდლად გენერალ ტეპლინსკის დაბრუნებას მოყვა ეს ამბავი, იმან ჩოუკაკლა ყველაფერი პუტლერსო. დიდი ბრდღვნაა შიგნით სიკვდილის სამინისტროში! იკვრება ყულფი შოიგუს და გერასიმოვის ყელზე.

ამ ყველაფრის ფონზე აყელყელავდა ისევ კუხარკა პრიგოჟინი. ლანძღავს და აგინებს თავდაცვას, დიდი ხნის აღებული მექნებოდა ბახმუტი, ეს მოღალატე გენ.შტაბი რომ არ მუხთლობდესო. სამომავლო “ავ პროგნოზებსაც” აკეთებს, აი დაიწყებენ უკრაინელები შეტევას და მერე არ მკითხოთ, ბახმუტს რა დაემართა და როგორ დატოვეო.

კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა გააკეთეს ურდოსებმა: 190 ათასი მკვდარი რუსიდან ნახევარი ექიმების კისერზეა, არასწორად და არადროულად მკურნალობდნენ ექიმები დაჭრილებსო.

ექიმები იქით იყოს, და სულ უფრო ხშირია აფეთქებები ოკუპირებულ ზაპოროჟიეში და ხერსონის ოლქში! მაგალითად, მელიტოპოლში უკვე დილა-საღამოს რეჟიმში ხდება აფეთქებები. გუშინ დილით კოლაბორანტი მოღალატე მილიციელი გაიქნიეს კობზონის კონცერტზე. საღამოს საწყობი აუფეთქეს. მიდის მზადება სამხრეთის გასათავისუფლებლად. მუსიკალური ჯგუფი “ანტიტილა”-მ კონცერტიც კი დააანონსა ყირიმში 23 აგვისტოს . ვნახოთ! ნუ გავასწრებთ მოვლენებს!

ბახმუტში ამჟამად კი არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და რეალურად ქუჩის ბრძოლები მიდის დასავლეთ ნაწილში, აგრეთვე, გვასკდებიან ჩრდილოეთში ხრომოვოსთან და სამხრეთით კონსტანტინოვკის მიმართულებაზე. ტრასებს ვერ კვეთავს ურდო; იკლავს თავს, ხოცავს თავის ხალხს, მაგრამ დგანან გმირულად ჩვენები! შესაბამისად, ბახმუტი ალყაში არაა და ბახმუტში ბრძოლა გრძელდება!

გაიზარდა ინტენსიურობა მარიინკას და ავდეევკის მიმართულებებზე, მაგრამ ვითარება ისევ ისეთია, როგორც იყო წლების და ბოლო თვეების მანძილზე. მხარეების პოზიციები არ შეცვლილა.

ნატოს გენერალურმა მდივანმაც გადარია ურდოსები, 98% გადავეცით შეიარაღების – 230 ტანკი და 1550 ჯავშანმანქანა, აგრეთვე უამრავი ჭურვი და რაკეტაო!

15 ათასმა უკრაინელმა სამხედრო მომზადება დიდ ბრიტანეთში გაიარა. საერთო ჯამში 50-60 ათასი სამხედრო მომზადდა დასავლეთში!

დიდი შეტევა მზადდება! ურდოსტანში პანიკა და ისტერია იზრდება!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომაც უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

უკრაინელებმა ოკუპანტების 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს – ომის 429-ე დღე

ომის 429-ე დღეს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო საჰაერო თავდასხმის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, განადგურებულია ორი დრონიც.

„დაახლოებით დილის 04:00 საათზე რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას „ტუ-95“ ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს, განადგურებულია, ასევე, ორი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში კი რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილი გახდა, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს.

რუსული ძალები კი, ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანს ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იგორ ტაბურეცზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დღეს დილით დამპყრობლები თავს დაესხნენ ჩერკასის ოლქს. უმანში ფრთოსანი რაკეტებით ორი დარტყმა განხორციელდა : საცხოვრებელ კორპუსზე და სასაწყობო შენობებზე. შედეგებს ვიკვლევთ. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს”, – განაცხადა იგორ ტაბურეცმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რაკეტა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

ამასთან, ქალაქ დნეპრის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, წუხელ, რუსული ძალების მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი დაიღუპნენ.

რუსთაველის ფონდმა პოლონეთის მიეროშევსკის ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა

შოთა  რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის  გენერალურმა დირექტორმა,  ერეკლე ასტახიშვილმა   პოლონეთის მიეროშევსკის ცენტრის გენერალურ დირექტორს,  ერნესტ ვიციჟევსკისა და სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე ფონდის დირექტორმა,  ერეკლე ასტახიშვილმა პოლონურ მხარეს გააცნო ფონდის საქმიანობის მისია, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო რუსთაველის ფონდსა და მიეროშევსკის ცენტრს შორის თანამშრომლობის პერსპექტივას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, ერთობლივი სამეცნიერო – კვლევითი პროექტების, მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების, საგამომცემლო ღონისძიებების  განხორციელებას.

მიეროშევსკის ცენტრი  პოლონეთის კვლევებისა და მეცნიერების დამფინანსებელი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ისტორიული კვლევების ხელშეწყობის ფარგლებში, მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების, განსაკუთრებით უკრაინის, ბელარუსის, საქართველოსა და მოლდოვას დემოკრატიულ განვითარებას, მათ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებასა და პოლონეთთან კავშირების გაღრმავებას.