Home Blog Page 1569

,,ამ ურთულეს ვითარებაში დაზღვევის ძირითადი მექანიზმი არის თვითონ საზოგადოება”- ხუნდაძე

არ მჯერა, რომ ხელისუფლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე იქნება დამოკიდებული, მივიღებთ თუ არა სტატუსს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მმართველი გუნდი სწორ პოლიტიკას ახორციელებს, მაგრამ ამ ურთულეს ვითარებაში დაზღვევის ძირითადი მექანიზმი არის თვითონ საზოგადოება.

„მმართველი გუნდის პოლიტიკა სწორია – ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ მუშაობის პროცესში არ გადადის იმ ხაზიდან, სადაც გადის ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება, ანუ ასე ხელაღებით ყველა დაკვეთას არ ასრულებს. არ მჯერა, რომ ამ სამუშაოს შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, მივიღებთ თუ არა სტატუსს. გეტყვით, რატომ არ მჯერა – მაქვს ჩემი არგუმენტი. მთავარი დავალება – დეპოლარიზაცია არის მოცემული ჩვენთვის დავალება, მაგრამ ყველაფერი კეთდება ამ დავალების მომცემების მიერ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია არ დასრულდეს. ფაქტობრივად, ხდება ამის ხელშეწყობა და სწორედ ამ არგუმენტების გამო მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სტატუსის მონიჭება არის ინსტრუმენტი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეებში ჩარევის, მათ საკუთარი მიზნებისთვის ამის გამოყენების და ინსტრუმენტი იმისა, როგორ გახადონ ქვეყანა მართული; ამ ვითარებაში საზოგადოებას თავისი ნეგატიური როლი მიანიჭონ და საზოგადოება დააყენონ იმ რეალობის წინაშე, რომ მათვე შექმნან ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის საჭიროება, მაგრამ საზოგადოება რომ ამაზე არ მიდის, ამას თვითონაც ხედავენ. დღეს მმართველი გუნდი სწორ პოლიტიკას ახორციელებს, მაგრამ ამ ურთულეს ვითარებაში დაზღვევის ძირითადი მექანიზმი არის თვითონ საზოგადოება. რამდენად გამოხატავენ ისინი ამის გამო გაბრაზებას, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, მოგვცემენ თუ არა სტატუსს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ არ დაუჭირა მხარი უკრაინაში სამხედრო ტექნიკის რეექსპორტს – უკრაინული მედია

შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ არ დაუჭირა მხარი უკრაინაში სამხედრო ტექნიკის რეექსპორტს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

საუბარია სამხედრო ტექნიკის რეექსპორტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ივნისში დაუჭირა მხარი შვეიცარიის კანტონების საბჭომ.

ცვლილებების პროექტის თანახმად, რეექსპორტი დაიშვებოდა იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის მონაწილე ქვეყანა თავდაცვის უფლებას იყენებს.

გარდა ამისა, შვეიცარიული იარაღის რეექსპორტი ქვეყნიდან, რომელმაც ის შეიძინა, დაშვებული იქნებოდა შეძენიდან ხუთი წლის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც „იზიარებენ შვეიცარიის ღირებულებებს და აქვთ ექსპორტის კონტროლის ერთობლივი რეჟიმი“.

პარალელურად, შვეიცარიის პარლამენტი მუშაობს კიდევ ერთ კანონპროექტზე იარაღის რეექსპორტის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ. ის შესაძლებელს გახდის რეექსპორტს, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ან გენერალური ასამბლეის წევრთა ორი მესამედი დაადასტურებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მიიღებს იარაღს.

საბრძოლო მასალების შესახებ შვეიცარიის კანონი ამჟამად არ იძლევა საბრძოლო მასალების ექსპორტის საშუალებას, თუ დანიშნულების ქვეყანა ჩართულია შიდა ან საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში.

„ვაგნერის” მებრძოლები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შემდგომ უკრაინაში იომებენ

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” ყოფილი სამხედროები, რომლებიც ბელარუსში იმყოფებოდნენ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმეს და უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილში ბრძოლაში ჩაერთნენ. მათი ნაწილი კი აფრიკაში წავიდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სამსახურის სპიკერებზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.

„კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილი სამხედროები ახლა ნამდვილად იმყოფებიან აღმოსავლეთის ჯარების ჯგუფის ტერიტორიაზე…

ისინი არ წარმოადგენენ ისეთ საფრთხეს, როგორსაც ადრე, ერთი წლის წინ. მათი ლიდერის ევგენი პრიგოჟინის დაკარგვის გამო“, – თქვა უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა ილია იევლაშმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების 92-ე ბრიგადის ავიადაზვერვის ოპერატორმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვაგნერელები ბახმუტის რაიონში“ დაბრუნდნენ.

„დიახ, „ვაგნერიც“ აქ არის. ისინი დაბრუნდნენ, სწრაფად შეცვალეს მეთაურები და აქ დაბრუნდნენ” – თქვა მან.

ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად 34 წლის მამაკაცი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში დენის დარტყმის შედეგად 34 წლის მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

,,ოპოზიცია რომ სტატუსთან დაკავშირებით რაიმეს ხელშეშლაზე ლაპარაკობს, უკვე კომიკური და უხერხულია”- იონათამიშვილი

ოპოზიცია რომ სტატუსთან დაკავშირებით რაიმეს ხელშეშლაზე ლაპარაკობს, უკვე კომიკური და უხერხულია, ვინაიდან ერთადერთს რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ხელის შეშლა ევროპული წინსვლისთვის, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი „ქრონიკასთან“ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი იგივეა, რაც კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი.

„ამას აკეთებდნენ ყოველთვის, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების თარიღი ახლოვდებოდა ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმებისა თუ ვიზალიბერალიზაციის დროიდან მოყოლებული.

რაც შეეხება პრეზიდენტს – ადამიანი, რომელიც ასეთი ლექსიკით საუბრობს, ზიზღნარევი სიტყვებით გამოდის, არათანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში და მიაჩნია, რომ საქართველოს არცერთი პუნქტი არ შეუსრულებია ევრორეკომენდაციებისა, – ეს ადამიანი საქართველოს ევროპული არჩევანის ადვოკატი ვერ იქნება. პირიქით, ის იქნება ხელის შემშლელი და დღეს ამაზე ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ: ერთ დღეს, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში გაიმართა შეხვედრები; ერთის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები რუმინეთში უმაღლესი თანამდებობის პირებთან და მეორეს მხრივ პრეზიდენტის შეხვედრა ლატვიაში. ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრების შემდეგ ყოველთვის ჟღერდება კონკრეტული გზავნილები. პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ, რუმინულმა მხარემ ღიად და საჯაროდ თქვა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ლატვიის პრეზიდენტი გამოვიდა და სანქციებზე შეერთებისკენ მოუწოდა ჩვენს ქვეყანას. ეს არის კონკრეტული ფაქტი. ეს კონკრეტული გზავნილები გამოხატავს იმ განწყობას, რაც შეხვედრების დროს დაისვა. ეს მაგალითი იყო გუშინდელი, თორემ თუ გადავავლებთ ჩვენი გუნდის ლიდერების სხვადასხვა შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, ეს შეხვედრები მთავრდება კონკრეტული გზავნილით, რაც არის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა. პრეზიდენტის შეხვედრა, ასევე კონკრეტული მესიჯით დამთავრდა და ამ მესიჯში ჩვენ ამოვიკითხეთ სრულიად განსხვავებული საკითხი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც 12 რეკომენდაციასთან, არც ასოცირების შეთანხმებასთან, არც იმ მიმდინარე რეფორმებთან, რომელსაც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ახორციელებს. მთლიანად აცდენილი იყო ამ ყველაფერთან. კანდიდატის სტატუსის საკითხის განხილვის წინ, მსგავსი თემების ხელოვნურად დაყენება, ცხადია არის ქვეყნის მტრობა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გამთლიანებულ საქართველოს”

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლებას. ბიზანტიის იმპერატორ წმინდა კონსტანტინეს დედის, წმინდა დედოფალ ელენეს, მიერ სამი საუკუნის შემდეგ იმ ჯვრის პოვნას, რომელზეც მაცხოვარი აწამეს. ეს დღე დიდად მნიშვნელოვანია მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ განაცხადა.

„შევნიშნავთ იმასაც, რომ იგი ამავე დროს მწუხარების დღეცაა, რადგან ვნების შვიდეულის პარასკევის და იმ დანაშაულის გახსენების დღეა, რომელიც კაცთა მოდგმამ ჩაიდინა ღმერთის ჯვარცმით.

ამ განცდას ჩვენთვის ემატება მწუხარებაც სოხუმის დაცემის გამო, რაც 30 წლის წინ სწორედ ამ დღეს მოხდა და, ბუნებრივია, საქართველოსთვის ეს მოუშუშებელი ჭრილობაა. მაგრამ ქრისტიანობა ტკივილთან ერთად იმედისა და სიხარულის რელიგიაა და ჩვენც გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.

ინებოს ღმერთმა ყოველი ჩვენგანის სულიერი აღდგომა და ამაღლება.

ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, და მკვიდრნი მათ შინა; ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოს, ამინ!“, – აღნიშნა ილია მეორემ.

მაკრონის სიტყვები, წაქეზება და პროვოკაციაა – ზახაროვა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სიტყვები, რომ რუსეთი აზერბაიჯანის თანამზრახველია, რომელიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, არის პარიზის წაქეზება და პროვოკაცია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„მსგავსი რამის შეფუთვას ძალიან მდიდარი ფანტაზია სჭირდება. ნამდვილად გაუგებარია, რაზე ვსაუბრობთ. ეს არის წაქეზება, სხვა საკითხებთან ერთად. ეს არის საფრანგეთის წარმომადგენლების პროვოკაციული ენა და ქმედებები, მათი ჩართულობა სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის პროცესში, როდესაც ისინი მოქმედებდნენ არა შუამავლის პოზიციიდან რეგიონში მშვიდობის აღდგენის მიზნით, არამედ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით“, – აცხადებს ზახაროვა.

მან ასევე, გაიხსენა პარიზის პოლიტიკა აფრიკის კონტინენტზე, სადაც ის პირველად აცხადებს თავის გეგმებს, იძლევა დაპირებებს და კრიტიკულ მომენტში აფრიკის ქვეყნებს ტოვებს კიდეც.

“ჩანს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც აქვს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ გადაწყვეტილებასთან პრობლემები”

არა მხოლოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი არ არიან კმაყოფილი საქართველოს მთავრობის პროგრესით, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ასე ეხმაურება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების შესახებ ინფორმაციას.

“არა მხოლოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი არ არიან კმაყოფილი საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრესით, არამედ ისე ჩანს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც აქვს ამჟამინდელი მთავრობის ზოგიერთ გადაწყვეტილებასთან პრობლემები.

არ მიკვირს”, – წერს ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

“პრეზიდენტის განცხადებით, მისი მოგზაურობების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროინტეგრაციას, რეალურად ეს სრულიად კონტრპროდუქტიულია”

პრეზიდენტის განცხადებით, მისი მოგზაურობების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. რეალურად, ეს სრულიად კონტრპროდუქტიულია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გაუჭირდება თქმა, პრეზიდენტი ამას შეგნებულად აკეთებს თუ გაუაზრებლად.

„საზოგადოებამ შეაფასოს, თუ ვინმე მიიჩნევს საქართველოში ან სადმე სხვაგან, რომ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველომ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, თითქოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. პირადად მე, ნამდვილად არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას დაეხმარება ასეთი განცხადებების კეთება, რომ საქართველოში რუსული გადაწყვეტილებები მიიღება ან ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს.

საქართველოს კონსტიტუცია ადგენს და განსაზღვრავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ გახლავთ უფლებამოსილი, დამოუკიდებლად იმოქმედოს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში და მას ასეთი წარმომადგენლობის განსახორციელებლად მთავრობის თანხმობა ესაჭიროება. ცივილიზებულ სახელმწიფოში ყველა უნდა ახერხებდეს, საკუთარი ქმედებები ისე დაგეგმოს, რომ ეს თავსებადი იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან. თუ კი ამას ვინმე ვერ ახერხებს, ეს არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციის ან სხვისი პრობლემაა. ეს მისივე პრობლემაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6778 ლარი ეღირება, ევრო – 2.8259 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2522 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6732 ლარი ღირდა, ევრო – 2.8325 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2581 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 28 სექტემბერს ამოქმედდება.

აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა – Financial Times-ი

აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული.

ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იქნეს გამოყენებული.

მისივე თქმით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ.

„რომ მეთქვა არა იურიდიული, ხოლო ეთიკური და მორალური თვალსაზრისით, იმ განადგურების გათვალისწინებით, რაც რუსებმა უკრაინას მიაყენეს, იცით, რომ უკრაინის აღდგენაში ამათმაც უნდა შეიტანონ თავისი წვლილი. იურიდიული თვალსაზრისით, ეს საკითხი დამუშავების სტადიაზეა“, – აღნიშნა პრიცკერმა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას შექმნის

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას შექმნის. კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაა, დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, საჯარო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში აღსანიშნავია სტაჟიორთა როლი, ასევე, მათი ჩართულობა ორგანიზაციული მართვის პროცესებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი შრომის ანაზღაურების შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება.

მისივე თქმით, სტაჟიორის მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების ერთ-ერთ საფუძველს სწორედ მათი შრომის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება წარმოადგენს, რათა არ მოხდეს საჯარო დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციის მატარებელ პირთა გადინება და მიღებული ცოდნა-გამოცდილება საჯარო ინტერესს მოხმარდეს.

საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

„საუბარია, დაახლოებით, 400-500 ლარზე, თუმცა დათქმა გვაქვს დეფიციტურ პროფესიებთან მიმართებით, რომ თუ უწყებას ამის საშუალება აქვს, უფრო მაღალი კოეფიციენტით განსაზღვროს ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, დაახლოებით 1 000 ლარზეა საუბარი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.