Home Blog Page 1568

მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ უკანონონ გაემგზავრნენ, დაისჯებიან -უკრაინის სასაზღვრო სამსახური

უკრაინის სამხედროვალდებულ მოქალაქეებს, რომლებმაც საომარი მდგომარეობის დროს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, პასუხისგება ელოდებათ, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, პირები, რომლებსაც სამხედრო სამსახურის ვალდებულება აქვთ, აგრძელებენ საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობებს, თუმცა, ბოლო დროს, ასეთი მცდელობები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო. ასეთი პირები ქვეყნიდან გასვლას პროცედურების დარღვევით ცდილობენ, მაგალითად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით.

„თუ ვინმე უკანონოდ გადაკვეთს სახელმწიფო საზღვარს, მომავალში, როცა დაბრუნდება, პასუხისგებაში მიეცემა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ პირმა ჩაიდინა ასეთი დარღვევა, ის შემდგომში პასუხისმგებლობას აიცილებს უკრაინის კანონის შესაბამისად”, – განაცხადა დემჩენკომ.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის სასჯელი ემუქრებათ აღნიშნულ პირებს.

“იმედი მაქვს, შემდეგ ათწლეულში ევროკავშირისა და ნატო-ს საოცნებო ქოლგა საქართველოს ცაზე გაიშლება” – შალვა პაპუაშვილი

საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს და ქართველი ხალხის ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს.

მისივე თქმით, საქართველო, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ყოველთვის მზადაა, წვლილი შეიტანოს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში რუსეთიდან საპასუხო ქმედებების რეალური საფრთხის მიუხედავად.

პაპუაშვილის შეფასებით, წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ბევრი კუთხით, უკვე ისე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა.

„უკვე 15 წელი გავიდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებიდან, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს წევრობას ჰპირდება და 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ განაცხადი გააკეთა. ამ პერიოდის განმავლობაში, ალიანსის წევრთა დახმარებითა და მხარდაჭერით, განვავითარეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც სცდება ნატო-ში გაწევრიანების საბაზისო სტანდარტებს, ხოლო ქართული სამხედრო ძალები ალიანსთან სრულად თავსებადი გახდა. შესაბამისად, დროა, მივაღწიოთ ხელშესახებ პროგრესს ინტეგრაციის პოლიტიკურ განზომილებაშიც. საქართველო, უკრაინის გამარჯვების შემდეგ ფორმულირებული, ახალი უსაფრთხოების წესრიგის სწორ მხარეს უნდა იდგეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს და მიაღწია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას.

„უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს წარმატებულმა დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ ქვეყანა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში აშკარა ლიდერად აქცია. თუმცა, როდესაც გასულ წელს საქართველოსთან დაკავშირებული რეალური გადაწყვეტილების დრო დადგა, ევროკავშირმა უკან დაიხია და, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და 12 რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„ველით, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და შესაბამისი გადაწყვეტილები მიღებული იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის მიხედვითა და ფართო გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკისგან. ქართველი ხალხი და მთავრობა ელის, რომ წელს საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აგრეთვე, ველით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყება საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად. ეს ნაბიჯები ხალხს მისცემს მიზანს გაერთიანებისთვისა და, ამ გაურკვეველ პერიოდში, უკეთესი მომავლის იმედს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ „შემდეგ ათწლეულში ევროკავშირისა და ნატო-ს საოცნებო ქოლგა საქართველოს ცაზე გაიშლება“.

თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 36 დაზარალებულის კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ ბრალდებულს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები დაზარალებულებს, როგორც მაკლერები ისე ეცნობოდნენ და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. თაღლითური ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში 1 002 755 ლარს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 36 დაზარალებულის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის ორი წევრი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს ეცნობოდნენ როგორც მაკლერები და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი დაზარალებულებს წინასწარ აჩვენებდნენ ბინებს, შემდგომ კი ორგანიზებული ჯგუფის დანარჩენ წევრებს, როგორც ბინის მესაკუთრედ, მესაკუთრის მინდობილ პირად ან ბინის მეიჯარედ აცნობდნენ და მათთან მოტყუებით სესხის ხელშეკრულებებს ადებინებდნენ. აღნიშნული ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში 1 002 755 ლარს.

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 8 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

“საქართველო, რომელმაც პირველმა გამოსცადა რუსული აგრესია, მიჰყვება დასავლეთის მიდგომას და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას”

ჩემთვის პატივია ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სტუმრობა და საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგზე საუბარი ამჟამინდელ კომპლექსურ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმა რუსეთის საფუძველს მოკლებულმა და გაუმართლებელმა ომმა უკრაინაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს.

მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენები ნათელი გამოვლინებაა რუსეთის მცდელობების, ძალის გამოყენებით შეცვალოს საზღვრები ევროპაში და დაშალოს უსაფრთხოების არსებული არქიტექტურა კონტინენტზე.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისთანავე, ჩვენ ვცდილობდით ჩვენი ნათელი გზავნილის გავრცელებას საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ 2008 წლის ომი არ უნდა იყოს მიჩნეული განცალკევებულ შემთხვევად, არამედ უნდა იყოს განხილული რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის კონტექსტში. ნამდვილად, საქართველო უძლებდა რუსეთის აგრესიას 1990-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც მოსკოვმა პირველი ომები სატელიტების მეშვეობით დაიწყო და შემდეგ განახორციელა აგრესიული და ძალადობრივი პოლიტიკა ომის ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით. თუმცა, იმ დროს ჩვენ არ მიგვიღია სათანადო რეაგირება. დასავლეთში ბევრმა ჩვენი პოზიცია გაზვიადებულად მიიჩნია, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიუხედავად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში რუსეთის განმეორებითმა შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და, მასთან ერთად, დასავლეთის დამოკიდებულებაც.

„დღესდღეობით დასავლეთი ნამდვილად ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას. საქართველო, რომელმაც პირველმა გამოსცადა რუსული აგრესია, მიჰყვება დასავლეთის მიდგომას და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“შოვის ტრაგედიით დაზარალებული ოჯახებისთვის ფსიქოლოგიური დახმარება გრძელდება” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით შოვის ტრაგედიისას დაზარალებულთა, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი მიწოდება გრძელდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ფსიქოლოგიური დახმარება შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის, ასევე გარდაცვლილებისა და დაკარგულების ოჯახის წევრებისთვის გრძელდება. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოგვმართა, მათ ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ აქტიური კონსულტაციები და ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა გაბუნიამ

Abrams-ის ტანკებიც ისევე დაიწვებიან, როგორც სხვები -დიმიტრი პესკოვი

უკრაინისთვის მიწოდებული Abrams-ის ტანკები სერიოზული იარაღია, მაგრამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს იარაღი, რომელსაც ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლია.

„ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ იმოქმედებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე, მის შედეგზე. არ არსებობს პანაცეა და არცერთი ტიპის იარაღი, რომელსაც შეუძლია, ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსი შეცვალოს. არ არსებობს ასეთი იარაღი”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, Abrams-ის ტანკებიც ისევე დაიწვება, როგორც სხვა ქვეყანაში წარმოებული ტანკები.

„Abrams-ის ტანკები სერიოზული იარაღია. მაგრამ გაიხსენეთ რა თქვა პრეზიდენტმა სხვა ქვეყანაში წარმოებულ ტანკებზე. ეს ტანკებიც ისე დაიწვებიან, როგორც სხვები”, – დასძინა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ Abrams-ის ტანკების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია.

პარლამენტში დასანქცირდა კანონპროექტი, რომლის თანახმად, თანამდებობის პირმა ქონებრივ დეკლარაციაში ახლო ნათესავის ქონებრივი მონაცემებიც უნდა ასახოს

პარლამენტში ინიცირებულია პოლიტიკური ჯგუფის – „საქართველოსთვის“ დეპუტატების პროექტი, რომლის თანახმად, თანამდებობის პირმა ქონებრივ დეკლარაციაში არამხოლოდ მის და ოჯახის წევრის სახელზე არსებული ქონება, არამედ ახლო ნათესავის ქონებრივი მონაცემებიც უნდა ასახოს.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. ინიციატორებმა მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს, თუმცა ბიუროს უმრავლესობამ მოთხოვნა არ გაითვალისწინა და კანონის პროექტის სტანდარტული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „საქართველოსთვის“ დეპუტატები განმარტავენ, პროექტის მიღების შემთხვევაში, კორუფციული რისკები შემცირდება, საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების შესაძლებლობა გაუმჯობესდება და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობა გაიზრდება.

ამავდროულად, კანონპროექტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელი 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას ეხმიანება, განსაკუთრებით – ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერების ნაწილში.

„მისი მიღების შედეგად, გაუმჯობესდება ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმართულებით საქართველოს პროგრესი რეკომენდაციების შესრულების ნაწილში“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

“პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებულია ანტიჩინური კამპანია” – ლევან დავითაშვილი

პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებულია ანტიჩინური კამპანია. არის მცდელობა, ეგრეთ წოდებული, ჩინური ფობია დაამკვიდრონ საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხელს არ უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს.

„ჩინეთთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრე პარლამენტში გამოსვლისას, როდესაც ინტერპელაციის რეჟიმში ანაკლიის პორტის განვითარებაზე ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე დავინახეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი, რომელიც უფრო მეტად არის მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში უსაფუძვლო, ხშირ შემთხვევაში, არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელებით, გარკვეული, ეგრეთ წოდებული, ჩინური ფობია დაამკვიდრონ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებულია ანტიჩინური კამპანია, რაც ძალიან ცუდია. ეს ხელს არ უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება.

ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ ჩინეთი დღეს არის რიგით მეორე ეკონომიკა მსოფლიოში. ეს არის გლობალური ეკონომიკური ძალა. ყველაზე წამყვანი ეკონომიკები ჩინეთთან თანამშრომლობენ და ჩინეთთან თანამშრომლობაში ხედავენ, მათ შორის, ეკონომიკურ წარმატებას. საქართველოსთვისაც ძალიან საინტერესო შესაძლებლობები ჩნდება, რომ მეტი იყოს აქტიურობა ჩინეთთან. ჩვენ ჩინეთთან კარგი და წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის ისტორია, პრაქტიკა გვაქვს. იცით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან. საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს ქვეყანამ ახალ დონეზე. ჩინეთისთვის პირველი და მეორე სავაჭრო პარტნიორები არიან ევროკავშირი და აშშ. ესენია ჩვენი ორი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობაც და ევროკავშირში ინტეგრაციაც. ამ შემთხვევაშიც, როდესაც ევროკავშირი ყურადღებით, სიფრთხილით, მაგრამ წარმატებით ახორციელებს ეკონომიკურ პროექტებს ჩინეთთან, ჩვენც ზუსტად ასევე, პასუხისმგებლობით, გამჭრიახად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება. უსაფუძვლო, რაღაც პოლიტიკურად გამიზნულ, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელ პროცესს არ უნდა ავყვეთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ეფუძნება არაკომპეტენტურობას, ასევე, ქვეყნის დამაზიანებელ მიზნებს. გავაგრძელებთ თანმიმდევრულ პოლიტიკას, მათ შორის, ჩინეთთან და სხვა ყველა სავაჭრო პარტნიორთან.

წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს, რათა ეკონომიკური ურთიერთობა კონკრეტულ შედეგებში გადაიზარდოს. ეს ეხება ტურიზმს და პირდაპირ ფრენებს, მეტ სავაჭრო ურთიერთობას. ვიმუშავებთ საინვესტიციო პროექტებზე, აქაც ძალიან დიდია შესაძლებლობები, თუმცა ბევრი მუშაობა სჭირდება იმას, რომ კონკრეტული შედეგები მივიღოთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ როდესაც ჩინეთის ასეთი დემონიზება ხდება, იგივე ევროკავშირი, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში არიან. შესაბამისად, საქართველოს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა აბსოლუტურად ლოგიკურია და ჩვენს დასავლურ ასპირაციას არანაირად არ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს” – ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნათია თურნავამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.

ამასთან, მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით განპირობებული აჟიოტაჟი დამაზიანებელია როგორც ქვეყნის, ისე საფინანსო სექტორის რეპუტაციისთვის.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ბანკებთან, ასევე ბანკების ძირითად ინვესტორებთან, რომლებსაც აწვდიან ობიექტურ ინფორმაციას საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია.

„რთულია, რამე დავამატოთ, რადგან ვფიქრობ, ნათია თურნავამ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და არაერთი გადაცემა მიეძღვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, ამომწურავად არის პასუხი გაცემული ძირითად საკითხებზე. მინდა, ჩემი მხრიდან დავამატო, რომ ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა ბანკთან. სამწუხაროდ, დამაზიანებელია ხოლმე აჟიოტაჟი, რომელიც ძირითადად პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. აზიანებს რეპუტაციას, როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტულად საფინანსო სექტორის. მგრძნობიარეა საფინანსო სექტორი. ამიტომ, კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობა მოითხოვს, ჩვენ სათუთად მივუდგეთ ასეთ საკითხებს და არ დავაზიანოთ, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ბანკების ძირითად ინვესტორებთან, ძირითად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, აქ ძალიან მკაფიოდაა ყველაფერი და ბანკებშიც რეალურად დღეს არის აბსოლუტურად სიმშვიდე, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი. მინდა, გითხრათ, საკმაოდ მდგრადია საფინანსო სექტორი. ასე რომ, რა თქმა უნდა, განგებ ჩვენ ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით შეიძლება დავაზიანოთ, მაგრამ ეს არის უპასუხისმგებლო, იგივე პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი. სხვა შემთხვევაში, მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ბანკებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, კავშირი, ბანკებს არ აქვთ ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა და ჩვენ სამუშაო რეჟიმში ძირითად გადაწყვეტილებებზე ვმსჯელობთ, მათ შორის ძირითად გამოწვევებზეც ერთად ვმსჯელობთ. დღეს ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს, მათ შორის კომუნიკაცია გვაქვს მნიშვნელოვან ინვესტორებთან, ჩვენს ბანკებში ინვესტორებთან, რათა ჩვენს ძირითად პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ აქ არ არის რისკები და საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გრიპის საწინააღმდეგო ​ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ​ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება.

რისკჯგუფები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფოსგან უფასოდ ჩაიტარებენ.

გაბუნიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბრძანებას შეიმუშავებს და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

„წელს დაგეგმილია გრიპის 200 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანა. იგივე რაოდენობა იყო გასულ წელს და ეს რაოდენობა საკმარისია. ველოდებით, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში გადანაწილდება ვაქცინები სამედიცინო დაწესებულებებში. კრიტერიუმები იდენტურია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს ბრძანებას და ეს ბრძანება უახლოეს დღეებში გამოიცემა“, – აღნიშნა გაბუნიამ.

რა საკითხები განიხილეს მთავრობის სხდომაზე-დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს.

მათ შორის, სხდომაზე დამტკიცდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება, რომელიც 6 პროექტს მოიცავს: ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ; გამომუშავება – 71 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა – 26,9 მლნ აშშ დოლარი.

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა და აუქციონმა კერძო სექტორის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია − წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე.

სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ საქართველოში.

ელექტროგენერაციის ეს 27 სადგური, ამოქმედების შემდეგ, ჯამურად შეძლებს 1,1407 მლრდ კვტ სთ ენერგიის გამომუშავებას საქართველოსთვის ყოველწლიურად, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

ასევე, გასულ სხდომაზე დამტკიცდა ხელშეკრულება, რომელიც 11 პროექტს მოიცავს და რომელთა ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატია, ჯამური გამომუშავება − 661,9 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა – 218 მლნ აშშ დოლარი.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის ყველაზე უდღეური მმართველი იყო-გიორგი ცუცქირიძე

“ვფიქრობ, დღევანდელი მისი გააქტიურება კი არ არის შემთხვევითი, რადგან ახლა როდესაც ოპოზიციას სებ-ის ირგვლივ აგორებული სკანდალი არ გამოუვიდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. სურს თავიდან მოიცილოს „კუპონად“ წოდებული მეტსახელი, რაც მას ხალხმა ანუ ისტორიამ სამართლიანად შეარქვა”- ასე ეხმაურება ეკონომისტი,  გიორგი ცუცქირიძე ეროვნული ბანკის ირგვლივ აგორებულ კამპანიას.

მისი თქმით, რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის ყველაზე უდღეური მმართველი იყო.

„ისტორიული მოვლენების ან ფაქტების დამახინჯების, გნებავთ გადაკეთების არაერთი მაგალითია, ჯერ კიდევ ძველი დროიდან მოყოლებული. ამ ტიპის მცდელობების და ისტორიის გადაწერის მიზანი, ძირითადად იმ დროინდელი ცალკეული პირების, მმართველი ძალების ან იმპერიების ქმედებების გამართლება ან დიდების შარავანდედით შეფუთვა იყო. საბჭოთა კავშირის ისტორია ამ ფენომენის თავისებურ მაგალითადაც კი შეიძლება გამოდგეს ან თუნდაც რუსეთ-უკრაინის და სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტში ისტორიული მოვლენების საკუთარი ინტერპრეტაციები. საკუთარი თავის ისტორიაში შეყვანის ყველაზე ცნობილი მაგალითი კი უდავოდ ჰეროსტრატეა, რომელმაც ძვ. წ. 356 წელს გადაწვა არტემიდეს ტაძარი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ შვიდ საოცრებად მიჩნევა.

ეს მცირე ისტორიული რაკურსი კი იმისათვის მოვიყვანე, რომ როგორც ჩანს, საქართველოს უახლოესი ისტორიის, გადაწერის თუ დაკორექტირების მსურველად ჩვენთან რომან გოცირიძე გვევლინება. ბოლო დღეებია სურს დაამკვიდროს აზრი, რომ ის იყო ქვეყნის მთავარი რეფორმატორი და არც მეტი და არც ნაკლები საბანკო და საფინანსო სისტემის ბურჯი, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთ წამყვან მონაპოვარ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და ხატოვნადაც მიანიშნებს-ქალბატონმა თურნავამ ხელისუფლების ხელით „30 წამში ჩამოშალა 30 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკისადმი ნაშენები ნდობაო. რაც მთავარია, თუ მისვე განცხადებებს დავესესხებით ეს ნდობა, დიდწილად სწორედ მისი ნაშენები ყოფილა, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტებიც მას დაუფრთიანებია, ხოლო კუპონიზაცია სულაც სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს ნოდარ ჯავახიშვილს დააბრალა.

ვფიქრობ, ამ საკითხზე ნოდარ ჯავახიშვილმა მას საკმაოდ არგუმენტირებულად უპასუხა და ისიც აღნიშნა, რეალურად თუ ვინ ჩამოაქცია მაშინ ქართული ეკონომიკა, ბუნებრივია რომან გოცირიძეზეა საუბარი. მე მეტს აღარ შევეხები. უბრალოდ ავღნიშნავ, რომ მისივე ბიოგრაფიიდან 1992 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრად. იმავე 1992 წელს დაიკავა საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ეკონომიკური რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტი, 1992 წლის ნოემბრამდე. კუპონა კი იმიტომაც უწოდეს, რომ ის მოუწოდებდა მოსახლეობას საბჭოთა რუბლების შეტანას ბანკში და მათ გაორმაგებასაც ჰპირდებოდა. მართალია, კუპონი მიმოქცევაში 1993 წლის აპრილში შემოვიდა, როდესაც ის აღარ იყო მთავრობის წევრი და უკვე პარლამენტში იყო გადასული, მაგრამ იმ პერიოდში ქვეყანა რჩებოდა რა რუბლის ზონაში, ფაქტიურად არანაირი პრევენცია არ გაკეთებულა სიტუაციურ ანალიზზე მოსკოვი თუ შეგიწყვეტდა ფულის ნიშნების მიწოდებას რა უნდა გაკეთებულიყო, ხოლო კუპონის შემოღება არა წინასწარ გათვლილი, არამედ უკვე იძულებით გადადგმული ნაბიჯი იყო.

შემდგომში სწორედ ეს გაუთვლელობა და სპონტანურობა გახდა კუპონისადმი უნდობლობის მთავარი მიზეზი ანუ იმ დროინდელი ქვეყნის ხელისუფლების სურვილი, რომელსაც ბატონი რომანი წარმოადგენდა “რუბლის ზონაში” მუდმივი ან დროებითი დარჩენის შესახებ“, და ნაკლებად ფიქრით დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის წარმოებაზე, რაც მისი მოვალეობაც იყო, თან იმის ფონზე როდესაც მთავრობა რუსეთისათვის საკუთარი პრობლემების გადაბრალებისა და კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებდა. ეს ცოტა რამ ისტორიული წარსულიდან, რომლის გადაწერასაც ახლა ცდილობს…

ვფიქრობ, დღევანდელი მისი გააქტიურება კი არ არის შემთხვევითი, რადგან ახლა როდესაც ოპოზიციას სებ-ის ირგვლივ აგორებული სკანდალი არ გამოუვიდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. სურს თავიდან მოიცილოს „კუპონად“ წოდებული მეტსახელი, რაც მას ხალხმა ანუ ისტორიამ სამართლიანად შეარქვა და მეორე, წმინდა პოლიტიკური – ამ ნაბიჯით „დაარტყა“ არა მხოლოდ ნათია თურნავას, არამედ ნოდარ ჯავახიშვილსაც რომელიც წლების წინ ბანკი “ქართუს” მმართველი და ქართული ოცნების ერთ-ერთი სახეც იყო.

ისტორიული რეალობა კი ცოტა სხვაგვარია და ახლა რასაც ვხედავთ ეს არის მისი მხრიდან მისი გადაწერის თუ დაკოტრექტირების წარუმატებელი მცდელობა და მეტი არც არაფერი.

დავიწყოთ იმით, რომ ყველა სხვა ბრალდებებს თუ პრეტენზიას თავი რომ დავანებოთ რომან გოცირიძე იყო ეროვნული ბანკის ყველაზე უდღეური მმართველი, რომელიც 2 წელიწადზე ცოტა მეტ დროში სკანდალურად ტოვებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს, როდესაც მართლა უპრეცედენტო რამ მოხდა – დაიწვა ფულის საცავი, რის შედეგადაც ასი ათასამდე აშშ დოლარი განადგურდა, ხოლო 14 პირი ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა ფულის შენახვასთან და უტილიზაციასთან დაპატიმრებული იყო! ეს საქმე დღემდე დიდი ბურუსითაა მოცული, ხოლო მსგავსი სკანდალი მართლა არ ახსოვს ამ 30 წლის პერიოდში ქართულ საბანკო სისტემას, პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომით და თუ სებ-ისადმი ნდობაზეა საუბარი, ყველაზე დიდი რეპუტაციული დარტყმა მაშინ მიადგა! ამასთან, მისი გადადგომის შემდეგ კიდევ არც თუ მცირე პერიოდში სებ-ს პრეზიდენტი არ ჰყავდა და ქვეყნის მთავარ ბანკს მოვალეობის შემსრულებლები მართავდნენ.

მართალია, ახალ ჰეროსტრატედ ვერ იქცა, უარყოფითი თიკუნის ტარებაც მძიმე რამ არის, თუმცა ვუსურვებ დაფიქრდეს, გაანალიზოს და ისტორიული რეალობა შელამაზების გარეშე დაწეროს, თუნდაც საკუთარი შეცდომების აღიარებით, რაც გაცილებით ღირებული იქნება ისტორიისა და მომავალი თაობისათვის,”- წერს ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.