პარლამენტში დასანქცირდა კანონპროექტი, რომლის თანახმად, თანამდებობის პირმა ქონებრივ დეკლარაციაში ახლო ნათესავის ქონებრივი მონაცემებიც უნდა ასახოს

225
spot_img

პარლამენტში ინიცირებულია პოლიტიკური ჯგუფის – „საქართველოსთვის“ დეპუტატების პროექტი, რომლის თანახმად, თანამდებობის პირმა ქონებრივ დეკლარაციაში არამხოლოდ მის და ოჯახის წევრის სახელზე არსებული ქონება, არამედ ახლო ნათესავის ქონებრივი მონაცემებიც უნდა ასახოს.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. ინიციატორებმა მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს, თუმცა ბიუროს უმრავლესობამ მოთხოვნა არ გაითვალისწინა და კანონის პროექტის სტანდარტული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „საქართველოსთვის“ დეპუტატები განმარტავენ, პროექტის მიღების შემთხვევაში, კორუფციული რისკები შემცირდება, საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების შესაძლებლობა გაუმჯობესდება და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობა გაიზრდება.

ამავდროულად, კანონპროექტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელი 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას ეხმიანება, განსაკუთრებით – ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერების ნაწილში.

„მისი მიღების შედეგად, გაუმჯობესდება ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმართულებით საქართველოს პროგრესი რეკომენდაციების შესრულების ნაწილში“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.