Home Blog Page 1564

შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა

ცესკომ 2024 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. დათვლილია ყველა, 165-ვე საარჩევნო უბნის შედეგი.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები:

ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ბესიკ წულეისკირმა მიიღო 1 359 ხმა, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 4,7 პროცენტი, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ხახუბიამ მიიღო 27 553 ხმა, რაც ამომრჩეველთა 95,33 პროცენტია.

საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები:

გურჯაანი: #41 ზურაბ მუხულიშვილი „ქართული ოცნება“ 1 347 ხმა. თიანეთი: #41 იოსებ მათურელი „ქართული ოცნება“ 345 ხმა. ახალციხე: #41 როინ ნებაძე „ქართული ოცნება“ 463 ხმა. ტყიბული #41 გიორგი კერესელიძე „ქართული ოცნება“ 1 322 ხმა, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 86,63 პროცენტია, ხოლო დამოუკიდებლად მონაწილე კანდიდატმა გიორგი გაგოშიძემ 204 ხმა, რაც 13,37 პროცენტია. ქუთაისი: #41 მიხეილ გიორგაძე „ქართული ოცნება“ 5 396 ხმა.

მერების რიგგარეშე არჩევნები:

ცაგერი: #41 ლევან ზალკანიანი „ქართული ოცნება“ 4 825 ხმა. თერჯოლა: #41 მანუჩარ რობაქიძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ 11 511 ხმა მიიღო.

მოვდივარ, რათა მთელ მსოფლიოს ვუთხრათ: საქართველო ჩვენია!”- თამარ ჩიბურდანიძე

„მოვდივარ, რათა დავიცვათ მშვიდობა მშვიდობიან ცხოვრებაში! მოვდივარ, რათა დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი თითქოსდა სუვერენულად აღიარებულ ქვეყანაში! მოვდივარ, რათა დავიცვათ ეროვნული თვითმყოფადობა თითქოსდა რეალურად თვითმყოფად გარემოში! მოვდივარ, რათა ათიათასობით ქართველთან ერთად მსოფლიოს ვუთხრათ: საქართველო ჩვენია და ამ საკუთრებას არაფრის ფასად დავთმობთ!,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, აქციაში მონაწილეობა საჭიროა ჩვენს ქვეყანაში დასადგურებული მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

„სამშობლოს სიყვარულს არც მზე და არც წვიმა არ განსაზღვრავს. სამშობლო ერთია და თუკი გიყვარს, უნდა შეძლო მისი დაცვა არა მხოლოდ ომში, იარაღით ხელში, არამედ მშვიდობისთვის, მშვიდობიან ცხოვრებაშიც.

თქვენ წარმოიდგინეთ, მშვიდობიან გარემოში ბევრად უფრო რთულია სამშობლოს დაცვა, ვიდრე ომში. ბრძოლის ველზე პირდაპირ ხედავ მტერს და ესვრი. მშვიდობის დროს მტრის დანახვა გიჭირს, რადგან ხშირად, მეგობრად გევლინება ის, ვინც სინამდვილეში სულაც არ არის მეგობარი. პოლიტიკა რთული სფეროა და სანამ მის ლაბირინთებში კარგად გაერკვევი, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი რამ დაკარგო – სამშობლო!

უსამშობლო ადამიანი უსულო და უსახლკარო კაცს ჰგავს, რომლის დროებითი საცხოვრისი მხოლოდ ცარიელი ადგილია. უსულოდ ცხოვრება უღმერთოდ ყოფაა, სადაც შესაძლოა ბევრი ახლობელი გყავდეს, მაგრამ მეგობარი – არც ერთი.

დღეს საქართველო კიდევ ერთხელ, და უკვე მერამდენედ, ბეწვის ხიდზე გადის. როგორ გაივლის ამ ძალზედ სახიფათო გზას, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული და არა ვინმე უცხოელზე, მტერსა თუ მოყვარეზე. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გასაღები მხოლოდ ჩვენს ხელშია.

დღეს ქართული საზოგადოების აქცია რესპუბლიკის მოედანზე სწორედ იმის გამოხატულება იქნება, რომ საქართველოს გადარჩენის გასაღებს არ მივცემთ არც ერთ ქვეყანას. ეს ჩვენია და ჩვენვე უნდა ვმართოთ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ნდობის, პატივისცემისა და სუვერენიტეტის სრული აღიარებით.

სწორედ ამიტომ ვუერთდები ამ აქციას არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც რიგითი ქართველი და იმ საზოგადოების წევრი, ვისთვისაც სამშობლო მომავლის განვითარებასთან ერთად წარსულის შენარჩუნებაა. ვისთვისაც ღირებულებები ანაზღაურებით არ განისაზღვრება და ვისთვისაც მოქალაქეობა ორმხრივი ვალდებულებაა.

მოვდივარ, რათა დავიცვათ მშვიდობა მშვიდობიან ცხოვრებაში! მოვდივარ, რათა დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი თითქოსდა სუვერენულად აღიარებულ ქვეყანაში! მოვდივარ, რათა დავიცვათ ეროვნული თვითმყოფადობა თითქოსდა რეალურად თვითმყოფად გარემოში! მოვდივარ, რათა ათიათასობით ქართველთან ერთად მსოფლიოს ვუთხრათ: საქართველო ჩვენია და ამ საკუთრებას არაფრის ფასად დავთმობთ!,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სოფელ დვანთან ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

მიმდინარე წლის 30 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

“აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,თითოეული ჩვენგანის ვალია, სასამართლოსთან ვიყოთ, რადგან ის მძევლად ჰყავთ აყვანილი”- ხაბეიშვილი გრიგორიადისზე

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად 1-ელ მაისს, საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილ აქციას უერთდება.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში ყოველგვარი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე იმყოფება და საზოგადოების მოქალაქობრივი ვალია, რომ მისი უფლებები დაიცვას.

„მინდა მოქალაქეებს ვუთხრა – ჩემო მეგობრებო, ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია, ევროკავშირშია, დაკავებით გემუქრებიან. ამის ნათელი გამოხატულება არის ლაზარე. არანაირი ფორმალური შესაძლებლობა არ არსებობს, რომ ეს ახალგაზრდა ციხეში იყოს. ის წინასწარ პატიმრობაში რატომ იმყოფება? – რობოკოპებს დააშინებს, მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს? 21 წლის ახალგაზრდა წინასწარ პატიმრობაში რატომ უნდა ჰყავდეს რუსულ რეჟიმს? სადმე გაექცევათ? არ შეუძლიათ პასპორტი ჩამოართვან, ან საზღვარზე გააკონტროლონ? ამას პირობითად ვამბობ, რადგან, ხომ ვიცით, რომ ლაზარე არსად გამქცევი არაა?! მიზანმიმართულად ჰყავთ დაკავებული. სხვა არცერთი არგუმენტი, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ კრემლს აბარებენ ანგარიშს და „მესიჯი“ აქვთ, რომ ყველას, ვინც ანტირუსულ და პროევროპულ კამპანიაში ჩაერთვება, დასჯიან. ამ ახალგაზრდა ადამიანის სასამართლო ხვალ, 1-ელ მაისს, 17:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში გაიმართება. თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, იქ ვიყოთ და ლაზარეს უფლებები დავიცვათ, რადგან ის, ფაქტობრივად, ყოველგვარი მტკიცებულებების, სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე ჰყავთ წინასწარ პატიმრობაში, მძევლად აყვანილი. თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ეს არის „რუსული ოცნება“, რომელმაც კონსტიტუციის ფეხებზე დაკიდებით პარლამენტში შემოიტანა „რუსული კანონი“, რომელიც ქართველი ხალხის ნებით, ბრძოლით, ახალგაზრდების შემართებით და მათი გამარჯვებით დასრულდა“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

,,ბათუმის სტადიონი აშშ-ში, პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი”- რიჟვაძე

განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია ბათუმის ახალი სტადიონი და ის გახდა ნომინანტი ეროვნულ დონეზე. ახლა უკვე წარდგენილია ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე აშშ-ში. ეს ნომინაცია უკვე ნიშნავს წარმატებას. ჩვენ ველოდებით, თუ რას გადაწყვეტს ავტორიტეტული ჟიური. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქალაქს და ჩვენს პროექტებს, – ამის შესახებ განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმი აჭარაბეთ არენამ და სტადიონის მშენებელმა კომპანია ,,ანაგმა” უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 წელს საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა და ოსკარი მოიპოვა.

გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა. ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგენილია მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

კახეთში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სეტყვამ, რომელიც 10 წუთის მანძილზე გრძელდებოდა ზიანი მიაყენა სოფელ ნინიგორს, გელათსა და ცოდნისკარს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სეტყვას ქარიც ახლდა.

“დაახლოებით 10 წუთი იყო სეტყვა და ქარი. ძირითადად ალუჩის ბაღებია დაზიანებული, ასევე საკარმიდამო ნაკვეთები”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

რა ხდება უკრაინაში ომის 431-ე დღეს

გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვითმა ძალებმა მტრის 60-მდე იერიში მოიგერიეს.

საოკუპაციო ძალებმა შეტევა გააძლიერეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზე. უკრაინა დონაბასიში კონტრ შეტევისთვის ემზადება. ვრცელდება ცნობები, რომ ბახმუტთან ახლოს დისლოცირებული სამხედროები საბრძოლო მოქმედებებისთვის უკვე მზად არიან.

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

,,IRI-ის მხრიდან გაყალბება ხელის გულზეა”- მდინარაძე

IRI-ის მხრიდან გაყალბება ხელისგულზეა და რეალურად დღეს მოხდა ამ ყველაფრის ლუსტრაცია, მათ შორის, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების გეგმების ლუსტრაციაც – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, IRI-ის კვლევა, რაც იყო კონკრეტული მიზნისთვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა თავად ამ ორგანიზაციისთვის.

„არანაირი რესურსი არ დაზოგეს, ზუსტად იცოდნენ, რომ რაღაც კამპანიის ფარგლებში, როდესაც მაგალითად IRI-ის რაღაც საოცრება უნდა დაედო და ეთქვა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგები დრამატულადაა შემცირებული, ამ დროს აღმოჩნდებოდა, რომ დრამატულად არის გაზრდილი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მათთვის, ეს არაფერში არ აწყობდათ. ამიტომ, მათი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაგმატული გათვლა იყო, იმიტომ, რომ არჩევნების შედეგები, პროცენტებში ასახული, იქნებოდა მათთვის ძალიან დამაზიანებელი და IRI-ის კვლევა კიდევ უფრო სასაცილო გახდებოდა. ჩვენ შეგვიძლია დღესაც, ამის გარეშეც დავამტკიცოთ ციფრებით და ფაქტებით, რომ IRI-ის კვლევა, რაც იყო კონკრეტული მიზნისთვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა თავად ამ ორგანიზაციისთვის. მე ვურჩევდი მის ხელმძღვანელებს, მათ შორის, მქონია ურთიერთობა ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, რომ გადახედონ იმ გეგმებს, რა გეგმებსაც ისინი მიყვებიან, რომლის მიხედვითაც კაბინეტებში იწერება რაღაც კვლევები და არანაირ კვლევასთან ამას საერთო არ აქვს. ამის დასტურად მე შემიძლია მოგიტანოთ კონკრეტული მაგალითი დღევანდელი დღიდან. როდესაც ისინი წერენ, რომ 19 % აქვს „ქართულ ოცნებას“, ვთქვათ, თავის მართლება რომ მოუწიოთ, შეიძლება თქვან, რომ ეს არის ალოკაციის გარეშე პირდაპირი გამოკითხვის შედეგები.

ჩვენს მხარდასაჭერად დღეს საერთო ამომრჩევლების სიით, (იცით აქტივობა რამდენია ხოლმე – 50-55 %-ის ფარგლებში), ჩვენს მხარდაჭერად სიით ამომრჩევლის 30% მივიდა საარჩევნო ურნებთან იმ ოლქებში და უბნებში, სადაც არჩევნები ტარდებოდა. აბსოლუტური უმრავლესობა პრაქტიკულად იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ამომრჩეველი. ამ ასე დავარქვათ, უმოტივაციო არჩევნებში, სადაც არ იყო კონკურენტი და მოტივაციის შექმნა იყო ძალიან რთული, რატომ უნდა მისულიყო მხარდამჭერი საარჩევნო ყუთთან, როდესაც 20 მხარდამჭერიც რომ მისულიყო თითოეულ უბანში, მაინც გამარჯვებული იყო ჩვენი კანდიდატი. ამ ვითარებაში, ამომრჩევლის 30%-მდე მივიდა. ამიტომ, IRI-ის მხრიდან გაყალბება ხელისგულზეა და რეალურად დღეს მოხდა ამ ყველაფრის ლუსტრაცია, მათ შორის, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების გეგმების ლუსტრაციაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გზებზე არსებული ვითარება – სად არის გადაადგილება აკრძალული?

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარს საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფრედი მერკურის ქონება სექტემბერში Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდება

ლეგენდარული მომღერლისა და ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის სოლისტის, ფრედი მერკურის ქონება, მათ შორის ტანსაცმელი, მხატვრული ნამუშევრები, ავეჯი და ცნობილი გვირგვინი სექტემბერში Sotheby’s-ის აუქციონზე გამოჩნდება. როგორც ირკვევა, აუქციონზე მთლიანობაში დაახლოებით 1,500 ნივთს გაიტანენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუქციონი ექვს ნაწილად გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ნივთების გაყიდვით საერთო ჯამში 6 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხა შეგროვდეს. თუმცა, ვინაიდან საბოლოო შეფასებები გაკეთებული არ არის, შესაძლოა ეს მაჩვენებელი შეიცვალოს.

როგორც ცნობილია, აუქციონზე ყველა ნივთს წაიღებენ ფრედი მერკურის ლონდონის სახლიდან, Garden Lodge-იდან, რომელიც მან, 1991 წელს შიდსთან დაკავშირებული გართულებების შედეგად გარდაცვალებამდე, თავის მეგობარს, მერი ოსტინს უანდერძა.

მერკურის გვირგვინი და მოსასხამი, რომელიც მას God Save the Queen-ის სახელწოდებით ცნობილი ბოლო ტურნეს დროს ეცვა, 60,000-დან 80,000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული. აუქციონზე ასევე გაიტანენ “სამხედრო სტილის” პიჯაკს, რომელიც მას 39-ე დაბადების დღის წვეულებაზე მიუნხენში ეცვა. ეს უკანასკნელი 10,000-დან 15,000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული. მერკურის თაყვანისმცემლებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ მისი ჟილეტი 1991 წელს გადაღებული უკანასკნელი ვიდეოდან “These Are the Days of Our Lives”. ჟილეტი 5000-დან 7000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული.

17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ახალი ვაქცინა დაამტკიცეს

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კომპანია Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა, რომელიც პნევმოკოკით გამოწვეული დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული. მწარმოებლის განცხადებით, პრეპარატი ექვსი კვირიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციისთვის შეიქმნა.

Pfizer-ის ინფორმაციით, ახალი ვაქცინა, სახელწოდებით Prevnar 20, უფრო ეფექტიან დაცვას გვთავაზობს, ვიდრე კომპანიის ფართოდ გამოყენებული პრეპარატი Prevnar 13. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, Prevnar 20 პნევმოკოკის ბაქტერიის დამატებით შვიდი სეროტიპის წინააღმდეგ ბრძოლას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, პნევმოკოკურმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექცია სხეულის რამდენიმე ნაწილში, მათ შორის ფილტვებში, რაც ხშირად პნევმონიის განვითარების მიზეზი ხდება.