,,თითოეული ჩვენგანის ვალია, სასამართლოსთან ვიყოთ, რადგან ის მძევლად ჰყავთ აყვანილი”- ხაბეიშვილი გრიგორიადისზე

69
spot_img

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად 1-ელ მაისს, საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილ აქციას უერთდება.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში ყოველგვარი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე იმყოფება და საზოგადოების მოქალაქობრივი ვალია, რომ მისი უფლებები დაიცვას.

„მინდა მოქალაქეებს ვუთხრა – ჩემო მეგობრებო, ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია, ევროკავშირშია, დაკავებით გემუქრებიან. ამის ნათელი გამოხატულება არის ლაზარე. არანაირი ფორმალური შესაძლებლობა არ არსებობს, რომ ეს ახალგაზრდა ციხეში იყოს. ის წინასწარ პატიმრობაში რატომ იმყოფება? – რობოკოპებს დააშინებს, მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს? 21 წლის ახალგაზრდა წინასწარ პატიმრობაში რატომ უნდა ჰყავდეს რუსულ რეჟიმს? სადმე გაექცევათ? არ შეუძლიათ პასპორტი ჩამოართვან, ან საზღვარზე გააკონტროლონ? ამას პირობითად ვამბობ, რადგან, ხომ ვიცით, რომ ლაზარე არსად გამქცევი არაა?! მიზანმიმართულად ჰყავთ დაკავებული. სხვა არცერთი არგუმენტი, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ კრემლს აბარებენ ანგარიშს და „მესიჯი“ აქვთ, რომ ყველას, ვინც ანტირუსულ და პროევროპულ კამპანიაში ჩაერთვება, დასჯიან. ამ ახალგაზრდა ადამიანის სასამართლო ხვალ, 1-ელ მაისს, 17:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში გაიმართება. თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, იქ ვიყოთ და ლაზარეს უფლებები დავიცვათ, რადგან ის, ფაქტობრივად, ყოველგვარი მტკიცებულებების, სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე ჰყავთ წინასწარ პატიმრობაში, მძევლად აყვანილი. თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ეს არის „რუსული ოცნება“, რომელმაც კონსტიტუციის ფეხებზე დაკიდებით პარლამენტში შემოიტანა „რუსული კანონი“, რომელიც ქართველი ხალხის ნებით, ბრძოლით, ახალგაზრდების შემართებით და მათი გამარჯვებით დასრულდა“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.