Home Blog Page 1562

წვიმა და ელჭექი – როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

20 მაისის დღის ბოლოდან 21 მაისის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს, ხოლო 22 მაისს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

პუტინის მეღვინეების გასაჭირი: აღარც ევროპული ბოთლებია და აღარც კორპის საცობები

გერმანული რადიო „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინის მეღვინეების გასაჭირი: აღარც ევროპული ბოთლები და აღარც კორპის საცობები“ (ავტორი – ევგენი თეიზე).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

შავი ზღვის ბრიზი, მზის სხივები და წყლის უკიდეგანო ცისფერი ზედაპირი – თვალწარმტაცი პეიზაჟებისა და თბილი კლიმატის გამო კრასნოდარის მხარის შავიზღვისპირეთის მიმზიდველი მწვანე ბორცვ-გორაკები „რჩეული რუსებისათვის“ დასასვენებლად ადგილად არის გადაქცეული. სწორედ აქ, გელენჯიკთან ახლოს მდებარეობს შთამბეჭდავი „პუტინის სასახლე”, რომელიც მსოფლიოსათვის ალექსი ნავალნის დოკუმენტური ფილმით გახდა ცნობილი. სწორედ ამ მხარეში ჩნდება ბოლო ათწლეულების განმავლობაში ზედიზედ ახალი „ელიტური ვენახები“ და ღვინის თანამედროვე ქარხნები – სტატუსური ჰობები მულტიმილიონერებისა და მულტიმილიარდერებისათვის კრემლის „ხაზეინის“ ახლო გარემოცვიდან.
„იმ ყველაფრიდან, რაც მე იქ ვნახე, მხოლოდ ერთით დავინტერესდი (…) – ღვინის დამზადებით და ღვინის ქარხნებით“, – აღიარა ვლადიმერ პუტინმა 2021 წლის იანვარში სტუდენტებთან მოწყობილი „ტელეხიდის“ დროს. რუსეთის პრეზიდენტმა დიალოგის მსვლელობაში „პუტინის სასახლის“ არსებობა უარყო, მაგრამ აღიარა, რომ როცა მისი მეგობრისა და მრჩევლის ბორის ტიტოვის ღვინის მარანში – „აბრაუ-დიურსოში“ მიდის ხოლმე, „სუნთქვა ეკვრის“.

ევროპიდან – ყველაზე საუკეთესო

ბორის ტიტოვი თავისი ღვინის ქარხნისათვის, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია მისი ვაჟი პავლე განაგებს, ფულს არ ზოგავს. ვაზის ნერგები, ღვინის კასრები და სხვა მოწყობილობა-დანადგარები იტალიაში საუკეთესო მწარმოებლებისაგან იქნა შეძენილი, ხოლო კომპანია SAVERGLASS-ის დიზაინერულ ბოთლებს საფრანგეთიდან იღებს. „ჩვენ საუკეთესო ვართ საუკეთესოებს შორის“ – ასე განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში პავლე ტიტოვ-უმცროსმა, რომელიც კრემლისთვის ღვინის რჩეული მიმწოდებლების სიაში შედის.

კიდევ ერთი ღვინო კრემლის ბინადრებისათვის, რომელმაც მასმედიაში უკვე მოასწრო არაოფიციალურად „პუტინის ღვინის“ სახელით დამკვიდრება, არის ღვინო „უსადბა დივნომორსკოე“ (“Усадьба Дивноморское”), რომელიც ბოლო წლებში მთავარ ალკოჰოლურ სასმელად იქცა უმაღლესი დონის მიღების მენიუებში. როგორც მენიუს ფოტოსურათი მოწმობს, სწორედ ამ ღვინის დაგემოვნებას სთავაზობს ხოლმე ვლადიმერ პუტინი საპატიო სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან – ალექსანდრე ლუკაშენკოთი დაწყებული, სი ძინპინით დამთავრებული.

ამ ღვინის დამზადებისთვის საჭირო ყურძენი „პუტინის სასახლესთან“ მდებარე ვენახში მოჰყავთ, რომელიც ათი წლის წინ პრეზიდენტის მეგობრებმა – კომპანია „აბრაუ-დიურსოს“ მესაკუთრეებმა – დივნომორსკში, ზღვასთან ახლოს გააშენეს, მაგრამ 2019 წელს ეს ყველაფერი – ღვინის ქარხანაც და ვენახებიც – კომპანია „ლაზურნაია იაგოდამ“ (“Лазурная ягода”) შეისყიდა, რომელსაც პუტინის გარემოცვის ოლიგარქი გენადი ტიმჩენკო ფლობს, ვლადიმერ კოლბინთან ერთად. ამ უკანასკნელს რუსული მასმედია პრეზიდენტის ბავშვობის მეგობრის შვილად მიიჩნევს.

მშვიდობით, იტალიელო მომწოდებლებო…

ისევე როგორც ღვინო „აბრაუ-დიურსოს“ წარმოება, „უსადბა დივნომორსკოეს“ ტექნოლოგიების დახმარებით ხდება. როგორც საბაჟოს მონაცემების ანალიზი აჩვენებს, ღვინის ქარხნისთვის ყველაფრის შეძენა მხოლოდ ევროპის საუკეთესო კომპანიებისაგან ხდება. აქ გამოიყენება არა მხოლოდ იტალიური ვაზის ნერგები და მოწყობილობები, არამედ ღვინის დამზადებასაც იტალიელი ენოლოგი მათეო კოლეტი ხელმძღვანელობს. ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის გამოცხადებული სანქციების მიუხედავად, იტალიელი სპეციალისტი მშვიდად აგრძელებს ელიტურ ღვინის ქარხანაში მუშაობას.

თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას კომპანიისათვის უკვალოდ არ ჩაუვლია, ომმა იტალიელ ენოლოგს, „სასახლის მეღვინეს“, თავის ტკივილი გაუხშირა
პირველ რიგში იმიტომ, რომ გაჩნდა პრობლემა ღვინის ტარის გამო: კრემლში „უსადბა დივნომორსკოეს“ გაგზავნა ადგილობრივი მწარმოებლის „კუბანსტეკლოტარის“ მიერ გამოშვებული ბოთლებით კი არ ხდება, არამედ იტალიიდან ჩამოტანილი ბოთლებით, რომელსაც კომპანია Vetri Speciali ამზადებს. მაგრამ როგორც „დოიჩე ველეს“ იტალიურ კომპანიაში უთხრეს, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ Vetri Speciali ვლადიმერ პუტინის მეღვინეებთან აღარ თანამშრომლობს: „ფაქტობრივად, ყველა ეკონომიკური და მონეტარული ტრანზაქციები რუსეთთან შეჩერებულია, მათ შორის კომპანია „უსადბა დივნომორსკოესთანაც“, – განუმარტეს „დოიჩე ველეს“ ქალაქ ტრენტოში მდებარე Vetri Speciali-ს ოფისში.

ბოთლს კორპის მუხის საცობი ჭირდება…

კრემლის მეღვინეებისათვის მინის ტარა პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემას წარმოადგენს საცობი. გასული წლის ზაფხულში ევროკავშირმა რუსეთში კორპის მუხისაგან დამზადებული კლასიკური კორპის საცობების შეტანა აკრძალა. კომპანია „უსადბა დივნომორსკოე“ უმაღლესი „ა“ კლასის საცობებს იყენებს, რომელიც 52 წლის მუხებისაგან მზადდება“, – სიამაყით ამბობდნენ ერთ-ერთ ომამდელ ინტერვიუში „უსადბის“ მწარმოებლები. იმ დროს ის ფაქტი, რომ ყველა წამყვანი მიმწოდებელი ევროკავშირიდან იყო, პრობლემას არ ქმნიდა. მაგრამ როგორც კი ომი დაიწყო… „ჩვენმა კომპანიამ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი და ყოველგვარი ინვესტიცია შეწყვიტა“, – შეატყობინა „დოიჩე ველეს“ კომპანია Corticeira Amorim-ის წარმომადგენელმა, რომელიც მსოფლიო ლიდერია ნატურალური კორპის მუხის ნაწარმის ექსპორტში.

მსოფლიოში კორპის ნაწარმის 70% პორტუგალიაში მზადდება. მეორე ადგილზეა მისი მეზობელი ესპანეთი. „აბრაუ-დიურსო’ და „უსადბა დივნომორსკოე“ სწორედ კომპანია Corticeira Amorim-ის მიერ წარმოებული საცობებით სარგებლობდნენ.
პლასტმასი? არასოდეს. მხოლოდ კორპის…

„ისეთი ღვინისთვის, რომლებსაც „პრემიუმის“ კატეგორიაზე აქვთ პრეტენზია, ნატურალური კორპის მუხისაგან დამზადებული საცობი განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს“, – განუმარტავს „დოიჩე ველეს“ უტს გრაფმანი, გერმანული ღვინის ლექსიკონის Wein.Plus-ის გამომცემელი, – „ეს ტრადიციაა. რასაკვირველია, ტექნიკურად კორპის საცობი შეიძლება სინთეზურით შეცვალო, მაგრამ თუ ასე გააკეთებ, ყველა იფიქრებს, რომ ღვინო იაფფასიანია“, – ამბობს სპეციალისტი. გარდა ამისა, ნატურალური საცობი შეუცვლელია, როცა ღვინო ბოთლში აგრძელებს საუკეთესო არომატის მიღწევას, როცა ბოთლში ჟანგბადი ზომიერად შედის.

ამრიგად, ნატურალური მუხის ხისგან დამზადებულ საცობებზე ემბარგოს გამოცხადების შემდეგ კრემლის „ელიტური“ ღვინის მწარმოებლები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგნენ. საქმე იმაშია, რომ თუ ღვინოს „პრემიუმ-ხარისხზე“ აქვს პრეტენზია, მაშინ თურქული და ტუნისური კორპის მუხისაგან დამზადებულ საცობებიც არ გამოდგება, რომლებიც შეიძლება ტრიქლორანიზოლს შეიცავდეს – ნივთიერებას, რომელიც მუხის სოკო შეიცავს და ღვინოს გემოს უცვლის. პორტუგალიაში და ესპანეთში კი ეს პრობლემა მოგვარებულია.

კრემლში, თურქეთის გავლით

იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ დაფასებული ელიტური ღვინის ბოთლებში სოკოებიანი კორპის მუხის საცობიანი ბოთლი არ მოხვდეს, მის სანდო მეღვინეებს დიდი ძალისხმევა უწევთ. 2022 წლის ივლისიდან, როცა ევროკავშირის ემბარგო ძალაში შევიდა, „აბრაუ-დიურსომ“ Corticeira Amorim-ის საცობების იმპორტი გააგრძელა, მაგრამ თურქეთის მეშვეობით.

რაც შეეხება საერთოდ ნატურალურ საცობების იმპორტს, ამჟამად ახალი მონაცემები კომპანიების საიტებზე გამოქვეყნებული არ არის. შესაბამისად, „დოიჩე ველემ“ ვერ დაადგინა, თუ რა ნეგატიური გავლენა მოახდინა საცობების უკმარისობამ კომპანიებზე და თუ მოახდინა, როგორ აპირებენ ისინი პრობლემის მოგვარებას.
პორტუგალიელები „დამატებით ზომებს“ მიიღებენ…

თავის მხრივ, კომპანია Corticeira Amorim-ის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მათთვის არაფერი არ არის ცნობილი საცობების რუსეთში თურქეთის გავლით მიწოდების შესახებ. „ჩვენ ყველა ყოფილ და ამჟამინდელ კლიენტს შევატყობინეთ, რომ აღარ გვსურს პროდუქციის მიწოდება რუსეთისათვის“, – ამბობენ Corticeira Amorim-ის ოფისში, თუმცა აღნიშნეს, რომ თურქეთთან დაკავშირებით სიტუაციას გადაამოწმებენ: „კონტრაგენტების მიმართ დამატებით ზომებს მივიღებთ, რომ სანქციების გვერდის ავლით მიწოდება აღარ მოხდეს“.

თუ მიმწოდებლები ევროკავშირის სანქციებს დაარღვევენ, ისინი 10 ათასი ევროთი დაჯარიმდებიან. ევროკომისიამ მინიმალური ჯარიმის გაზრდა კომპანიის წლიური ბრუნვის 5%-ით მოითხოვა და შესაძლოა, მათი მფლობელები სისხლის სამართლებრივადაც დაისაჯონ.

წყარო

ადამიანების მენეჯმენტი | 360° – თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის

18 მაისს თიბისი დაზღვევის ორგანიზებით HR მენეჯერებისთვის ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „ადამიანების მენეჯმენტი | 360° “. ღონისძიებაზე მოწვეული იყო 250-მდე წამყვანი HR მენეჯერი სხვადასხვა კომპანიიდან. შეკრების მიზანი იყო HR მენეჯმენტის 360 გრადუსით განხილვა და თანამშრომლებზე ზრუნვის სხვადასხვა ხელსაწყოების მიმოხილვა.

სპიკერებმა – თეა რომანოვამ, თამარ თანდაშვილმა და მედეა ტაბატაძემ ისაუბრეს თემებზე, თუ რატომ არის მენტალური ჯანმრთელობა ორგანიზაციული კულტურის ქვაკუთხედი, როგორია სოციალური ბენეფიტების როლი მოტივაციასა და პროდუქტიულობაში, როგორია მონაცემებზე დამყარებული ადამიანების მენეჯმენტი და ანალიტიკა. ასევე თიბისი დაზღვევამ წარადგინა დაზღვევის ახალი პროდუქტი – “ჯანმრთელობა 360°”, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ახალი პროდუქტი მოიცავს გაუმჯობესებულ მომსახურებებს და ისეთ უნიკალურ დაფარვებს, როგორებიცაა:

  • ალტერნატიული სამედიცინო დასკვნის მოძიება
  • საზღვარგარეთ მკურნალობა: ამბულატორია, ჰოსპიტალიზაცია, ორსულობა/მშობიარობა, მედიკამენტები და ონკოლოგია
  • ქსოვილთა ტრანსპლანტაცია
  • რეკონსტრუქციული პლასტიკური ქირურგია
  • ფსიქოთერაპია ან ფსიქიატრის მომსახურება
  • ენდოპროთეზები და იმპლანტები მარკისა და მოდელის მიუხედავად
  • ჰომეოპათია და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ასევე, მრავალი სხვა უნიკალური დაფარვა, პროვაიდერთა გაზრდილი რაოდენობა თუ გამარტივებული პროცედურები.

 „თიბისი დაზღვევა აგრძელებს მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებას. წლევანდელი ღონისძიება ამ სახით პირველად ჩატარდა და წარმატებული აღმოჩნდა. სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერებმა გააზიარეს თავიანთი ხედვები, განვიხილეთ თანამშრომლებზე ზრუნვის სხვადასხვა მიმართულებები. გვსურს ამ ღონისძიებამ რეგულარული სახე მიიღოს და ვგეგმავთ, მომავალ წელსაც ჩავატაროთ, რათა კვლავ შევძლოთ ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარება, ერთმანეთისგან ახალი თემების სწავლა და შედეგად ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ, – სერგო საყვარელიძე, თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი.

 

R

“აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს” – შსს

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 6-ვე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” განახორციელა. პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებენ. აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შესვლას მკაცრად აკონტროლებენ.

“მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია” – მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს „ჩუმი ანექსია“ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებს სასწრაფოდ სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესდეს.

„გაიღვიძე საქართველო! გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია – ანექსია მარტო ტანკი არ არის. სასწრაფოდ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესდეს! ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს ქართველების გარეშე მივიღებთ!”, – განაცხადა ხაზარაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ჰალუცინაციებს რაც შეეხება, მათ უკვე აქვთ პარალელური სამყარო”

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ჰალუცინაციებს რაც შეეხება, მათ უკვე აქვთ პარალელური სამყარო. ისინი პოლიტიკურ ოფსაიდში იმყოფებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში ყოველდღე თამაშობენ პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას და დაცილებული არიან საზოგადოების რეალურ ინტერესებს.

„დაკარგეს რეალური პოლიტიკური კურსი, მთავარი ოპოზიციის როლი საპარლამენტო პოლიტიკაში. სადღაც საკუთარ სივრცეში და საკუთარ ილუზიებში ატარებენ უკვე შიდა რიგგარეშე არჩევნებს, თავმჯდომარეები არიან გადაყენებული, არიან მოქმედი თავმჯდომარეები, ვისაც გადაყენებული თავმჯდომარეები ემუქრებიან. ყოველდღე თამაშობენ პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას და დაცილებული არიან საზოგადოების რეალურ ინტერესებს. გარედან ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური სასაცილო სერიალი. ისინი შიგნით აირჩევენ ვითომ პრემიერ-მინისტრებს, ვითომ პრეზიდენტებს, გაიხსენებენ იმ დროსაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ იმედია, იმასაც გაიხსენებენ, როგორ მოექცნენ საზოგადოებას და როგორ ექცეოდნენ მოქალაქეებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანების ღირსებას შეურაცხყოფდა, მედია ჰყავდა დაპატიმრებული, მოქალაქეები საკუთრებას ღამღამობით ჩუქნიდნენ პროკურატურაში სახელმწიფოს, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და დედები, მშობლები ციხეებთან შვილებს შიშით ელოდებოდნენ, ეს დრო აღარ დაბრუნდება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში.

„ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს დემოკრატიული წესების სრული დაცვით. ძალიან მინდა, პატიმრობაში მყოფ ადამიანზე, რომელსაც პაციენტის სტატუსი აქვს და საავადმყოფოში იმყოფება, უხეში შეფასებები არ გავაკეთო, მაგრამ ის, რაც გააკეთა, არის სიცრუე, საზოგადოების მოტყუება და არასერიოზული პოლიტიკოსის საქციელი. როდესაც თვეების წინ ამბობდა, თითქოს ქართული პოლიტიკა არ აინტერესებდა და დღეს აკეთებს განცხადებებს, ქართულ პოლიტიკაში რა როგორ უნდა მოხდეს და ვირტუალურ თანამდებობებზეც აქვს პრეტენზია. რა უნდა ვთქვათ ამაზე? ღიმილისმომგვრელია. მოდით, იცხოვრონ მათ თავიანთ რეალობაში, ჩვენ განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ძალიან კარგია, თუ მოხდა შეცდომის აღიარება” – ირაკლი კობახიძე

როდესაც მიზანმიმართულად, მით უმეტეს, არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობს ვიღაც ნიჰილიზმის კამპანიის წარმოებას, არის ძალიან მძიმე, თან იმ ფონზე, როდესაც გასული ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს, – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კომპანია „მაკდონალდსის“ მიერ გამოკრულ ბანერებზე დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, ნიჰილიზმის დათესვა და არასწორი მონაცემების გავრცელება, თითქოს 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და კომპანიის მიერ შეცდომის აღიარება მისასალმებელია.

„რა თქმა უნდა, ასეთ დროს, ნიჰილიზმის დათესვა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, თუ შეცდომა აღიარებული იქნა და იმედია, მომავალში ასეთი რამ არ მოხდება.
ზოგადად, საკუთარი ქვეყნის მიმართ იმედგაცრუების ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნა უბრალოდ არასწორი ქმედებაა და ასეთ ფაქტებს უნდა გაეცეს პასუხი. თუ მოხდა შეცდომის აღიარება, ეს არის ძალიან კარგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვერ იქნება, რადგან არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა”-სოზარ სუბარი

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის,  სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვერ იქნება, რადგან მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დატოვა საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად, მას არანაირი უფლება არ აქვს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

„კაცმა არ იცის „ნაციონალური მოძრაობა“ მიაღწევს თუ არა 2024 წლის არჩევნებამდე, თუ მიაღწევს რა ძალა ექნება მას და როგორ იქნება. დადასტურდა, რამდენად მატყუარები არიან, რადგან თავიდან, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ სააკაშვილი მიდის ქართული პოლიტიკიდან და მას საქართველო არ აინტერესებს, დღეს მათ შეატრიალეს თემა და ამბობენ, რომ პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს. ჯერ ეს ერთიც პრემიერობის კანდიდატი ვერაფრით იქნება, რადგან სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიატოვა საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად, მას არანაირი უფლება არ აქვს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ამზადებს.

“ოპოზიციის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ფრენების აღდგენა უმძიმესი მოვლენაა, სპეკულაციაა” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა რუსეთ-საქართველოს პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით სანქციებს არ დააწესებს და ოპოზიციის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ფრენების აღდგენა უმძიმესი მოვლენაა, სპეკულაციაა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „IRI-ს გაყალბებულ კვლევაშიც კი“ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთში ფრენების აღდგენას ემხრობოდა.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფრენებთან დაკავშირებული კითხვების გამო „ნაცები“ უწოდა და „უფრო აზრიანი“ კითხვების დასმისკენ მოუწოდა.

„ფრენებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. რა თქმა უნდა, სანქციებს არ ვაწესებთ. მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომს 500 ადამიანი შეეწირა და 30 00 ადამიანი დევნილად იქცა, მაშინ ხელისუფლება რუსეთთან დაახლოებაზე საუბრობდა. დღეს მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ფრენების აღდგენა უმძიმესი მოვლენაა, უბრალოდ სპეკულაციაა და მეტი არაფერი.

მე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დღეს „უმძიმეს დღეზე“ საუბრობდა, თავად საკუთარ სახლში რუს მდგმურებს იღებს. ასევე, ხოშტარია რუსულ რუბლებს პირდაპირ რუსეთის ხაზინიდან იღებს. მათთვის, რატომღაც, ასეთი ფაქტები, დისკომფორტის შემქმნელი არ არის. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებენ.

ახლა დიპლომატიურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და თუ შეიძლება აზრიანი კითხვები დასვით. „ნაცობა“ არის გონების დაბინდვა. რომ ხართ „ნაციონალი“, ეს ნიშნავს იმას, რომ დაბინდული გონება გაქვთ და შესაბამისად ასეთი არააზრიანი კითხვებით ხართ აღჭურვილი.

IRI-ს გაყალბებულ კვლევაშიც კი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთში ფრენების აღდგენას ემხრობოდა. მე არც ის ვიცი, რატომ არ იღებს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დაწესების გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე, არ ვიცი რატომ არ ეწერება ხელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აშშ-სა და საქართველოს შორის, რატომ არ ამარტივებენ სავიზო რეჟიმს. ეს კითხვები არსებობს, მაგრამ პასუხების გაცემა ჩვენი პრეროგატივა არ არის.

რაც შეეხება უკრაინის მიერ სანქცირებულ კომპანიას, ავიაკომპანიას ვინ დაასანქცირებს, ეს მთავარი არ არის. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ საქართველოდან ელჩიც გაიწვია. ჩვენთვის საერთაშორისო პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ საერთაშორისოდ დასანქცირებული კომპანიები არ მიიღებიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს ემინ ამრულაევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, განათლების მიმართულებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმების მნიშვნელობას, რომელსაც ხელი 2022 წელს მოეწერა.
გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ზოგადი განათლების სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. განიხილეს უმაღლეს სასწავლებლებს შორის წარმატებული პარტნიორობა, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. აქვე, ხაზი გაესვა, რომ წარმატებული თანამშრომლობის დასტურია აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან  თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გააფორმეს.
შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორი ჰაფიზ ფაშაევი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ესწრებოდნენ.

“ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს”- ნიკოლოზ სამხარაძე

„ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ,“ – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხოშტარია ცდილობს რაღაცნაირად შენიღბოს, ვითომ ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს.

„ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ. გადარიცხვები იცით, რომ შეწყვეტილია რუსეთსა და საქართველოს შორის და მე მგონი ეს ახალი გზაა, ცდილობს, რომ რაღაცნაირად შენიღბოს, ვითომ ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს,“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

“შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია” – მერაბ ჭიქაშვილი

„შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონდეს“, – ამის შესახებ „სოლიდარობა მშვიდობის“ ლიდერმა მერაბ ჭიქაშვილმა თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის შესრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჭიქაშვილმა საქართველოს მოსახლეობას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა მიულოცა და თქვა, რომ ეს გამარჯვება სახალხო დიპლომატიამ მოიტანა.

„პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ იმ გამარჯვებას, რაც სახალხო დიპლომატიამ მოიტანა და კონკრეტულად იმ შედეგმა, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჯერ კიდევ 7 დეკემბერს. ჩვენი ორგანიზაციის  „სოლიდარობა მშვიდობის“ სახელით, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი ჩვენ გვქონდა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდა რუსეთის მხარე, რუსეთის დუმის დეპუტაცია, კონკრეტულად ლეონიდ კალაშნიკოვთან და ტაისაევთან დავაყენეთ საკითხი.

ორ საკითხზე იყო საუბარი, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის არ ყოფილიყო უვიზო რეჟიმი და შესაბამისად აღდგენილიყო ფრენები. საქართველო იმსახურებს რომ ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. ამას გარდა, შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია. თუმცა ეს არ არის ბოლომდე გამარჯვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის ინტერესები“, – აცხადებს ჭიქაშვილი.