პუტინის მეღვინეების გასაჭირი: აღარც ევროპული ბოთლებია და აღარც კორპის საცობები

122
spot_img

გერმანული რადიო „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინის მეღვინეების გასაჭირი: აღარც ევროპული ბოთლები და აღარც კორპის საცობები“ (ავტორი – ევგენი თეიზე).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

შავი ზღვის ბრიზი, მზის სხივები და წყლის უკიდეგანო ცისფერი ზედაპირი – თვალწარმტაცი პეიზაჟებისა და თბილი კლიმატის გამო კრასნოდარის მხარის შავიზღვისპირეთის მიმზიდველი მწვანე ბორცვ-გორაკები „რჩეული რუსებისათვის“ დასასვენებლად ადგილად არის გადაქცეული. სწორედ აქ, გელენჯიკთან ახლოს მდებარეობს შთამბეჭდავი „პუტინის სასახლე”, რომელიც მსოფლიოსათვის ალექსი ნავალნის დოკუმენტური ფილმით გახდა ცნობილი. სწორედ ამ მხარეში ჩნდება ბოლო ათწლეულების განმავლობაში ზედიზედ ახალი „ელიტური ვენახები“ და ღვინის თანამედროვე ქარხნები – სტატუსური ჰობები მულტიმილიონერებისა და მულტიმილიარდერებისათვის კრემლის „ხაზეინის“ ახლო გარემოცვიდან.
„იმ ყველაფრიდან, რაც მე იქ ვნახე, მხოლოდ ერთით დავინტერესდი (…) – ღვინის დამზადებით და ღვინის ქარხნებით“, – აღიარა ვლადიმერ პუტინმა 2021 წლის იანვარში სტუდენტებთან მოწყობილი „ტელეხიდის“ დროს. რუსეთის პრეზიდენტმა დიალოგის მსვლელობაში „პუტინის სასახლის“ არსებობა უარყო, მაგრამ აღიარა, რომ როცა მისი მეგობრისა და მრჩევლის ბორის ტიტოვის ღვინის მარანში – „აბრაუ-დიურსოში“ მიდის ხოლმე, „სუნთქვა ეკვრის“.

ევროპიდან – ყველაზე საუკეთესო

ბორის ტიტოვი თავისი ღვინის ქარხნისათვის, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია მისი ვაჟი პავლე განაგებს, ფულს არ ზოგავს. ვაზის ნერგები, ღვინის კასრები და სხვა მოწყობილობა-დანადგარები იტალიაში საუკეთესო მწარმოებლებისაგან იქნა შეძენილი, ხოლო კომპანია SAVERGLASS-ის დიზაინერულ ბოთლებს საფრანგეთიდან იღებს. „ჩვენ საუკეთესო ვართ საუკეთესოებს შორის“ – ასე განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში პავლე ტიტოვ-უმცროსმა, რომელიც კრემლისთვის ღვინის რჩეული მიმწოდებლების სიაში შედის.

კიდევ ერთი ღვინო კრემლის ბინადრებისათვის, რომელმაც მასმედიაში უკვე მოასწრო არაოფიციალურად „პუტინის ღვინის“ სახელით დამკვიდრება, არის ღვინო „უსადბა დივნომორსკოე“ (“Усадьба Дивноморское”), რომელიც ბოლო წლებში მთავარ ალკოჰოლურ სასმელად იქცა უმაღლესი დონის მიღების მენიუებში. როგორც მენიუს ფოტოსურათი მოწმობს, სწორედ ამ ღვინის დაგემოვნებას სთავაზობს ხოლმე ვლადიმერ პუტინი საპატიო სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან – ალექსანდრე ლუკაშენკოთი დაწყებული, სი ძინპინით დამთავრებული.

ამ ღვინის დამზადებისთვის საჭირო ყურძენი „პუტინის სასახლესთან“ მდებარე ვენახში მოჰყავთ, რომელიც ათი წლის წინ პრეზიდენტის მეგობრებმა – კომპანია „აბრაუ-დიურსოს“ მესაკუთრეებმა – დივნომორსკში, ზღვასთან ახლოს გააშენეს, მაგრამ 2019 წელს ეს ყველაფერი – ღვინის ქარხანაც და ვენახებიც – კომპანია „ლაზურნაია იაგოდამ“ (“Лазурная ягода”) შეისყიდა, რომელსაც პუტინის გარემოცვის ოლიგარქი გენადი ტიმჩენკო ფლობს, ვლადიმერ კოლბინთან ერთად. ამ უკანასკნელს რუსული მასმედია პრეზიდენტის ბავშვობის მეგობრის შვილად მიიჩნევს.

მშვიდობით, იტალიელო მომწოდებლებო…

ისევე როგორც ღვინო „აბრაუ-დიურსოს“ წარმოება, „უსადბა დივნომორსკოეს“ ტექნოლოგიების დახმარებით ხდება. როგორც საბაჟოს მონაცემების ანალიზი აჩვენებს, ღვინის ქარხნისთვის ყველაფრის შეძენა მხოლოდ ევროპის საუკეთესო კომპანიებისაგან ხდება. აქ გამოიყენება არა მხოლოდ იტალიური ვაზის ნერგები და მოწყობილობები, არამედ ღვინის დამზადებასაც იტალიელი ენოლოგი მათეო კოლეტი ხელმძღვანელობს. ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის გამოცხადებული სანქციების მიუხედავად, იტალიელი სპეციალისტი მშვიდად აგრძელებს ელიტურ ღვინის ქარხანაში მუშაობას.

თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას კომპანიისათვის უკვალოდ არ ჩაუვლია, ომმა იტალიელ ენოლოგს, „სასახლის მეღვინეს“, თავის ტკივილი გაუხშირა
პირველ რიგში იმიტომ, რომ გაჩნდა პრობლემა ღვინის ტარის გამო: კრემლში „უსადბა დივნომორსკოეს“ გაგზავნა ადგილობრივი მწარმოებლის „კუბანსტეკლოტარის“ მიერ გამოშვებული ბოთლებით კი არ ხდება, არამედ იტალიიდან ჩამოტანილი ბოთლებით, რომელსაც კომპანია Vetri Speciali ამზადებს. მაგრამ როგორც „დოიჩე ველეს“ იტალიურ კომპანიაში უთხრეს, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ Vetri Speciali ვლადიმერ პუტინის მეღვინეებთან აღარ თანამშრომლობს: „ფაქტობრივად, ყველა ეკონომიკური და მონეტარული ტრანზაქციები რუსეთთან შეჩერებულია, მათ შორის კომპანია „უსადბა დივნომორსკოესთანაც“, – განუმარტეს „დოიჩე ველეს“ ქალაქ ტრენტოში მდებარე Vetri Speciali-ს ოფისში.

ბოთლს კორპის მუხის საცობი ჭირდება…

კრემლის მეღვინეებისათვის მინის ტარა პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემას წარმოადგენს საცობი. გასული წლის ზაფხულში ევროკავშირმა რუსეთში კორპის მუხისაგან დამზადებული კლასიკური კორპის საცობების შეტანა აკრძალა. კომპანია „უსადბა დივნომორსკოე“ უმაღლესი „ა“ კლასის საცობებს იყენებს, რომელიც 52 წლის მუხებისაგან მზადდება“, – სიამაყით ამბობდნენ ერთ-ერთ ომამდელ ინტერვიუში „უსადბის“ მწარმოებლები. იმ დროს ის ფაქტი, რომ ყველა წამყვანი მიმწოდებელი ევროკავშირიდან იყო, პრობლემას არ ქმნიდა. მაგრამ როგორც კი ომი დაიწყო… „ჩვენმა კომპანიამ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი და ყოველგვარი ინვესტიცია შეწყვიტა“, – შეატყობინა „დოიჩე ველეს“ კომპანია Corticeira Amorim-ის წარმომადგენელმა, რომელიც მსოფლიო ლიდერია ნატურალური კორპის მუხის ნაწარმის ექსპორტში.

მსოფლიოში კორპის ნაწარმის 70% პორტუგალიაში მზადდება. მეორე ადგილზეა მისი მეზობელი ესპანეთი. „აბრაუ-დიურსო’ და „უსადბა დივნომორსკოე“ სწორედ კომპანია Corticeira Amorim-ის მიერ წარმოებული საცობებით სარგებლობდნენ.
პლასტმასი? არასოდეს. მხოლოდ კორპის…

„ისეთი ღვინისთვის, რომლებსაც „პრემიუმის“ კატეგორიაზე აქვთ პრეტენზია, ნატურალური კორპის მუხისაგან დამზადებული საცობი განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს“, – განუმარტავს „დოიჩე ველეს“ უტს გრაფმანი, გერმანული ღვინის ლექსიკონის Wein.Plus-ის გამომცემელი, – „ეს ტრადიციაა. რასაკვირველია, ტექნიკურად კორპის საცობი შეიძლება სინთეზურით შეცვალო, მაგრამ თუ ასე გააკეთებ, ყველა იფიქრებს, რომ ღვინო იაფფასიანია“, – ამბობს სპეციალისტი. გარდა ამისა, ნატურალური საცობი შეუცვლელია, როცა ღვინო ბოთლში აგრძელებს საუკეთესო არომატის მიღწევას, როცა ბოთლში ჟანგბადი ზომიერად შედის.

ამრიგად, ნატურალური მუხის ხისგან დამზადებულ საცობებზე ემბარგოს გამოცხადების შემდეგ კრემლის „ელიტური“ ღვინის მწარმოებლები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგნენ. საქმე იმაშია, რომ თუ ღვინოს „პრემიუმ-ხარისხზე“ აქვს პრეტენზია, მაშინ თურქული და ტუნისური კორპის მუხისაგან დამზადებულ საცობებიც არ გამოდგება, რომლებიც შეიძლება ტრიქლორანიზოლს შეიცავდეს – ნივთიერებას, რომელიც მუხის სოკო შეიცავს და ღვინოს გემოს უცვლის. პორტუგალიაში და ესპანეთში კი ეს პრობლემა მოგვარებულია.

კრემლში, თურქეთის გავლით

იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ დაფასებული ელიტური ღვინის ბოთლებში სოკოებიანი კორპის მუხის საცობიანი ბოთლი არ მოხვდეს, მის სანდო მეღვინეებს დიდი ძალისხმევა უწევთ. 2022 წლის ივლისიდან, როცა ევროკავშირის ემბარგო ძალაში შევიდა, „აბრაუ-დიურსომ“ Corticeira Amorim-ის საცობების იმპორტი გააგრძელა, მაგრამ თურქეთის მეშვეობით.

რაც შეეხება საერთოდ ნატურალურ საცობების იმპორტს, ამჟამად ახალი მონაცემები კომპანიების საიტებზე გამოქვეყნებული არ არის. შესაბამისად, „დოიჩე ველემ“ ვერ დაადგინა, თუ რა ნეგატიური გავლენა მოახდინა საცობების უკმარისობამ კომპანიებზე და თუ მოახდინა, როგორ აპირებენ ისინი პრობლემის მოგვარებას.
პორტუგალიელები „დამატებით ზომებს“ მიიღებენ…

თავის მხრივ, კომპანია Corticeira Amorim-ის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მათთვის არაფერი არ არის ცნობილი საცობების რუსეთში თურქეთის გავლით მიწოდების შესახებ. „ჩვენ ყველა ყოფილ და ამჟამინდელ კლიენტს შევატყობინეთ, რომ აღარ გვსურს პროდუქციის მიწოდება რუსეთისათვის“, – ამბობენ Corticeira Amorim-ის ოფისში, თუმცა აღნიშნეს, რომ თურქეთთან დაკავშირებით სიტუაციას გადაამოწმებენ: „კონტრაგენტების მიმართ დამატებით ზომებს მივიღებთ, რომ სანქციების გვერდის ავლით მიწოდება აღარ მოხდეს“.

თუ მიმწოდებლები ევროკავშირის სანქციებს დაარღვევენ, ისინი 10 ათასი ევროთი დაჯარიმდებიან. ევროკომისიამ მინიმალური ჯარიმის გაზრდა კომპანიის წლიური ბრუნვის 5%-ით მოითხოვა და შესაძლოა, მათი მფლობელები სისხლის სამართლებრივადაც დაისაჯონ.

წყარო