Home Blog Page 1551

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკი“ დასრულდა

საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ დასრულდა. კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სამწყობრო მოედანზე შეკრებილ ბავშვებს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და თამარ მახარაშვილი მიესალმნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, საქართველოს ისტორიისა და ქართველი გმირების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მათივე ცნობით, საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე გრიგოლ გიორგაძემ კოლეგას სამახსოვრო დაფა გადასცა, რომელშიც ყველა როტაციის განმავლობაში ბანაკში აღმართული საქართველოს სახელმწიფო და „ჯარის ბანაკის“ დროშები იყო მოთავსებული. ბავშვებმა კი სერტიფიკატები, ჟეტონები და სასაჩუქრე პაკეტები მიიღეს. ადგილზე გამოფენილი იყო ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც, რომლებზეც ეროვნული გმირები, ქართული ჯარის ღირებულებები და „ჯარის ბანაკში“ მიღებული ემოციები იყო გადმოცემული.

„ჯარის ბანაკი“ 25 ივნისს დაიწყო. რვა როტაციის ფარგლებში ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და თბილისის სკოლებიდან 800-მდე ბავშვს უმასპინძლა. პროექტი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.

„ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტია და ის თავდაცვის უწყებამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელა. მისი აღსრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ უზრუნველყო.

რუსეთმა ომი უკვე წააგო – ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის არგუმენტაცია უკრაინაში შეჭრის შესახებ „სასაცილოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია.

CNN-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება ჯო ბაიდენმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„რუსეთმა უკვე წააგო. რუსულ აგრესიაზე რეაქციის არარსებობა ჩინეთისთვის ტაივანის მიმართებაში სიგნალიც გახდებოდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, არაფერი, რომ არ გაგვეკეთებინა?“ – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ ევროპული პრობლემა არ არის, ასეთი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში არ ყოფილა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანისთვის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განხორციელდა.

შსს-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულები არიან ,უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული ა.მ., 1985 წელს დაბადებული ს.ტ. და 1987 წელს დაბადებული, მ.ლ.

მათივე განმარტებით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამართალდამცველებმა ა.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, 125 შეკვრად დაფასოებული – 1 კილო და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“-ს შემცველი ნივთიერება ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ს.ტ.-სგან კი 50 გრამამდე ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს, ხოლო, რაც შეეხება დაკავებულ მ.ლ.-ს პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონტრშეტევის დაწყებიდან 10 კვირის შემდეგ, უკრაინა მძიმე დანაკარგებს განიცდის – ABC News

მზარდი მტკიცებულება არსებობს, რომ უკრაინა მძიმე დანაკარგებს განიცდის კონტრშეტევაში, რომელიც დაახლოებით ათი კვირის წინ დაიწყო, – წერს ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი სტატიაში სათაურით კონტრშეტევის დაწყებიდან 10 კვირის შემდეგ, უკრაინა მძიმე დანაკარგებს განიცდის.

ABC News-ი ესაუბრა ორ ყოფილ ამერიკელ ჯარისკაცს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმში კონტრაქტით მსახურობენ და აღმოსავლეთ უკრაინაში ორი კვირის წინ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიჭრნენ.

მათ განაცხადეს, რომ მათი რაზმის მისია დონეცკის გარეუბანში მდებარე სოფელზე კონტროლის აღება იყო.

ერთ-ერთმა მათგანმა, ყოფილმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ტეხასიდან, განაცხადა, რომ მისი რაზმის დანაკარგების მაჩვენებელმა 85% შეადგინა, ხოლო 40% მძიმედ იყო დაჭრილი.

აშშ-ის არმიის მეორე ვეტერანმა განაცხადა, რომ აშკარა გახდა, რომ ისინი რუსეთის ჯარების ძალიან ორგანიზებული წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდნენ.

”ეს ნამდვილად იყო ძალიან პროფესიონალური ძალა, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ვიბრძოდით”, – თქვა აშშ-ის არმიის ვეტერანმა ალასკიდან.

ABC News-ი ასევე დაუკავშირდა ორ სხვა უკრაინელ ჯარისკაცს, რომლებთანაც ტელეკომპანიამ ინტერვიუ ომის ადრინდელ ეტაპზე ჩაწერა და მათ განაცხადეს, რომ ისინი ასევე დაშავდნენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ერთ-ერთმა დასავლელმა სამხედრომ, რომელიც ასევე კონტრაქტით მსახურობს უკრაინულ ძალებში, აღნიშნა, რომ მან სერიოზული ჭრილობა მიიღო კონტრშეტევის ადრეულ ეტაპზე ივნისში.

მისი ტქმით, შეტევითი ოპერაციები, რომლებშიც ის მონაწილეობდა, იყო არაორგანიზებული და გააკრიტიკა ზოგიერთი ტაქტიკური გადაწყვეტილება.

“ჩვენ დავკარგეთ სამი ლეოპარდი [გერმანული წარმოების ტანკი] ერთ დღეში, რადგან მათ უბრალოდ უთხრეს, სვლა გაეგრძელებინათ დანაღმულ ველზე”, – თქვა მან.

მან დასძინა, რომ ახლად მობილიზებულ უკრაინელ ჯარისკაცებს ხშირად არ აქვთ საჭირო მომზადება ბრძოლის ველზე რთული შეტევითი ოპერაციებისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივნისის დასაწყისიდან მისი ბატალიონის ათობით ჯარისკაცი შეტევით ოპერაციებში იყო ჩართული და მათგან დაახლოებით 80% დიჭრა. თუმცა, მან დასძინა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.

თავის მხრივ, ორმა ყოფილმა ამერიკელმა ჯარისკაცმა აღნიშნა, რომ უკრაინული კონტრშეტევა კარგად ხორციელდება და მოსალოდნელია დიდი დანაკარგები ამ ტიპის სამხედრო შეტევაში.

ტელეკომპანია ABC News-ი აღნიშნავს, რომ უკრაინა არ აქვეყნებს დანაკარგების მონაცემებს მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბური შეჭრა დაიწყო გასული წლის თებერვალში.

თუმცა, უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა აღწერა სიტუაცია, როგორც “ნამდვილად მძიმე” და დასძინა, რომ დანაკარგების 80% რუსეთის არტილერიამ გამოიწვია.

“რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ “მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ” – მედია

რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ “მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და საელჩოებს შორის მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიმოწერის თანახმად, იგეგმება, რომ შეთანხმებაში თურქეთი ორგანიზატორის როლში გამოვა, ხოო კატარი – სპონსორის. ახალი პროექტის ფარგლებში “რუსული მარცვლეულის” მიწოდება ღარიბ ქვეყნებში იგეგმება, მეტწილად აფრიკაში. ამავდროულად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთს სთხოვს, რომ მარცვლეულის წინა შეთანხმებაც აღადგინოს, რათა მარცვლეული უკრაინიდანაც გადიოდეს.

ანკარა, ასევე, გაეროს ეგიდის ქვეშ მოქმედების წინადადებით გამოდის.

Bild-ის ინფორმაციით, ახალი შეთანხმება უკვე ამ შაბათ-კვირას ბუდაპეშტში შეიძლება გაფორმდეს. უნგრეთში ასევე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩავა.

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ ფიქრობთ, რომ მეგობარი ან კოლეგა რაღაცას არასწორად აკეთებს, შეცდომისკენ უნდა მიუთითოთ. დიახ, შეიძლება ეწყინოს, შეიძლება მტრადაც მოგეკიდოთ, მაგრამ მალე თქვენი პირდაპირობისა და პატიოსნებისთვის მადლობას გეტყვით და მოგიბოდიშებთ.

კურო

თუ თანამშრომელს ან ბიზნესპარტნიორს თქვენი ავტორიტეტი და სანდოობა აეჭვებს, გირჩევთ, ურთიერთობა გაარკვიოთ და თუ საჭიროა, გაწყვიტოთ კიდეც. კარგია, რომ მასზე დამოკიდებული არ ხართ, ამიტომ საქმიანობას მის გარეშე გააგრძელებთ.

ტყუპები

შეიძლება ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელიც ყველას სასტიკად და დაუნდობლად მოეჩვენება, მაგრამ ახლა ასეა საჭირო. ეცადეთ, საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეთ, რომ სხვა ადამიანების აზრი ნაკლებად გადარდებთ და ახლა რატომ უნდა შეიცვალოთ?

კირჩხიბი

შეიძლება, დაწყებული საქმის დროულად დასრულებას ვერ ასწრებთ, მაგრამ ამის გამო ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თუ წესებს ყოველ ნაბიჯზე არ დაიცავთ, დღის ბოლოს საკუთარი მიზნისგან იმაზე შორს იქნებით, ვიდრე აქამდე იყავით.

ლომი

თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც ფულს იხდის, ამიტომ ცუდად შესრულებულ სამუშაოს ან ცუდ მომსახურებას არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებით. შეგიძლიათ გარშემო მყოფი ადამიანებისგან საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება მოითხოვოთ. სხვა დამოკიდებულება, უბრალოდ, არ შეგეფერებათ.

ქალწული

რაც უფრო მეტად გაშინებენ ვირუსებით, გლობალური დათბობით თუ ეკონომიკური კრიზისით, უფრო მეტად უნდა გაიცინოთ და სრულფასოვნად იცხოვროთ. რა თქმა უნდა, დედამიწაზე უამრავი პრობლემაა, მაგრამ ის მაინც მშვენიერი ადგილია და საცხოვრებლად უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. ასე რომ, წარბი გახსენით და ცხოვრება შეირგეთ.

სასწორი

თუ ინტუიცია გკარნახობთ, რომ კოლეგის ნათქვამს ეჭვით შეხედოთ, ასეც უნდა მოიქცეთ. ამ დღეს ინტუიცია ნამდვილად არ გატყუებთ და სავარაუდოდ, დაეჭვების მიზეზიც არსებობს. თუ შეძლებთ, დღის მეორე ნახევარში მოინახულეთ ნათესავები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. სავარაუდოდ, მათგან ერთ-ერთს თქვენი დახმარება სჭირდება.

მორიელი

შეიძლება, ამ დღეს რაღაც მაცდური და სასიამოვნო უფასოდ შემოგთავაზონ, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს, ამიტომ ცდუნებას უნდა გაუძლოთ. ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც გასწავლით, რა გჭირდება -, ეს თქვენზე კარგად არავინ იცის.

მშვილდოსანი

თქვენი ოჯახის წევრებს და მეგობრებს უნდა ესმოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენ გეკუთვნით და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც მხოლოდ თქვენი მისაღებია.

თხის რქა

ამ დღეს დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა საკუთარ შიშებს და შინაგან შფოთვას გაუმკლავდეთ. თუმცა თვის ბოლოს ამ დღეს რომ გაიხსენებთ გაგეცინებათ, იმდენად უმნიშვნელო საკითხის გამო ღელავდით.

მერწყული

ახლა იმის დრო არ არის, რომ ნაზი და მგრძნობიარე იყოთ. პრობლემები, რომლებიც დღეს უნდა გადაწყვიტოთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაშვებას გაიძულებთ. ამ დღეს მხოლოდ ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოთ, რაც არ უნდა აღიზიანებდეს ეს ზოგიერთს.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, ხელიდან არ გაუშვათ საუკეთესო შანსი – დღეს წარმატებული იქნება მოლაპარაკებები, საქმიანი შეხვედრები, ახალი წინადადების განხილვა – განსაკუთრებით სამუშაოსთან და სამედიცინო თემებთან დაკავშირებით. შესაძლოა, ეს არის ზუსტად ის, რაც თქვენ ამ მომენტში ძალიან გჭირდებათ.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად რუსი პოლკოვნიკი და შს სამინისტროს წარმომადგენლები დაშავდნენ

ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი და რამდენიმე პირი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო და მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ავრცელებენ.

“18 აგვისტოს დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში საქალაქო “პოლიციის” ხელმძღვანელების თათბირი იყო ჩანიშნული. დაახლოებით 09:23 საათზე პოლიციის უფროსის კაბინეტში ძლიერი აფეთქება გაისმა.

შედეგად მრავალი ჭრილობა მიიღეს: საქალაქო პოლიციის განყოფილების უფროსმა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა პაველ ჩესანოვმა (ჩუვაშიის რესპუბლიკა), მისმა მოადგილემ ოპერატიულ მუშაობაში, საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა, სამორიგეო სამსახურის უფროსმა და რიგმა განყოფილების უფროსებმა.

აფეთქების შემდეგ ისინი სასწრაფოდ მიიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში”, – წერია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.

ვიდეოს მიხედვით, რომელიც უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა, შენობას, სადაც რუსები ისხდნენ, დრონი დაეჯახა.

რაჭაში ნაპოვნი 27-ე ცხედარი კოტე მაისურაძის აღმოჩნდა

სტიქიის ზონაში დაკარგული კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მარიტა გუტაშვილი ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს, კოტე მაისურაძეს და მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს რუსთავში დაკრძალავენ.

„ვაგრძელებთ….
შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისა;
კოტე მაისურაძე;
მარიამ მაისურაძე;

გადმოსვენება – შაბათს საღამოს 19.08.2023; პანაშვიდი 20~21 აგვისტო.

მის: ქ. რუსთავი, ლესელიძის მეორე გასასვლელი სახლი #18.

22 აგვისტოს 09:00 საათიდან დავასვენებთ წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საიდანაც მოხდება გაცილება 15:00 საათზე“, – წერს მარიტა გუტაშვილი.

როგორც ცნობილია, კოტე მაისურაძე მარიტა გუტაშვილის სტიქიის ზონაში მოყოლილი 9 ოჯახის წევრიდან ერთ-ერთია.

ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 27 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეძებენ დაკარგულ 6 ადამიანს.

“ვახტანგ გომელაური ჩემი უკანასკნელი მინისტრი იყო – ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამამისის სული” – დავით ქართველიშვილი

დღეს ვახტანგ გომელაურს მამა გარდაეცვალა. ჩემსავით, მასთან ყოფნის ბოლო წუთებს ალბათ ისიც ვერ ეღირსა. სვავების ბანაკში ალბათ ზეიმია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, ამ ამბავმა მამამისის გარდაცვალება გაახსენა, ვინაიდან სწორედ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს მას მომაკვდავ მამასთან გამომშვიდობების საშუალება არ მიეცა.

„2011 წლის 10 მარტს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში”, 20 საათზე, საქართველოში სააკაშვილის მიერ ჩამოთრეული, „შავი იარაღის ბარონად” შერაცხული ლეონიდ მინინი გვიტარებდა „თათბირს”, თელეთის მშენებარე სასაკლაოს სავენტილაციო სისტემის მონტაჟის თაობაზე. თათბირს ვესწრებოდი მეც, ობიექტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჩემი აწ გარდაცვლილი ბაჩოც – მარკეტოლოგი.

21 საათზე სახლიდან დამირეკა დამ: „მგონი მამა ცუდადაა”. მინინს ავუხსენი სიტუაცია, უხეშად მიპასუხა: „მალე დავამთავრებთ, არაფერი არ მოუვა”. მარიოტიდან 21 საათსა და 30 წუთზე გამოვედი. 21 საათსა და 45 წუთზე ხილიანზე ვიყავით მე და ბაჩო. მამა ათი წუთის წინ გარდაცვლილი დაგვხვდა…

დღეს გამახსენეს სვავებმა, ლეონიდ მინინის გუნდის წევრებმა, გომელაურს მძიმედ ავადმყოფ მამასთან კლინიკაში რამოდენიმე დღით ერთად ყოფნა რომ არ აპატიეს. დღეს ვახტანგ გომელაურს მამა გარდაეცვალა. ჩემსავით, მასთან ყოფნის ბოლო წუთებს ალბათ ისიც ვერ ეღირსა. სვავების ბანაკში ალბათ ზეიმია. საინფორმაციოზე „გადამერთო” და ფოტიგამ – „მიშა უკიდურესად ცუდად არისო, კვდებაო”. აი ამ, ვერაფრით ვერ-მომკვდარისვავებით გარშემორტყმული ბელადის ხელში, ვერც მამებს ვეხუტებით სიცოცხლის მათ ბოლო წამებში და ვერც შვილებს.

ვახტანგ გომელაური ჩემი უკანასკნელი მინისტრი იყო – ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამამისის სული. ვიზიარებ,” – წერს ქართველიშვილი.

რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ერთი მუშა დაიღუპა, ხოლო ერთი კი მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ჩინეთის, ხოლო დაშავებული მუშა კი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა საამქროს ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ.

“ოპოზიცია თითქოს ქვეყანაში უბედურების მოხდენას დიდი გულიმოდგინებით ელოდებოდა” – ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიცია, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თითქოს ქვეყანაში უბედურების მოხდენას დიდი გულიმოდგინებით ელოდებოდა და პირველივე წუთებიდან დაიწყეს პოლიტიკაზე სპეკულირება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ხდება ბუნებრივი სტიქიის შედეგად გამოწვეული ტრაგედიისა და ტრაგიკული შედეგებით სპეკულირება პოლიტიკოსების მხრიდან.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ სპეკულაციისათვის მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მათ შორის პარლამენტს, ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენ კანონით მონიჭებული უფლებები გამოიყენეთ, მაგრამ არ ვიქნებით სპეკულაციის თანამონაწილეები. ეს არის ჩვენი პასუხი. ვნახეთ, რომ სტქიქიის მოხდენის წუთებიდან ბრალდებების სერია დაიწყო. მდგომარეობა არის ასეთი, რომ ოპოზიცია, რომელიც არის ზოგადად ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუაზრებელი და მავნე პოლიტიკური გზავნილებით, თითქოს დიდი გულიმოდგინებით ელოდებოდა, რომ რაიმე უბედურება მომხდარიყო ქვეყანაში და პირველივე წუთებიდან დაიწყეს პოლიტიკაზე სპეკულირება. მომხდარი უბედურების მაშინვე პოლიტიკაზე გადათარგმნა დაიწყეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის და მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ, გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ოჯახს მე-4 ქვეითი ბრიგადის სახელით მემორიალური დაფა გადასცეს.

საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.