კონტრშეტევის დაწყებიდან 10 კვირის შემდეგ, უკრაინა მძიმე დანაკარგებს განიცდის – ABC News

342
spot_img

მზარდი მტკიცებულება არსებობს, რომ უკრაინა მძიმე დანაკარგებს განიცდის კონტრშეტევაში, რომელიც დაახლოებით ათი კვირის წინ დაიწყო, – წერს ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი სტატიაში სათაურით კონტრშეტევის დაწყებიდან 10 კვირის შემდეგ, უკრაინა მძიმე დანაკარგებს განიცდის.

ABC News-ი ესაუბრა ორ ყოფილ ამერიკელ ჯარისკაცს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმში კონტრაქტით მსახურობენ და აღმოსავლეთ უკრაინაში ორი კვირის წინ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიჭრნენ.

მათ განაცხადეს, რომ მათი რაზმის მისია დონეცკის გარეუბანში მდებარე სოფელზე კონტროლის აღება იყო.

ერთ-ერთმა მათგანმა, ყოფილმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ტეხასიდან, განაცხადა, რომ მისი რაზმის დანაკარგების მაჩვენებელმა 85% შეადგინა, ხოლო 40% მძიმედ იყო დაჭრილი.

აშშ-ის არმიის მეორე ვეტერანმა განაცხადა, რომ აშკარა გახდა, რომ ისინი რუსეთის ჯარების ძალიან ორგანიზებული წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდნენ.

”ეს ნამდვილად იყო ძალიან პროფესიონალური ძალა, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ვიბრძოდით”, – თქვა აშშ-ის არმიის ვეტერანმა ალასკიდან.

ABC News-ი ასევე დაუკავშირდა ორ სხვა უკრაინელ ჯარისკაცს, რომლებთანაც ტელეკომპანიამ ინტერვიუ ომის ადრინდელ ეტაპზე ჩაწერა და მათ განაცხადეს, რომ ისინი ასევე დაშავდნენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ერთ-ერთმა დასავლელმა სამხედრომ, რომელიც ასევე კონტრაქტით მსახურობს უკრაინულ ძალებში, აღნიშნა, რომ მან სერიოზული ჭრილობა მიიღო კონტრშეტევის ადრეულ ეტაპზე ივნისში.

მისი ტქმით, შეტევითი ოპერაციები, რომლებშიც ის მონაწილეობდა, იყო არაორგანიზებული და გააკრიტიკა ზოგიერთი ტაქტიკური გადაწყვეტილება.

“ჩვენ დავკარგეთ სამი ლეოპარდი [გერმანული წარმოების ტანკი] ერთ დღეში, რადგან მათ უბრალოდ უთხრეს, სვლა გაეგრძელებინათ დანაღმულ ველზე”, – თქვა მან.

მან დასძინა, რომ ახლად მობილიზებულ უკრაინელ ჯარისკაცებს ხშირად არ აქვთ საჭირო მომზადება ბრძოლის ველზე რთული შეტევითი ოპერაციებისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივნისის დასაწყისიდან მისი ბატალიონის ათობით ჯარისკაცი შეტევით ოპერაციებში იყო ჩართული და მათგან დაახლოებით 80% დიჭრა. თუმცა, მან დასძინა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.

თავის მხრივ, ორმა ყოფილმა ამერიკელმა ჯარისკაცმა აღნიშნა, რომ უკრაინული კონტრშეტევა კარგად ხორციელდება და მოსალოდნელია დიდი დანაკარგები ამ ტიპის სამხედრო შეტევაში.

ტელეკომპანია ABC News-ი აღნიშნავს, რომ უკრაინა არ აქვეყნებს დანაკარგების მონაცემებს მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბური შეჭრა დაიწყო გასული წლის თებერვალში.

თუმცა, უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა აღწერა სიტუაცია, როგორც “ნამდვილად მძიმე” და დასძინა, რომ დანაკარგების 80% რუსეთის არტილერიამ გამოიწვია.