Home Blog Page 1452

“მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს” – UNICEF-ის ექსპერტი

მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს, მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს და ფიქრობს, რომ ასე უფრო დაცულია, თუ სახლში პოკერს ითამაშებს, ვიდრე ვთქვათ, თანატოლებთან ფეხბურთის თამაშით, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ თემატური მოკვლევის ანგარიშს ისმენენ, გუგა ბესელიამ აღნიშნა, რომ მუშაობა საჭიროა რამდენიმე მიმართულებით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პრევენცია და საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც იმუშავებს სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.

„კვლევებმა გვაჩვენა, რომ მოზარდების 10% ამბობს, რომ მათი მშობლები თვითონ აფინანსებენ მათ თამაშს, ოღონდ მიზანმიმართულად, დანარჩენების თამაშსაც მშობლები აფინანსებენ, მაგრამ იმათ არ იციან. ამ 10 %-ის მშობელმა იცის, თუ რისთვის აძლევს ფულს თავის შვილს და მოტივაცია რა არის – თვლის, რომ ამ მოქმედებით მისი შვილი უფრო დაცული იქნება, ვიდრე იმით, რომ ვთქვათ, გავიდეს გარეთ და იქ თანატოლებთან ითამაშოს ფეხბურთი ან სხვა რამ. ურჩევნია თავის შვილი იჯდეს სახლში და პოკერს თამაშობდეს. ამ ცნობიერებაზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არამხოლოდ მოზარდის, არამედ სკოლის პერსონალის, მშობლების და სრულიად საზოგადოების მიმართულებით, რადგან მაგალითისთვის რომ ვთქვათ, სარეაბილიტაციო ცენტრებთან კომუნიკაციის შედეგად ფიქსირდება, რომ მშობლებს გააზრებული არ აქვთ, რომ მათი ოჯახის არის დაავადებული და არა ცუდი (ადამიანი). ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როცა პირზე ასე ფიქრობენ, ეს პირი კიდევ უფრო დიდხანს მალავს პრობლემას და პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება,“ – განაცხადა გუგა ბესელიამ.

“2015 წლის დასკვნაში ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ ვეტინგი არის ყველაზე რადიკალური შემოთავაზება” – ანრი ოხანაშვილი

ალბანურ მოდელთან დაკავშირებით ხდება წარმოჩენა, რომ თითქოს ეს არის წარმატებული მოდელი, რომ თითქოს ეს არის მიღებული მოდელი. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც განზრახული აქვს, რომ ჩაატაროს წმენდა სასამართლოში, ამ წმენდას ფუთავს ალბანური მოდელით, თითქოს საერთაშორისოდ აპრობირებულ მოდელს, რომელიც არის მიმზიდველი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„სინამდვილეში, როდესაც ალბანეთში ეს ვეტინგის პროცედურა შემოიღეს, ცვლილებები გაიგზავნა ვენეციის კომისიაში 2015 წელს და დასკვნაში კომისიამ აღნიშნაა, რომ ვეტინგი არის ყველაზე რადიკალური შემოთავაზება და ის სასამართლო სისტემაში ქმნის დაძაბულობას, დესტაბილიზაციას“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. მათი იდეაა, რომ საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.

„Macroeconomic Outlook and 5 key themes for 2024″ – თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია ახლა უკვე საერთაშორისო აუდიტორიას და პარტნიორებს წარუდგინა

თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.

ღონისძიება სასტუმროში Swissotel Tbilisi ჩატარდა, რომელიც, თიბისის მხარდაჭერით, რამდენიმე დღის წინ, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაიხსნა და რომლისთვისაც პირველი ღონისძიება სწორედ თიბისი კაპიტალის საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა იყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.

 ღონისძიებაზე ის მოვლენები მიმოიხილეს, რომლებიც 2024 წელს საქართველოს ბიზნესკლიმატს განსაზღვრავს: რთული გეოპოლიტიკური გარემო; არჩევნების ციებ-ცხელება მსოფლიოში; საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილება და სამუშაო ძალის დეფიციტი; საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია.

2024 წელს, თიბისი კაპიტალი, კვლევების მიმართულებით, ახალ ეტაპზე გადადის და სექტორების ზოგად მიმოხილვასთან ერთად, ბიზნესის მხრიდან დასახელებულ კონკრეტულ კითხვებს სცემს პასუხს.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ინგლისურ ენაზე.

“ჩინეთთან ურთიერთობისას ნებისმიერი რამ მაშინებს, არ ვიცი, უვიზო მიმოსვლა კარგი შედეგებით დამთავრდება თუ ცუდით” – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ჩინეთთან, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა.

ალეკო ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით.

„სიმართლე გითხრათ, ჩინეთთან ურთიერთობისას ნებისმიერი რამ მაშინებს. „ქართული ოცნება“ კი არის ძალიან გალაღებული და ამბობენ, რომ ძალიან კარგია. რავიცი, უვიზოდ რომ დაიძრან, ერთმა სოფელმა რომ გადაწყვიტოს, ჩამოვიდეს და ცოტა ხანი აქ დარჩეს, რას ვაკეთებთ მერე? ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ხუმრობაც არაა. ჩინეთთან ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა, „ქართულ ოცნებას“ რაც ახარებს, სიმართლე გითხრათ, იმაზე მე ცოტა გული მისკდება, რადგან არ ვიცი, უვიზო მიმოსვლა კარგი შედეგებით დამთავრდება თუ – ცუდით. ის განცდაც არ მაქვს, არიქა, მთელი საქართველო ელოდება, უვიზო გახდეს მიმოსვლა, რომ გაიქცნენ ჩინეთში, რაღაც გააკეთონ, მაგრამ პირიქით რომ მოხდეს, ეს ნამეტანი საშიშია. შეიძლება წაადგეს, შეიძლება – არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი ციდა საქართველოს ურთიერთობა ამხელა, უშველებელ ჩინეთთან, რომელსაც აშკარად ძალიან გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, აშკარად მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ასეთ ქვეყანას გვერდზე რომ უდგები, მთლად თანაბარი ხალხი არ ვართ, შესაბამისად, ყველაფერი ძალიან ფრთხილად ასაწონ-დასაწონია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის ერთიანობაა საჭირო -გიორგი ვაშაძე

ივანიშვილის პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ევროინტეგრაციის პროცესზე, 9 პუნქტის შესრულებასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრებენ.

„გასულ წელს ქართველმა ხალხმა დიდი ბრძოლის შედეგად, კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, ვფიქრობ, წელს მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიმარჯვოს არჩევნებში და სწრაფად გავწევრიანდეთ ევროკავშირში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ხაზგასმით ვამბობ, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და პოლიტპატიმრები ციხეში არის შეუძლებელი. ჩვენ ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, პირველ რიგში, პრეზიდენტს მოვუსმენთ იმიტომ, რომ ის არის ინიციატორი. ვფიქრობ, ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის ერთიანობაა საჭირო. ამიტომ ვართ დღეს აქ, მოვისმენთ პრეზიდენტის პოზიციებს”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, ხელისუფლება 9 პუნქტს არ ასრულებს მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი სწორედ ამისკენ მოუწოდებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთო სამოქმედო გეგმა 9 პუნქტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება არის ამოცანა, რომელიც ყველას გვაქვს. არ უნდა შევხედოთ ამას პოლიტიკურ ჭრილში, არამედ სახელმწიფოებრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ, რადგან ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს განვითარებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

“4 წელია, მამუკა ხაზარაძის და ჩემი მორალურად მოკვლის მცდელობა მიმდინარეობს” – ბადრი ჯაფარიძე

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, სადაც ისინი თაღლითობაში დამნაშავედ არიან ცნობილნი.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაიწყო განხილვა აღნიშნული საქმის და მას პრიორიტეტი მიენიჭა.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის და ჩემი სარჩელი საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაგვამტყუნეს ვითომდა თაღლითობის ჩადენის გამო. ეს სარჩელი არა მხოლოდ მიღებულია, არამედ სასამართლომ უკვე დაიწყო განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში და ამ საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა.

ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციაში ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან და კლავენ. საქართველოში, ცდილობენ ოპონენტებს სხვაგვარად გაუსწორდნენ – მორალურად მოკლან ისინი. 4 წელია, მამუკა ხაზარაძის და ჩემი მორალურად მოკვლის მცდელობაა. ეს ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და მასში „ქართული ოცნების“ ყველა სპიკერი მონაწილეობს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვიწოდებს ხანდაზმულ თაღლითს, მაროდიორს, ბანდიტს, ფულის გამთეთრებელს. რა თქმა უნდა, მათი იმედია, რომ სრულად აკონტროლებდნენ პროკურატურას და სასამართლოს და შეუძლიათ, გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ სასამართლოში, მაგრამ მათ ხელი არ მიუწვდებათ ევროპულ სასამართლოზე და ამიტომ დავიწყეთ ეს პროცესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ პოლიტიზებული მართლმსაჯულება. ამ მორალური მკვლელობის მცდელობას ვუპასუხეთ გაძლიერებით და იმით, რომ ჩვენი მცდელობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, შედეგს გამოიღებს, არავინ აღარ იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნილი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდადებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, რის გამოც მათ სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში იქნენ დამნაშავედ ცნობილი, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას”ფულის გათეთრებაზე” და რეალური სასჯელის გამოტანას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომაც ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

“ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ” – ნინო ლომჯარია

ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, არც მარტო და არც სხვასთან ერთად, რადგან არ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ახალი პარტიის შექმნა სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქართულ პოლიტიკას დღეს სჭირდება ამბიციური პოლიტიკური გაერთიანებები, ამპარტავნების გვერდზე გადადება და გამარჯვებისთვის საჭირო კომპრომისებზე წასვლა.

„პირველ რიგში, ჩემი, როგორც მოქალაქის მკაფიო სურვილია, რომ 2024 წლის არჩევნებით დასრულდეს ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა საქართველოში. ამისათვის მიმაჩნია, რომ საჭიროა მმართველი პარტიის ინსტიტუციური და ფინანსური ძალაუფლების საპირწონედ სოლიდური ოპოზიციური ცენტრების შექმნა.

თუ 5%-იან ბარიერთან შორიახლოს მყოფი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, მაღალია რისკი იმისა, რომ ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ, ხოლო მათი ოპოზიციურად განწყობილი ხმებს ჯამი, რომელმაც 20%-მდეც შეიძლება მიაღწიოს, ბარიერ გადალახულ პარტიებზე გადანაწილდება. ამ სცენარში „ქართული ოცნებას“ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ოპოზიციურად განწყობილი ხმების ხარჯზე მიეცემა. რა უნდა გაკეთდეს ჩემი აზრით:

პირველ რიგში, უნდა მოხდეს საარჩევნო სუბიექტების გამსხვილება… უნდა გაერთიანდეს ყველა ის პარტია, რომელთა გაერთიანებაც ლოგიკურად დასაშვებია. ამომრჩეველი არ უნდა გადატვირთო ერთგვაროვანი პარტიების სიმრავლით.
პოლიტიკური ცენტრების გაერთიანების და გამსხვილების პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. ჩემი აზრით, ქართველ ამომრჩეველს ბიულეტენში არჩევანის გაკეთება სამ, მაქსიმუმ 4 დიდ პოლიტიკურ ცენტრს შორის უნდა მოუწიოს.
რაც შეეხება ოპოზიციის საპარლამენტო უმრავლესობაში მოსვლის დაპირებებს, ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად არ იქნება მხარდაჭერილი არც „ნაციონალური მოძრაობის“, არც „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატები, ვინაიდან ორივე პარტიას უკონტროლო ძალაუფლებით მართვის გამოცდილება აქვს.
ახალმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა გამოაცხადოს გარდამავალი პერიოდი და 2 წლის ვადაში ინსტიტუციური რეფორმების გზით სახელისუფლებო კონტროლისგან გაათავისუფლოს დამოუკიდებელი ორგანოები: ცესკო, ეროვნული ბანკი, მარეგულირებელი ორგანოები, სასამართლო, პროკურატურა. გარდამავალი პერიოდის შემდეგ, უკვე გაცილებით თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
ცხადია, გარდამავალ პერიოდში მთავრობის უპირობო და უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ევროკავშირის 9-ვე პუნქტის დაკმაყოფილება და ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების დაწყება.
და ბოლოს, რომ დავუბრუნდე ჩემ მიმართ დასმულ შეკითხვებს… ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, არც მარტო და არც სხვასთან ერთად, რადგან არ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ახალი პარტიის შექმნა სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას; ქართულ პოლიტიკას დღეს სჭირდება ამბიციური პოლიტიკური გაერთიანებები, ამპარტავნების გვერდზე გადადება და გამარჯვებისთვის საჭირო კომპრომისებზე წასვლა. თუ ამის აუცილებლობის მკაფიო გააზრება და შეთანხმება ვერ მოხდება ფართო ოპოზიციურ სპექტრში, თუ ისევ გაგრძელდება ელექტორალური გაგებით ტყუპისცალი პარტიების ჩამოყალიბება ან/და არჩევნებზე „მარტო გავალთ“-ს ძახილი, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, მე ან ჩემნაირები რომელიმე პარტიაში წავლენ თუ არა. პროცესმა მხოლოდ ამ ქვეყნის გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს და არა მორიგ ეროვნულ ფრუსტრაციამდე.

შესაბამისად, საკუთარ თავს და როლს ახლა ვხედავ იმაში, რომ მე და ჩემმა გუნდმა ხელი შევუწყოთ ამ იდეების ლობირებას, რომელიც ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ დემოკრატიულ ცვლილებებს მოიტანს. მზად ვარ ამ პროცესში ვითანამშრომლო ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარესთან“, – განაცხადა ლომჯარიამ.

უკრაინამ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დახმარებით, რუსეთის საზღვრის გასწვრივ 12 საიდუმლო ბაზა განათავსა

უკრაინამ შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დახმარებით, რუსეთის საზღვრის გასწვრივ 12 საიდუმლო ბაზა განათავსა. New York Times-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ ჯაშუშური ქსელი 8 წლის წინ შეიქმნა, 12-ვე ბაზა ფაქტობრივად სრულად ამერიკის დაზვერვის ცენტრალური საქართველოს მიერაა აღჭურვილი და ვაშინგტონიდან ფინანსდება.

ბაზები მიწისქვეშა ბუნკერებშია განთავსებული, საიდანაც მიყურადების საშუალებით, რუსეთზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს. სტატიაში ნათქვამია, რომ კიევისა და ამერიკული დაზვერვის მჭიდრო თანამშრომლობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის დაზვერვამ პუტინს აცნობა, რომ უკრაინას ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების პლაცდარმად გადაქცევას ცდილობენ.

“საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ საერთოდ”

ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის სამართლებრივად გაწერილი მაგალითი უნდა მოგვცენ, თუ სადმე არის უკეთესად რაიმე დარეგულირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის ერთგვარი ძველად გაკეთებული განცხადებების გამეორება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე კომენტარისას განაცხადა.

„ამ მხრივ რაიმე სიახლე არ არის. თუ სამართლებრივი შემოწმება იქნება, ნახავთ, რომ საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, რაც არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ საერთოდ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩავატაროთ ყველა მიმართულებით, დემიკრატიის თვალსაზრისით თუ არჩევნების ადმინისტრირების თვალსაზრისით“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ

ნასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ.

აღნიშნული გათვალისწინებულია უმრავლესობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომლის თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაშიც უქმდება.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი “საარჩევნო კოდექსით, დეპუტატობის მსურველ კანდიდატს ნარკოლოგიური შემოწმება მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ცესკოს საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატარებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ.

უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია.

ეს ერთ-ერთი ცვლილებაა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა შორის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოდის მუხლი, რომლის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი ცნობა წარუდგინოს, რა დოკუმენტიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით საჯაროა და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: – ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

აშშ ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს გმობს

ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსში ჩატარებულ „ფიქციურ“ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს გმობს – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„არჩევნები შიშის ატმოსფეროში ჩატარდა, ამ ვითარებაში ვერანაირი საარჩევნო პროცესი ვერ იქნება დემოკრატიული. რეჟიმს 1 400-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ყველა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა დაკავებული ან ქვეყნიდან გაძევებულია. საზღვარგარეთ მყოფ ბელარუსებს ხმის მიცემა მხოლოდ მინსკში დაბრუნების შემთხვევაში ჰქონდათ, სადაც მათ სავარაუდოდ რეპრესიები ელოდებოდათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახდეპში ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთოს მისია არ დაუშვა, რამაც პროცესის გამჭვირვალობა შეზღუდა. ვაშინგტონმა ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს კვლავ მოუწოდა ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ და პოლიტიკურ ოპონენტებთან დიალოგის გახსნისკენ.

„ბელარუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – აღნიშნავენ სახდეპში.

ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები ბელარუსში გუშინ ჩატარდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკო 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთი ვადით იყრის კენჭს.

პრეზიდენტი ფაქტობრივ მოცემულობაშია არეული, მისი განცხადებები და პოზიცია აბლანდულია -სარჯველაძე

პრეზიდენტი ფაქტობრივ მოცემულობაშია რეალურად არეული და მისი განცხადებები და პოზიცია აბლანდულია – ფატალურ შეცდომას უშვებს, როდესაც ის უპირისპირდება ამომრჩეველს, რომელმაც მას ხმა მისცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ეს არჩევნები ერთგვარად იქნება: – „ევროპა, თუ არა ევროპა”.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სიტუაციას დრამატულ ფერებში ხატავს და რეალობას აყალბებს.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, პრეზიდენტი რეალურად, არსებული სიტუაციის არასწორ ანალიზს გვთავაზობს, რაც მისი მხრიდან ძალიან მძიმე შეცდომაა.

„მე არ ვეთანხმები საკითხის ასე დაყენებას, იმიტომ რომ მგონია, ფაქტობრივ მოცემულობაშია რეალურად არეული და აბლანდულია პრეზიდენტის განცხადებები და მისი პოზიცია. მარტივად დგას საკითხი – საქართველოს მოსახლეობის 85%, როგორც ბოლო დროინდელი კვლევები აჩვენებს, არის პროევროპული განწყობის. სხვათა შორის, ამ 85%-ის უმრავლესობის არჩევანია „ქართული ოცნება“, რომელსაც უპირისპირდება პრეზიდენტი. აი, აქ უშვებს პოლიტიკური თვალსაზრისით ფატალურ შეცდომას, როდესაც ის უპირისპირდება, ამომრჩეველს, რომელმაც მას ხმა მისცა,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

მან, ასევე, პრეზიდენტის განცხადების ის ნაწილი შეაფასა, სადაც რუსეთის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევაზეა საუბარი და აღნიშნა, რომ ამის საფრთხე არსებობს, თუმცა სახელმწიფოს მასთან გამკლავების შესაძლებლობა გააჩნია.

„შესაძლო ჩარევა, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს არჩევნებს, ასეთი რამ მოსალოდნელი არის და როგორც ჩანს, მოსალოდნელი შეიძლება იყოს. ბუნებრივია, ამ საფრთხესთან გამკლავების შესაძლებლობა ჩვენს სახელმწიფოს აქვს, იქნება ეს კიბერშეტევა, თუნდაც დეზინფორმაციული კამპანია, რასთანაც გამკლავების უნარი ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს გააჩნია,“ – აღნიშნა სარჯველაძემ.