“ჩინეთთან ურთიერთობისას ნებისმიერი რამ მაშინებს, არ ვიცი, უვიზო მიმოსვლა კარგი შედეგებით დამთავრდება თუ ცუდით” – ალეკო ელისაშვილი

27
spot_img

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ჩინეთთან, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა.

ალეკო ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით.

„სიმართლე გითხრათ, ჩინეთთან ურთიერთობისას ნებისმიერი რამ მაშინებს. „ქართული ოცნება“ კი არის ძალიან გალაღებული და ამბობენ, რომ ძალიან კარგია. რავიცი, უვიზოდ რომ დაიძრან, ერთმა სოფელმა რომ გადაწყვიტოს, ჩამოვიდეს და ცოტა ხანი აქ დარჩეს, რას ვაკეთებთ მერე? ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ხუმრობაც არაა. ჩინეთთან ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა, „ქართულ ოცნებას“ რაც ახარებს, სიმართლე გითხრათ, იმაზე მე ცოტა გული მისკდება, რადგან არ ვიცი, უვიზო მიმოსვლა კარგი შედეგებით დამთავრდება თუ – ცუდით. ის განცდაც არ მაქვს, არიქა, მთელი საქართველო ელოდება, უვიზო გახდეს მიმოსვლა, რომ გაიქცნენ ჩინეთში, რაღაც გააკეთონ, მაგრამ პირიქით რომ მოხდეს, ეს ნამეტანი საშიშია. შეიძლება წაადგეს, შეიძლება – არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი ციდა საქართველოს ურთიერთობა ამხელა, უშველებელ ჩინეთთან, რომელსაც აშკარად ძალიან გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, აშკარად მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ასეთ ქვეყანას გვერდზე რომ უდგები, მთლად თანაბარი ხალხი არ ვართ, შესაბამისად, ყველაფერი ძალიან ფრთხილად ასაწონ-დასაწონია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.