Home Blog Page 1443

,,ვცდილობთ სამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება და არა სპონტანური, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა” – სარჯველაძე

ვცდილობთ სამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება და არა სპონტანური, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ონკოპაციენტები მასთან შეხვედრას ითხოვენ, ამასთან მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას და 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაზრდას მოითხოვენ.

მინისტრის განცხადებით  თავდაპირველად ონკოპაციენტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყებოდა მუშაობა, რაც კომპლექსური და რთულია.

„შეიძლება, ვერ შევძლო ინდივიდუალურად ყველა პაციენტთან შეხვედრა, მაგრამ ამ საკითხებზე არცთუ ისე დიდი ხნის წინ გვქონდა შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდით, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყებოდა მუშაობა. სამწუხაროდ, არ არის ისეთი საკითხები, რომელსაც შეიძლება პრიმიტიული გადაწყვეტილება მოეძებნოს, ვინაიდან კომპლექსური და რთულია. საკითხს მხოლოდ ცალმხრივად ვერ შევხედავთ, ვცდილობთ სამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება და არა სპონტანური გადაწყვეტილება, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას „მინდა ვიცოცხლო“ – ამ სლოგანით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები და ონკოპაციენტების ნაწილი თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, სადაც ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად მიმართული მოთხოვნები კიდევ ერთხელ საჯაროდ გააჟღერეს.

ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ონკოპაციენტების განმარტებით, ძირითადი ცვლილებების გატარების მოთხოვნა კვლავ ძალაშია. კერძოდ, ისინი მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვენ.

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდა

ვროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლით საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდა.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 21 მარტს ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა, ხოლო საბერძნეთის ნაკრებს პენალტების სერიაში (0:0 ძირითადი დრო, 4:2 პენალტების სერია) სძლია. შედეგად, ჩვენს გუნდს 21,31 ქულა დაემატა და 1333.76 ქულით ფიფა-ს მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ რეიტინგში 77-ედან 75-ე ადგილზე დაწინაურდა.

რეიტინგში საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. არგენტინა – 1,856.28

2. საფრანგეთი – 1,840.60

3. ბელგია – 1 795.24

4. ინგლისი – 1 794.90

5. ბრაზილია – 1,788.65

6. ნიდერლანდები – 1 742.30

7. პორტუგალია – 1 740.38

8. ესპანეთი – 1,727.50

9. იტალია – 1,724.60

10. ხორვატია – 1 718,59

…75. საქართველო – 1333.76

ხუთშაბათის შეხვედრების ფოკუსში თაობა  Z იქნება

თიბისი, ტრადიციულად, აგრძელებს ბიზნესისთვის ხუთშაბათის შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა 28 მარტს, 20:00 საათზე “ონორეში” გაიმართება.

დაინტერესებულ პირებს რიგით მეხუთე ღონისძიებაზე თიბისი ბიზნესისთვის ახალი თემით უბრუნდება –  თაობა Z რა ვიცით და რა არ ვიცით მათზე?

დისკუსიის მთავარი ფოკუსი თაობა Z იქნება. დღეს ორგანიზაციები და ბრენდები საინტერესო გამოწვევის წინაშე დგანან, სხვადასხვა თაობის ადამიანებს ერთ სივრცეში და გარემოში უწევთ მუშაობა. როგორ შეიცვალა დრო? როგორ უნდა ვადაპტირდეთ ახალი რეალობისთვის? რა უნდა გავითვალისწინოთ და რა არ უნდა გავითვალისწინოთ. მითები და რეალობა თაობა Z-ის შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ : მედეა ტაბატაძე ინსორსის მმართველი დირექტორი, ბესო კაჭარავა – პოსტრედის დამფუძნებელი და გვანცა მურღვლიანი – თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის ლიდერი.

“ხუთშაბათის შეხვედრების” მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.

სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/MhypuaReC5EFNypu9

R

,,ეს იყო სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი”- ილია მეორე

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ, ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მილოცვის ტექსტშია ნათქვამი.

როგორც წერილშია ნათქვამი, მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი.

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენი მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას.

მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული.

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ, ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ.

მამაშვილური სიყვარულით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – ნათქვამია ილია მეორის მილოცვის ტექსტში.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

უსაფრთხოების მიზნით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება.

სამუშაოებს, რომელიც 28 მარტიდან დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის მიხედვით, კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 00:00-დან 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება დღის საათებს, ტერიტორიაზე დაწესდება ნაწილობრივი შეზღუდვა და მძღოლები მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილდებიან.

ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ ოფიციალური წარდგინება პრეზიდენტს გაეგზავნა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

„დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ კანონის შესაბამისად, ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან:

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია;

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები – ვილი სანიოლი, ადელ შედლი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით გვარამაძე, ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე, ფაბიენ ბოსუე, დევით ვები;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი – დავით მუჯირი;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – კახა ჭუმბურიძე;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ჟღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი;

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი – ზაზა ზამთარაძე;

საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების პერსონალი – გიორგი კაციტაძე; ვლადიმერ დვალიშვილი, დავით ხარაბაძე, გიორგი ჩანგელია, მიხეილ აბრამიშვილი, გიორგი ბჟალავა, თენგიზ გულბიანი, გიორგი ქოჩლაძე, გრიგოლ ლეჟავა, გელა გუჩუა, გიორგი დუღაძე, კონსტანტინე თედელური.

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა“,-აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ლიბერალებო ამა ქვეყნისა შეგირცხვათ ფუკუიამა!” – გოგა ხაინდრავა

სოციალურ ქსელ ტვიტერში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იაპონური წარმოშობის ამერიკელი პოლიტოლოგის ფუკუიამას მიერ გაკეთებული შეფასების ირგვლივ წერს:

“ფუკუიამამ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება გააკრიტიკა”, –
როგორ უნდა გადიშოვდე, ოდესღაც “ფუძიამას” ტოლი
“პოლიტმეტრი”, გიულის “შაბაშებზე” გახდე დამოკიდებული!
“ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს, – ამ ინტელექტ
ვაჭრებზეა ნათქვამი!
ლიბერალებო ამა ქვეყნისა შეგირცხვათ ფუკუიამა!”- წერს გოგა ხაინდრავა.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7084 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7084 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7084 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9337 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9374 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.

პროკურორის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი დაიკითხება

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში ჩვენებას, როგორც დაზარალებული მისცემს. აღნიშნული ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დაუდასტურა.

“აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, რომელიც მითითებულია სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში, თქვენ ეს მოისმინეთ, საჯარო იყო. დაზარალებული არის დასაკითხ პირთა სიაში, შესაბამისად, ყველა პირი დაიკითხება იმ საერთო წესების დაცვით, როგორც ხდება სასამართლოში დაკითხვა და ბუნებრივია, ის ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს”, – განაცხადა სადრაძემ.

მან, ასევე, ისაუბრა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ აუდიოჩანაწერზეც, რომელიც ადვოკატისა და ბრალდებულის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩალიაშვილის საუბარს ასახავს. პროკურორის თქმით, აღნიშნული ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად მათ ექსპერტიზა დანიშნეს.

“დადასტურებულია, კანონით გათვალისწინებული სტანდარტით, რომ ეს დანაშაული ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა ჩაიდინა, იმ მტკიცებულებით, რომელიც უამრავია და ზედმეტად მაღალი ხარისხით ადასტურებს.

ჩანაწერის ავთენტურობა შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს. ბუნებრივია, ამას სხვა უწყება ატარებს და კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვით. დაცვის მხარე თუ არ თვლის, რომ მის ავთენტურობაზე კითხვები არსებობს, მაშინ რატომ დანიშნა თავად ექსპერტიზა. ასევე, დაშვებაც რომ გავაკეთოთ, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია, მისი შინაარსი პირიქით, ბრალდების ყველა კომპონენტის გამამყარებელია აბსოლუტურად ყველა გარემოებასთან მიმართებაში. ავთენტურობა უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა შემოვიდეს შეფასების კომპონენტი”, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

“ე.წ. ვეტინგის თემა დახურულია, ჩვენს მეგობრებს არგუმენტებს წარვუდგენთ და ავუხსნით, რატომ არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ასეთი ჩარევა”

საქართველოში უცხოელები ქართული სახელისუფლო შტოების კეთილსინდისიერებას ვერ შეამოწმებენ, ეს გამორიცხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ე.წ. ვეტინგის თემა დახურულია.

„ჩვენ ამ თემაზე ნებისმიერ ფორმატში ჩვენს მეგობრებს არგუმენტებს წარვუდგენთ და ავუხსნით, რატომ არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა. ქვეყნის სუვერენიტეტში ასეთი ჩარევა არ შეიძლება. ჩვენს მეგობრებს ყველა დეტალს ავუხსნით ამ თემაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

“როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა” – მამუკა მდინარაძე

როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა – არ შეიძლება ეს შემთხვევითი იყოს, ეს არის დიდი სიმბოლური ამბავი, რასაც სჭირდება სწორი შეფასება, დაფასება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები გუშინდელ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

მისი თქმით, საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის საგზურს.

“ეს გუშინ დააგვირგვინეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, რომლებმაც თავი დადეს, რათა ეს ისტორიული წარმატება მოეტანათ ჩვენი ქვეყნისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის. არ არსებობს იმაზე დიდი ემოცია, რაც შენი ეროვნული გუნდის გამარჯვებას მოაქვს. ჩვენ, ყველა მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, ერთად ვიყავით თანამოზიარეები ამ არაბუნებრივად დიდი, ისტორიული გამარჯვების. საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის საგზურს. ერთი რამ მიხარია და არ მგონია ვერ მიხვდეს ყველა, ვინც ოდნავ ობიექტურად მოუსმენს ამ განმარტებას – როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა. არ შეიძლება ეს შემთხვევითი იყოს. ეს არის დიდი სიმბოლური ამბავი, რასაც სჭირდება სწორი შეფასება, დაფასება და არ შეიძლება თითოეულ მათგანს ეს არ დავუფასოთ. ახალი ისტორია დაიწერა. ამდენი ხანია ქართველები ვტრაბახობთ თბილისის “დინამოს” გამარჯვებით, 1981 წელს – ეს ლეგენდარული მატჩი არის დიდი ისტორიის ერთი ფურცელი, დიდი ისტორიის მეორე ფურცელი კი დაწერეს უკვე ლეგენდად ქცეულმა ჩვენმა ფეხბურთელებმა”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხაილ მურაშკო ავრცელებს.

„80 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვი, საავადმყოფოებში რჩება. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს“, – განაცხადა მიხაილ მურაშკომ.

მურაშკომ აღნიშნა, რომ 4 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა გასულ პარასკევს მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.