“როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა” – მამუკა მდინარაძე

13
spot_img

როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა – არ შეიძლება ეს შემთხვევითი იყოს, ეს არის დიდი სიმბოლური ამბავი, რასაც სჭირდება სწორი შეფასება, დაფასება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები გუშინდელ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

მისი თქმით, საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის საგზურს.

“ეს გუშინ დააგვირგვინეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, რომლებმაც თავი დადეს, რათა ეს ისტორიული წარმატება მოეტანათ ჩვენი ქვეყნისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის. არ არსებობს იმაზე დიდი ემოცია, რაც შენი ეროვნული გუნდის გამარჯვებას მოაქვს. ჩვენ, ყველა მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, ერთად ვიყავით თანამოზიარეები ამ არაბუნებრივად დიდი, ისტორიული გამარჯვების. საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის საგზურს. ერთი რამ მიხარია და არ მგონია ვერ მიხვდეს ყველა, ვინც ოდნავ ობიექტურად მოუსმენს ამ განმარტებას – როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა. არ შეიძლება ეს შემთხვევითი იყოს. ეს არის დიდი სიმბოლური ამბავი, რასაც სჭირდება სწორი შეფასება, დაფასება და არ შეიძლება თითოეულ მათგანს ეს არ დავუფასოთ. ახალი ისტორია დაიწერა. ამდენი ხანია ქართველები ვტრაბახობთ თბილისის “დინამოს” გამარჯვებით, 1981 წელს – ეს ლეგენდარული მატჩი არის დიდი ისტორიის ერთი ფურცელი, დიდი ისტორიის მეორე ფურცელი კი დაწერეს უკვე ლეგენდად ქცეულმა ჩვენმა ფეხბურთელებმა”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.