Home Blog Page 1440

მძევლების სანაცვლოდ, ისრაელი 400 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას დათანხმდა

პარიზში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ისრაელი დაახლოებით 400 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას დათანხმდა – მათ შორის ტერორისტების, რომლებიც ნასამართლევი არიან “მძიმე” დანაშაულებისთვის.

ამ ინფორმაციას   Al Jazeera ავრცელებს.

წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ისრაელი ასევე დათანხმდა იძულებით გადაადგილებული პალესტინელების ეტაპობრივ დაბრუნებას ღაზას ჩრდილოეთით და შემდგომი დახმარებისა და დროებითი თავშესაფრების შესვლას ღაზაში, მძიმე ტექნიკისა და აღჭურვილობის ჩათვლით.

გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ ისრაელმა ჰამასს შესთავაზა თავისი ძალების გაყვანა ღაზას ხალხმრავალი ნაწილებიდან და სადაზვერვო ფრენების შეჩერება დღეში 8 საათის განმავლობაში, როგორც ექვსკვირიანი ზავის ნაწილი, რომელსაც ისრაელელი მძევლების გათავისუფლება მოჰყვება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი განაცხადა, რომ იმედოვნებს მომავალ კვირას “ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება” შედგება ისრაელსა და ჰამასს შორის. სავარაუდოდ, ის გულისხმობს დროებით ზავას, რომელიც ამჟამად მოლაპარაკების პროცესშია, რომლის მიხედვითაც ჰამასის ტყვეობაში მყოფი ებრაელი მძევლები პალესტინელ პატიმრებში გაიცვლებიან.

“ჩემი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მეუბნება, რომ ჩვენ ახლოს ვართ. ჩვენ ახლოს ვართ. ჯერ არ დაგვისრულებია.” – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

“ფაქტები გვაქვს, რომ კონკრეტული პარტიები, კანონის გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ”

კონკრეტული ფაქტები, თვითაღიარებები გვაქვს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, კანონის გვერდის ავლით, ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ – ამ სქემის გაუქმება არ უნდათ, არც საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და შეტევა ანტიკორუფციულ სამსახურზე მიაქვთ,- ასე პასუხობს ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ცვლილებების პროექტზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, კრიტიკის მიზეზი ის არის, რომ სურთ ამ სამსახურის ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციებმა დანიშნონ.

„ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი არ ირჩევს, სპეციალური კომისია გამოარჩევს და პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, განსხვავება ძალიან დიდია. ის, რომ თითქოს გამჭვირვალობაზე ყველაზე მეტად „მაწუხარი“ არასამთავრობოები კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ მათი საქმიანობა ან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, მანიშნებელია მათი „კეთილსინდისიერების”. კონკრეტული ფაქტები, თვითაღიარებები გვაქვს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები კანონის გვერდის ავლით ვითომ არასამთავრობოების მეშვეობით თვითდაფინანსებას აწარმოებენ. ამ სქემის გაუქმება არ უნდათ, არც საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და შეტევა ანტიკორუფციულ სამსახურზე მიაქვთ. ანტიკორუფციულ სამსახურს რაც შეეხება, განა კანონთან მიმართებაში აქვთ განსაკუთრებული შენიშვნა, მანდაც ერთი პრობლემაა, უნდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ნიშნავდეს ამ სამსახურის ხელმძღვანელს. შინაარსს რომ ჩასწვდებით ამ ბრტყელ-ბრტყელო ზოგადი ლოზუნგებისა და სიტყვებისა, აქამდე მივალთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროსთვის პარტიის ლიკვიდაციის უფლებამოსილების მინიჭების საკითხზე კრიტიკასაც და აღნიშნა, რომ როცა პარტია ფინანსური დეკლარაციის წარდგენას არ ახორციელებს, მათ შორის, ევროპული კანონმდებლობითაც ჩერდება პარტიის ფუნქციონირება.

„კანონში გაწერილი იქნება ის შემთხვევა, როცა პარტია თავის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობას შეგნებულად არიდებს თავს. ამ შემთხვევაში დგება ეს საკითხი. შეუძლია მერე ეს გაასაჩივროს პარტიას სასამართლოში. როცა კანონი გავალდებულებს წარადგინო ფინანსური დეკლარაცია და ამას არ აკეთებ, ყველა, მათ შორის ევროპული კანონმდებლობითაც დგება პარტიის მოქმედების შეჩერება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა მიმართულებით ხდებოდა ეს (პარტიის აკრძალვის განხილვა), იქ სხვა საფუძვლები იყო, კონსტიტუციის დარღვევაზეა საუბარი, აქ (ახალი ცვლილებების პროექტით) არის ნორმა, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციიდან, მაგრამ ეხება პარტიის ფინანსურ გამჭვირვალობას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“სად არის ის დიდი წარმოებები, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა საზოგადოებას ჰპირდებოდა?” – გიორგი ვაშაძე

სად არის ის დიდი წარმოებები, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჰპირდებოდა საზოგადოებას? – არსად, რადგან ხალხი მოატყუეს, ამიტომ გეუბნებით, რომ ჩვენი გამარჯვებისკენ გზა არის ცვლილებები – დიახ, ვცვლით ხელისუფლებას!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ გორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება და კინკლაობა წარსულს ჩაბარდება.

„ვცვლით ხელისუფლებას, ვხდებით ევროკავშირის წევრი დაჩქარებული წესით და კეთილდღეობას იღებს ქვეყანაში ყველა. ევროკავშირი ხომ ეს არის – დოვლათის თანაბრად გადანაწილება. არა ის, რომ ელიტა მდიდარია და ხალხი – უკიდურესად გაჭირვებული, არამედ ის, რომ დოვლათი მაქსიმალურად თანაბრად ნაწილდება. დიახ, ვცვლით ხელისუფლებას და ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს და კინკლაობას ვაბარებთ წარსულს! აღარ იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში იქნებიან, მიშაც იქნება თავისუფალი და ამით დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ქვეყანაში. ყველა პროფესიონალი ჩაერთვება ქვეყნის განვითარების პროცესში, განვავითარებთ წარმოებას, რეგიონებს, სოფლებს, ტურიზმს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ქვეყანაში პერსპექტივა და აღარ იყოს სამუშაო ადგილის პრობლემა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა -ბექა ძამაშვილი

საუბარი, რომ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ამასთან, ძამაშვილის განმარტებით, ევროპული სასამართლო როდესაც მთავრობას უსვამს კითხვებს, ეს ნიშნავს, რომ მან უბრალოდ საჩივარი დაარეგისტრირა და მთავრობიდან, ასევე, მომჩივანისგან მიღებული დამატებითი პოზიციების შემდეგ გადაწყვეტს, საერთოდ დასაშვებია თუ არა საჩივარი.

„სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმე გამოუგზავნა სტანდარტული პროცედურების ფარგლებში, რაც გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე მხარეებს ექნებათ 12 კვირა, რათა მორიგების თემაზე ჩამოყალიბდნენ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს მთავრობას ექნება დამატებით 12 კვირა საკუთარი პოზიციის გასაგზავნად, რის შემდეგაც სტრასბურგის სასამართლო ისევ მომჩივნებს მისცემს ვადას და საბოლოო პოზიციას საქართველოს მთავრობა გააგზავნის. მთლიანად ამ პროცედურებისთვის დაახლოებით მიმდინარე წელი ალბათ აუცილებელი იქნება. შესაბამისად, საუბარი, რომ რაიმე დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ამ საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება. სტრასბურგის სასამართლოს აქვს რეგლამენტში შესაბამისი წესი, როდესაც მიიიჩნევს, რომ საქმე განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე პრიორიტეტულად უნდა იყოს განხილული, ამას პირდაპირ უთითებს წერილში, 41-ე წესზე აკეთებს მითითებას და ნამდვილად ხდება სწრაფად განხილვა, მაგრამ ამ საქმეში ამდაგვარს არაფერს ადგილი არ ჰქონია. ადგილი რომ ჰქონოდა, თვითონ მომჩივნები ალბათ გაასაჯაროებდნენ კიდეც სტრასბურგის სასამართლოდან გამოგზავნილ წერილს.

რაც შეეხება, რას გულისხმობს საქმის წარმოებაში მიღება, ევროპული სასამართლო როდესაც მთავრობას უსვამს კითხვებს, ეს ნიშნავს, რომ მან უბრალოდ საჩივარი დაარეგისტრირა. სწორედ ამის შემდეგ, მთავრობიდან მიღებული პოზიციების, მათ შორის მომჩივანისგან მიღებული დამატებითი პოზიციების მხედველობაში მიღებით გადაწყვეტს, საერთოდ დასაშვებია თუ არა საჩივარი“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი და მამუკა ხაზარაძის სარჩელის განხილვა დაიწყო. მისივე თქმით, სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში დაიწყო განხილვა და ამ საქმეს მიენიჭა პრიორიტეტი.

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6,700 კონტეინერი გაუგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6,700 კონტეინერი გაუგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, შინ ვონ-სიკი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, შინ ვონ-სიკმა ადგილობრივი მედიის წინაშე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 3 მილიონზე მეტი 152 მმ კალიბრის ან 500 ათასი 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა.

„შეიძლება ამ ორის ნაერთიც იყოს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სულ მცირე რამდენიმე მილიონი ჭურვი გაიგზავნა“, – განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, საარტილერიო ჭურვების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან საკვებით სავსე 9,000 კონტეინერი მიიღო.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეაში იარაღის მწარმოებელი ქარხნები, მასალისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო, თავიანთი სიმძლავრის დაახლოებით 30%-ით მუშაობს, მაგრამ ის ქარხნები, რომლებიც რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ, სრული დატვირთვით მუშაობენ.

2023 წლის 9 თვეში რუსეთმა ევროკავშირიდან 450 მილიონი ევროს საქონელი მიიღო, რომლის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს – Bloomberg

2023 წლის 9 თვეში რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებიდან 450 მილიონი ევროს ღირებულების საქონელი და ტექნოლოგია მიიღო, რომლის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს და რომლის გამოყენება სამხედრო მიზნებშია შესაძლებელი.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული საქონლის მხოლოდ მეოთხედი რუსეთში უშუალოდ ევროპული ქვეყნებიდან მოხვდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ამ ტიპის საქონლით ვაჭრობის მოცულობაში შემცირდა. ამასთანავე, გაიზარდა ამავე საქონლის ექსპორტი ევროპიდან მესამე ქვეყნებში, საიდანაც ის შემდეგ რუსეთში ხვდება.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობდნენ, Bloomberg თურქეთს, არაბეთის საამიროებს, სერბეთს, ჩინეთს, უზბეკეთს ყაზახეთს, ყირგიზეთს და სომხეთს ასახელებს.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ ზოგიერთი საქონელი, რომელზეც სანქციები ვრცელდება, საზღვარგარეთ რუსეთის შვილობილი კომპანიები აწარმოებენ და მათი ექსპორტი ასევე მესამე ქვეყნების გავლით ხდება.

ცნობისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მეორე წლისთავზე ევროკავშირმა რუსეთის 10 კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მასში ის კომპანიები მოხვდნენ, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან არიან დაკავშირებულები და რომლებიც ადრე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში მონაწილეობენ.

ქვეყანაში, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტიანობას, ლაპარაკი იმაზე, რომ დედა დედაა, მამა მამაა, არის სისულელე -პაატა მანჯგალაძე

ქვეყანაში, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტიანობას, ლაპარაკი იმაზე, რომ დედა დედაა, მამა მამაა და თურმე გურამ მაჭარაშვილმა უნდა გადაარჩინოს ქართული იდენტობა, არის სისულელე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ქვეყანაში, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტიანობას, სამი მოციქული იყო საქართველოში – ანდრია პირველწოდებულიდან იქადაგება საქართველოში ქრისტიანობა, სვიმონ კანანელიც აქ იყო, მატათაც აქ იყო – ასეთ ქვეყანაში ლაპარაკი იმაზე, რომ დედა დედაა, მამა მამაა და თურმე გურამ მაჭარაშვილმა უნდა გადაარჩინოს ქართული იდენტობა, არის სისულელე. თურმე სადღაც რაღაც წიგნი დაბეჭდილა, რომელიც არ მოსწონს გურამ მაჭარაშვილს. მე ვურჩევ მას, რომ გამოიტანოს ასეთი წიგნები და დაწვას, როგორც ინკვიზიცია აკეთებდა ამას“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსი, სახელწოდებით – „ცისფერი, ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ და ამ წიგნის დამფინანსებლები არიან ჰოლანდიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

“ერთგვარი „ვეტინგი“ მოგვიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ” – პაატა მანჯგალაძე

ერთგვარი „ვეტინგი“ მოგვიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერის დეკლარაციის შესწავლას იწყებს.

მანჯგალაძის თქმით, როცა ადამიანი კეთილსინდისიერია, მას არანაირი პრობლემა არ აქვს ამასთან დაკავშირებით.

„მოქალაქის განცხადების საფუძველზე გვთხოვენ დამატებით ფინანსური ანგარიშების წარდგენას, მათ შორის ყველა საბანკო გადარიცხვის და ოჯახის ყველა წევრის. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და ეს ძალიან კარგი მაგალითია იმის, როცა ადამიანი არის კეთილსინდისიერი, მას არანაირი პრობლემა არ აქვს. ერთგვარი „ვეტინგი“ მოგვიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ. მე ძალიან მიხარია. ამის შემდეგ გამოაშკარავდება, რომ პაატა მანჯგალაძე არ შედის “ქართული ოცნების” და ზოგადად კორუმპირებული დეპუტატების სიაში და შესაბამისად, ადამიანის პატიოსნება და ღირსება იქნება დაფასებული“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

დეპუტატის თქმით, მან გუშინ ჩააბარა ეს მონაცემები და ხალხისგან დასამალი არაფერი აქვს.

ცნობისთვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასაც გეგმავს.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი ვერ მოიგოს” – საფრანგეთის პრემიერი

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვების თავიდან ასაცილებლად დასავლეთის მცდელობებთან დაკავშირებით ყველაფერი განიხილება.

მისი განმარტებით, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ „ომში ვერაფერს გამოვრიცხავთ“.

„ვერანაირ დინამიკას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ძლიერი მაკრო, თუმცა ლარი კვლავ ავლენს ტრენდს ზემოთ, მცირე გამყარებას

იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა. ამასთან, სხვადასხვა კატეგორიის ხარჯზე, იმპორტი უფრო ძლიერი იყო, რაც მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. ამ ფონზე, ასევე გაუმჯობესებულია დასაქმების მაჩვენებლები. კერძოდ, საქსტატის მიხედვით, 2023 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.1%-დან 15.3%-მდე შემცირდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 67.5 ათასით, 1.37 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა მიგრანტების მხოლოდ ნაწილობრივ გათვალისწინებით.

სავალუტო ბაზრის კუთხით, კვლავ სახეზეა სენტიმენტების გაუმჯობესება, რაც დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციაში იკვეთება. ასევე საყურადღებოა, რომ მართალია მხოლოდ ზომიერი მოცულობით, თუმცა დეკემბერ-იანვარში საქართველოს ეროვნული ბანკი წმინდა სავალუტო შესყიდვებს დაუბრუნდა. ამასთან, ლარის კურსის მხრივ, კვლავ საყურადღებოა, რომ ლარი მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით კვლავ მცირედით უფრო მეტად არის გამყარებული 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006196-weekly-update-from-the-chief-economist

 

R

“რაც დრო გადის, მით უფრო ჩნდება, რომ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები”

კარგია, რომ ნიკა მელია არ ჩქარობს, რაც დრო გადის, მით უფრო ჩნდება, რომ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას ნიკა მელიას დღევანდელ ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, სადავ მან აღნიშნა: „ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერგადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა და მომავლის რწმენა“.

„ვერ გეტყვით, რა იგულისხმა ნიკა მელიამ კონკრეტულ ტერმინებში, მაგრამ, ზოგადად, კარგია, რომ ნიკა მელია არ ჩქარობს, რადგან რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ჩნდება, რომ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია: „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მელია არის „ნაცების“ ერთ-ერთი ღვაწლმოსილი ძლიერი ლიდერი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ შეცდომების შედეგად ახლა გაუგებრობაშია. ეს გაუგებრობა უნდა აღმოიფხვრას და „ნაცები“ თავიანთ საწყისს, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რა შანსი აქვს მელიას პოლიტიკაში და რა მომავალი ექნება მის პარტიას, ხვიჩიამ განაცხადა:

„გააჩნია. არშექმნილ პარტიაზე რთულია საუბარი, ისევე როგორც წაუკითხავ წიგნზე, მაგრამ ვინაიდან ვიცი, რომ ნიკა მელია იქნება თუ ნიკა გვარამია, რეალურად ძირძველი, გულწრფელი „ნაცები“ არიან, ვერც კი წარმომიდგენია, რომ დარჩენილ დროში მათ რამე არანაცური გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ღიად დაუჭერს მხარს ორიგინალ „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ოპოზიციის ან „ენჯეო“ სექტორის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელწიფო მდივნის ბრძანებაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს”

ოპოზიციის ან „ენჯეო“ სექტორის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელწიფო მდივნის ბრძანებაზე და ლგბტ პრაიდში ბავშვების მონაწილეობაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალა“ გააგრძელებს საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. ამასთან, აღნიშნა, რომ სწორად ინფორმირებული მოქალაქე დეზინფორმაციის მსხვერპლი არასოდეს გახდება.

„სოციალურ ქსელში გაჩნდა ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსი, სახელწოდებით „ცის ფერი“. ანუ, ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში. წიგნის გარეკანიდან და სათაურის შინაარსიდან ადვილად მივხვდებით, რა მიზანი ამოძრავებთ ამ წიგნის ავტორებს და, რაც მთავარია, ამ წიგნის დამფინანსებლებს (ჰოლანდიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, გაერო-ს განვითარების პროგრამა UNDP). საქმე ისევ დეზინფორმაციასთან გვაქვს, რადგან პრეზენტაციის მესვეურები სიხარულით გვამცნობენ, თურმე ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტ პროპაგანდის მაგალითები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დეზინფორმაციის მიზანიც ხომ ის არის, რომ ტყუილი სიმართლედ მოინათლოს. ამ შემთხვევაში საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდა ბუნებრივი მოვლენაა და რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ ვითომ ევროპულ და ვითომ ცივილიზებულ მიღწევას.

ამ ყველაფრის წამახალისებელი და მაგალითის მიმცემი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის ბრძანება, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცათ მითითება, რაც პრაქტიკულად ბრძანების ტოლფასია, არ გამოიყენონ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: დედა, მამა, ქალი, კაცი, ასევე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განცხადება, თურმე ტრასგენდერის რძე დედის რძესავით შეერგება ბავშვს და ამ რძეზე გაზრდილ ბავშვს გეიპარადებში მიაღებინებენ მონაწილეობას. ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, რომლებმაც ლგბტ წარმომადგენელთა პროპაგანდის გავრცელებას და მათი უფლებების დაცვის მემორანდუმს მოაწერეს ხელი 2021 წელს, ასეთი თაობის გაზრდა და ასეთი მომავალი სურთ საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის ან „ენჯეო“ სექტორის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელწიფო მდივნის ბრძანებაზე და ლგბტ პრაიდში ბავშვების მონაწილეობაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს. ამერიკაში თქვეს, ე.ი. ასეა საჭირო.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. სწორად ინფორმირებული მოქალაქე დეზინფორმაციის მსხვერპლი არასოდეს გახდება. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, ამ მასშტაბურ დეზინფორმაციას შეეწინააღმდეგოს, არის საზოგადოება. შესაბამისად, საზოგადოების ანუ ხალხის ძალა ყოველთვის უზრუნველყოფს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა და გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორებიცაა: „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“.