არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია -შალვა პაპუაშვილი

31
spot_img

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მისცეს. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს ესაუბრა.

„როგორც ჩანს, პატიმარს მოუხდა, რომ ყოველდღე არ ჰყავდა პოლიტიკოსები, როგორც ეს წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ. მაშინ ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ის დეპუტატ თამარ კორძაიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც სააკაშვილთან მისი შესვლის თაობაზე სარჩელი პოლიტიკური ჩარევის მაგალითად დაასახელა.

„ვფიქრობ, მისთვისვე კარგია, რომ ჯერ არ ჩანიშნულა სასამართლოს სხდომა. როგორც კი ჩაინიშნება, მას ხომ მოუწევს არგუმენტების წარდგენა. მის ადგილას ვინატრებდი, სხდომა რაც შეიძლება დიდი ხანი არ ჩაინიშნოს, რათა საზოგადოებამ არ დაინახოს, რამდენად აბსურდულია მისი მოთხოვნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა დეპუტატების პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის წესი.

„რეგლამენტში წერია, რომ ნებართვის გარეშე [პენიტენციურ დაწესებულებაში] შესვლის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია მიანიჭოს რომელიმე წევრს ეს უფლება. მიანიჭებს თუ არ მიანიჭებს, ეს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაა. არ ვაპირებ [ამ უფლების მინიჭებას], რადგან ფაქტია, რომ შედეგია კარგი – მიხეილ სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა, როგორც ჩანს. კარგი გადაწყვეტილებაა და პირიქითი, მგონი უნდა მიესალმონ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.