Home Blog Page 1435

“გიორგი ვაშაძემ ემიგრაციის საკითხზე ტყუილებით თავის თავს აჯობა” – მამუკა მდინარაძე

წარმოუდგენელ ტყუილებს კადრულობენ ემიგრაციის საკითხზე, ახლა გამწარებული დარბიან, რეკავენ, ვინ იტყვის, რომ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა ეკუთვნოდა და უარი უთხრეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე ამის ერთი მაგალითიც კი ვერ დაასახელა.

„წარმოუდგენელ ტყუილებს კადრულობენ ემიგრაციის საკითხზე. თაღლითობის ეს ხარისხი ხაზარაძეს და მის პარტიასაც კი გაუკვირდება. არ არსებობს ადამიანი, ერთი ადამიანიც კი ვერ იქნება, რომელსაც ყველა დოკუმენტი აქვს წესრიგში, რათა აიყვანონ საკონსულო აღრიცხვაზე და უარი უთხრან. ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

გავიარე საკითხი ილია დარჩიაშვილთან და არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანს დოკუმენტები წესრიგში არ აქვს და მას უარი ამიტომ უთხრეს. ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევაა. შემდეგ უთითებენ, რა დოკუმენტი უნდა დაამატოს, წარმოადგინოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე ავიდეს. 800 000 ადამიანიდან, ხატია დეკანოიძე დღეს 87 000 ადამიანზე ჩამოვიდა, ახლა 52 მოქალაქის პრობლემაზე საუბრობენ. ყველა ემიგრანტის პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი მოქალაქის, თუკი ასეთი პრობლემები მართლაც არსებობს. 800 000 ადამიანიდან ჯერ 87 000-ზე ჩამოვიდნენ, ახლა 52 მოქალაქის პრობლემაზე სპეკულირებენ. წარმოუდგენელი ტყუილია, რასაც კადრულობენ. ვაშაძე რომ ყველაფერს კადრულობს, ეს გასაგებია, მაგრამ ისეთი ტყუილები ილაპარაკა დღეს, თავის თავსაც აჯობა. ყოველთვის უნდა აღვნიშნოთ და ვამხილოთ მდაბიო ტყუილებში.

საქართველოში აღარ მეგულება ადამიანი, რომელიც ასეთ მდაბიო ტყუილებს იჯერებს და ვისთვის აკეთებენ ამას? როგორც ჩანს, თავიანთ პატრონებს ეპრანჭებიან და, უბრალოდ, დავალებას ასრულებენ. სხვა გზა აღარ აქვთ, თორემ საქართველოში ადამიანი არ მეგულება, ამ ციფრებში, რეალობასა და ტყუილს შორის განსხვავება ვერ დაინახოს. გასაგებია, ვიღაცებს მხარდამჭერები ჰყავთ, მესმის მათიც, მაგრამ წარმოუდგენელი ამბავია, როგორ ბინძურად იყენებენ ემიგრანტების თემას.

ერთი ადამიანი ვერ დაასახელა ვაშაძემ, ვერც დაასახელებს ობიექტურად. ახლა აქეთ-იქით რეკავენ, ვინ წარმოადგინონ, რომ ეკუთვნოდა საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა და არ აიყვანეს. შეიძლება, გამოჩნდეს ვიღაც მისი გულმხურვალე მომხრე. რეკავენ გამწარებული, წინ და უკან დადიან, თვითონ იქვე რეკავდა. რაღაც სტატისტიკა გაულურჯებია, დიაგრამები გაუკეთებია, 52 მოქალაქეაო. ერთი დაასახელონ, ხომ შეიძლება, ერთი ამოიკითხო. მე რომ ვყოფილიყავი, მართალს ვიტყოდი და ასეთი პრობლემა თუ იქნებოდა, პირველივე გვარს წავიკითხავდი, რად უნდა ამას ბევრი ამბავი. მართალს თუ ამბობს, რად უნდა დარეკვა და მოძიება. 52-კაციანი სია მაქვსო, გადმომცა და თავში სხვა რამე ეწერა, ბოლოში –  სხვა, შემდეგ სულ სხვა რაღაცას ლაპარაკობს. ახლა ეძებენ ადამიანს, ვინ იტყვის, რომ ეკუთვნოდა საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა და უარი უთხრეს. ასეთ თაღლითობასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“რუსეთი აგრძელებს ბრუტალურ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე, ეს უნდა შეჩერდეს” – ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

„რუსეთი აგრძელებს ბრუტალურ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე, ღამის საათებში დრონებითა და რაკეტებით დაბომბა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი, ეს საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს უნდა შეჩერდეს, ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

​შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა.

როგორც ცნობილია, რუსი სამხედროების სამიზნე სხვადასხვა ენერგეტიკული ობიექტი იყო, თუმცა „დნეპროჰესმა“ მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო.

“ჩვენი ხელისუფლებისთვის დიასპორის წარმომადგენლები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილია”

ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დროებით ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, მინდა როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა და სითბო. ჩვენი ხელისუფლების ხედვა ასეთია, რომ დიასპორის წარმომადგენლები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილი გახლავთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მას ექნება შესაძლებლობა უახლოეს ორ თვეში მინისტრის საათის ფარგლებში კვლავ ეწვიოს საკანონმდებლო ორგანოს და კიდევ ერთხელ, ვრცლად ისაუბროს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობაზე, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვას, ყოფის შემსუბუქებას და ისეთი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ დაბრუნდნენ საქართველოში.

„კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მათთან ერთად შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ევროპული ოჯახის ქვეყანა, ეს არის ჩვენი მთავარი ხედვა.“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე, მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნის გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ აუცილებლად დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

„დიასპორას მივმართავ, რომ თითოეული ქართველი დიპლომატი მზადაა ქართველი მოსახლეობის უფლებების დასაცავად, საკონსულო აღრიცხვაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ ჩვენ მოვახერხოთ თქვენი დახმარება და იმ მექანიზმების ამოქმედება, რაც თქვენ გჭირდებათ, როდესაც იმყოფებით ქვეყნის საზღვრებს გარეთ“ – აღნიშნა მინისტრმა.

“26 მარტს გულშემატკივარი ფინალის ყურებას პირველი რესპუბლიკის მოედანზე ისევ შეძლებს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გუშინდელი გამარჯვება და ფინალში გასვლა მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს ქომაგობისა და ქართული სპორტის სიყვარულისთვის.

„პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს ვულოცავ გუშინდელ გამარჯვებას. გუშინ უამრავი ადამიანი იყო გამოსული და ზოგმა სტადიონზე, ზოგმა კი დიდ ეკრანთან უყურა თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საღამო წვიმდა. ეს არის ქართული სპორტის სიყვარული. უთქვენოდ, გულშემატკივრის გარეშე არანაირი ფასი არ აქვს სპორტს, ფეხბურთს. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სპორტსმენებს უდიდეს მუხტს აძლევთ. მადლობა თქვენ, ქომაგობისთვის და ქართული სპორტის სიყვარულისთვის.

ახლა კი, ერთი ნაბიჯი რჩება ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. 26 მარტს, „დინამო არენაზე“, 21:00 საათზე ფინალი გაიმართება. ჩვენი ბიჭები საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხვალ, 23 მარტიდან იწყება საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა, ხოლო მათთვის, ვინც ბილეთის ყიდვას ვერ შეძლებს, დედაქალაქის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე კვლავ მოაწყობს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზონას და დიდ ეკრანს.

„ხვალ იწყება ბილეთების გაყიდვა. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ელოდება და აქვს სურვილი სტადიონზე მოხვედრის. თუმცა, ყველას ვერ დაიტევს „დინამო არენა“ და გულდაწყვეტილი ადამიანებიც იქნებიან. შესაბამისად, ამჯერადაც, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ისევ გავაკეთებთ სპეციალურ სივრცეს ქომაგებისთვის. ღია ცის ქვეშ იქნება დიდი ეკრანი. საღამოს, 19:00 საათიდან ყველას შეგიძლიათ მოხვიდეთ. გავამხნეოთ, მხარი დავუჭიროთ ბიჭებს. აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ყველამ ერთად ვიზეიმოთ. ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება, მაგრამ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7000 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7000 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7060 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0060 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9214 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9544 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0330 ლარი შეადგინა.

“დრო იწურება და საჭიროა პროგრესის მიღწევა – საგზაო რუკა ძალიან მკაფიოა: 9 ნაბიჯი!” – ევროკავშირის ელჩი 

ვიმედოვნებ, რომ საქართველო სრულად გამოიყენებს დარჩენილ დროს მომავალ ევროპულ საბჭომდე, რათა მოხდეს საკმარისი პროგრესის მიღწევა იმისთვის, რომ ქვეყანამ შემდგომ ეტაპზე – მოლაპარაკებების გახსნაზე გადაინაცვლოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, “საქართველო, რომელიც უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ლიდერია, არის დაჩაგრული, ევროკავშირის მხრიდან ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა”.

„ბრიუსელში გუშინ და დღეს მიმდინარეობს ევროპული საბჭოს სხდომა, ევროკავშირის 27 ლიდერის შეხვედრა. დღის წესრიგი ძალიან დატვირთულია. მათ განიხილეს ბევრი სხვადასხვა საკითხი, მათ შორის გაფართოება. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი საშინაო დავალება ევროკავშირის შიგნით გრძელდება. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით გაფართოების საკითხს, სერიოზულად ვეკითხებით ახალი წევრების მიწვევას. ლიდერებმა დაავალეს ევროკომისიას, რომ მოამზადოს ნიადაგი დიდი გაფართოებისთვის, ასე რომ, მუშაობა გრძელდება. მეორე მხრივ, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირს შეუერთდეს, რომ დააჩქაროს მზადება. ძალიან კარგი ამბავია უკრაინისა და მოლდოვისთვის, ბრწყინვალე ამბავია ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, რადგან ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გახსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ლიდერებმა მოუწოდეს საქართველოს, გააძლიეროს რეფორმები, განახორციელოს 9 ნაბიჯი. ჯერ კიდევ არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება იმისთვის, რომ საქართველომ ასევე გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ ეს მოითხოვს სერიოზულ მუშაობას. დრო იწურება და საჭიროა პროგრესის მიღწევა. საგზაო რუკა ძალიან მკაფიოა – 9 ნაბიჯი. ჩვენ უნდა დავსხდეთ ერთად და უზრუნველვყოთ, რომ არ გაიფლანგოს დრო და რომ მომავალ რამდენიმე თვეში გვქონდეს საკმარისი პროგრესი ისე, რომ შემდგომ ეტაპზე გადანაცვლება შევძლოთ“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, როგორც ევროკავშირის ელჩი, მოხარულია, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინამ მიაღწია საკმაო პროგრესს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ისე, რომ ლიდერებმა ქვეყანას პოზიტიური სიგნალი მისცეს.

„ასევე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ გვექნება პოზიტიური სიახლე, რომ მომავალ ევროპულ საბჭომდე დარჩენილ დროს, რომელიც გაფართოებაზე იქნება ორიენტირებული, საქართველოში ყველა სრულად გამოიყენებს, რათა მოხდეს საკმარისი პროგრესის მიღწევა იმისთვის, რომ საქართველოს შემთხვევაშიც გვქონდეს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა.

თუკი თქვენ მეკითხებით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ გადავიდეს შემდგომ ეტაპზე – გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე – გთხოვთ, შეხედოთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს. აქ შავით თეთრზე წერია, რა უნდა გაკეთდეს და რას ველოდებით“, – აღნიშნა ელჩმა.

“მაქვს შეთავაზება იმ პარტიებთან, რომლებიც არც „ნაცები“ ვართ, არც „ქოცები“ – ალეკო ელისაშვილი

მაქვს შეთავაზება, იმ პარტიებთან, რომლებიც არც „ნაცები“ ვართ და არც „ქოცები“, ვილაპარაკოთ გაერთიანების გზებზე – ასეთ ძალად მოვიაზრებ ,,ლელოს“, გახარიას პარტიას, საპარლამენტო ,,გირჩს“ ანა დოლიძეს და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს, წესით ახლა ყველა რაღაც საერთო კონტურებზე უნდა ვმსჯელობდეთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და ზოგჯერ შეიძლება ისეთი ადამიანები დადგნენ ერთმანეთის გვერდზე, წარმოუდგენლად რომ მიიჩნევა.

„მაქვს შეთავაზება, იმ პარტიებთან, რომლებიც არც „ნაცები“ ვართ და არც „ქოცები“, არც ამ ორი პარტიის ორბიტაზე ვართ, ვილაპარაკოთ გაერთიანების გზებზე. ე. წ. შუაშისტური ძალები, პროდასავლური პარტიები უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ცალ-ცალკე შეიძლება ბარიერი გადავლახოთ, მაგრამ ხელისუფლებას ვერ შევცვლით. თუ ცვლილება გვინდა, პარტიული დღის წესრიგი დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო კონტურებზე ვიფიქროთ. ასეთ შუაშისტურ ძალებს შეიძლება 30-40%-იანი რესურსი გვქონდეს. ასეთ ძალად მოვიაზრებ ,,ლელოს“, გახარიას პარტიას, საპარლამენტო ,,გირჩს“ ანა დოლიძეს და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს, წესით ახლა ყველა რაღაც საერთო კონტურებზე უნდა ვმსჯელობდეთ. მე, პირადად, მზად ვარ დავჯდე ამ პარტიებთან სალაპარაკოდ.

ერთადერთი, ვისთანაც ამ ეტაპზე ვლაპარაკობთ, საპარლამენტო „გირჩია“, მათ მზაობაც აქვთ ამ თემაზე, ჩვენ ბევრ რამეში ერთმანეთს კატეგორიულად არ ვეთანხმებით, მაგრამ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გვაერთიანებს, იმაზე თუ როგორ ვხედავთ გამდიდრების გზას, სამართლიან და უსაფრთხო ქვეყანას და ა.შ. მინდა სხვებსაც მივმართო, შეწყვიტონ ერთმანეთზე თავდასხმები, შეიძლება ყველას ერთმანეთი გულზე არ გვეხატებოდეს, მაგრამ თუ ჩვენ პოლიტიკაში ვართ და ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, უნდა გავაცნობიეროთ ეს ისტორიული მომენტი, რომ თუ ახლა შევცვლით ხელისუფლებას, გაიხსნება მოლაპარაკებები და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ძალაუფლების ცვლილება უნდა იყოს წყნარი და მშვიდი.

თუ ჩვენ ცვლილება გვინდა, კომპრომისებზე უნდა წავიდეთ, პირობა უნდა დავდოთ, რომ ეს რევანშიზმის გარეშე მოხდება, რომ ცვლილების შემდეგ არავის დავიჭერთ. ქონებას არავის წავართმევთ, სამსახურიდან არავის გავუშვებთ და ძალიან მომწონს ,,გირჩის“ იდეა, რომ თუ ვინმეს გავუშვებთ სამი წლის კომპენსაციას წინასწარ მივცემთ. ამით აშინებს „ოცნება“ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, ამიტომ თუ ჩვენ ცვლილება გვინდა, რევანშიზმს უნდა მოვეშვათ.

პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და ზოგჯერ შეიძლება ისეთი ადამიანები დადგნენ ერგნეთის გვერდზე, წარმოუდგენლად რომ მიგვაჩნია. მე მზად ვარ კომპრომისისთვის, მოვუწოდებ სხვა ე.წ. შუაშისტურ პარტიებს, მარტო თავის დღის წესრიგზე და ბარიერის გადალახვაზე ნუ ფიქრობენ, რომც გადალახონ მერე რას იზამენ? გაერთიანების გარეშე ცვლილება არ მოხდება. დღის წესრიგი ავაწყოთ საერთო კონტურის მოხაზვაზე და ცვლილების განხორციელებაზე“, – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.

„რუსეთის ატომური იარაღი ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც მას არ იყენებენ“ – ინტერვიუ ფრედერიკ ბენ ჰოჯესთან

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანია „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინტერვიუ თადარიგის ოთხვარსკვლავიან გენერალთან და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილ მთავარსარდალ – ფრედერიკ ბენ ჰოჯესთან სათაურით „რუსეთის ატომური იარაღი ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც მას არ იყენებენ“.

გენერალი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთის ხელისუფლებაში დარჩენა ბევრს არაფერს ცვლის უკრაინისთვის, თუმცა, ეს ცუდი ამბავია რუსი სამხედროებისთვის, ვინაიდან კრემლი განაგრძობს ფრონტის ხაზზე “ხორცსაკეპ მანქანაში” მათ გაგზავნას.

ომის ორი წლისთავზე ამერიკელი გენერალი მომავალი წლის მოლოდინებზე, უკრაინის შეიარაღების პრობლემებზე, დასავლური დახმარების აუცილებლობაზე, ნატოში ცვლილებებსა და შავი ზღვის რეგიონზე ომის გავლენაზე საუბრობს.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

– გენერალო, დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ ინტერვიუსათვის. ნება მომეცით, ბოლო ამბებით დავიწყო. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად სახელმწიფოს მეთაურად ისევ ვლადიმერ პუტინი დარჩა. ელოდებით რაიმე ცვლილებას იმის გამო, რომ კრემლში ისევ პუტინი იქნება?

– ვფიქრობ, ეს ცუდი ამბავია ათასობით რუსი მამაკაცისთვის, რადგან მისი ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს, რომ ისინი გააგრძელებენ უიღბლო ჯარისკაცების ხორცის საკეპში გაგზავნის სტრატეგიას, სადაც ისინი დაიხოცებიან. დღეში ასობით ჯარისკაცს კარგავს რუსეთი. ასე რომ, მათთვის და რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის ეს კარგი ახალი ამბავი არაა.

ომში ცვლილებას არ ველოდები. რუსეთს არ აქვს საკმარისი საომარი ძალა, რომ უკრაინა ომში დაამარცხოს. მათ ვერ შეძლეს ერთი თვის წინ, ავდიივკაში მიღწეული ტექნიკური წარმატების თავის სასარგებლოდ გამოყენება. წელს, ვფიქრობ, უკრაინა ძირითადად სიტუაციის დასტაბილურებას და დასავლეთისთვის მეტი დროის მიცემას შეეცდება, რომ მათ დამატებითი შეიარაღება მიაწოდონ. იმედია, უკრაინული მხარე ასევე შეძლებს ჯარის გაზრდასაც, ხოლო რუსულ მხარეს ცვლილებებს არ ველოდები.

– ახლა რა ხდება ფრონტის ხაზზე? როგორია თქვენი მოლოდინები 2024 წლისთვის?

– ვფიქრობ, ვნახავთ რუსეთის მცდელობას, რომ განაგრძოს ის, რასაც მე ადგილობრივ ტაქტიკურ წარმატებას ვუწოდებ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ეცდებიან თითო სოფელი აიღონ. რა თქმა უნდა, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ მათ ჰქონდეთ იმის პოტენციალი, რომ რაიმე დიდ წარმატებას მიაღწიონ უკრაინის ტერიტორიაზე, ან რომელიმე დიდი ქალაქის აღების მხრივ.

თუ დასავლეთი უკრაინის დახმარებას ვერ შეძლებს და უკრაინული შეიარაღების სიმცირე გაუარესდება, მაშინ ჩემი შეფასების გადახედვა მომიწევს. თუმცა, მაგალითად, ჩეხეთის პრეზიდენტმა პაველმა ცოტა ხნის განაცხადა, რომ შეუძლიათ ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი მიაწოდონ უკრაინას. მგონია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში დამატებითი შეიარაღება გამოჩნდება. გარდა ამისა, ამერიკა ეძებს გზებს, რომ კონგრესში არსებული პრობლემა დაძლიოს და უკრაინას შეიარაღება გადასცეს.

ვფიქრობ [წელს] უკრაინის მხრიდან, რუსეთის გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე ზეწოლა გაგრძელდება. ის, როგორც ამას [უკრაინელები] დრონებით ახერხებენ, ძალიან შთამბეჭდავია. 6 დრონით 6 სხვადასხვა გადამამუშავებელ ქარხანას დაესხნენ თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ [თავდასხმებს] მნიშვნელოვანი გავლენა ექნება არა მარტო რუსეთის გაზისა და ნავთობის ექსპორტით მოპოვებულ თანხაზე, რომელსაც რუსეთი ომის ძალისხმევის შენარჩუნებისთვის იყენებს, არამედ, მათ შესაძლებლობაზე საკუთარ ჯარს საკმარისი საწვავი და საპოხი მასალა მიაწოდონ. ეს მნიშვნელოვანია.

და ბოლოს, ვფიქრობ, უკრაინელები გააგრძელებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ თავდასხმებს ასიმეტრიული გზებით, დრონების გამოყენებით, დივერსიებით და საზღვაო უპილოტო სისტემების გამოყენებით, რათა განაგრძონ რუსების უკან დახევა აღმოსავლეთისკენ, სევასტოპოლისგან შორს.

– აგვიხსენით, რას ცვლის უკრაინისათვის თეთრი სახლის მიერ 300 მილიონი დოლარის გამოყოფა და რას ფიქრობთ, მიაღწევს თუ არა კონგრესი შეთანხმებას უკრაინის 60 მილიარდიანი დახმარების გამოყოფის თაობაზე?

– პირველ რიგში, სამარცხვინოა, რომ საერთოდ ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც კონგრესმენების უმრავლესობა, მათ შორის, რესპუბლიკელებიც, უკრაინას მხარს უჭერენ. ის ფაქტი, რომ [დახმარება] შეჩერებულია, სირცხვილია. მჯერა, რომ 60 მილიარდიანი დახმარება, საბოლოოდ გზას იპოვის და დამტკიცდება.

იმის მიხედვით რას ამბობს [წარმომადგენელთა პალატის] სპიკერი, ეს ალბათ, აპრილში მოხდება. მაგრამ ეს აბსოლუტურად, არასაჭირო შეყოვნებაა და ის მთლიანად ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის მიერ და მისი კონგრესზე ზემოქმედებით არის განპირობებული, რაც იმედის გაცრუებას იწვევს.

ომში ცვლილებას არ ველოდები. რუსეთს არ აქვს საკმარისი საომარი ძალა, რომ უკრაინა ომში დაამარცხოს. მათ ვერ შეძლეს ერთი თვის წინ, ავდიივკაში მიღწეული ტექნიკური წარმატების თავის სასარგებლოდ გამოყენება.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკეთ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ აუხსნას ამერიკელ ხალხს, რატომაა უკრაინელი ხალხის წარმატება და რუსეთის დამარცხება ამერიკისთვის მომგებიანი – რომ ეს გვეხმარება და ეს არაა ქველმოქმედება ატლანტის ოკეანის მეორე მხრიდან.

რაც შეეხება 300 მილიონის დახმარების პაკეტს, რომელიც ცოტა ხნის გამოაცხადეს, ეს, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება, მაგრამ არა მნიშვნელოვანი, ან გადამწყვეტი. ვგულისხმობ, რომ თავად თანხის ოდენობა არაა ისეთი, რომ ცვლილებები მოიტანოს. თუმცა, ახლა მცირედიც აუცილებელია. ის ფაქტი, რომ მათ შეძლეს 300 მილიონის გამოყოფა ნიშნავს იმას, რომ პენტაგონი ძალიან ბევრს მუშაობს, რათა ყველაფერი გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად.

– უკრაინა დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) წარმოებასა და გამოყენებაზე აკეთებს ფოკუსირებას. რატომაა დრონები ესოდენ მნიშვნელოვანი და შეუძლიათ თუ არა მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება სამომავლოდ უკრაინის გამარჯვებაში?

– დრონებმა შეცვალეს ომის ხასიათი, რადგან ისინი ორივე მხარეს აძლევენ შესაძლებლობას გაცილებით მეტი დაინახონ მოწინააღმდეგის მხარეს.
ძალიან რთულია, ფორმირებების შეკრება და ამის ფარულად გაკეთება.

ძველი ანდაზა ამბობს, რომ თუ ხილვადი ხარ, მაშინ თავსაც დაგესხმებიან და თუ თავს დაგესხმებიან, მაშინ შესაძლოა, რომ მოგკლან კიდეც. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში, უკრაინას უნდა ჰქონდეს საკუთარი დრონები, რათა შეძლოს [მტრის] აღმოჩენა და მათზე შეტევა, მაგრამ მათ ასევე უნდა ჰქონდეთ რუსული დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარიც.

რაც შეეხება რუსებს, მაშინაც კი, როდესაც მე ცივი ომის პერიოდში, ლეიტენანტი ვიყავი და დასავლეთ გერმანიაში ვმსახურობდი, საბჭოთა ჯარებს ჩვენზე ბევრად აღმატებული საომარი ელექტრონული შესაძლებლობები ჰქონდათ.

მათ შეეძლოთ ჩვენი კომუნიკაციის ჩახშობა შორ მანძილზე. რა თქმა უნდა, უკრაინელებმაც აღმოაჩინეს, რომ რუსებს შეუძლიათ უკრაინული დრონების შეჩერება მათი სიხშირეების დახშობით. ასეთი რამ ყოველთვის ხდება ომში, ერთი მხარე ერთს აკეთებს, მეორე მეორეს. ეს რბოლაა უპირატესობის მოსაპოვებლად. ასე რომ, მნიშვნელოვანია არა მარტო საკუთარი დრონების ქონა, არამედ მეორე მხარისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარიც. რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ყველაფრის დამალვა არ შეგიძლია, უნდა გქონდეს თავდაცვითი სისტემა, რათა [მტრის] დრონებს არ შეეძლოთ ეფექტური დარტყმა.

– ერთადერთი ტიპის იარაღი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში ჯერ არ გამოუყენებიათ, ალბათ, ბირთვული იარაღია, თუმცა კრემლი მუდმივად იმუქრება, რომ მისი გამოყენება გამორიცხული არ არის. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია, რომ მოსკოვი მუქარას შეასრულებს და საერთოდ, შეუძლიათ თუ არა ატომური იარაღის ისე გამოყენება, რომ რუსებმა საკუთარ თავსაც არ ავნონ?

– ვფიქრობ, რუსეთის ატომური იარაღი ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც მას არ იყენებენ. როგორც თქვენ თქვით, პრეზიდენტი პუტინი და სხვები გამუდმებით საუბრობენ ამაზე და მუდმივად იმუქრებიან [ატომური იარაღით].

სხვათა შორის, ვისურვებდი, რომ რომის პაპი გამოსულიყო და რუსეთისთვის, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრისთვის ეთქვა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ იმის გამბედაობა, რომ არ ემუქრებოდნენ ხალხს ატომური იარაღით; რომ მათ უნდა ჰქონდეთ გამბედაობა იმისა, რომ უდანაშაულო ხალხის ხოცვა შეწყვიტონ იმის მაგივრად, რომ უკრაინელებს მოუწოდოს მოლაპარაკებების გამბედაობა ჰქონდეთ.
ასევე ვისურვებდი, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა საჯაროდ დასაჯოს ხუთიდან ერთი მუდმივი წევრი, რუსეთის ფედერაცია, ატომური იარაღის გამოყენების მუდმივი მუქარის გამო, რადგან ეს უგუნური და უპასუხისმგებლო საქციელია.

მაგრამ პუტინი ამას აკეთებს, რადგან ხედავს, როგორი რეაქცია აქვს ყველას – ჩვენ ყველანი თავს ვიკავებთ, რადგან გვაშფოთებს ის, რომ შესაძლოა მან ატომური იარაღი გამოიყენოს. ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც ამერიკა და გერმანია ყველაფერს არ აკეთებენ, რომ უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარონ. ადმინისტრაციას ეშინია, რომ თუ უკრაინა წარმატებული იქნება, თუ ის დააბრუნებს რუსეთს 1991 წლის საზღვრებში და როდესაც უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს, ეს კუთხეში მოამწყვდევს პუტინს და ის იფიქრებს, რომ მან ატომური იარაღი უნდა გამოიყენოს.

ეს აბსოლუტური ნონსენსია. ჩემი აზრით, ნულია იმის შანსი, რომ რუსეთმა ატომური იარაღი გამოიყენოს, რადგან ამ შემთხვევაში მათ არანაირი დადებითი შედეგი არ ექნებათ. რა თქმა უნდა, ეს [მუქარა] სერიოზულად უნდა მივიღოთ, რადგან მათ ათასობით ატომური იარაღი აქვთ და ნათელია, რომ არ ადარდებთ რამდენი უდანაშაულო ადამიანი შეიძლება მოკლან. მაგრამ მათთვის ფრონტზე ამ მხრივ ეს არანაირ უპირატესობას არ მოიტანს.

გარდა ამისა, ამერიკამ თქვა, რომ რუსეთს კატასტროფული შედეგები დაუდგება, თუ ატომურ იარაღს გამოიყენებს. ჩვეულებრივი რუსული მეთოდოლოგიის ნაწილია, რომ გამოიყენონ ყველაფერი, რაც მათ სურთ, სანამ ეს რუსეთს დაეხმარება. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღი რუსეთს ეხმარება.

– გენერალო, მიმდინარე წელს ნატო თავისი შექმნიდან 75-ე წელს იზეიმებს. გვითხარით, როგორ შეცვალა ალიანსი უკრაინის ომმა ამ ორი წლის განმავლობაში და იქნებ ასევე გვითხრათ რას ფიქრობთ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე დასავლეთის ჯარების შესაძლო ჩართულობაზე უკრაინის ომში?

– პირველ რიგში ნატოს 75-ე წლისთავზე გიპასუხებთ. როგორი შთამბეჭდავია, რომ ორგანიზაცია, რომელიც მთლიანად კოლექტიურ თავდაცვაზეა დაფუძნებული 12-დან 32-წევრამდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, ნატო იდეალური არაა, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არაა იდეალური. ნატოს ყველა წევრს ერთხელ მაინც უბრძოლია სხვა წევრ ქვეყანასთან, ალიანსში გაწევრიანებამდე.

მაგრამ, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, არ ყოფილა არცერთი ფართო მასშტაბიანი ომი ევროპაში, თუ არ ჩავთვლით რუსეთის შეჭრას. ასე რომ, თითქმის 75 წლის განმავლობაში, ცივი ომის დასრულებიდან და მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან თითქმის 80 წლის განმავლობაშიც კი, მშვიდობა იყო [წევრებს შორის, ევროპაში], თუ არ ჩავთვლით იუგოსლავიას. ასე რომ ეს ძალიან შთამბეჭდავია.

ის ფაქტი, რომ მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა და იმედგაცრუებებისა, ქვეყნებს კვლავ აქვთ სურვილი ნატოში გაწევრიანდნენ, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ვარშავის პაქტის ქვეყნებს, ანუ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ყველაზე ახლოს ცხოვრობენ და კარგად ესმით რა არის რუსეთი, არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან ველოდები იმ დღეს, როდესაც საქართველო და უკრაინა, ორივე ნატოს წევრები გახდებიან.

რაც შეეხება იმას, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა და რის გამოც დიდი ყურადღება დაიმსახურა- გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს ბრწყინვალე იდეაა. მიხარია, რომ ეს თქვა. რა თქმა უნდა, მან თქვა ის, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ ევროპული ძალების მიერ უკრაინის დახმარების ვარიანტი.
მიზეზი კი რატომაც ვფიქრობ, რომ ეს ბრწყინვალე იდეაა ისაა, რომ ის რუსეთს შეაშინებს. მათ ისეთ რამეს გაუჩენს, რაზეც ინერვიულებენ. როგორც წესი, ყოველთვის ჩვენ ვნერვიულობთ იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა. ახლა კი ისინი [რუსები] ნერვიულობენ იმაზე, როდის გადაწყვეტენ ფრანგები, გერმანელები, ბრიტანელები, ამერიკელები, პოლონელები, ან ნებისმიერი სხვა, რომ [უკრაინას] დამატებითი შესაძლებლობები მისცენ.

ეს ძირითადი სტრატეგიული ხელოვნებაა – აიღო შენს ხელში ინიციატივა, აიძულო მტერი იმაზე ინერვიულოს შენ რას ფიქრობ, ან აკეთებ მაშინაც კი, თუ რაიმე კონკრეტულის გაკეთებას არ გეგმავ. წარმომიდგენია, რომ ევროპულ ქვეყნებს, კანადას, ამერიკას, შეუძლიათ, რომ უკრაინას დაეხმარონ ჯარებით ისე, რომ ამაში ჩართული არ იყოს ქვეითი ჯარი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, არამედ საჰაერო თავდაცვა, ლოჯისტიკა, ინჟინრები, შესაძლებლობები – ის, რაც უკრაინას სჭირდება. ეს ძალიან გამოსადეგი იქნებოდა.

და, რა თქმა უნდა, არაა აუცილებელი, რომ ეს ნატოს ჯარები იყოს. შესაძლოა, რომ ინდივიდუალური ქვეყნების გადაწყვეტილება იყოს. კოორდინაცია აუცილებელია, მაგრამ ავტომატურად ნატოს, ან ევროკავშირის სახელით შეიძლება არც მოხდეს. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ [საფრანგეთის პრეზიდენტმა] ეს გააკეთა.

– როგორ შეცვალა უკრაინის ომმა უსაფრთხოების გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში? სადაა ამ სურათში საქართველო და რა გამოწვევები დგანან თბილისის წინაშე?

– რა თქმა უნდა, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს სურთ განაგრძონ დასავლური ინტეგრაცია, თუ უკან დაბრუნდნენ და რუსეთის ვასლები იყვნენ?

საქართველო მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანეს ადგილას, კავკასიაშია. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ერთხელ ვკითხე – “რა ქვეყანაა საქართველო”? შეიძლება იფიქრა, რომ სულელური კითხვა იყო, მაგრამ მაინც მიპასუხა და მითხრა: „გენერალო, ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, რომელიც პორტალია ევროპასა და ევრაზიას შორის”. ამან სრულიად შეცვალა ჩემთვის შავი ზღვის [რეგიონის] აღქმა.
თუ საქართველო შეძლებს, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ჰქონდეს, მაგალითად ისეთი, როგორიც ანაკლიის პროექტია, მაშინ აზერბაიჯანიც გაცილებით უკეთესი ადგილი ხდება კომერციული გადაზიდვებისთვის ევროპასა და ევრაზიას შორის. ეს აუცილებლად შეცვლის იმას, როგორ უყურებენ ევროპული ქვეყნები შავი ზღვის რეგიონს. ამით ისარგებლებს რუმინეთი, უკრაინა, თურქეთი.

თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, რომ ესაა რაც მათ სურთ. სამწუხაროდ, ახლანდელი მთავრობა, როგორც ჩანს დიდად არ უჭერს ამას მხარს. ისინი დასავლური ინტეგრაციის შეჩერებაში უფრო დაინტერესებულები ჩანან.

თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ქალი და კაცია, რომლებსაც თავად შევხვედრივარ. ეს ნიჭი და სურვილი შეუძლებელია, რომ სამუდამოდ შეაკავო.

წყარო

“გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიას და მისი გარდაცვალების თარიღს რომ აყალბებ, ოღონდ ცესკო-ს თავმჯდომარის მამას შეურაცხყოფა მიაყენო, ამაზე მეტი მდაბიო პიარი, ალბათ, როზნერსაც კი ვერ წარმოუდგენია”

გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიას და მისი გარდაცვალების თარიღსაც რომ აყალბებ, ოღონდ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის მამას წარსულში შეურაცხყოფა მიაყენო, ამაზე მეტი მდაბიო პიარი, ალბათ, როზნერსაც კი ვერ წარმოუდგენია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობის კამპანია ოპოზიციისთვის გამოსავალია.

„ეს არის ერთადერთი მთავარი ხაზი, რაზეც მთელი ოპოზიცია ჩამოეკიდება. როდესაც მათ იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, პატრონები და მათგან მივლენილი პიარის სპეციალისტები ეუბნებიან, რომ პირველი ამოცანა ლეგიტიმაციის პრობლემის დაყენება უნდა იყოს თქვენი მხრიდანო. ამისათვის რა არის საჭირო? – ცესკო-ს დისკრედიტაცია. ამისათვის რა არის საჭირო? – მაგალითად, ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარეზე, რომელიც შეიძლება მომავალშიც კანდიდატი იყოს, დისკრედიტაციის კამპანიის აგორება და კანონის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ერგება, მით უმეტეს, თუ ვენეციის დასკვნის რაღაც პუნქტი ამის საშუალებას იძლევა. გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიას და მისი გარდაცვალების თარიღსაც კი, რომ აყალბებ, ოღონდ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის მამას წარსულში შეურაცხყოფა მიაყენო, ამაზე მეტი მდაბიო პიარი, ალბათ, როზნერსაც კი ვერ წარმოუდგენია. ეს არის მათი მთავარი ხაზი და მთავარი ტყუილი, წინასწარ პრობლემები შეუქმნან ლეგიტიმაციას, ამიტომ უტევენ ისინი ცესკო-ს. ეს არჩევნების დღემდე და არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება, ეს სიტყვები დაიმახსოვრეთ, ცესკო-ზე მუდმივი შტურმი და მუდმივი ტყუილები იქნება, რადგან ლეგიტიმაციის საკითხია მათი გამოსავალი“, – განაცხადა მდინარაძემ.

“რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ?” – დაჩი ბერაია გიორგი ვაშაძეს

შენ ხარ ტიპური, კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ, როდესაც ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენის ფარგლებში, სიტყვით გამოდიოდა.

უფრო კონკრეტულად სიტყვიერი დაპირისპირება და დარბაზიდან უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკები ვაშაძის იმ გამოსვლას მოჰყვა, სადაც მან ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრა.

„რამდენს ლაპარაკობს ეს მოღალატე. ვერ ხვდები, რომ მოღალატე ხარ? რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ? შენ ხარ ტიპური კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი“, – მიმართა ადგილიდან დაჩი ბერაიამ გიორგი ვაშაძეს.

რაც შეეხება უშუალოდ ვაშაძის განცხადებას, მისი ინფორმაციით, ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. გიორგი ვაშაძემ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ აჰყავს ემიგრაციაში მყოფი ემიგრანტები საკონსულო აღრიცხვაზე. ვაშაძის კითხვის პასუხად, თავდაპირველად დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია აღშფოთდა, რომელმაც ვაშაძეს მიმართა, თუ რატომ არის მოღალატე.

ანალოგიური შეფასებები ვაშაძის მისამართით „ხალხის ძალის“ სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ასევე, სიტყვიერ დაპირისპირებაში, ასევე, უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჩაერთო.

კოლეგების გიორგი ვაშაძემ უთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ დასმულ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა და პროვოკაციის მოწყობით საკითხის გადაფარვას ცდილობდა.

მეტროს სადგურ „ახმეტელიდან“ მეტროს სადგურ „გურამიშვილამდე“ მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროს სადგურ „ახმეტელიდან“ მეტროს სადგურ „გურამიშვილამდე“ მგზავრთა მომსახურება მცირე ხნით შეწყდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მატარებლები იმოძრავებენ მეტროს სადგურ „გურამიშვილიდან“ მეტროს სადგურ „ვარკეთილამდე“ და პირიქით. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება.

ღვინის ბარმა Wine Not?-მა გუდიაშვილის მოედანზე ახალი ფილიალი – რესტორანი და ინტერაქციული სივრცე გახსნა

„ღვინო“ ის სიტყვაა, რომელიც დღეს, უცხოელის წარმოსახვაში, ყველაზე ხშირად და ძალდაუტანებლად საქართველოსთან ასოცირდება. ღვინოსთან დაკავშირებული ბიზნესის ასეთ ქვეყანაში წამოწყება, წესით, გაჯერებულ ბაზარზე, მორიგი მოთამაშის გაჩენას და კარგად გაკვალული გზის არჩევას უნდა გულისხმობდეს, მაგრამ ღვინის ბარ Wine Not?-ის დამფუძნებლები, ნინო აბულაძე და ნინო ჭყოიძე, საქმეს სხვაგვარად მიუდგნენ.

ღვინის ბარის გახსნის იდეა ბუდაპეშტიდან დაბრუნებისას გაჩნდა, სადაც ორივე ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა. ნინო აბულაძის თქმით, ბევრი აღარ უყოყმანიათ და შესაფერისი ადგილის ძებნას მაშინვე შეუდგნენ.

„2019 წელს ღვინის ბარები თბილისში პოპულარული არ იყო. უფრო მეტიც, ასეთი ბარი საერთოდ არ არსებობდა. გვინდოდა, ტრადიციისგან განსხვავებული, ახლებური მიდგომა დაგვემკვიდრებინა – რომ სამსახურის შემდეგაც შეგიძლია საყვარელ ბარში შეიარო და ჭიქა ღვინო მიირთვა. ეს აქაურობისთვის სიახლე იყო“.

Wine Not?-ის კონცეფცია, სიმარტივის მიუხედავად, საქართველოსთვის სრულიად ახალია. ის გულისხმობს ღვინის მოყვარული ადამიანების ერთ სივრცეში თავმოყრას და ადგილობრივი მცირე და საშუალო მარნების ღვინოების შეთავაზებას, რომელთა დაგემოვნებისთვის სტუმარს მთელი ბოთლის შეძენა არ უხდება – მხოლოდ ჭიქა ღვინის შეკვეთაც შეუძლია. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. ბარი, დაახლოებით, 300 მარნის ღვინოებს აერთიანებს, რომლებიც  სომელიეების მიერაა შერჩეული.

Wine Not?-ი 2019 წელს თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა და მალევე ბევრი ერთგული სტუმარიც და შესაბამისად, გაფართოების საჭიროებაც გაუჩნდა. ღვინოსა და წასახემსებელ დაფებს უკვე სრული სამზარეულო უნდა დამატებოდა. ამის განხორციელება ახალ ადგილას, გუდიაშვილის მოედანზე არსებულ სივრცეში მოხერხდა, რომელიც პეტრიაშვილზე მდებარე ბარზე უფრო დიდია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას, შენობაში 300 წლის წინანდელი მარანი აღმოაჩინეს და დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, ეს აღმოჩენაც კონცეფციის ნაწილად ექციათ.

„ღვინის ბარის კონცეფცია აქაც, გუდიაშვილზეც გადმოვიტანეთ, დავამატეთ სრული სამზარეულო და, გარდა ამისა, გვაქვს ეს უძველესი მარანი. უცხოელ სტუმრებს ვაჩვენებთ, როგორია ქვევრი, რა არის მარანი, როგორია, ზოგადად, ქართული ღვინის ტრადიცია.“

Wine Not?-ის ღვინის ბარებს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს – ორივე ძალზე ინტერაქციული სივრცეა. აქ მუდმივად ტარდება ღვინის დეგუსტაციები, ცოცხალი მუსიკის საღამოები, კომედიური სთენდაფები თუ სხვა ტიპის ღონისძიებები. სცენა ხშირად ეთმობა ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომლებსაც დიდ აუდიტორიასთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ. დამფუძნებლებისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ინტერაქცია განაპირობებს, რომ ბარად ან რესტორნად Wine Not?-ის მოხსენიება ბოლომდე ზუსტი არაა. ის უფრო მეტია – სივრცე, სადაც ღვინის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანები სხვადასხვა გასართობ თუ საგანმანათლებლო აქტივობებში ერთვებიან.

„სხვადასხვა სპეციალისტის დახმარებით ძალიან ბევრი ტრენინგი ჩავატარეთ და ამან ჩვენც გაგვზარდა და ჩვენი თანამშრომლებიც. ვცდილობთ აქ მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები დავასაქმოთ. მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გაეცნონ ბაზარზე არსებულ ღვინოებს. დეგუსტაციები ჩვენთან რეგულარულად ტარდება და სტუდენტებს ეს გამოცდილება ძალიან ეხმარება. იგივე გვინდა გავაკეთოთ გასტრონომიული მიმართულებით. გვსურს, კულინარიის კურსდამთავრებულებმაც დაიწყონ აქ მუშაობა, რადგან ჩვენთვის ახალი, ნიჭიერი ხალხის აღმოჩენა მნიშვნელოვანია – როგორც ღვინის, ასევე სამზარეულოს და მუსიკის მიმართულებით.“

Wine Not?-ში ახალი ღვინოების შერჩევას დიდი ყურადღება ექცევა. ორ კვირაში ერთხელ დამფუძნებლები, თანამშრომლები და სტუდენტები იკრიბებიან და, სომელიეს ხელმძღვანელობით, ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მარნიდან შემოსული ახალი ღვინოების დეგუსტაცია ხდება. ღვინო სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება – უპირველეს ყოვლისა, გემოვნური თვისებებით, მაგრამ ეტიკეტს თუ საფასო კატეგორიასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მხოლოდ ასეთი საფუძვლიანი შეფასების შემდეგ წყდება არსებული ღვინის ბარისთვის ამა თუ იმ ღვინის დამატება.

რაც შეეხება სამზარეულოს, აქ ღვინოსთან შეხამებული გათანამედროვებული ქართული კერძების პრინციპი მოქმედებს. წიწილა გოზინაყში, ბადრიჯანი ბაჟეში თუ ხარჩო მობრაწული ღომით, იმ ორიგინალური კერძებიდან რამდენიმეა, რომლებიც Wine Not?-ის სტუმრებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

პირველი ფილიალი დამფუძნებლებმა თავიანთი რესურსით გახსნეს, მაგრამ 2023-ში, მეორე ფილიალის გახსნისთვის, უკვე თიბისის მიმართეს. „მეტი რესურსი დაგვჭირდა და მივმართეთ ბანკს, რომელმაც საკმაოდ კარგი პირობებით მოგვცა ბიზნესსესხი. ასევე ვსარგებლობთ „აწარმოე საქართველოს“ სუბსიდირების პროგრამით“. Wine Not? -ში სამომავლოდ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, საქართველოს სხვა ტურისტული რეგიონების ათვისებაც.

R