“დრო იწურება და საჭიროა პროგრესის მიღწევა – საგზაო რუკა ძალიან მკაფიოა: 9 ნაბიჯი!” – ევროკავშირის ელჩი 

28
spot_img

ვიმედოვნებ, რომ საქართველო სრულად გამოიყენებს დარჩენილ დროს მომავალ ევროპულ საბჭომდე, რათა მოხდეს საკმარისი პროგრესის მიღწევა იმისთვის, რომ ქვეყანამ შემდგომ ეტაპზე – მოლაპარაკებების გახსნაზე გადაინაცვლოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, “საქართველო, რომელიც უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ლიდერია, არის დაჩაგრული, ევროკავშირის მხრიდან ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა”.

„ბრიუსელში გუშინ და დღეს მიმდინარეობს ევროპული საბჭოს სხდომა, ევროკავშირის 27 ლიდერის შეხვედრა. დღის წესრიგი ძალიან დატვირთულია. მათ განიხილეს ბევრი სხვადასხვა საკითხი, მათ შორის გაფართოება. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი საშინაო დავალება ევროკავშირის შიგნით გრძელდება. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით გაფართოების საკითხს, სერიოზულად ვეკითხებით ახალი წევრების მიწვევას. ლიდერებმა დაავალეს ევროკომისიას, რომ მოამზადოს ნიადაგი დიდი გაფართოებისთვის, ასე რომ, მუშაობა გრძელდება. მეორე მხრივ, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირს შეუერთდეს, რომ დააჩქაროს მზადება. ძალიან კარგი ამბავია უკრაინისა და მოლდოვისთვის, ბრწყინვალე ამბავია ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, რადგან ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გახსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ლიდერებმა მოუწოდეს საქართველოს, გააძლიეროს რეფორმები, განახორციელოს 9 ნაბიჯი. ჯერ კიდევ არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება იმისთვის, რომ საქართველომ ასევე გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ ეს მოითხოვს სერიოზულ მუშაობას. დრო იწურება და საჭიროა პროგრესის მიღწევა. საგზაო რუკა ძალიან მკაფიოა – 9 ნაბიჯი. ჩვენ უნდა დავსხდეთ ერთად და უზრუნველვყოთ, რომ არ გაიფლანგოს დრო და რომ მომავალ რამდენიმე თვეში გვქონდეს საკმარისი პროგრესი ისე, რომ შემდგომ ეტაპზე გადანაცვლება შევძლოთ“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, როგორც ევროკავშირის ელჩი, მოხარულია, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინამ მიაღწია საკმაო პროგრესს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ისე, რომ ლიდერებმა ქვეყანას პოზიტიური სიგნალი მისცეს.

„ასევე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ გვექნება პოზიტიური სიახლე, რომ მომავალ ევროპულ საბჭომდე დარჩენილ დროს, რომელიც გაფართოებაზე იქნება ორიენტირებული, საქართველოში ყველა სრულად გამოიყენებს, რათა მოხდეს საკმარისი პროგრესის მიღწევა იმისთვის, რომ საქართველოს შემთხვევაშიც გვქონდეს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა.

თუკი თქვენ მეკითხებით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ გადავიდეს შემდგომ ეტაპზე – გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე – გთხოვთ, შეხედოთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს. აქ შავით თეთრზე წერია, რა უნდა გაკეთდეს და რას ველოდებით“, – აღნიშნა ელჩმა.