Home Blog Page 1433

ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა -BBC

„ბიბისის“ ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.

როგორც „ბიბისი“ ამერიკულ „სიბიესზე“ დაყრდნობით იუწყება, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სურდა რუსეთზე დარტყმის მიყენება. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, კონკრეტული ინფორმაცია მიწოდებული იყო რუსეთის მთავრობისთვისაც, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ცივი ურთიერთობების მიუხედავად.

დადასტურებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, სწორედ ამ ინფორმაციის შესახებ იყო საუბარი ორი კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც მოსკოვში მყოფ ამერიკელებს მოუწოდებდნენ, თავი აერიდებინათ ფართო შეკრებებისგან და კონცერტებზე დასწრებისგან. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „მონიტორინგს უწევენ შეტყობინებებს იმის შესახებ, რომ ექსტრემისტები გეგმავენ დიდ შეკრებებზე თავდასხმას.“

მანამდე, სხვადასხვა მედიამ სოციალურ ქსელზე დაყრდნობით გაავრცელა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა და მის მუშაობაში მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბჭოს შემადგენლობის გაფართოება გააუმჯობესებს კოორდინაციას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ყველა აუცილებელი მხარის მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

“საბჭომ, რომელიც განახლებული ფორმატით პირველად შეიკრიბა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიმდინარე წელს არსებული პროგრესი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესი განიხილა. საბჭოს წევრებმა სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და საინვესტიციო ინიციატივებზეც იმსჯელეს. ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ასევე შეთანხმდა გარკვეული სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც შემდგომში საკანონმდებლო ინიციატივებში აისახება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვია. 60-მდე დაშავებულის მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.

ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა და მედიკოსებს მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პრეზიდენტს ინფორმაციას აწვდიან შინაგან საქმეთა მინისტრი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და საგამოძიებო კომიტეტის, ასევე ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელები.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მეტი აქტიურობა და მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ამისთვის დღის პირველი ნახევარი ყველაზე შესაფერისი დროა, საღამოს კი თავს უფლება მიეცით, დაისვენოთ და განიტვირთოთ. შეგიძლიათ, თქვენი საიდუმლო საყვარელ ადამიანს გაუმხილოთ და რჩევა სთხოვოთ. ახალი იდეის განხორციელება დიდ წარმატებას გპირდებათ.

კურო

ამ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს მიიღებთ, რაც თქვენს თავდაჯერებას გააძლიერებს და თვითშეფასებას აამაღლებს. გირჩევთ, თავისუფალ დროს თვითგანვითარებაზე იზრუნოთ – საინტერესო წიგნი წაიკითხოთ ან ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთოთ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა კი თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ტყუპები

ამ დღეს მოულოდნელი პრობლემების ალბათობა მაღალია, ამიტომ გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება მოგიწევთ. ეცადეთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და თანამოაზრეების გუნდი შეკრიბოთ. მიღებულ ინფორმაციას ნუ ენდობით და ყველა ფაქტი თავად გადაამოწმეთ – გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს.

კირჩხიბი

თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დღის პირველ ნახევარში გეგმების შეცვლა მოგიწევთ. გირჩევთ გაღიზიანებულ ან აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდოთ და ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. დაეხმარეთ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. პოზიტიური ემოციების სურვილი დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგბთ, რასაც მალე ინანებთ.

ლომი

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ, რადგან მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით პრობლემებთან გამკლავებას ადვილად შეძლებთ. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. ზოგ ლომს ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა, დიდი შესყიდვები და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა ელის.

ქალწული

შესაფერისი დროა, რომ დაპირისპირება დაასრულოთ და მშვიდობა დაამყაროთ. შეგიძლიათ, შეცდომები აღიაროთ, პატიება ითხოვოთ და გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ. ეს სულიერ შვებას და შინაგან კმაყოფილებას მოგიტანთ, მაგრამ თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, უარყოფითი გამოცდილება წარსულში უნდა დატოვოთ და ყველაფერი დაივიწყოთ. ეცადეთ, პირადი საზღვრები ნებისმიერ ფასად დაიცვათ და თქვენით მანიპულირების უფლება არავის მისცეთ.

სასწორი

თუ ახალ ემოციებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ეძებთ, პირველ რიგში, სახლიდან უნდა გახვიდეთ და გაერთოთ. ნურც საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ დაივიწყეთ. გრძელი ზამთრის შემდეგ თქვენს სხეულს ვიტამინების მიღება, ვარჯიში და მასაჟი სჭირდება. ეს ძალების აღდგენაში და იმუნიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

იღბლიანი დღეა, რომელიც სურვილების ასრულებას გპირდებათ. თქვენი ინტუიცია იდეალურად მუშაობს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ მას უნდა ენდოთ. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომელიც სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდება ან კარიერაზე იმოქმედებს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების განხილვისა და შემოსავლის დამატებით წყაროებზე ფიქრისთვის. მოიშორეთ წარსულზე დარდი და ეცადეთ, მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ. გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას ოსტატურად იყენებთ. ასე გააგრძელეთ.

თხის რქა

ეცადეთ, დილიდანვე პოზიტიურად განეწყოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე – სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარეთ და ახალი ხილ-ბოსტნეული მიირთვით. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

მერწყული

ეცადეთ, სევდიანი განწყობისგან გათავისუფლდეთ. შეწყვიტეთ წარუმატებლობაზე და დანაკარგებზე ფიქრი და მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ. ეცადეთ, ურთიერთობა სასიამოვნო და ხალისიან ადამიანებთან დაამყაროთ, ბუზღუნებს კი ერიდეთ. მყუდრო გარემოში გატარებული საღამო სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

თევზები

ვიღაც თქვენს გაღიზიანებას და გაბრაზებას ცდილობს, მაგრამ პროვოკაციას არ უნდა წამოეგოთ. მოერიდეთ კონფლიქტებს და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ეძებეთ პოზიტივი ყველაფერში, რაც თქვენ გარშემო ხდება.

„კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან” – რუსული მედია

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან, თუმცა, ამ ეტაპზე მათი რიცხვი უცნობია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ასევე ცნობილი ხდება, რომ კომპლექსის ერთ-ერთ ფლიგელში საბავშვო კონკურსი მიმდინარეობდა, სადაც ვოლოგდიდან და ჩერეპოვეციდან ჩასული ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას. ამ ბავშვების ევაკუაცია შენობიდან უსაფრთხოდ განხორციელდა.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული. მოსკოვში აცხადებენ, რომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელების ძებნა მიმდინარეობს.

“ევროკავშირი შოკირებული და შეძრულია მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტული თავდასხმის გამო” – პიტერ სტანო

ევროკავშირი შოკირებული და შეძრულია მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტული თავდასხმის შესახებ ცნობების გამო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს.

„ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმებს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა”, – წერს პიტერ სტანო სოციალურ ქსელში.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული.

“აბსოლუტურად დაზუსტებით, უკრაინას არ აქვს არანაირი კავშირი „კროკუს სითიში“ განვითარებულ მოვლენებთან” – მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინას მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ პოდოლიაკმა ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

„კროკუს სითისთან“ დაკავშირებით, სადაც ახლახან განვითარდა გარკვეული მოვლენები, მოხდა სროლა, გარკვეული ტერორისტული ქმედებები დაუდგენელი პირების მხრიდან. მოდით, დავაფიქსიროთ, უკრაინას, აბსოლუტურად დაზუსტებით, არ აქვს არანაირი კავშირი ამ მოვლენებთან. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სრულფასოვანი, ფართომასშტაბური, უზარმაზარი, ინტენსიური ომი რუსეთის რეგულარულ არმიასთან და რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინისთვის ყველაფერი გადაწყდება სწორედ ბრძოლის ველზე. მნიშვნელოვანია ეფექტიანი საბრძოლო მოქმედებების, შეტევითი მოქმედებების ჩატარება რუსეთის რეგულარული არმიის გასანადგურებლად და ამ ომის ამგვარად დასასრულებლად”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არასდროს გამოუყენებია ომის ტერორისტული მეთოდები. მისივე თქმით, რუსეთის უახლეს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა პრეცედენტები, როდესაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტები გამოიყენებოდა თავდასხმითი საბრძოლო მოქმედებების გასამართლებლად.

გარდა ამისა, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ თავდასხმამდე დიდი ხნით ადრე, მოსკოვში უცხოური ქვეყნების წარმომადგენლობები აფრთხილებდნენ ტერაქტების შესაძლებლობის შესახებ რუსეთის შესაბამისი შემდგომი მოქმედებებისთვის. „მასშტაბური მობილიზაციის, მილიტარიზაციის და უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის გენოციდური სარაკეტო დაბომბვის გამართლების გასაგრძელებლად”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული. ამასთან, თეთრი სახლში განაცხადეს, რომ არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს.

“ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით” – დიმიტრი მედვედევი

ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი მედვედევი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

თავის განცხადებაში მედვედევი კიევს ახსენებს და აცხადებს, რომ თუკი “კიევის ტერორისტების” კავშირი დადგინდება, უნდა იპოვონ და გაანადგურონ, მათ შორის მათი “იდეოლოგიური შთამაგონებლები” და ხელისუფლების ოფიციალური პირები.

“ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. არანაირი სასამართლოები და გამოძიებები არ დაგვეხმარება, თუ ძალას ძალას არ დავუპირისპირებთ, ხოლო სიკვდილს – ტერორისტების მასობრივ მკვლელობებსა და მათი ოჯახების წინააღმდეგ რეპრესიებს.

თუ დადგინდება, რომ ეს კიევის რეჟიმის ტერორისტები [იყვნენ], მათთან და მათ იდეოლოგიურ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია, ყველა მათგანი უნდა ვიპოვოთ და დაუნდობლად გავანადგუროთ, როგორც ტერორისტები. მათ შორის სახელმწიფოს ოფიციალური პირები, რომელთაც ასეთი ბოროტმოქმედება ჩაიდინეს. სიკვდილი სიკვდილის საპასუხოდ”, – წერს მედვედევი.

მოსკოვის ცენტრში, “კროკუს სითი ჰოლში” ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად ხანძარი გაჩნდა. “ეფესბე”-მ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 40 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.

“ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ან უკრაინელები რაიმე კავშირში არიან კრასნოგორსკში მომხდარ სროლასთან”

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ან უკრაინელები რაიმე კავშირში არიან მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მომხდარ სროლასთან. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ტერაქტთან უკრაინის რაიმე კავშირის არსებობა უარყო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმაც.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ ქეით მიდლტონმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც უელსის პრინცესამ აღნიშნა, დიაგნოზის მიუხედავად, ის თავს კარგად გრძნობს და დღითი დღე ძლიერდება.

დაავადების შესახებ კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება, თუმცა კენსინგტონის სასახლე იუწყება, რომ პრინცესას სრულად გამოჯანმრთელებაში დარწმუნებული არიან.

უელსის პრინცესამ აღნიშნა, რომ იანვარში, როდესაც მას მუცელზე ოპერაცია ჩაუტარდა, სიმსივნის არსებობის შესახებ ცნობილი არ იყო და დაავადების შესახებ მან მხოლოდ ოპერაციის შემდგომ ჩატარებული ტესტებიდან შეიტყო.

„ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გავიარო და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე ვარ“, – აღნიშნა უელსის პრინცესამ.

ქეით მიდლტონის განცხადებით, ახლა მის ოჯახს სჭირდება გარკვეული დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა.

„ბიბისის“ ცნობით, პრინცესა და პრინცი უილიამი არ გამოცხადდებიან სამეფო ოჯახთან ერთად აღდგომის კვირას.

წყვილი პრინცესასთვის იანვარში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოების მხრიდან განხილვის ობიექტები არიან. შობის შემდეგ უელსის პრინცესა არცერთ ოფიციალურ ღონისძიებას არ დასწრებია.

ვიდეომიმართვაში ქეით მიდლტონმა ისაუბრა ოჯახის მხარდაჭერის შესახებაც.

„ჩემ გვერდით უილიამის ყოფნა კომფორტისა და მშვიდად ყოფნის დიდი წყაროა, ისევე როგორც სიყვარული, თანადგომა და სიკეთე, რაც ამდენმა თქვენგანმა გამოიჩინა. ეს ორივესთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა ქეით მიდლტონმა.

მარია ზახაროვამ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას ტერაქტი უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას ტერაქტი უწოდა.

მისივე თქმით, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს ეს საზარელი დანაშაული.

„კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ სროლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს რუსეთის გენერალური პროკურატურაც.

„დღეს საღამოს, კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზში ღონისძიების დაწყებამდე კამუფლაჟში გამოწყობილი უცნობი პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება, გასართობი ცენტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავი უწყებების ქმედებების კოორდინირება მოსკოვის ოლქის პროკურორს, სერგეი ზაბატურინს დაევალა.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.