“ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ან უკრაინელები რაიმე კავშირში არიან კრასნოგორსკში მომხდარ სროლასთან”

59
spot_img

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ან უკრაინელები რაიმე კავშირში არიან მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მომხდარ სროლასთან. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ტერაქტთან უკრაინის რაიმე კავშირის არსებობა უარყო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმაც.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.