Home Blog Page 1416

რეკორდული მოგება – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ტაილანდი 8:0 დაამარცხა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 8:0 დაამარცხა.

ამავე მატჩში გიორგი მიქაუტაძემ პოკერი შეასრულა და საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახედა, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

შემდეგ შეხვედრას ნაკრები უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 15 ოქტომბერს, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის.

“აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს” – ჯონ კირბი

აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„არ არსებობს განზრახვა ან გეგმა ისრაელში ამერიკელი ჯარების ადგილზე განთავსების თაობაზე – ისრაელელებს არ აქვთ ამის სურვილი. ისრაელელებმა ნათლად აჩვენეს, რომ მათ არ სურთ უცხოური ჯარები თავიანთ მიწაზე, რომ მათ სურთ ამ ოპერაციების დამოუკიდებლად წარმართვა და მათ აქვთ სრული უფლება, უნდოდეთ ამის გაკეთება“, – აღნიშნაკირბიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უპირველესი პრიორიტეტია ამერიკელების უსაფრთხოება ყველგან და „ასევე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები მთელ რეგიონში“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

ვიქტორ ორბანი და მისი მეუღლე ანიკო ლევაი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა გააცილეს.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმებს მოაწერეს.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

“საფრანგეთი „ყველაფერს გააკეთებს“ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა „ყველაფერს გააკეთებს“ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მძევლები განთავისუფლდნენ, მიუხედავად მათი ეროვნებისა“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, მისი ქვეყანა თანამშრომლობს ისრაელის ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან, რათა ფრანგი მძევლები “უსაფრთხოდ და ჯანმრთელები” სახლში დააბრუნონ.

”საფრანგეთი არასოდეს ტოვებს თავის შვილებს”, – დასძინა მან.

მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ისეთი ტერორისტული ჯგუფებისგან, როგორიცაა „ჰამასი“, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების შენარჩუნებით.

მაკრონმა დასძინა, რომ „ტერორიზმთან ბრძოლა ვერ ჩაანაცვლებს მშვიდობის ძიებას“.

როგორც ცნობილია, „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ საფრანგეთის 17 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაკარგულად ითვლება. დაღუპილია სულ მცირე 12 საფრანგეთის მოქალაქე.

“მოუთმენლად ველი საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას” – სალომე ზურაბიშვილი

მოუთმენლად ველი, საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოში აშშ-ის ახალ დანიშნული ელჩის რობინ დანიგენისგან რწმუნებათა სიგელი მივიღე

მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში ჩვენი ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას”, – წერს პრეზიდენტი.

” ერთიანობის მთავრობა „დიდ მესიჯს“ აგზავნის – ისრაელი “ჰამასის” ბარბაროსულ, ტერორისტულ ორგანიზაციას გაანადგურებს”

ერთიანობის მთავრობა “დიდ მესიჯს აგზავნის” – ისრაელი “ჰამასის” ბარბაროსულ, ტერორისტულ ორგანიზაციას გაანადგურებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში (ქნესეთში) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ებრაელმა ხალხმა ბნელ გამოწვევებს გაუძლო, “შესაძლოა მეტს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ერმა, მაგრამ არასდროს არ დავნებებულვართ.”

ნეთანიაჰუს თქმით, ებრაელის ხალხისთვის გასული კვირა ყველაზე საშინელი დღე იყო ჰოლოკოსტის შემდეგ.

დღეს ისრაელის პარლამენტმა (კნესეტმა) კენჭი უნდა უყაროს ოპოზიციური პარტია “ეროვნული ერთიანობის” ლიდერის ბენი განცისა და ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატის დანიშვნას ეროვნული საგანგებო მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

“ჩვენი ეროვნული ერთიანობა დიდ მესიჯს აგზავნის, გარეთაც და შიგნითაც… ამ კონფლიქტის წინაშე ერთად ვდგავართ შიდა ძმობითა და ერთმანეთზე ზრუნვით”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

“შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მოლდოვას წინსვლის სურვილით” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

მოლდოვა გამორჩეულ პროგრესს აჩვენებს, ევროკავშირის კიშინიოვის მიმართ მხარდაჭერა ურყევია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ნოემბრის დასაწყისში ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების შესახებ თავის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს და მოლდოვას, როგორც კანდიდატი ქვეყნის, პროგრესს შეაფასებს. დეკემბერში ამ ანგარიშს ევროპული საბჭოს სამიტზე განიხილავენ. ეს დისკუსიები პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს, როგორც ევროკავშირის [წევრი] ქვეყნის, მომავალზე. აღვნიშნავ, რომ გამორჩეულ პროგრესს აჩვენებთ. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მოლდოვას წინსვლის სურვილით. მოგიწოდებთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში,” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა მოლდოვის მიმართ ურყევია.

ვეტერანები და ვეტერანის ოჯახის წევრები, ვეტერნის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მუზეუმებს უფასოდ მოინახულებენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ვეტერანების და ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 14, 15,16 და 17 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება უფასო ვიზიტი შემდეგ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში:
.უფლისციხის ისტორიული-არქიტექტურული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვახვრელი.
.ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: ასპინძის მუნიციპალიტეტი.
.უჯარმისა და დავით – გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი ;
მისამართი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი.
.მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მუცო.
. ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაჟაში (უშგულის თემი)

ხოლო 15 ოქტომბერს და 17 ოქტომბერს შემდეგ მუზეუმებსა და მუზეუმ0ნაკრძალებში:
.ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
მისამართი: ქ. ბორჯომი, წმ. ნინოს ქ. #5.
.გრემის მუზეუმი;
მისამართი: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ენისელი.
.ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი;
მისამართი: სამტრედია, სოფ. დიდი ჯიხაიში.
.პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნოქალაქევი.
.ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: ქ. ქუთაისი, ნაზარიშვილების ქ. #7.
.ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი;
მისამართი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. მირზაანი,
თბილისი, ფიროსმანის ქ. #29,
.დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი;
მისამართი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოძისი.
.ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: ქ. ოზურგეთი, 9 აპრილის ქ. #8.
.დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: ქ. გორი, ვერხვების დასახლება.
.სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი;
მისამართი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
.დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;
არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზისხევის (პიტიახშთა) კომპლექსი, სამთავროს სამაროვანი;
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში, ვეტერანებისათვის ვიზიტი ნებისმიერ დროს უფასოა, ხოლო მითითებულ თარიღებში ვეტერანის ოჯახის წევრებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, უფასოდ მოინახულონ აღნიშნული მუზეუმები.
ვიზიტის დროს აუცილებელია, პირმა თან იქონიოს ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა, ან მარჩენალდაკარგულის დამადასტურებელი ცნობა.
#17ოქტომბერივეტერანისდღეა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის.

“ორბანს არ პატიობენ ფრაზას: „საქართველოსთან დაკავშირებით მიიღეს ამორალური და უსამართლო გადაწყვეტილება“ – დავით ქართველიშვილი

ყველაზე მაგრად ეზიზღებათ და სძულთ ვიქტორ ორბანი იმიტომ, რომ მან საკუთარ ქვეყანაში ჩვენი მარიონეტების და აგენტოკრატების ლაქიების „ნათლიმამა“ ჯორჯ სოროსი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის ქილიკს ორბანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

ქართველიშვილის თქმით, ორბანს ასევე არ პატიობენ ფრაზას “თქვენ სჭირდებით ევროკავშირს”.

„როდესაც КГБ Литовской ССР-ის მიერ შექმნილი პარტია “За перестройку”-ს ქ. კლაიპედას რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი და ახალგაზრდული კომკავშირული ორგანიზაციის ლიდერი რასა იუკნავიჩენე საქართველოს აწმყოსა თუ მომავალს, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, მოსახლეობის უმრავლესობას, დაუფიქრებლად აყენებს შეურაცხყოფას ამას ჩვენი ცალფეხზე მხტუნავი “მედასავლეთეები” ევროპულობას უწოდებენ.

როდესაც ჩვენთან ჩამოდის EU და NATO-ს წევრი სახელმწიფოს ლიდერი, საქართველოს მეგობარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ამას ეძლევა დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი დახასიათებები.

ვიქტორ ორბანს არ პატიობენ ფრაზას: “საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული იქნა ამორალური და უსამართლო გადაწყვეტილება”.

მას არ პატიობენ ფრაზას: “თქვენ სჭირდებით ევროკავშირს”. ეშმაკზე საცეცხლურის კმევის ეფექტს იწვევს მათში უნგრეთის ლიდერის ხაზგასმა ჩვენი ორი ქვეყნის ქრისტიანულ ისტორიასა და მნიშვნელობაზე.

ქსენოფობიასთან ახლოს მყოფი ქილიკი მოჰყვა ვიქტორ ორბანის მიერ მოყოლილ ამბავს საკუთარი უძველესი ხალხის, თავისი უნიკალური ენითა და კულტურით, ევროპის სივრცეში ურალის მთებიდან გადასახლების თაობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენს ერთუჯრედიან “მედასავლეთეებში” ორბანი მით უმეტეს “პუტინისტია“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ჯერ კიდევ 1100 წლის წინ მის სამშობლოშივე იცნობდა.

მაგრამ ყველაზე მაგრად ეზიზღებათ და სძულთ ვიქტორ ორბანი იმიტომ, რომ მან საკუთარ ქვეყანაში ჩვენი მარიონეტების და აგენტოკრატების ლაქიების “ნათლიმამა” ჯორჯ სოროსი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა,” – წერს ქართველიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მეუღლეებთან ერთად ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრებმა მეუღლეებთან ერთად სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და ტაძარი მოილოცეს. სტუმრებს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.

პრემიერებმა უძველესი მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები დაათვალიერეს. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერებმა  ასევე დააგემოვნეს ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის მარანში უძველესი ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის ღვინო.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი ალავერდის სამონასტრო კომპლექსში უნგრეთის დელეგაციასა და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

“გვინდა გვჯეროდეს, რომ აშშ-ს ახალი ელჩი წინამორბედის შეცდომებს არ გაიზიარებს” – დიმიტრი ხუნდაძე

საქართველო – ამერიკის პარტნიორული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება როგორც მათი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდანაც უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით, – ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლას „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე.

იგი იმედს იტოვებს, რომ ახალი ელჩი მისი წინამორბედის შეცდომებს არ გაიმეორებს და მეტად გაუფრთხილდება საქართველო – ამერიკის ურთიერთობებს.

„მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის რობინ დანიგანის ჩამოსვლას საქართველოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი ელჩი სწორად შეაფასებს მსოფლიოში მიმდინარე ახალ რეალობას და მეტად გაუფრთხილდება საქართველო – ამერიკის ურთიერთობებს ამ უაღრესად დაძაბულ სიტუაციაში.

გვინდა გვჯეროდეს, რომ ახალი ელჩი წინამორბედის შეცდომებს არ გაიზიარებს. როგორც დიპლომატის და ასევე, მისი როგორც პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორად მიუდგება საქართველოს და ამერიკის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს. ყველაზე დიდი სურვილი და მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ ქალბატონი რობინ დანიგანი კელი დეგნანის მსგავსად არ გახდება პოლიტიკური მხარე და უფრო მეტიც, ოპოზიციის ლიდერი.

საქართველო – ამერიკის პარტნიორული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება როგორც მათი მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდანაც უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით. სახელმწიფოთა შორის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა სხვაგვარად ვერ ჩამოყალიბდება,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

“ვნახეთ შოკისმომგვრელი ვიდეო, ცნობები, რომელიც ისრაელიდან მოდის, შემზარავია” – სტოლტენბერგი

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია გამოწვევებით სავსეა და, რა თქმა უნდა, რისკია, რომ ქვეყანამ ან ორგანიზაციამ ამ სიტუაციის გამოყენება სცადოს. ჩვენ ამიტომაც მოვუწოდებთ ორგანიზაციებსა და ქვეყნებს, რომ არ სცადონ ამ სიტუაციის გამოყენება, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში გაზარდა, რაც ემსახურება სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას.

„ნატო, როგორც სამხედრო ალიანსი, პირდაპირ ჩართული ამ კონფლიქტში არ არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხის განხილვა, შეფასება და მოსაზრებების გაცვლა. ინფორმაცია მოგვაწოდა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. ვნახეთ შოკისმომგვრელი ვიდეო. რა ცნობებიც მოდის ისრაელიდან არის შემზარავი და შოკში გვაგდებს. ამიტომაც ალიანსის წევრებმა ერთხმად დაგმეს ტერორისტული აქტები, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და ისრაელის წინააღმდეგ განხორციელდა. უმნიშვნელოვანესია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ეს მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს. არსებობს ომის წესები და პროპორციულობა – ამ თემას მინისტერიალზე ბევრი მოკავშირე შეეხო, მაგრამ ამასთან ერთად ყველა შესაძლო მკაცრი ფორმით დაგმეს უსასტიკესი ქმედებები, რაზეც „ჰამასია“ პასუხისმგებელი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო და სექტორში ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, წყლისა და სხვა პროდუქტების შეტანა შეწყვიტა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.