“ვნახეთ შოკისმომგვრელი ვიდეო, ცნობები, რომელიც ისრაელიდან მოდის, შემზარავია” – სტოლტენბერგი

106
spot_img

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია გამოწვევებით სავსეა და, რა თქმა უნდა, რისკია, რომ ქვეყანამ ან ორგანიზაციამ ამ სიტუაციის გამოყენება სცადოს. ჩვენ ამიტომაც მოვუწოდებთ ორგანიზაციებსა და ქვეყნებს, რომ არ სცადონ ამ სიტუაციის გამოყენება, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში გაზარდა, რაც ემსახურება სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას.

„ნატო, როგორც სამხედრო ალიანსი, პირდაპირ ჩართული ამ კონფლიქტში არ არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხის განხილვა, შეფასება და მოსაზრებების გაცვლა. ინფორმაცია მოგვაწოდა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. ვნახეთ შოკისმომგვრელი ვიდეო. რა ცნობებიც მოდის ისრაელიდან არის შემზარავი და შოკში გვაგდებს. ამიტომაც ალიანსის წევრებმა ერთხმად დაგმეს ტერორისტული აქტები, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და ისრაელის წინააღმდეგ განხორციელდა. უმნიშვნელოვანესია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ეს მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს. არსებობს ომის წესები და პროპორციულობა – ამ თემას მინისტერიალზე ბევრი მოკავშირე შეეხო, მაგრამ ამასთან ერთად ყველა შესაძლო მკაცრი ფორმით დაგმეს უსასტიკესი ქმედებები, რაზეც „ჰამასია“ პასუხისმგებელი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო და სექტორში ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, წყლისა და სხვა პროდუქტების შეტანა შეწყვიტა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.