Home Blog Page 1406

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილების თანახმად, საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საექთნო პერსონალის დეფიციტის დაძლევის, საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესება.

საექთნო საქმიანობის რეგულირება, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება. გარდა ამისა, საქმიანობა დაექვემდებარება პროფესიულ პასუხისმგებლობას.

ცვლილება ასევე ითვალისწინებს ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაზრდასაც. მათ შორის − დიპლომის შემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამათა ამოქმედებას.

დაინერგება სპეციალიზებული პროგრამები, რომლებიც მედიცინის კონკრეტულ მიმართულებებში გაძლიერებული მომზადების მქონე ექთან-სპეციალისტების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დადგინდება ექთნებისა და მეანი ექთნების კომპეტენციები, მათი კლინიკური პრაქტიკის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით, რაც ერთი მხრივ, გაზრდის ექთნების საქმიანობის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს საქმიანობის ზედამხედველობის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, უკეთ მოხდება მათი უფლებების დაცვა.

მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი მიენიჭათ 2020 წლის 1 იანვრამდე, სრული ზოგადი განათლების დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში, სტატუსი შეუნარჩუნდებათ და მიეცემათ უფლება, მოიპოვონ ექთნის წოდება.

კანონპროექტი ევროპულ გამოცდილებას იზიარებს და მისი მიღება ექთნის და მეანი ექთნის ადამიანური რესურსის მზადებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. შედეგად, გაიზრდება მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა.

კანონპროექტი განსახილველად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა.

კერძოდ, მოსამართლეთა პლენუმმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებას 3 დღის განმავლობაში განიხილავდა.

პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყებევლად „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ოპოზიციის მხარდაჭერაც იქნება საჭირო.

ენტონი ბლინკენი კვლავ ისრაელში ჩადის

U.S. Secretary of State Antony Blinken speaks to reporters before boarding a plane, Wednesday Oct. 11, 2023, at Andrews Air Force Base, Md., en route to Israel. Jacquelyn Martin/Pool via REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი  არაბულ ქვეყნებში ვიზიტების შემდეგ ისრაელში ბრუნდება „ჰამასთან“ კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.

ინფორმაციას  AFP -ი ავრცელებს.

ბოლო დღეების განმვალობაში ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა იორდანიაში, ბაჰრეინში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ სააიროება და ეგვიპტეში.

გაულ ხუთშაბათს ბლინკენი ჩავიდა ისრაელში ქვეყნისადმი სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად. მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო მდივანი კვლავ შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს იერუალიმში.

„ჰამასის“ ტყვეობაში 199 მძევალი იმყოფება” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, „ჰამასის“ ტყვეობაში, სულ მცირე 199 მძევალი იმყოფება.

თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, შესაბამისი ინფორმაცია 119-ვე მძევლის ოჯახს მიაწოდეს.

ჰაგარის თქმით, მძევლებს შორის ბევრი მოხუცი, ბავშვი და ქალია. მისი მტკიცებით, სამხედროებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია მძევლების ადგილსამყოფლის შესახებ.

„ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, სად არიან მძევლები ღაზაში და გვაქვს ასეთი ინფორმაცია“, – აღნიშნა ჰაგარმა.

მისი თქმით, ისრაელი არ განახორციელებს თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მძევლებს.

ცნობისათვის, ისრაელის თავდაცვის ძალები ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში 155 მძევლის ყოფნას ადასტურებდა.

“არ ვიცით, ვართ თუ არა უსაფრთხოდ ისრაელში მიმდინარე უმძიმესი მოვლენების ფონზე, ქვეყანაში ნდობის ჯგუფი არ არსებობს” – ანა დოლიძე

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში სასწრაფოდ ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს.

პარტიის ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ეს არის დღეს ის მთავარი თემა, რაზეც პარლამენტში უნდა საუბრობდნენ.

„ის ორგანო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხს უნდა იხილავდეს, ვგულისხმობ, გეოპოლიტიკურ და შიდა თემებს. ეს ორგანო არის მკვდარი, ნდობის ჯგუფი არ არსებობს. უნდა დავსვათ კითხვა – ჩვენ ვართ თუ არა უსაფრთხოდ.

ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიყვანონ ოპოზიციონერები ამ ნდობის ჯგუფში, შეიკრიბონ და გავიგოთ, რამდენად დაცულები ვართ. საქართველოში ებრაელ ტურისტებიც არიან, ირანელებიც, არაბებიც. მრავალი რელიგიის, ეთნოსის ხალხია საქართველოში.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ კონტექსტში ვართ. არ გვინდა ამ თემებზე მსჯელობა? ამის ნაცვლად ჩვენ უნდა ვისაუბროთ კობახიძის დაწყებულ და დაუსრულებელ თამაშზე, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ეხება“, – აცხადებს ანა დოლიძე.

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.

დიპლომატმა მთავრობის მეთაურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

“17 ოქტომბრის დღის ბოლომდე, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი”

16 ოქტომბერს დღის ბოლოდან 17 ოქტომბრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თელავის სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე მარინე ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე, რასაც არ დაეთანხმა ადვოკატი. არჩილ დვალიშვილის თქმით, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, რისი გათვალისწინებითაც ბაქირ ალიევისა და ალიხან ასლამოვისთვის 5000-5000 ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდებულებს სასამართლო პროცესზე სიტყვით არ უსარგებლიათ.

საგამოძიებო უწყება ორივე დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, „2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს“.

წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 5 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ სამ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, ხოლო მოკლულის დედას და ბიძას ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე. სამივე მათგანს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

„თურქული ხედვა: პალესტინელების სასოწარკვეთილი წინააღმდეგობა ოკუპაციის ჩრდილში, რომელიც ათწლეულებია გრძელდება“ – TRT

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია (TRT – Türkiye Radyo ve Televizyon Kurumu) თავის ვებ-გვერდზე, რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“, აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქული ხედვა: პალესტინელების სასოწარკვეთილი წინააღმდეგობა ოკუპაციის ჩრდილში, რომელიც ათწლეულებია გრძელდება“ (ავტორი – ჯან აჯუნი, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთის „იზატინ კასამის“ ბრიგადებმა და მასთან ერთად მოქმედმა ღაზაში განლაგებულმა პალესტინის წინააღმდეგობის სტრუქტურებმა დაიწყეს მასიური შეტევა იმ დროს, როცა ისრაელის დაზვერვა და არმია ამას არ ელოდნენ. როგორც ჩანს, პალესტინური ჯგუფები ამ ოპერაციისთვის ფარულად დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ და ტექნიკური შესაძლებლობები გააძლიერეს. გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ „კასამმა“ და სხვა დაჯგუფებებმა ერთდროულად აიღეს ღაზას ირგვლივ მდებარე ისრაელის 4 სამხედრო ბაზა ისეთი ელემენტების გამოყენებით, როგორიცაა დრონები და პარამფრენები. ასევე ასობით პალესტინელმა მებრძოლმა შეაღწია რეგიონის ისრაელის დასახლებებში და მოახერხა მათი დიდწილად დაკავება, შემდეგ კი დაახლოებით 200 ჯარისკაცი და მაცხოვრებელი დაატყვევა და ისინი ღაზაში მიიყვანეს.

ისრაელის არმიამ და დაზვერვამ ისეთი დიდი სისუსტე გამოავლინა და ისეთი დიდი დანაკარგები განიცადა, რომ მომხდარმა ისრაელში შოკის ეფექტი იქონია. ისრაელის არმია 48 საათის განმავლობაში ვერ აკონტროლებდა ღაზის თითქმის ორჯერ დიდ ტერიტორიას, თუმცა შემდეგ დაიწყო ღაზის ინტენსიური დაბომბვა. მიუხედავად იმისა, რომ ღაზაში უკვე არსებული ბლოკადა მანამდეც თითქმის აბსოლუტური იყო, რეგიონს ელექტროენერგია და წყალიც შეუწყვიტეს. ქალაქის ყველა სასიცოცხლო ხაზი გათიშულია და დაბომბვის დროს არ ხდება სამხედროებისა და სამოქალაქო პირების გარჩევა. ამ დროისთვის ღაზას თითქმის ათასი მოქალაქე დაიღუპა. „ალ-კასამის“ ბრიგადები კი ცდილობენ უპასუხონ ისრაელს სარაკეტო სროლით და გვირაბის ხაზებით დროდადრო შეღწევით.

ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ოფიციალური პირები ძალიან მკაცრ განცხადებებს აკეთებენ და ისინი ასევე ხაზს უსვამენ სახმელეთო ოპერაციისთვის სამზადისს. ამასთან, ფაქტები მეტყველებენ, რომ ისრაელმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაული და დაუწესა კოლექტიური სასჯელი ღაზას, სადაც დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

შეტაკებები ხდება ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანთან საზღვარზე. მაგრამ ეს ურთიერთჩართულობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. მით უმეტეს, თუ ისრაელის არმია ღაზის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას იწყებს, ლიბანის ფრონტის გახსნა და სირია/გოლანის ღერძის ჩათვლა ერთ-ერთი შესაძლო სცენარია.

იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში ავიამზიდების განლაგება დაიწყო, ყველაფერი შეიძლება მოულოდნელად გამოვიდეს კონტროლიდან. ისრაელი ხაზს უსვამს, რომ მის წინააღმდეგ ამ თავდასხმის უკან ირანი დგას. ცნობილი ფაქტია, რომ ირანი სერიოზულ სამხედრო მხარდაჭერას უწევს ჰამასს ბოლო წლებში და არის მოსაზრებები, რომ ირანმა გადადგა ასეთი ნაბიჯი რეგიონში არაბ-ისრაელის ნორმალიზაციისთვის ხელის შესასვლელად. თუმცა, ამ კონიუნქტურით არ უნდა დავივიწყოთ გეოპოლიტიკური სვლების მიღმა სიმართლე.

პალესტინელები 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ისრაელის ოკუპაციის ქვეშ, მათ მიწებს იპარავენ, მათ კლავენ და ლტოლვილებად აქცევენ. დასავლური ძალები უპირობოდ უჭერენ მხარს ისრაელს. განსაკუთრებით ახლა, ნეთანიაჰუს კაბინეტმა და პრაქტიკამ, რომელიც ულტრამემარჯვენე/სიონისტური მთავრობაა, კიდევ უფრო გაუცრუა პალესტინელების იმედი და უბიძგა მათ სასოწარკვეთილი წინააღმდეგობის გაწევისკენ. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ხელს უწყობს, არის ირანი. მსოფლიო ფოკუსირებული უნდა იყოს საკითხის ორ სახელმწიფოდან გადაწყვეტაზე, რომელიც დაიცავს პალესტინელების უფლებებს. ვერასოდეს იქნება შესაძლებელი რეგიონში სტაბილურობის მიღწევა სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე ტერიტორიული მთლიანობით, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება.

წყარო

„ჰამასის“ ერთ-ერთი სტრატეგიული წარმატება: პალესტინელთა მხარდაჭერაში დასავლეთი უკვე უმცირესობაშია“

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) 15 ოქტომბრის ნომერში ბეჭდავს ინტერვიუს ფრანგ პოლიტოლოგთან, გეოპოლიტიკური კვლევების ფონდის პრეზიდენტთან, პროფესორ ჟილ გრესანთან, სათაურით „ჰამასის“ ერთ-ერთი სტრატეგიული წარმატება: პალესტინელთა მხარდაჭერაში დასავლეთი უკვე უმცირესობაშია“ (ესაუბრება ჟურნალისტი რენონ პლანშონი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ევროპის ქვეყნებმა „ჰამასის“ მოქმედება დაუყონებლივ დაგმეს და მხარი ისრაელს დაუჭირეს. დასავლური მხარდაჭერის  ღერძში სხვა სახელმწიფოებიც შედიან – ვაშინგტონიდან კიევამდე, მათ რიცხვშია აგრეთვე ავსტრალია, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა და ტაივანი. მაგრამ მსოფლიოს საკმაოდ ბევრ სახელმწიფო ასეთ პოზიციას არ გამოხატავს, – აღნიშნავს ჟილ გრესანი. ბევრი ქვეყანა ამჟამად პასიური ნეიტრალიტეტის პოზიციას იკავებს და რეგიონის ქვეყნებს დაძაბულობის შემცირებისაკენ მოუწოდებენ. ჩინეთიდან ბრაზილიამდე, რუსეთიდან – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამდე. „ბრიკს“-ის ქვეყნების მძიმეწონიანმა  წევრებმაც, ინდოეთის გამოკლებით, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის არჩევანი არ გააკეთეს, თავი შეიკავეს.

არაბული და მუსულმანური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი – ირანიდან ყატარამდე და ალჟირამდე – მხარს „ჰამასის“ მოქმედებას უჭერს. და თუ უახლოეს ხანში პალესტინელების დანაკარგები განსაკუთრებით დიდი იქნება, ასეთ შემთხვევაში, ის ქვეყნებიც კი, რომლებმაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირებაში ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ, სავარაუდოდ, დამოკიდებულებას „ჰამასის“ სასარგებლოდ შეცვლიან. მათ შორის შეიძლება იყოს საუდის არაბეთი, მაროკო, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სხვები – ისინი, რომლებიც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობდნენ. როგორც ჩანს, „ჰამასის“ მხარეზე არიან ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაც – ნიკარაგუა, ვენესუელა, კუბა.

ამიტომაც ჟილ გრესანი ზღვარს ავლებს „ერთიან დასავლეთსა“ და დანარჩენ მსოფლიოს შორის. მისი აზრით, ისრაელის დღევანდელი ომი გრძელვადიან განხეთქილების სქემაში ჯდება. იმ ქვეყნების სია, რომლებიც უკრაინას მხარს იარაღის მიწოდებით უჭერენ და იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც პალესტინის დამოუკიდებლობას აღიარებენ, პრაქტიკულად, ურთიერთსაწინააღმდეგოა. მათ სხვადასხვა არგუმენტაციები აქვთ და სხვადასხვა ინტერესები, ამიტომაც ეს სიტუაცია შეიძლება განვითარებადმა ქვეყნებმა გამოიყენონ, რომლებსაც თამაშის წესების შეცვლა სურთ

„ჰამასის“ ისრაელში შეჭრამ „ერთიან დასავლეთსა“ და დანარჩენ მსოფლიოს შორის არსებული განხეთქილება და კონფრონტაციამ უფრო გააღრმავა. დასავლეთი თავისი პოზიციის მტკიცე ერთგულია ისრაელის სასარგებლოდ, დანარჩენი კი დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში  ადანაშაულებენ. თანაც ომი ახლახან დაიწყო და წინ კიდევ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია მოხდეს.

„ეს ყველაფერი მწარე გაცნობიერებას იწვევს: გამოდის, რომ ჩვენ უუნარონი ვართ ჩვენს ირგვლივ მშვიდობიანი გარემო შევქმნათ. ევროკავშირი არამარტო სხვადასხვანაირი, არამედ დაუსრულებელი კრიზისების ნახევარრკალშია მოქცეული – არქტიკიდან საჰელამდე, ლიბიის, სირიის, უკრაინის, ბელარუსიის ჩათვლით.

ძველი მსოფლიო დაინგრა. პოლიტიკური ტექტონიკური ფილების დაცურების შედეგად ახალი მსოფლიო ყალიბდება, რომლის ფორმის განსაზღვრა ჯერ კიდევ გაურკვეველი:

„ჩვენ, ასე ვთქვათ, „მეფობებს შორის ვიმყოფებით“. რა მოვა ისეთი გლობალიზაციის შემცვლელად, რომელსაც „ისტორიის დასასრულისა“ სჯეროდა? დემოკრატიული პროექტი, რომელიც გლობალურ კეთილდღეობას გადაანაწილებს თუ იმპერიისა და მეფეების ეპოქა?, – ასეთი კითხვაა დასმული ინტერვიუში.

ჯერ-ჯერობით კი გარდაუვლად მოჩანს მსოფლიოს მილიტარიზაციის ტენდენცია, რომელიც ნამდვილად არ შეუწყობს ხელს დიპლომატიასა და ვაჭრობას. „ბახმუტიდან ღაზამდე, ენერგეტიკიდან ნახევარგამტარებამდე და ხელოვნურ ინტელექტამდე – ომი ფართოვდება“, – ასკვნის ჟილ გრესანი.

წყარო

„ჩვენ და ეგვიპტემ უზრუნველვყავით მატერიალური დახმარება ღაზაში მყოფი ხალხისთვის” – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იმედოვნებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტისა და ღაზის სექტორის სასაზღვრო გამშვები პუნქტის „რაფაჰის“ მეშვეობით შევა.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, „რაფაჰის“ გამშვები პუნქტი ხელახლა გაიხსნება, მაგრამ კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.

„ჩვენ და ეგვიპტემ უზრუნველვყავით მატერიალური დახმარება ღაზაში მყოფი ხალხისთვის და „რაფაჰის“ სასაზღვრო პუნქტი ხელახლა გაიხსნება. ჩვენ ავამოქმედეთ მექანიზმი გაერთიანებულ ერებთან, ეგვიპტესთან, ისრაელთან და სხვებთან, რომლითაც მივაწოდებთ დახმარებას“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა და გაიხსნება ეგვიპტისა და ღაზის სექტორის სასაზღვრო გამშვები პუნქტი „რაფაჰი“. მოგვიანებით ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელის მთავრობა ღაზის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში ასევე განაცხადეს, რომ შეთანხმება არ ყოფილა ეგვიპტისა და ღაზის სექტორის სასაზღვრო გამშვები პუნქტ „რაფაჰის“ გახსნის თაობაზე.

გამოკითხვა: “უკრაინელთა უმეტესობა, დაღლილობის ნიშნების მიუხედავად, მხარს გამარჯვებამდე ბრძოლას უჭერს”-“ამერიკის ხმა”

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) უკრაინული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამოკითხვა: უკრაინელთა უმეტესობა, დაღლილობის ნიშნების მიუხედავად, მხარს გამარჯვებამდე ბრძოლას უჭერს“, რომელშიც განზოგადებულია საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ორგანიზაციის „გალოპის“ გამოკითხვის შედეგები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში რუსეთის ომი ფონზე, კვლევითი ორგანიზაცია “გალოპი” ახალი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ უკრაინელები ომის დასრულებაზე, გამარჯვებაზე და მომავალზე. “ამერიკის ხმის” უკრაინულ სამსახურს ამ თემაზე კვლევის წამყვანი ექსპერტები ესაუბრნენ.

“იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება, ახლა შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ყოველდღიურად თვალის დევნება, ვიდრე აქამდე ხდებოდა”, – ამბობს ჯული რეი, “გალოპის” საერთაშორისო ამბების მმართველი რედაქტორი.
როგორც ცნობილია, “გალოპი” დამოუკიდებელი გლობალური კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც ვაშინგტონშია დაფუძნებულია და ცნობილია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით.

რას ნიშნავს „გამარჯვება” უკრაინელებისთვის?

თითქმის ყველა უკრაინელი თანხმდება, რომ ომის მოგება ნიშნავს ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნებას, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა 2014 წლის შემდეგ მოახდინა. ამასთან, უკრაინელთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ უნდა განაგრძონ ბრძოლა მანამ, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევენ. ამ პასუხს გასულ წელს 70 % ეთანხმებოდა, წელს – 60 %.

სერგეი რადჩენკო, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საბჭოთა წარსულის მკვლევარი ამბობს, რომ ერთგვარი გადაღლა ხალხში იზრდება. ახლა უფრო მეტი უკრაინელი იმედოვნებს, რომ ქვეყანა კონფლიქტის დასრულებას მოლაპარაკებით შეძლებს.

ანალიტიკოსის შეფასებით, მსგავსი განცდა უფრო მეტად იმ ადამიანებს აქვთ, ვინც აღმოსავლეთსა და სამხრეთში, განსაკუთრებით კი ფრონტის ხაზთან ახლოს ცხოვრობს და მათზე ომის გავლენაც გამორჩეულად დიდია.
ყოველი მეორე უკრაინელი “გალოპის” გამოკითხვაში ამბობს, რომ მათ საკვების ყიდვა და თავშესაფრის ნახვა უჭირთ. ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთს უკრაინაში ომის გახანგრძლივებით სწორედ უკრაინელთა და მათი მხარდამჭერების გადაღლა და დაბნევა სურს.

“სწორედ ამიტომ ვლადიმირ პუტინი იყენებს ინფრასტრუქტურაზე, ენერგო-ობიექტებზე და მსგავს სამიზნეებზე დარტყმის სტრატეგიას. მას უკრაინელი საზოგადოების გადაღლა სურს”, – ამბობს სერგეი რადჩენკო.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად კი ექსპერტები სიტუაციას კიდევ უფრო მეტად საყურადღებოდ მიიჩნევენ. „მდგომარეობა რთული იქნება. რუსები ინფრასტრუქტურის განადგურებაზე არიან კონცენტრირებულნი. ხალხს შესცივდება, მშიერი იქნება. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ხედავენ ადამიანები ომს”, – ამბობს ჯოზეფ ნაი, ჰარვარდის კენედის სკოლის ყოფილი დეკანი.

უკრაინელთა უმეტესობა პრეზიდენტს და ჯარს ენდობა

„მიუხედავად იმისა, რომ ომით დაღლის ნიშნები არსებობს, უკრაინელები მთლიანობაში ომის მოგების იდეისადმი ერთგულნი რჩებიან”, – თქვა ჯული რეიმ. ჯარისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებების მიმართ ნდობა და მხარდაჭერა კვლავ ძალიან მაღალია და ანალიტიკოსების აზრით, ეს გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია.

უკრაინელთა ნდობა და რწმენა ჯარის მიმართ რეკორდულად მაღალია – 95%-მდე. პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა კი დაახლოებით 81%-ია.

“გალოპის” ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობის მოწონების მაჩვენებლები მაინც იკლებს და ესეც საყურადღებო ტენდენციაა.

ჯოზეფ ნაის განმარტებით, ამის მიზეზი შესაძლოა ამ ზაფხულის კონტრიერიშის მიმართ არსებული მაღალი მოლოდინები და შედარებით ნაკლები მიღწევებიც კი იყოს, თუმცა ის ამას შეშფოთების საგნად არ მიიჩნევს.
მისი თქმით, დემოკრატიული მსოფლიოს ნებისმიერი ლიდერი ბედნიერი იქნებოდა, ამგვარი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა მოსახლეობისგან და რეიტინგებში უმნიშვნელო მატება ან კლება სანერვიულო არაა.

აშშ და გერმანია – როგორ ხედავენ უკრაინელები მათ მხარდაჭერას

ექსპერტების შეფასებით, ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობის შეფასება დიდწილად გადაჯაჭვულია იმასთან, თუ რამდენად წარმატებულია მისი საგარეო პოლიტიკა და დასავლეთისგან მხარდაჭერა.

უკრაინის ორი უდიდესი სამხედრო პარტნიორი ამერიკა და გერმანიაა. გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა 53% ამერიკისა და გერმანიის მთავრობის დახმარებას დადებითად აფასებს. ამასთან, საინტერესოა, რომ ამერიკის მიმართ ეს მაჩვენებელი შემცირდა, გერმანიის მიმართ კი – გაიზარდა.

“არსებობს მზარდი იმედგაცრუების განცდა ამერიკის მიმართ, რომ ის არ აწვდის უკრაინას იმდენს, რამდენის მიწოდებაც შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინა იბრძვის რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. ყველა უკრაინელი მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების საჭიროებაზე საუბრობს”, – ამბობს სერგეი რადჩენკო.

იგი განმარტავს, რომ გერმანიისგან განსხვავებით, ახლა ამერიკაში დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაზე კამათობენ.

გამოკითხვა ნატოს ივლისის სამიტის ბოლოს ჩატარდა, რამაც მკვლევარების აზრით, შეიძლება განწყობების გამწვავებასაც შეუწყო ხელი. რადგან პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ სამიტზე თქვა, რომ უკრაინა ჯერ არ იყო ალიანსის წევრობისთვის მზად, სანამ ომი არ დასრულდებოდა.
კვლევის ავტორთა და ანალიტიკოსთა აზრით, შესაძლოა გარკვეულწილად უკმაყოფილების მცირედი ზრდა ამანაც განაპირობა, რაც კვლევის შედეგებშიც აისახა. თუმცა რაც არ იცვლება ისაა, რომ კრემლს მოსახლეობის 0 %-ის მხარდაჭერა აქვს.

ნატოს და ევროკავშირის წევრობა

უკრაინელთა თითქმის სამი მეოთხედი ამბობს, რომ სჯერა, მათი ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრი უახლოეს ათწლეულში გახდება. მათ მტკიცედ სჯერათ, რომ მათი მომავალი დასავლეთშია.

წყარო