„ჰამასის“ ერთ-ერთი სტრატეგიული წარმატება: პალესტინელთა მხარდაჭერაში დასავლეთი უკვე უმცირესობაშია“

161
spot_img

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) 15 ოქტომბრის ნომერში ბეჭდავს ინტერვიუს ფრანგ პოლიტოლოგთან, გეოპოლიტიკური კვლევების ფონდის პრეზიდენტთან, პროფესორ ჟილ გრესანთან, სათაურით „ჰამასის“ ერთ-ერთი სტრატეგიული წარმატება: პალესტინელთა მხარდაჭერაში დასავლეთი უკვე უმცირესობაშია“ (ესაუბრება ჟურნალისტი რენონ პლანშონი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ევროპის ქვეყნებმა „ჰამასის“ მოქმედება დაუყონებლივ დაგმეს და მხარი ისრაელს დაუჭირეს. დასავლური მხარდაჭერის  ღერძში სხვა სახელმწიფოებიც შედიან – ვაშინგტონიდან კიევამდე, მათ რიცხვშია აგრეთვე ავსტრალია, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა და ტაივანი. მაგრამ მსოფლიოს საკმაოდ ბევრ სახელმწიფო ასეთ პოზიციას არ გამოხატავს, – აღნიშნავს ჟილ გრესანი. ბევრი ქვეყანა ამჟამად პასიური ნეიტრალიტეტის პოზიციას იკავებს და რეგიონის ქვეყნებს დაძაბულობის შემცირებისაკენ მოუწოდებენ. ჩინეთიდან ბრაზილიამდე, რუსეთიდან – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამდე. „ბრიკს“-ის ქვეყნების მძიმეწონიანმა  წევრებმაც, ინდოეთის გამოკლებით, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის არჩევანი არ გააკეთეს, თავი შეიკავეს.

არაბული და მუსულმანური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი – ირანიდან ყატარამდე და ალჟირამდე – მხარს „ჰამასის“ მოქმედებას უჭერს. და თუ უახლოეს ხანში პალესტინელების დანაკარგები განსაკუთრებით დიდი იქნება, ასეთ შემთხვევაში, ის ქვეყნებიც კი, რომლებმაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირებაში ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ, სავარაუდოდ, დამოკიდებულებას „ჰამასის“ სასარგებლოდ შეცვლიან. მათ შორის შეიძლება იყოს საუდის არაბეთი, მაროკო, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სხვები – ისინი, რომლებიც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობდნენ. როგორც ჩანს, „ჰამასის“ მხარეზე არიან ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაც – ნიკარაგუა, ვენესუელა, კუბა.

ამიტომაც ჟილ გრესანი ზღვარს ავლებს „ერთიან დასავლეთსა“ და დანარჩენ მსოფლიოს შორის. მისი აზრით, ისრაელის დღევანდელი ომი გრძელვადიან განხეთქილების სქემაში ჯდება. იმ ქვეყნების სია, რომლებიც უკრაინას მხარს იარაღის მიწოდებით უჭერენ და იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც პალესტინის დამოუკიდებლობას აღიარებენ, პრაქტიკულად, ურთიერთსაწინააღმდეგოა. მათ სხვადასხვა არგუმენტაციები აქვთ და სხვადასხვა ინტერესები, ამიტომაც ეს სიტუაცია შეიძლება განვითარებადმა ქვეყნებმა გამოიყენონ, რომლებსაც თამაშის წესების შეცვლა სურთ

„ჰამასის“ ისრაელში შეჭრამ „ერთიან დასავლეთსა“ და დანარჩენ მსოფლიოს შორის არსებული განხეთქილება და კონფრონტაციამ უფრო გააღრმავა. დასავლეთი თავისი პოზიციის მტკიცე ერთგულია ისრაელის სასარგებლოდ, დანარჩენი კი დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში  ადანაშაულებენ. თანაც ომი ახლახან დაიწყო და წინ კიდევ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია მოხდეს.

„ეს ყველაფერი მწარე გაცნობიერებას იწვევს: გამოდის, რომ ჩვენ უუნარონი ვართ ჩვენს ირგვლივ მშვიდობიანი გარემო შევქმნათ. ევროკავშირი არამარტო სხვადასხვანაირი, არამედ დაუსრულებელი კრიზისების ნახევარრკალშია მოქცეული – არქტიკიდან საჰელამდე, ლიბიის, სირიის, უკრაინის, ბელარუსიის ჩათვლით.

ძველი მსოფლიო დაინგრა. პოლიტიკური ტექტონიკური ფილების დაცურების შედეგად ახალი მსოფლიო ყალიბდება, რომლის ფორმის განსაზღვრა ჯერ კიდევ გაურკვეველი:

„ჩვენ, ასე ვთქვათ, „მეფობებს შორის ვიმყოფებით“. რა მოვა ისეთი გლობალიზაციის შემცვლელად, რომელსაც „ისტორიის დასასრულისა“ სჯეროდა? დემოკრატიული პროექტი, რომელიც გლობალურ კეთილდღეობას გადაანაწილებს თუ იმპერიისა და მეფეების ეპოქა?, – ასეთი კითხვაა დასმული ინტერვიუში.

ჯერ-ჯერობით კი გარდაუვლად მოჩანს მსოფლიოს მილიტარიზაციის ტენდენცია, რომელიც ნამდვილად არ შეუწყობს ხელს დიპლომატიასა და ვაჭრობას. „ბახმუტიდან ღაზამდე, ენერგეტიკიდან ნახევარგამტარებამდე და ხელოვნურ ინტელექტამდე – ომი ფართოვდება“, – ასკვნის ჟილ გრესანი.

წყარო