Home Blog Page 1402

საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ მთავრობას უთხრა, რომ შესაბამისი უფლებამოსილება თქვენ გეკუთვნითო, მაგრამ არ გეკუთვნითო -მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამმა მოსამართლემ, რომელთაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, საქართველოს პარლამენტის და საკუთარი კომპეტენცია შეგნებულად არ გამიჯნა.

მისივე თქმით, სამი მოსამართლე მსჯელობის დროს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში შეიჭრა და იმპიჩმენტის საკითხის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა, რაც მათი საქმე არ არის.

„სამმა მოსამართლემ საქართველოს მთავრობას უთხრა, რომ შესაბამისი უფლებამოსილება თქვენ გეკუთვნითო, მაგრამ არ გეკუთვნითო. ალბათ, გაგახსენდებოდათ ცნობილი ეპიზოდი კინოფილმიდან. მათ ვერ გამიჯნეს, თუ არ გამიჯნეს საქართველოს პარლამენტის და საკუთარი კომპეტენცია, როდესაც ისინი მსჯელობის დროს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში შემოიჭრნენ და იმპიჩმენტის საკითხის მიზანშეწონილობაზე ისაუბრეს, რაც მათი საქმე არ არის.

საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება არის, დაადგინოს დარღვევის ფაქტი, ხოლო საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, რომ თუ ფაქტი დადგინდა დარღვევისა, ამის შემდეგ გადაწყვიტოს ამ დარღვევას უნდა მოჰყვეს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ასეთ მარტივ იურიდიულ ჭეშმარიტებაზე რომ გვიწევს მსჯელობა, ეს უკვე არის სირცხვილი, უხერხულია. მე მათ შეურაცხყოფას არ მივაყენებ და არ ვიტყვი, რომ ვერ გამიჯნეს, უფრო არ გამიჯნეს. გუშინ გვარამიამ თქვა, რომ სამი მოსამართლე გვყავსო. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია,“ – განაცხადა მდინარაძემ.

“ჩვენ არ ჩავიქნევთ ხელს საქართველოზე” – ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის ხალხის მსგავსად სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ამ ძალისხმევისთვის ისჯება.

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხუთი თვის წინ აქ მტკიცედ იდგა მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, რომელიც თავის ხალხის მსგავსად სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ვციტირებ – „მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ამ ძალისხმევისთვის ის ახლა ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ. ძვირფასო კოლეგებო, განგაშით გამცნობთ, რომ საქართველო, ოდესღაც ევროპული იმედის სხივი, ახლა სწრაფად მიემართება ავტორიტარული, პრო-რუსული მმართველობისკენ. სასამართლო და კანონის უზენაესობა დარღვეულია და ახლა იარაღად არის გამოყენებული იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს ეძახიან. ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე, არ დავტოვებთ ქართველების 80%-ზე მეტს მარტოდ ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ. საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

“დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა. მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის ამ მშვიდობის შენარჩუნებაზე”

დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავარი ყურადღება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

„მინდა ვთქვა შემდეგი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ხედავთ რა ხდება ირგვლივ მსოფლიოში, ურთულესი მდგომარეობაა, უკრაინა, ახლა ისრაელი, ისრაელში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან შემაწუხებელი და ძალიან, ასე ვთქვათ, რთული გამოწვევა, არა მხოლოდ იმ რეგიონისთვის, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის ექნება ამას დიდი გავლენა.
ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის აი ამ მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, ეს სჭირდება ჩვენს ხალხს”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, იმპიჩმენტის საკითხი იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას კანდიდატის სტატუსზე.

„ყველაფერი კარგად იქნება. არავითარი გავლენა, რას ნიშნავს გავლენა ექნება ამას ?! ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, პოზიტიურია თუ არა ეს სიგნალი ბრიუსელისთვის.

„პოზიტიური არის იმ კუთხით და იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ მაგალითის მიმცემნი კანონის დაცვის და კონსტიტუციის დაცვის”, – განაცხადა პრემიერმა.

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში 15 ჟურნალისტი დაიღუპა

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში, სულ მცირე, 15 ჟურნალისტია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ავრცელებს.

კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულ 15 ჟურნალისტს შორის 11 პალესტინელი, სამი ისრაელელი და ერთი ლიბანელია. ასევე დაშავებულია რვა ჟურნალისტი, მედიის სამი თანამშრომელი კი დაკარგული ან დაკავებულია.

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ განცხადებით, განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან ღაზის სექტორში მომუშავე ჟურნალისტები, ვინაიდან ისინი კონფლიქტს გაშუქებას ისრაელის ავიადარტყმების, შეფერხებული კომუნიკაციის, ელექტროენერგიის გათიშვისა და ისრაელის დანაყოფების მხრიდან მოსალდონელი სახმელეთო ოპერაციის პირობებში ცდილობენ.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა, რის შემდეგაც ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორში საჰაერო ოპერაცია დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემხვერპლა, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზის სექტორში 2 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

„კოჭლი იხვი“ ამერიკული ტერმინოლოგიაა, პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წელს „კოჭლ იხვს“ უწოდებენ, ეს უზრდელობა არაა”

სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, მაგრამ ინდივიდუალური დეპუტატების მიმართ ნდობა არ აქვს და ამის გამო მოუწოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომ სხდომათა დარბაზში არ შემოვიდნენ, მეორე მხრივ კი არის ე.წ. კარწინკის ინტერესი, რომ საწყალი სალომე ზურაბიშვილი მარტო იჯდეს სხდომათა დარბაზში და ოპოზიცია არ უმაგრებდეს ზურგს – პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება.

„ვიღაცებზე შეიძლება იყოს პოლიტიკური ზეწოლა ან ვიღაცები იყვნენ პოლიტიკური გავლენის ქვეშ. რაც მთავარია, უმარტივესი კაზუსია, რომელიც ამოიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ქვეყანას შეუნარჩუნდა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა. პროცედურას რაც შეეხება, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება პარლამენტში. 100 ხმის მობილიზება პრაქტიკულად არარეალურია. „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას. მათ ჰქონდათ სრული კოორდინაცია. უფრო მეტიც, გუშინ წამოსცდა, რომ ერთად იმუშავებენ ხვალ ე.წ. კარწინკაზე – ანუ, ძლიერი სურათი რომ დავდგათ, შიგნით მარტო შევალ და თქვენ გარეთ დადექითო. წარმოიდგინეთ, „კარწინკაზეც“ კი ერთად მუშაობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა” და სალომე ზურაბიშვილი”,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და „ეს წარმოუდგენელი იყო“.

„პრეზიდენტი ჰქვია, ყველაფერს რომ თავი დავანებო. თქვა, სირცხვილიაო და ასეთი ტერმინები გამოიყენა. ეს შემაშფოთებელია. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ. ეს იყო უზრდელობა, პრეზიდენტი, 70 წლის ქალია და უზრდელობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა საკუთარი განცხადება, როდესაც პრეზიდენტთან მიმართებით „კოჭლი იხვი” ახსენა და განაცხადა, რომ ეს ამერიკული ტერმინია.

„კოჭლი იხვი“ ამერიკული ტერმინოლოგიაა. პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წელს „კოჭლ იხვს“ უწოდებენ ამერიკაში. ეს უზრდელობა არაა, მაგრამ რაც გუშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ეს უზრდელობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, “სალომე ზურაბიშვილის თვითმიზანი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან შეგნებულად გასვლაა და შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო წაახალისოს ზურაბიშვილი, რომ კონსტიტუციის უხეშად დარღვევა გააგრძელოს”.

“იმპიჩმენტი სადამსჯელო ღონისძიება ხომ არ არის. ეს არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი. მიგვაჩნდა, რომ დაირღვა კონსტიტუცია, ამის დასადგენად მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. იქ, ნაცვლად იურიდიული არგუმენტებისა, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს პოლიტიკური სპექტაკლი. ესეც უკულტურობაზე მეტყველებს. პრეზიდენტმა ისიც კი არ გააკეთა, რომ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები მაინც გამოეგზავნა ამ პროცესზე – ერთი ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტია და მისი კვალიფიკაცია ნახეთ ამ პროცესზე და მეორე, ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტიც კი არაა და მისი კვალიფიკაციაც იხილა საზოგადოებამ. როდესაც პოლიტიკოსებს აგზავნი პროცესზე და არა იურისტებს, აქედან ჩანს, რომ შენი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკური სპექტაკლის შექმნაა. ჩვენ შევეცადეთ, ეს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში მოგვექცია, პარლამენტშიც უნდა შედგეს ჯანსაღი განხილვა იმისა, რამდენად დაირღვა კონსტიტუცია. ეს იქნებოდა კულტურის გამოვლინება, თუმცა, თვითონ საქართველოს პრეზიდენტი ავლენს პირველი უკულტურობას, როდესაც დეპუტატებს მოუწოდებს, რომ დემოკრატიულ პროცესს გაერიდონ და სხდომათა დარბაზში არ შემოვიდნენ. ამ მასშტაბის უკულტურობას როცა ვხედავთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ესეც არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომ არ შეიძლება ის დარჩეს საკუთარ თანამდებობაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეგობრებს ეძახით მტრებს, ომს ეძახით მშვიდობას და მონობას ეძახით თავისუფლებას – ეს არის თქვენი სახე -არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას

საქართველოს ევროინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენ გავაძლიერეთ დიპლომატიური ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულება, რამაც კონკრეტული შედეგები გამოიღო, გაკეთდა საქართველოს პირდაპირ მხარდამჭერი განცხადებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა,  არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძემ ისაუბრა ბოლო წლის განმავლობაში განხორციელებულ წარმატებულ საერთაშორისო ვიზიტებსა და შეხვედრებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია რადიკალური ოპოზიციის რეაქციები, ალბათ მოულოდნელი არ იყო, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ ყველაფერს უპასუხა ბრძოლით. ისინი საქართველოს მოწინააღმდეგეებს, საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს და მტრებს კი არ ებრძვიან, მათ ბრძოლა გამოუცხადეს საკუთარ ქვეყანას და ამის მტკიცებულება გამოაქვეყნა ამერიკის მთავრობამ ფარა-ს კანონზე დაყრდნობით, როდესაც ფულს იხდიან საქართველოს წინააღმდეგ და მის საზიანოდ.

მათ ბრძოლა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს, ამის მტკიცებულებებიც ვნახეთ, როცა განცხადებები იყო გაკეთებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო მედიაში, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროპაში მხარდაჭერა. მათ გამოუცხადეს ბრძოლა საქართველოს მეგობრებსაც და შემთხვევითი არ არის, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისადმი, რომელიც სტუმრად იყო საქართველოში, მადლობა კი არ გამოხატეს მხარდაჭერისთვის, არამედ მისი დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა დაიწყეს, ცდილობდნენ დაერქვათ მისთვის ავტორიტარი, პრორუსი და ა.შ.

რა უნდა ითქვას, ჯორჯ ორუელის „1984“-ში ხართ, მეგობრებს ეძახით მტრებს, ომს ეძახით მშვიდობას და მონობას ეძახით თავისუფლებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

„გამოფენა ბრიუსელში: „ავანგარდიზმი საქართველოში“

ევროპული სამაუწყებლო კომპანიის „ევრონიუსის“ (Euronews – მთავარი ოფისი ლიონში, საფრანგეთი) გერმანულენოვანმა სამსახურმა ეთერში გადასცა ვიდეოსიუჟეტი ქართული ავანგარდული ხელოვნების შესახებ, რომლის გამოფენა ბრიუსელში გაიხსნა. ვიდეოსიუჟეტის ტექსტი გამოქვეყნებულია „ევრონიუსის“ ვებ-გვერდზე სათაურით „გამოფენა ბრიუსელში: „ავანგარდიზმი საქართველოში“ (ავტორი – იზაბელ მარკეს და სილვა).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში რამდენიმე დღის წინათ საერთაშორისო კულტურული ფესტივალი ,,ევროპალია’’ გაიხსნა, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად იღებს მონაწილეობას. ბრიუსელში საქართველოს და სხვა ქვეყნების მუზეუმებიდან 300-მდე ექსპონატი გამოიფინება. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ქართული კულტურისა და ხელოვნების მრავალფეროვნებას.
დირკ ვერმაელენი, ,,ევროპალიის’’ სამხატვრო ხელმძღვანელი: ,,ევროპალია 1969 წლიდან არსებობს, იმ დროს ევროპული საზოგადოება ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. ფესტივალის დამფუძნებლები მიიჩნევდნენ, რომ თუ ჩვენ ამ გაერთიანების ქვეშ ერთად ცხოვრებას ვაპირებთ, რომელიც თავდაპირველად ნახშირსა და ფოლადს ეფუძნებოდა, მაშინ უმჯობესია ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. ამისთვის საუკეთესო გზა კი ხელოვნებაა. ფესტივალი ხელოვნების მეშვეობით ქვეყნებს შორის დიალოგს ემსახურება, ეს არის ჩვენი მისია. ამიტომ ვიწვევთ ხელოვანებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, რათა ერთმანეთს საკუთარი ღირებულებები გავუზიაროთ“.

,,ევროპალიის“ ფესტივალი მასპინძლობს გამოფენას სახელწოდებით „მოდერნიზმი საქართველოში – ფანტასტიკური ავანგარდი“.

მხატვარ ლევან ჭოღოშვილს ქართული ავანგარდული ხელოვნების ნიმუშების ევროპაში გამოფენის იდეა პირველად ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაუჩნდა. მისი თქმით, ,,ევროპალიის“ ფარგლებში გახსნილი გამოფენა ქართულ და ევროპულ ხელოვნებას შორის არსებულ კავშირებს უფრო თვალსაჩინოს გახდის.

ლევან ჭოღოშვილი, ხელოვანი: ,,საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ქართველი ხელოვანები იზოლირებულნი იყვნენ. ევროპასთან კულტურული კავშირების გაბმა ახლაც არ არის ადვილი. ჩვენ შეგვიძლია ევროპაში მოგზაურობა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის სისტემური კავშირები ქართულ და ევროპულ კულტურის სფეროებს შორის. ამიტომ არის კარგი ეს გამოფენა. ის დამთვალიერებლებს აჩვენებს, რომ ქართული ხელოვნება ყოველთვის დაახლოებული იყო ევროპული ხელოვნების ტრადიციასთან.

დღეს ბევრი ქართველი ხელოვანი ცდილობს განათლების დასავლეთში მიღებას“.
„ევროპალია“ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. ფესტივალის სტუმრები შეძლებენ ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას გაეცნონ. ქართული ხელოვნების ვიზუალურ, თეატრალურ და მუსიკალურ ნიმუშებს მსოფლიოში აღიარებული არტისტები წარადგენენ. ღონისძიებები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ბელგიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება.

წყარო

“სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას არ ვაპირებთ” – სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ – ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანთ, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას შეძახილები მოჰყვა.

„ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ პირადად არ ვაპირებთ, ამიტომ შეკითხვები თქვენთან, რა თქმა უნდა, არ გვექნება, არც საქართველოს პრეზიდენტთან, იმიტომ რომ გასაგებია, რასაც აკეთებთ აქ, თუმცა ბოლომდე ამ საქმეს ვერ მიიყვანთ. როგორც მოგიწიათ რუსული კანონის უკან წაღება ასე…“, – განაცხადა სამადაშვილმა, რა დროსაც დეპუტატს მიკროფონი გაუთიშეს, რადგან, თავმჯდომარის განმარტებით, „პროცედურას არ ეხება“, შემდეგ, კი სალომე სამადაშვილმა კითხვები დააზუსტა.

„მე მაინც ვერ გავიგე, როდის გეგმავთ ამ სამარცხვინო რუსული იმპიჩმენტის პროცედურის პარლამენტში გამართვას, ხვალ თუ ზეგ? დაგვიზუსტეთ და საქართველოს პრეზიდენტს აძლევთ თუ არა უფლებას, სიტყვით გამოვიდეს?“ – მიმართა სამადაშვილმა თავმჯდომარეს.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, თუ სალომე ზურაბიშვილს სურვილი ექნება, მას სხდომაზე დასწრების საშუალება მიეცემა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მისი წინადადებაა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა, ხვალ, 12:00 საათზე დაიწყოს.

უნდა შევახსენოთ სალომე ზურაბიშვილს და ყველას, ამ ქვეყანაში დასრულდა დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა -პრემიერი

ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაური სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს მაგალითი მიეცა სხვებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნისა და კონსტიტუციის დაცავის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრაციულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია.

„სასამართლოს გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, არის სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და რიგით მოქალაქეს, ეს მე ნამდვილად არ მიხარია. არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის დამრღვევი, ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმის მაგივრად, პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის, თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნის, კანონისა და მთავარი კანონის, კონსტიტუციის დაცავის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ქალბატონმა სალომემ უხეშად, დემონსტრაციულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რაც არა მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების ნათქვამით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

რაც შეეხება ზოგადად შემდეგ პროცედურას. მოგეხსენებათ, პარლამენტში გაიმართება შესაბამისი პროცედურა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მოლოდინი, რომ საჭირო ხმებს მოაგროვებდა უმრავლესობა, არ გვქონია. არც არავითარი დიდი ილუზიები არ ჰქონდა არავის. თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, კანონის შემოქმედნი, კანონმდებლები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. უნდა შევახსენოთ სალომე ზურაბიშვილს და ყველას, ამ ქვეყანაში დასრულდა დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა. ეს ძალიან სამწუხაროა. ქალბატონი სალომესგან, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ იგი შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს. ევროპული სტანდარტი გულისხმობს, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ჩვენ, სანაცვლოდ ამის სრულად საპირისპირო სურათი მივიღეთ, როდესაც ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. მე კომენტარს არ გავაკეთებ მის გამონათქვამებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა გუშინ დაადგინა.

“ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა” – ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

[სალომე ზურაბიშვილს] არცერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად სასამართლოს გადაწყვეტილებაში. უხეში ტერმინები გამოიყენა – „სირცხვილია“ და ასე შემდეგ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ, ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ზეპარტიული უნდა იყოს და ნეიტრალური, უზრდელობდეს.

“არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, აქ შეიძლება რაღაც ნაკლები ეკადრა, მაგრამ გამოვიდა და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. არცერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად გადაწყვეტილებაში, უხეში ტერმინები გამოიყენა „სირცხვილია“ და ასე შემდეგ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ, ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. ის არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ზეპარტიული უნდა იყოს და ნეიტრალური, უზრდელობდეს. ესეც მისი პრობლემაა და საქმე. დადასტურდა, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას, რადიკალურ ოპოზიციას და ზურაბიშვილს სრული კოორდინაცია აქვთ“,- აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა, რომ ისევე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, პრეზიდენტსაც აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ყოველგვარი წარმატება.

„ის ბოლომდე მიყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიყვება. ამ ყველაფრის გათვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი 1 წელი. რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად. „წარმატებები“ მას ამ საქმეში“, – აღნიშნა კობახიძემ.

“ვფიქრობ, ჩვენმა ხელისუფლებამ სტატუსისთვის გააკეთა მაქსიმუმი, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა” – პრემიერი

ჩვენ ვიყავით გრანადაში და მე მქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს, მოლოდინები არის საკმაოდ პოზიტიური, არ მინდა, იმაზე მეტი ვთქვა, რაც არის მიზანშეწონილი, მე მივდივარ ბრიუსელში, მექნება შეხვედრები, ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ კომისიასთან, შესაბამის სტრუქტურებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ბოლო დაზუსტებები მიმდინარეობს ახლა და ნოემბრის დასაწყისში იქნება კომისიის რეკომენდაცია.

„ვფიქრობ, რომ საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, ჩვენმა ხელისუფლებამ, მიუხედავად დესტრუქციისა და საბოტაჟისა ოპოზიციის მხრიდან, შიდა თუ გარე მტრების მონდომებისა, რომ ეს პროცესი რამენაირად შეფერხებულიყო, ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ გავედით ბოლოში. ამ ბოლოში გასვლას ჩვენ ველოდებით იმედიანად, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, ჩვენი ხალხის მობილიზებით და მათი ნების გამოხატულებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მიუღებელი იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება, ისე როგორც იყო მიუღებელი, გაუმართლებელი და უხეში შეცდომა დაშვებული ევროპის მხრიდან, მაგრამ აღარ მინდა წარსულზე კომენტარი, უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ბოსნია და ჰერცეგოვინას აქვს სტატუსი, უკრაინას, მოლდოვას. მე ყველას მადლობა მინდა, ვუთხრა, წარმატებები ამ ქვეყნებს. მე ჩემს ქვეყანაზე მაქვს მთავარი ფოკუსირება, დამსახურებაზე და ყველაფერზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს მიეცეს საშუალება, პარლამენტიდან მიმართოს საქართველოს საზოგადოებას” – ხატია დეკანოიძე

როდესაც რამდენიმე დეპუტატი და მათ შორის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ვიყავით შეხვედრაზე პრეზიდენტთან, მაშინ იყო დისკუსია, წარმოდგენილიყო თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში, ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ მისი მოსვლა და აქ სიტყვით გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ყველა ოპოზიციონერს, ვინც ფიქრობს, რომ შესაძლებელია ხმა მისცეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ეს იქნება ხმის მიცემა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ.

„პრეზიდენტი თუ გრძნობს თავს კომფორტულად ცარიელ დარბაზში, ქართულ ოცნებასთან“ მარტო, რა თქმა უნდა, ჩვენ მის ამ თხოვნას გავითვალისწინებთ. უფრო მეტსაც გეტყვით, ასეთი საუბარი ჩვენ შორის შედგა რამდენიმე კვირის წინ და მაშინაც იყო მისი მოსაზრება, რომ მართლაც მარტო „ქართულ ოცნებასთან“ დარჩენა ალბათ უკეთესი იყო და უკეთესად გამოავლენდა იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც არის საქართველო. პრეზიდენტი თუ თვლის, რომ მისთვის უკეთესი იქნება მარტო,  პოლიტიკურად, ადამიანურად, მე გავითვალისწინებ მის ამ მოწოდებას და იმას, რომ არც განხილვაზე და არც კენჭისყრაზე ჩვენ არ ვიქნებით. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, მე ისიც არ ვიცი, დადგება თუ არა ეს საკითხი განხილვაზე, ვინაიდან უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მხოლოდ კენჭისყრაზე უნდა გამოტანილიყო. საქართველოს პრეზიდენტის დასწრება საპარლამენტო სესიაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, განხილვაში მნიშვნელოვანია მონაწილეობა მისი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას მიეცეს საშუალება, მიმართოს საქართველოს საზოგადოებას. გარდა ამისა, ყველა ოპოზიციონერს, ვინც ფიქრობს, რომ შესაძლებელია ხმა მისცეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, უნდა ესმოდეს და უნდა გავაფრთხილოთ, რომ ეს იქნება ხმის მიცემა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ და ეს იქნება განადგურება პერსონალურად ამ ოპოზიციონერების იმიჯის, პოლიტიკური მომავლის ისევე, როგორც ქვეყნის“, – განაცხადა დეკანოიძემ.