Home Blog Page 1399

,,ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის შესახებ, საუბარი არ არის”- ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში სტუმრობისას აცხადებს, რომ პარტიაში ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის შესახებ საუბარი არ არის.

ხაბეიშვილი, ასევე, აცხადებს, რომ მელიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დასძენს, რომ მომლაპარაკებლები გიგი უგულავა და კობა ნაყოფიაა.

„ნიკა მელია დაშორდა და გაემიჯნა პარტიას. დღესაც მოსალაპარაკებელ მაგიდაზე უდევს კონკრეტული შეთავაზებები. ამ მოლაპარაკებებში ჩართული იყო და არის გიგი უგულავა და კობა ნაყოფია. ეს ადამიანები არიან მთავარი მედიატორები, რომ მოხდეს ნიკა მელიასთან თანამშრომლობის აწყობა. ჩემი მხრიდან არ არსებობს ნაბიჯი, რომელიც არ გადამიდგამს, მათ შორის, თუ საჭიროა პირად შეხვედრასთან დაკავშირებითაც. მას შეთავაზებები ჰქონდა. უარები მისი მხრიდან და მერე მჭახე განცხადებებიც მოგვისმენია მისი მხრიდან.

არის მოლაპარაკება, არიან ადამიანები, ვინც ჩართულები არიან, მზად ვართ, გახსნილები ვართ, მნიშვნელოვანია ჩვენთვის ერთობა, ოღონდ ეს ვერ გაგრძელდება უსასრულოდ, ამას კონკრეტული დასასრული ექნება, შესაძლოა, ნიკამ დასვას ეს წერტილი“, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

საქართველოში საფრანგეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოში საფრანგეთის საელჩო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი ელოდება საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის.

„საფრანგეთმა ცნობად მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მთავრობის მხარდაჭერით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ.

ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელოდება საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, ევროკომისიის მიერ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

,,თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

ქსელის რეაბილიატაციის გამო, სამგორის რაიონში გაზის მიწოდება 9 500-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ გაზმომარაგების ქსელის რეაბილიატაციის გამო, ხვალ, 18 ოქტომბრის 22:00 საათიდან 19 ოქტომბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება: ქ. წამებულის (წმ. ქეთევან დედოფლის) გამზ. 63ა, 63ბ, 65, 67, 69, სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 1, ჩოლოყაშვილის I კვ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 9), 2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 11), 3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 13), 4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 15) 5 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 17), ჩოლოყაშვილის ქ. 57-1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 37), 57-2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 41), 57-3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 35), 57-4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 39), ჩოლოყაშვილის ქ. 1/1 (გაბრიელ სალოსის გამზ. 3), ჩოლოყაშვილის ქ. 1/2 (გაბრიელ სალოსის გამზ. 5) ჩოლოყაშვილის ქ. 1/3-ში (გაბრიელ სალოსის გამზ. 1), ჩოლოყაშვილის ქ. 1-7/1 (მიხეილ აბრამიშვილის ქ. 37), ჩოლოყაშვილის ქ. 48ა (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 48ე), ლერწმის ქ. 1-ში მდებარე შპს „თბილის ჰაუსის” საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ლერწმის ქ. 5-ში მდებარე შპს „მეგა დეველოპმენტის“, ჩოლოყაშვილის II კვ-ში მდებარე კორპ. 1-ის მიმდებარედ შპს „ჰაუს დეველოპმენტის”, ბერი გაბრიელ სალოსის მოედ. 3-ში მდებარე შპს „ასორტი გრუპის” საცხოვრებელი კორპუსის, ბაღდადის (რიჩარდ-ჰოლბრუკის), ნავთლუღის ქ. 10-ში მდებარე შპს „პრაიმ არქის” საცხოვრებელი კომპლექსის, ნავთლუღის ქ. 33-ში მდებარე შპს „ჯი ემ თის”, საექიმოს გასავალის (ვლ. ლობჟანიძის), სოლომონ დოდაშვილის, რთველაძის, ჩკალოვის, ბაღდადის (რიჩარდ ჰოლბრუკის), ჰოსპიტალის შეს-ის, სამხედრო ქალაქის, ასევე ლერწმის, მეგობრობის, წერნაკის, II, III დოლაბაურის, კაჭარავას, უჯარმის, პატარძეულის, ორთაჭალის ტურფის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის (არტურ ლაისტის ქ. 3, 5, 6, 7, 9, 11-ის კორპუსების მოსახლეობა), არტურ ლაისტის ქ. 4-ში მდებარე შპს „ტიფლისისა” და შპს „ორთაჭალის თაუერის” საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მიმდებარედ – ნიკოლა ბაჟანის, მარჯორი უორდროპის, არტურ ლაისტის მეგობრობის, აჰმედ ჯავადის, მიხეილ აბრამიშვილის, გრიგოლ აფშინაშვილის, მეგობრობის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ-ზე, მალხაზოვის შესახვევებში, მანავის, ალექსანდრე ამილახვარის, ჩოლოყაშვილის, ორთაჭალის ტურფის მიმდებარედ, ლერწმის ქუჩის მიმდებარედ, ჩოლოყაშვილის (ახლ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის დასაწყისი) ქუჩის მიმდებარედ – მტკვრის სანაპიროზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს – შპს „ძველი უბანი 2”-ს, შპს „ლიონს”, რესტორან „ასტორიას“, ბაგა-ბაღი # 215-ს, შპს „თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს“, შპს „მონიოს”, ისანი-სამგორის კომპლექსურ სპორტულ ცენტრს. ასევე გაზმომარაგება შეუწყდათ – დოდაშვილის მოედანზე მდებარე გაზგასამართ სადგურ „ვისოლს”, ნავთლუღის ქუჩაზე – ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას, პოლიციის შენობას, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – საცურაო აუზს „ოლიმპი” – შპს „მონიოს”, ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს, ჩოლოყაშვილის ქ. 48-ში – „ფრესკო შოპინგ ცენტრს”, შპს ,„ჯნეს 777” – რესტორანი „Aასტორია”, #215 საბავშვო ბაგა-ბაღს, საექიმოს ქუჩაზე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ნავთლუღის ქუჩაზე – ისანი მოლს, სუპერმარკეტ „კარფურს” (შპს „ქროსი 2”), ქ. წამებულის გამზ. 69-ში – სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსს”, ნავთლუღის ქ. 11-13-ში – შპს „ავერსის კლინიკას”, შპს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელექტს”, დოდაშვილის ქუჩაზე – საკონდიტრო „ნარცისს”, ბაღდადის ქუჩაზე – შპს „რივერ ჰოლ თბილს”, ი/მ ელიზა კაპანაძეს და ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ-კომუნალურ ობიექტებს.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 19 ოქტომბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათამდე. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას.

“საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

20 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთან გადააგზავნა.

მოგვიანებით, კერძოდ, 22 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ამ ეტაპზე და „თუ ფარცხალაძე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“.

 

,,საქართველოს ხელისუფლებამ ისრაელს პირველივე დღიდან მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა”- ჰადას მეიცადი

ისრაელი იბრძვის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, თუმცა სამწუხაროდ ომს ახლავს მსხვერპლი, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა.

„სისხლიანი შაბათიდან მე-11 დღე გავიდა. ჰამასის ტერორისტული ჯგუფის მიერ ჩადენილი საშინელებები ყოველდღიურად უფრო ცხადდება. მათ მოკლეს და მძევლად აიყვანეს ბავშვები, ქალები და მოხუცებულები. ეს იყო სისხლისღვრა. ჰამასი დაესხა თავს მშვიდობიან დასახლებებს. მართალია ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია, მაგრამ მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველოს ხელისუფლებამ ისრაელს პირველივე დღიდან მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩვენ გვახსოვს როგორ გაერთიანდა აისისის ტერორიზმის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო. ჰამასის ჩადენილსაც უნდა დაერქვას თავისი სახელი. ეს იყო სისხლიანი ტერორიზმი და ამას ვერ ექნება ვერანაირი კონტექსტი. ახლაც უნდა გაერთიანდეს მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ. ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ იბრძვის, ღაზის სექტორში მყოფი ხალხი ჩვენი მტერი არ არის, მტერია ჰამასი. ისრაელი იბრძვის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, თუმცა სამწუხაროდ ომს ახლავს მსხვერპლი“, – განაცხადა მეიცადმა.

პრეზიდენტმა “შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს. აღნიშნულის შესახებ  ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „პრეზიდენტმა ვეტო დაადო კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს“.

„საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი – 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: – საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, “საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სასულიერო პირებთან ერთად, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და ამპუტანტი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

ვეტერანებს, სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ვეტერანებისადმი პატრიარქის მილოცვა წაიკითხა.

პრემიერ-მინისტრს, აფხაზეთისა და 2008 წლის ომის ვეტერანის – ზურაბ ჟღენტის შვილებმა – მხატვრებმა ანა და მარიამ ჟღენტებმა, საჩუქრად თავიანთი ნახატი გადასცეს.

მოგვიანებით, კობა კობალაძემ, თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ”, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. დღეისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000- მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების მონაწილეები, 2008 წლის აგვისტოს ომის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთის) მონაწილეები.

დღეს, სამსახურის ერთიან მონაცემტა ბაზაში რეგისტრირებულ ვეტერანთაგან ყველაზე მხცოვანი, ზესტაფონის მკვიდრი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 105 წლის ალექსანდრე ბისკივაძეა. ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება, რომელშიც სახელმწიფო და კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული.

,,ცალ-ცალი „კალოშით“ მოსული ბატონი კეზერაშვილი ახლა „მისტერ ოფშორი“ გახდა”- ოდიშარია

ყველას კარგად გვახსოვს რომ ცალ-ცალი „კალოშით“ მოვიდა ბატონი კეზერაშვილი და ახლა „მისტერ ოფშორი“ გახდა. ასეთი სწრაფი კარიერული ზრდა შესაშურია. ჯუანშერ ბურჭულაძე მისგან განსხვავებით, რითაც მოვიდა, იმით წავა. ამის გარანტია საზოგადოებას შემიძლია ნამდვილად მივცე, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.

ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში თავდაცვის მიმართულებით წინა და ახლანდელი მთავრობის მუშაობა შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ ჯარის მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გაუმჯობესებულია.

მისივე თქმით, ქართული ჯარი ნატო-ს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

„თუ გაგიგიათ ერთი საჩივარი ნატო-ს მაღალჩინოსნებისგან ქართული ჯარის მიმართ? ან კორუფციაში თუ გაგიგიათ დაედოთ ბრალი? ნატო-ს მაღალჩინოსნებისგან მხოლოდ კომპლიმენტები ისმის“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დახმარების პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ვეტერანებს სხვადასხვა მიმართულებით სოციალური ბენეფიტები აქვთ.

ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა თავდაცვის მინისტრს და სამინისტროს და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ჯარის მიმართულებით არის სწორი.

,,ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან, ვიყოთ ბევრი და აქტიური!”- მიხეილ სააკაშვილი

„ყველა, ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში ზურაბიშვილის პროექტის „გარშემო აქტიურ“ მონაწილეობას იღებს ან სულელია, ან თავს ისულელებს, ამ ეტაპზე „იმპიჩმენტის“ მიზანია პოტენციური პროტესტებისთვის ნამდვილი თემების გადაფარვა, ახლა „იმპიჩმენტი“ ჩავარდება, სალომე ბილეთს აიღებს, წავა ევროპაში და მას მიაწერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხალხის რაოდენობას და გამბედაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ეს მიეწერება სალომეს, რითაც ივანიშვილი რუსების თვალში პასუხისმგებლობას იშორებს. მომავალ არჩევნებში „ოცნება“ რომ უმრავლესობას ვერანაირად ვერ დაიწერს ეს ოლიგარქმა იცის და იქ ძირითად ვარიანტად განიხილავს სალომეს გარშემო ახალი პროექტის შეკვრას და ჩემთან დაკავშირებული ძირითადი ძალის იზოლირებას. ის, რომ ეს ყველაფერი თამაშია მარტივად იშიფრება, ეს ყველაფერი, რაც ივანიშვილს დასჭირდა სალომემ გააკეთა ფარცხალაძესთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის კანდიდატებზე, ჩემს საკითხში, არა მხოლოდ გაშვების არ გაშვების, არამედ „პიჯაკების საქმეზე“ საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფით „საიდუმლოს“ არ მოხსნაზე. ეს ყველაფერი იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ოლიგარქია ასე ჭკვიანი, არამედ იმაზეც, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საკუთარი სისუსტის გამო იღებს ამ თამაშის წესებს. ეს არ ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმას“ და რამდენიმე სხვა გამონაკლისს.

ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ზეგინდელ აქციას მთლიანად მხარს ვუჭერ. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან, ვიყოთ ბევრი და აქტიური! ხალხის რაოდენობას და გამბედაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს მზარდი ტალღა აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის მიერ აშენებულ ხელოვნურ ჯებირებს. დღევანდელ არეულ მსოფლიოში საქართველო თავს გადაირჩენს მხოლოდ იმით თუ დღევანდელ სტატუს-კვოს შევცვლით, რომელიც ასუსტებს და შიგნიდან ანადგურებს ქვეყანას“, – წერს სააკაშვილი.

„თქვენ ხართ კერპთაყვანისმცემლების პარტია“ – ჯუანშერ ბურჭულაძე

„თქვენ ხართ კერპთაყვანისმცემლების პარტია“ – ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის წევრს ანა წითლიძეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში მიმდინარე საპარლამენტო პლენარულ სხდომაზე.

 

„რა ვუპასუხო აბა, ქალბატონ ანას, შეურაცხყოფის იქით ვერ განვითარდა ეს ხალხი. ქვეყანა განვითარდა, საზოგადოებაც იცვლება, ეს ხალხი ვერ განვითარდა, ჩარჩნენ იგივეში, შეურაცხყოფა, მონები… რა შუაშია მონები? მონები არიან თვითონ! კერპთაყვანისმცემლები, ოკულტისტები არის სწორედ ეს ხალხი. ერთი კულტი ჰყავთ, კულტი ჰქვია, აბა, ამას სხვა რა ჰქვია?

,,სხვა რა დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს პრეზიდენტმა? კაცს ხომ არ მოკლავდა?”- თამარ ჩიბურდანიძე

სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა და შეურაცხყოფას აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს (ამხელა რანგის ინსტიტუტს) დეპუტატებს და ამ დროს, თან ითხოვდა პატივისცემას მის მიმართ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. წარმოიდგინეთ, გუშინ პრეზიდენტის როგორ პარადოქსულ სიტუაციაში იყო, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, არავის არ უნდა დაავიწყდეს, სალომე ზურაბიშვილი ის პრეზიდენტია, რომელსაც ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაუდგინა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია.

„იცით რა იყო პარადოქსული? სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა და შეურაცხყოფას აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს (ამხელა რანგის ინსტიტუტს) დეპუტატებს და ამ დროს, თან ითხოვდა პატივისცემას მისი მიმართ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. წარმოიდგინეთ, გუშინ პრეზიდენტის როგორ პარადოქსულ სიტუაციაში იყო. ძალიან დიდი ხანია რაც იგი საქართველოში ჩამოვიდა, მას შემდეგ ვუყურებ, ვიცნობ კიდეც და სიმართლე გითხრათ, მე ასეთი აღელვებული და განერვიულებული პრეზიდენტი არ მინახავს, ის იყო აბსოლუტურად წყობიდან გამოსული, რაც ბუნებრივია.

მაგრამ მე მაქვს კითხვა – არ ელოდა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას? რა იყო მოულოდნელი ამ ვერდიქტში? როდესაც ვუსმენდით და ვუყურებდით ყველანი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს, რომელიც საჯარო და ღია იყო ყველასთვის, პირველკურსელებისათვისაც მარტივად გასაგები იყო, ის რასაც იქ ამბობდნენ. თავად პრეზიდენტის წარმომადგენლებმა – ჩუგოშვილმა და კოპალეიშვილმა, თავიანთი გამოსვლებით დაადანაშაულეს პრეზიდენტი. მათი გადმოცემით, რასაც ისინი ჰყვებოდნენ და რა ფაქტებიც მოჰყავდათ, პირველ რიგში, თავად გამოუტანეს ვერდიქტი პრეზიდენტს და თავად თქვეს, რომ ფაქტობრივად, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.

სასამართლოს ვერდიქტამდე გამოიტანეს მათ განაჩენი, თავიანთი წამგზავნელისგან, ეს იყო ყველაზე სასაცილო იმ პროცესებში.

ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, იცით რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე მაგალითად, არ მახსოვს, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია ოდესმე ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო, თავისი სათქმელი ეთქვა, რომ განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიეღო და დაგვენახა, გარდა იმისა, რაც ფურცელზე წერია, რომ ეს არის კონსტიტუციის დამცველი და ყველაზე მაღლა მდგომი სასამართლო. პირველად ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თურმე ჰქონია ფუნქცია და მან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის დარღვევა არ აპატია თვით კონსტიტუციის დამცველს, კონსტიტუციით ყველაზე მაღალ პირს – პრეზიდენტს და გამოუტანა დადანაშაულების ვერდიქტი.

რა მოხდება ხვალ პარლამენტში? ეყოფათ თუ არა ხმები, დარჩება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მე მაგალითად, მის ადგილზე რომ ვიყო, ძალიან შემრცხვებოდა. თუმცა გავანებოთ თავის სალომე ზურაბიშვილს და შიდა პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც ნამდვილად არ აქვს თავმოყვარეობა (ამ ოპოზიციის დიდ ნაწილზე ვსაუბრობ და არა ყველაზე). მე მაინტერესებს, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო ეს პოლიტიკური ლიდერშიპი, რომელთა დიდი ნაწილი ოპოზიციის ლობისტები არიან, რომელი გაბედავს, რომელს ეყოფა ვაჟკაცობა და ბრალდებულ პრეზიდენტთან ისევ დაიწყებენ პოლიტიკურ ურთიერთობას.

რა თქმა უნდა, მათ ექნებათ მიზეზი და იტყვიან, რომ ის პრეზიდენტია, მას იმპიჩმენტი ვერ მოუწყვეს (თუკი ხვალ ხმები არ ეყოთ პარლამენტში) მაგრამ ეს ის პრეზიდენტია, რომელსაც ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაუდგინა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია. სხვა რა დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს პრეზიდენტმა? კაცს ხომ არ მოკლავდა? ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლებოდა ჩაედინა, ჩაიდინა – რაზედაც ფიცი დადო, ის დაარღვია“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

მუსლიმი ერები ძალიან გაბრაზებულები არიან – ირანის უზენაესი ლიდერი

ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ თუ ღაზას წინააღმდეგ სისასტიკე გაგრძელდება, მუსლიმებმა და წინააღმდეგობის ძალებმა შეიძლება დაკარგონ მოთმინება და მერე ვერავინ შეძლებს მათი ქმედებების აღკვეთას.

მისი თქმით, უზურპატორი სიონისტური რეჟიმი უნდა გასამართლდეს.

ამასთან, ირანის უზენაესი ლიდერი ისრაელს ღაზაში „ეთნიკურ წმენდაში“ ადანაშაულებს.

„რაც არ უნდა გააკეთოს სიონისტურმა რეჟიმმა, ის ვერ აანაზღაურებს იმ სამარცხვინო მარცხს, რომელიც მან განიცადა ამ შემთხვევაში. სიონისტური რეჟიმი უნდა გასამართლდეს. მსოფლიო მოწმეა სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის. მთელი მსოფლიო ხედავს ამას. 

როგორც არაერთი ინფორმაცია გვამცნობს, სიონისტური რეჟიმის შიგნით ამ დღეების და გასული კვირის პოლიტიკას ამერიკელები არეგულირებენ, პოლიტიკას ატარებენ. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს დაბომბვები. მუსლიმი ერები ძალიან გაბრაზებულები არიან“, – აცხადებს ალი ხამენეი.