Home Blog Page 1389

“ფარცხალაძის თემა დახურულია ან მალე დაიხურება” – შალვა პაპუაშვილი

ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე – როგორც ჩანს, ფარცხალაძის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ფარცხალაძესთან, ისევე მოსამართლეებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს და ერთადერთი კითხვა დარჩა, რა იყო აშშ-ის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების მოტივაცია.

შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ელჩი გაერკვევა ამ საკითხში. მისივე თქმით, კარგი ნაბიჯი იქნებოდა თუ აშშ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესდა, მოხსნიდა.

„ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია – ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართა აშშ-ს, სამ სხვადასხვა უწყებას მიმართა სახელმწიფომ – პროკურატურამ იუსტიციის დეპარტამენტს, ასევე სხვა უწყებებზე მიმართვები იყო, მათ შორის სუს-ის. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს, როგორც საჯაროდ ითქვა და იქით იკითხეს, შემთხვევით რაიმე ინფორმაცია ხომ არ აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც, ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ასევე, 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. ეს მე მაფიქრებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსაც და მან ისაუბრა ამაზე საჯაროდაც, რომ არც მოსამართლეების, არც ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში მტკიცებულებები არ არსებობს,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ მიეცა ფარცხალაძეს ქვეყნის დატოვების საშუალება და აღნიშნა, რომ ქვეყნის დატოვების საშუალება „კანვასის“ ტრენერებსაც მიეცათ, თუმცა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „მათ ბრალი აქვთ წასაყენებელი“.

„ბრალი თუ არ არის წაყენებული, მას ვერ შეუზღუდავ გადაადგილებას. მათ შორის, „კანვასის“ შემთხვევაშიც, ტრენერებისთვის არავის შეუზღუდავს ქვეყნის დატოვება. შეიძლება აღმოჩნდეს შემდგომ, რომ ბრალი არის წასაყენებელი და მათ დატოვებული ჰქონდეთ ქვეყანა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

“კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო” – შალვა პაპუაშვილი

გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო, ამიტომაც არის, რომ ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„გადაწყვეტილებას ასეც და ისეც იღებს ევროპული საბჭო, ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ. თქვენ ნახეთ, რომ მაგალითად, ბულგარეთის პარლამენტმა სულ რამდენიმე დღის წინ რეზოლუცია მიიღო სწორედ ჩვენი კანდიდატობის სტატუსის მხარდამჭერი და ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი და გესმით ასევე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. ჩვენთვის საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება. რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ამ მხრივ ჩვენ ევროკომისიასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია. ამის შედეგი იყო მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც იყო სრულად შეთანხმებული ევროკომისიასთან. ამის შედეგი არის ის მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ რეკომენდაციების შესრულების მხრივ და იცით, რომ მეათე რეკომენდაცია არის სწორედ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გარკვეულ სისტემებში მოქცევა. შეფასებების კუთხით ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თიბისის მხარდაჭერით ექსპო ჯორჯიაში მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს. ღონისძიების გახსნას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 21-22 ოქტომბერს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 160 მეწარმე ქალი მიიღებს. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სათამაშოებს, ავეჯს, დეკორსა და სხვა ნივთებს წარუდგენენ. დამთვალიერებლებს კი მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხე იქნება გამოყოფილი იმ ტექნოლოგიური სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები, სადაც სტუმრების განწყობაზე დიჯეი გოგოები იზრუნებენ.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა. იგი ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, საინტერესო ბიზნესკავშირების დაყარებასა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. მისი მხარდამჭერები და ორგანიზატორები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), თიბისი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, „ექსპო ჯორჯია“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.

გამოფენა-გაყიდვა რეგიონული ექსპოს ნაწილია და ის საქართველოს პარალელურად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში — თურქეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, ბოსნიაში, ალბანეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ტარდება. ღონისძიება პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების.

R

“სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში” – გიორგი ბოტკოველი

სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში – ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“ ემსახურებიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც ყოფილ მთავარ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე, სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

ბოტკოველის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ გამოძიება შედეგზე გავა, რადგან სუს-ი არა გამოძიებით, არამედ „გაპრავებით“ არის დაკავებული.

„მთავარი რამ, თქვა ფარცხალაძეზე არის ეს – „კარგით რა მოვრჩეთ ახლა, ეგ თემა აღარ არის საინტერესო“. სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აღიარებული ჯაშუში. შემდეგ საუბრობდა იმაზე, რომ თურმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და მათ უწყებებთან პარტნიორობს. ეს ერთმანეთთან შეუსაბამოა. სუს-იც და ძალოვანი სტრუქტურებიც ემსახურებიან ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“. მტკიცებულებების მოპოვება არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის საკითხი, მაგრამ ორივე უწყება თავიდან ბოლომდე ფარცხალაძეზეა დამოკიდებული და როგორ შეიძლება მათ რაიმე გამოძიების შედეგი დააყენონ“,- განაცხადა ბოტკოველმა.

ინფორმაციისთვის, სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა გუშინ, მედიასთან განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მიიღეს. ლილუაშვილის თქმით, სუს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე.

ლილუაშვილის განცხადებით, თუ მტკიცებულებები არ იქნება, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება. როგორც სუს- ის ხელმძღვანელმა განაცხადა, ოთარ ფარცხალაძემ ჩვენების მიცემის მეორე დღესვე დატოვა საქართველო. ამასთან, ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასმული რამდენიმე კითხვის შემდეგ, ლილუაშვილმა აღნიშნა – „იმდენი საფრთხეები და რისკებია, რა დროს ფარცხალაძეა“.

“ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს”

საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვს ქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

„ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით.

ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად, რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი – ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვს ქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და, მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვა. ამ მიზნების მისაღწევად პრაგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ვაწარმოებთ და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ. კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს – ევროპისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

“საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას, მთავრობა კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდა”

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას, მთავრობა კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდა. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ.

დარჩიაშვილის თქმით, ინფორმაცია პარლამენტს ყოველთვის მიეწოდება და დოკუმენტები, რომლებსაც პარლამენტის რატიფიცირება სჭირდება, შესაბამისად შედის პარლამენტში.

„მართალია, ჩემი დღევანდელი გამოსვლა კონკრეტულ საკითხს, კერძოდ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს ეხება, მაგრამ ეს ურთიერთობები არსებული გეოპოლიტიკური სივრცის ერთიან ჭრილში უნდა დავინახოთ. ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება ჩინეთთან მიმართებით და სწორედ ამ პრიზმიდან დანახული, შევეცდები ჩვენი პოზიციონირების გაზიარებას. დასაწყისში მინდა, გამოვეხმაურო მთავარ დასმულ კითხვას, რატომ არ გახდა საჭირო საქართველოს პარლამენტთან შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე და რატომ იზღუდება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს კონსტიტუციური ჩანაწერი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ.

მოგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას, მთავრობა მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ერთობლივი განცხადება მიღებულია საქართველოს სწორედ კონსტიტუციის თანახმად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი პარლამენტთან წინასწარი შეთანხმების იურიდიული ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტიდან. კონსტიტუცია თავად განსაზღვრავს მთავრობის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების ფორმებს, რაც არ მოიცავს მსგავსი ტიპის განცხადებების წინასწარ შეთანხმების ვალდებულებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთობლივ განცხადებაში განსაზღვრული ოთხი მიმართულება – პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები და საერთაშორისო განზომილება სრულ თანხვედრაშია პარლამენტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციასთან, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საგარეო, ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებას.

ვისარგებლებ შემთხვევით და იმასაც მოგახსენებთ, რომ ბოლო წლებში გაფართოვდა ჩინეთთან სახელშეკრულებო ბაზა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ჩინეთის მხარესთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს მოეწოდება შესაბამისი დადგენილი წესით. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ მოახდინეთ დამატებით ისეთი ხელშეკრულებების და შეთანხმების რატიფიცირება, როგორიც არის საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრების და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება. მეორე გახლავთ საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ინფორმაცია პარლამენტს ყოველთვის მოეწოდება შესაბამისად და ის დოკუმენტები, რომლებიც საჭიროებენ პარლამენტის რატიფიცირებას, შესაბამისად შემოდის პარლამენტში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

“სუს-ის ანგარიშში ჩანდა, რომ მოწოდების სიმაღლეზეა, გააგრძელოს საქართველოს ინტერესების მსახურება” – გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციამ ვერცერთი კითხვა ვერ დასვა იმასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როგორ მოახერხა, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ომების ფონზე, საქართველოში არის მშვიდობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად მუშაობს.

„უწყების ანგარიშში ჩანდა, რომ გამოწვევები ისევ რჩება და სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა, გააგრძელოს საქართველოს ინტერესების მსახურება და არა – რომელიმე პარტიის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის, ჩვენ ერთად არ დავუშვებთ, რომ სიძულვილმა გაანადგუროს თავისუფლება”

მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის ძლიერი გამოსვლისთვის. ჩვენ ერთად არ დავუშვებთ, რომ სიძულვილმა გაანადგუროს თავისუფლება და ტერორისტებმა გაანადგურონ დემოკრატია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მხარდაჭერის გამო, უკრაინა ამერიკის მადლიერია.

„უკრაინა მადლიერია აშშ-ის მხარდაჭერისთვის და ურყევი რწმენისთვის, რომ ჰუმანიზმი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული, ყოველთვის გაიმარჯვებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისა და აშშ-ის საერთო მიზანია, დაიცვას თავისუფალი ცხოვრების წესი ყველა ადამიანისთვის. მისივე თქმით, ქვეყნებს, რომლებიც ებრძვიან აგრესიას და ტერორიზმს, საერთო თავისუფლების შესანარჩუნებლად, აშშ-ის ლიდერობის იმედი აქვთ.

„აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა წარმოუდგენლად ამხნევებს ყველა ჩვენს მეომარს და მთელ ჩვენს ერს. აშშ-ის ინვესტიცია უკრაინის დაცვაში უზრუნველყოფს გრძელვადიან უსაფრთხოებას მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს, ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად გადაუდებელი ბიუჯეტის მოთხოვნა კონგრესს გაუგზავნოს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი რეპრესიებისა და თავისუფალი მედიის დევნის საშუალებას ქმნის” – რომან გოცირიძე

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ქმნის რეპრესიებისა და თავისუფალი მედიის დევნის საშუალებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არგუმენტი ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებების იმ ფორმით მიღება, როგორც ეს მოხდა, ევროკავშირის მოთხოვნაა.

„მაუწყებლის შესახებ“ კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს და ვნახავთ, როგორ წავა პროცესები. იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თითქოს იყო ევროსაბჭოს მოთხოვნა, ვერავითარი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. ქვეყანაში, სადაც არსებობს შერჩევითი სამართალი, როცა ერთი და იგივე მოვლენა ხელისუფლების მხარდამჭერი მედიისთვის სხვანაირად და კრიტიკული მედიისთვის სხვანაირად, ეს ქმნის რეპრესიებისა და თავისუფალი მედიის დევნის საშუალებას, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში. ამ კანონის მიზანი არის დამოუკიდებელი მედიის დასჯის დამატებითი მექანიზმების, მათ შორის, ფინანსური ბერკეტების ამოქმედება დაუშვებელია!“ – განაცხადა გოცირიძემ.

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები სამივე მოსმენით მიღებულია. კანონის პროექტი საბოლოო – მესამე მოსმენით 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.

“ქართული ოცნება “მოჯადოებულ, პარალელურ რეალობაში აცხოვრებს ხალხს” – პაატა მანჯგალაძე

პროპაგანდას კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა – „ქართული ოცნება“ მოჯადოებულ, პარალელურ რეალობაში აცხოვრებს ხალხს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ანგარიში აჩვენებს იმ მძიმე ვითარებას, რაც ქვეყანას აქვს.

„კიდევ ერთხელ ფარდა ახადა „ქართული ოცნების“ პროპაგანდას ევროპელი პარტნიორების შეფასებებმა. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ამ დროს ვხედავთ როგორ გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, მათი პროპაგანდაა ასევე, რომ რეკომენდაციები შესრულებულია და პირდაპირ გვეუბნებიან ვენეციის კომისიაში, ყველა ევროპულ ინსტიტუციაში, რომ რეკომენდაციები შესრულებული არ არის და 9 შესასრულებელი აქვს ქვეყანას. „ქართული ოცნება“ მოჯადოებულ, პარალელურ რეალობაში აცხოვრებს ხალხს, ქვეყანაში ყველა მიმართულებით მძიმეა ვითარება, მარტო ტროლები და ბოტები მუშაობენ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განაცხადების რაოდენობა 81%-ით გაიზარდა. ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში არარეგულარულად დარჩენის შემთხვევის რაოდენობა 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით – 21 910 ადამიანი 2022 წელს და 11 695 ადამიანი 2021 წელს.

2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში ვიზიტორებს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი მოემსახურება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ ემ თი ეი” 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში (ახალ გუდაურში), დამსვენებლებს ორ ახალ საბაგირო კომპლექსს დაახვედრებს. საბაგიროები იქნება 6 ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის ე.წ „ბაბლი”, 1249 და 1369 მეტრის სიგრძის, თითო საბაგიროს გამტარუნარიანობა – 1800-2400 ადამიანი საათში. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ შვეიცარული კომპანია, „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი” ახორციელებს.

„ვიზიტორთა მზარდი ოდენობისა და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, ახალ გუდაურში, სავარძლის ტიპის 2 (ორი) ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გაამრავალფეროვნებს კურორტის სერვისებს, რომელიც ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებასა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საბაგიროების არეალები განსაზღვრულია გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც კანადური კომპანია „ეკოზაინის” მიერ არის შემუშავებული. რაც შეეხება სასრიალო არეალს, არსებული 70 კმ ტრასას დაემატება 6 კილომეტრი, რაც ვიზიტორებისთვის შექმნის სრულაიდ ახალ სასრიალო სივრცეს” -განაცხადა „მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

სპორტული ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. საქართველომ წარმატებით უმასპინძლა „ბაკურიანი 2023-ს” და მსოფლიო სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში შეიტანა წამყვან ქვეყნებს შორის და ახლა უკვე პირველად, გუდაურში ჩატარდება საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ ქროსში. აღნიშნული ფაქტი უმნიშვნელოვანესია როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.

“ევროკომისიის მეექვსე ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან” – ნიკოლოზ სამხარაძე

ევროკომისიის მეექვსე ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან. რიგი საკითხებისა, რომელიც წინა ანგარიშში იყო, აქ უკვე აღარ გვხვდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

„ზოგადად, ანგარიში დადებითია. ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან. რიგი საკითხებისა, რომელიც წინა ანგარიშში იყო, აქ უკვე აღარ გვხვდება. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ ამ მიმართულებით. არის საკითხები, მათ შორის, სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირს სურს. მაგალითად, საქართველომ დაუწესოს ვიზები იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ევროკავშირსაც აქვს დაწესებული. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ ქვეყნებში შედის მაგალითად, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ასეთი ნაბიჯი გადავდგათ“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.