Home Blog Page 1267

,,ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ და გამჭვირვალეობა არის ღირებულება, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია”- იონათამიშვილი

ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ და გამჭვირვალეობა არის ღირებულება, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ის ადამიანები, ვინც დეზინფორმაციით ცდილობდნენ, რომ ეს პრინციპები შეელახათ, ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაში არიან, ვინაიდან მათ გაბედეს და ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს. დღეს ეს არ გამოუვათ. ჩვენ საზოგადოების ინფორმირებას მუდმივად ვცდილობდით განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიძლება რისკის შემცველი იყოს ჩვენი ეროვნული მიზნებისა და უსაფრთხოებისთვის. დღეს, ეს გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ თანამედროვე დემოკრატიებს უდგათ. სწორედ აქედან არის განპირობებული, რომ იგივე კანონი დაინიცირებულია ევროკავშირში, მოწონებულია ევროკომისიის მხრიდან და დასამტკიცებლად გადაგზავნილია ევროპარლამენტში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გამჭვირვალეობის პრინციპს ალტერნატივა არ გააჩნია და გამჭვირვალეობა იცავს საზოგადოებას და სახელმწიფოს მავნე ზეგავლენებიდან. ის აჟიოტაჟი, რასაც ჩვენთან ვხედავთ, ლუსტრაციის პროცესს იწვევს. გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც რაღაც აქვთ თურმე დასამალი და გამჭვირვალეობას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ სცემს პასუხს კითხვას – რატომ არიან გამჭვირვალეობის წინააღმდეგი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.

„ჩვენ გვსურს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება“” – ბჟანია

„ჩვენ გვსურს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ გამოცემა „არგუმეწტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ეს ოდესღაც მოხდება. ჩვენ გვსურს, რომ ეს ახლო მომავალში მოხდეს. ქართველი ხალხის მიმართ არანაირ აგრესიას არ ვგრძნობთ. ეს უბრალო ადამიანები არიან, და კიდე არსებობს ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში არსებობს ოპოზიცია და ამიტომ პოლიტიკოსებს აფხაზეთის აღიარება არ შეუძლიათ. როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველა საკითხი მოხსნილი იქნება. ფრანგები თავის დროზე გერმანელებს დაუმეგობრდნენ. სსრკ დაუმეგობრდა გერმანიას. და რა მოხდა ორივე შემთხვევაში? გერმანიამ დამარცხება და საკუთარი დანაშაული აღიარა. არავისი შეურაცხყოფა არ მსურს. მაგრამ ასეთია რეალობა, ასეთია ფაქტები და ამის აღიარებაა აუცილებელი. ჩვენ კი რას ვხედავთ? საქართველო ჩვენს ახალგაზრდულ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს. ბავშვები რა შუაში არიან? ასეთი ზომები ნდობის აღდგენას ხელს ნამდვილად არ უწყობს“, – განაცხადა მან.

ბჟანიამ ასევე კომენტარი გააკეთა აფხაზეთისა და მოსკოვის ურთიერთობებზე.

„ჩვენი მოქალაქეების, აფხაზების, რუსების, სომხების ინტერესებშია რუსეთთან მეგობრობა და ამ მეგობრობის გამყარება. სხვა გზა არ გვაქვს. მსოფლიოს არც ერთ რუკაზე არ არსებობს სახელმწიფო სახელად აფხაზეთი. დიახ, გარკვეულ საკითხებზე ჩვენი და მოსკოვის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგრამ ეს პრინციპული აზრთა სხვაობა არ არის. ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებაში მთელი აფხაზი ხალხია დაინტერესებული და ამაზე ჩვენი ბავშვების მომავალია დამოკიდებული“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ასლან ბჟანიამ კვლავ განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანებაშია დაინტერესებული.

,,ე.წ პრეზიდენტს სრულიად სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა ”- მათიკაშვილი

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი დღევანდელი გამოსვლა, სამარცხვინო იყო.

მათიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია საკუთარი ხალხის და ერის ინტერესებს აღარ გამოხატავს.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, “ქვეყნის ძალიან დიდი ბრძოლით, 9 აპრილით, მანიპულირება, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, არის სალომე ზურაბიშვილი და კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სტილი.”

“სრულიად სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა დღეს საქართველოს ე.წ პრეზიდენტს. ის დიდი ხანია საკუთარი ხალხის და ერის ინტერესებს აღარ გამოხატავს. მას შემდეგ, რაც პირველ რიგში, კონსტიტუცია უტიფრად დაარღვია, რომელზე ხელის დადებითაც მან ფიცი დადო ქვეყნის წინაშე. ეს იყო ანტიეროვნული, ანტიევროპული, ანტიქართული გამოსვლა. სალომე ზურაბიშვილიგან, სამწუხაროდ, ჩვენ მეტს არაფერს ველოდებით. მას არ აინტერესებს ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. მისთვის მთავარია საკუთარი პატრონების წინაშე ვალი მოიხადოს და მათთვის მაამებელი განცხადებები გააკეთოს. მანიპულირება 9 აპრილით, ქვეყნის ძალიან დიდი ბრძოლით, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, არის სალომე ზურაბიშვილი და კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სტილი. ისე, რომ კარგად ჩაჯდა ზურაბიშვილი ამ სტილში. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ სამწუხაროდ, ქვეყანას დღეს ჰყავს არა ის პრეზიდენტი, რომელსაც საზოგადოება ენდობა და ხმა მისცა, არამედ პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარედან სულდგმულობს იმ ენერგიით, რომელიც საქართველოში მას ნამდვილად აღარ ეკუთვნის”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ “ქართული ოცნებისთვის” “მისალოცია” ე.წ რუსული კანონის 31 მარტიდან 9 აპრილამდე თარიღში დამთხვევა.

„რუსული კანონის“, ინიცირება იმ კვირას, რომელიც მიდის 31 მარტიდან 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის არის, ალბათ, ყველაზე დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ – არც ეროვნული და არც ევროპული”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

,,ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე”- ლევან იოსელიანი 

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ , – ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საკანონმდებლო ორგანოში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მან დეპუტატებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისაგან.

“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!“, – წერს იოსელიანი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

ლევან დავითაშვილმა სატრანსპორტო – ლოგისტიკურ პროექტებზე ისაუბრა

ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია იმ რეალური პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა, რაც საქართველოს რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად აქცევს. ამ კუთხით განსაკუთრებულ დატვირთვას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი იძენს, რომელიც გეგმის მიხედვით ვითარდება,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისი ინფორმაციით, 2024 წელს შეირჩევა ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორი, ასევე დაიწყება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა – საერთაშორისო ტენდერი საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების  განსახორციელებლად უკვე გამოცხადებულია.

„სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად გავაგრძელებთ მუშაობას  საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფრულების მიმართულებით –  სატრანზიტო დერეფანში ლოგისტიკის ციფრული პლატფორმის ფორმირების გზით, რაც გაზრდის ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულდეს, ასევე ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს და საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას უზრუნველყოფს.

ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ავიაციის სექტორში. კერძოდ, მისი თქმით, 2024 წელს იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, პირველადი შეფასებით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, დედაქალაქს  18 მილიონზე მეტი მგზავრის მიღების შესაძლებლობა ექნება.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელსვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტები ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და საჰაერო ხომალდების ბაქანის გამტარუნარიანობის გასაზრდელად. ამასთან, ქუთაისშივე აშენდება მცირე ზომის სატვირთო ტერმინალი რეგიონში არსებული საჰაერო-სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით. გარდა ამისა, 2024 წელს შეფასდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, გრძელდება შიდა ფრენების სტიმულირება, ასევე შიდა აეროპორტების მშენებლობა – განვითარება. კერძოდ, 2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობის დაწყება და სრული მოდერნიზაცია, ასევე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობის დაწყება.

„2023 წელი მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო ქვეყნის საავიაციო სექტორისთვის. საქართველოს აეროპორტები ჯამურად 6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.  ამასთან, გასულ წელს რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. 2023 წელს, 6%-ით გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობაც. დაგეგმილი აქტივობების კვალდაკვალ მოლოდინი გვაქვს, რომ 2024 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურება რეკორდული რაოდენობის – 7 მილიონამდე მგზავრის, რაც 14%-იანი ზრდაა 2023 წლის მგზავრთნაკადთან შედარებით,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის სატრანსპორტო – ლოგისტიკური ფუნქციის სრულყოფის მიზნით, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილური ვეტერინარული კლინიკის საშუალებით მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის პროგრამა დაიწყო.

სააგენტოს მობილური ვეტკლინიკა თბილისის მასშტაბით გადაადგილდება და მიუსაფარ ცხოველებს სხვადასხვა მისამართზე ასტერილებს.

აღნიშნული პროგრამა ქუჩის ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით ხორციელდება. თითოეულ უბანში ცხოველების სტერილიზაციას მათზე მზრუნველი ადამიანები ადგილზე დაელოდებიან და ოპერაციის დასრულების შემდეგ, გასტერილებულ და ვაქცინირებულ ცხოველებს ჩაიბარებენ.

მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.

თიბისის მხარდაჭერით გუდაური ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

თიბისის და მთის ტრასების სააგენტოს (M.T.A.) პარტნიორობის ფარგლებში, გუდაური ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

5-7 აპრილს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში პირველად გაიმართება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც 21 წლამდე ასაკის ფრისტაილერები ერთმანეთს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში შეეჯიბრებიან.

ფინალში, მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის 80  სპორტსმენი იასპარეზებს.
მსურველთათვის დასწრება თავისუფალია.

თიბისი მხარს უჭერს მრავალ სპორტულ პროექტს, რომლებიც ახალი თაობის განვითარებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას.

 

R

,,რუსეთი ივნისისთვის დამატებით 300 ათასი სამხედროს მობილიზებას გეგმავს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ივნისისთვის დამატებით 300 ათასი სამხედროს მობილიზებას გეგმავს. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ფინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, უკრაინაში მობილიზაციის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზება საჭირო არ არის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ჯერ არ არის მზად, თქვას, რამდენი ადამიანის მობილიზება იქნება საჭირო.

“ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე” – პრემიერი

ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან არის დაკავშირებული.

„პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვასაჯაროებთ. გარდა ამისა, ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. სრულად გამჭვირვალეა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ და გასაკვირი არაა, რომ საქართველომ „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის საუკეთესო გზა მანკიერებისა და შეცდომების თავიდან ასარიდებლად. ჩემთვის სწორედ გამჭვირვალობა ნიშნავს ევროპულობას, გაუმჭვირვალობა კი – არაევროპულობას. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს. ასეთ დროს, აშკარაა, რომ რაღაცას აფუჭებ და ეს რაღაც გაქვს დასამალი.

დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული.

ზემოაღნიშნული ქმედებების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ ყველაზე მცირე ნდობით სახელმწიფო და სოციალურ ინსტიტუტებს შორის საქართველოში. მხედველობაშია მისაღები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ზემოაღნიშნული ქმედებები მათი დონორების რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება. მჯერა, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ მანკიერების დაძლევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

არაევროპული ძალები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღებას ლობირებდნენ, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ორუელისეული აბსურდი, რომ ომი არის მშვიდობა, შენება არის ნგრევა, წინსვლა არის უკუსვლა, ხოლო გაუმჭვირვალობა არის ევროპა. როდესაც ქართულ საზოგადოებას ცხოველების ფერმად განიხილავ და მისთვის ამ მასშტაბის სიცრუის მიყიდვას ცდილობ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ იმ მწირ ნდობასაც კარგავ, რაც მანამდე გქონდა”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

„ოცნებამ“ ევროპას უთხრა: „არა“ – „ოცნება“ დაკავებულია ჩვენი ევროპული გზისა და მომავლის საბოტაჟით” – პრეზიდენტი

„ოცნებამ“ ევროპას უთხრა, არა – „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურება.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა.

„[ქართულმა ოცნებამ“] ევროპას უთხრა არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთ სიტყვა, რაც მომაფიქრდა.“არა” – იუსტიციის რეფორმას. „მე არ შევალ ვეტინგით“ თუ სხვა ფორმით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ „მურუსიძეს და ჩინჩალაძეს არ გავწირავთ საქართველოს ევროპული მომავლის ნაცვლადაც კიო“. „არა“ – სანქციებთან შეერთებას, ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას, რაზედაც გვეუბნებიან, რომ ეს აუცილებელია თუ გინდათ რომ ჩვენთან შემოხვიდეთ თანამეგობრობაში…“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჩინეთის ფსონი დონალდ ტრამპზე

სამშაბათს შედგა სატელეფონო საუბარი  აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის გეოპოლიტიკურ პრობლემებზე და მობილური აპლიკაციის Tik Tok-ის შესახებ.

ჯო ბაიდენის შეშფოთება ჩინურ მობილურ აპლიკაციაზე დაკავშირებულია  საპრეზიდენტო არჩევნებზე. Tik Tok-ი ძალიან პოპულარულია შეერთებულ შტატებში. ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს ეს აპლიკაცია აშშ-ს არჩევნებში ჩარევისთვის. ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ავრილ ჰეინსმა, აშშ-ს კონგრესს წარუდგინა მოხსენება, რომელშიც მან მიუთითა პოტენციური საფრთხეები აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებაზე ჩინური მობილური აპლიკაციის გამო. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც აკრძალავს Tik Tok-ს აშშ-ში. ეს კანონი აშშ-ის სენატში ჯერ კიდევ განიხილება.

ამერიკის არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევა, ბუნებრივია, დღის წესრიგში აყენებს კითხვას: ვის მხარეზე იქნება ჩინეთი ტრამპისა და ბაიდენის მეტოქეობაში? ერთი შეხედვით, ჩინეთისთვის მომგებიანია ჯო ბაიდენის გამარჯვება, რადგან სწორედ დონალდ ტრამპმა გამოუცხადა სავაჭრო ომი ჩინეთს და ახლა იმუქრება ჩინეთისთვის სავაჭრო ტარიფების 60%-ით გაზრდას. თუმცა, ამერიკული მედია აქვეყნებს ანალიტიკოსთა მოსაზრებებს, რომლებიც თვლიან, რომ ჩინეთი უფრო მეტად არის დაინტერესებული დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად. მაგალითად, CNN-ის არხის მასალაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის იზოლაციონისტური პოზიცია სასარგებლოა ჩინეთისთვის მისი გეოპოლიტიკური ამბიციების რეალიზაციის თვალსაზრისით. (https://edition.cnn.com/2024/03/10/china/china-two-sessions-trump-election-analysis-intl-hnk/index.html).

არხს მოჰყავს ექსპერტების მოსაზრება, რომლებიც თვლიან, რომ „ტრამპს ნაკლებად აინტერესებს ამერიკის პოზიციის შენარჩუნება, როგორც გლობალური მსოფლიო წესრიგის ლიდერის“, ხოლო ჩინეთი ცდილობს ისარგებლოს ამერიკის გლობალური პოლიტიკური ასპარეზიდან გასვლით. ჩინელი ექსპერტები ასევე განიხილავენ ტრამპს “როგორც აშშ-ს შიდა პოლიტიკის დესტაბილიზაციის ძალას”.

რაც შეეხება ტრამპის მუქარებს სავაჭრო ტარიფების მკვეთრად გაზრდის შესახებ, როგორც ჩანს, ჩინეთი მათ რეალისტურად არ მიიჩნევს. პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთთან სავაჭრო ომში დამარცხდა. შეერთებული შტატები მვნიშნელოვნად არიან დამოკიდებული ჩინურ იმპორტზე, ამიტომ 60%-ით ტარიფების გაზრდამ შესაძლოა ეკონომიკური შოკი გამოიწვიოს ამერიკაში. ჩინეთი უკვე ემზადება სავაჭრო ომისთვის, თუ ტრამპი მეორედ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მაგრამ ჩინეთისთვის გეოპოლიტიკური სარგებელი ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლისგან აღემატება შესაძლო ეკონომიკურ რისკებს.

რაც შეეხება ჯო ბაიდენს, ის ახორციელებს ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის შეკავების პოლიტიკას უფრო დაბალანსებული, სისტემატური და ეფექტური გზით, ვიდრე დონალდ ტრამპი. ბაიდენმა ჩინეთში ამერიკული კომპანიების მიერ მაღალტექნოლოგიური ჩიპების წარმოებაზე აკრძალვა შემოიღო. ბაიდენი ქმნის ალიანსებს მოკავშირეებთან ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჯო ბაიდენმა ასევე გამოაცხადა ტაივანის მხარდაჭერა ჩინეთის მხრიდან მისი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემთხვევაში და მხარს უჭერს უკრაინას ჩინეთის მოკავშირე რუსეთთან ომში.

დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს განცხადებებით განხეთქილებას იწვევს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის. ის კონგრესში ბლოკავს აშშ-ს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, იმუქრება, რომ აშშ დატოვებს ნატოს ბლოკს და ჰპირდება ევროკავშირისთვის 10%-იანი ტარიფის შემოღებას. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აზრი არ აქვს შეერთებული შტატების მიერ ტაივანის დაცვას.

ამრიგად, პარადოქსული სურათი ჩნდება. დონალდ ტრამპი, რომელიც თავის საჯარო გამოსვლებში ხშირად ასახელებს ჩინეთს შეერთებული შტატების მთავარ მტრებს შორის, ჩინეთისთვის უფრო ხელსაყრელი კანდიდატია ვიდრე ჯო ბაიდენი. შესაძლოა, შემთხვევითი არ არის, რომ დონალდ ტრამპი, ბევრისთვის მოულოდნელად, შეერთებულ შტატებში Tik Tok-ის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა. რჩება კითხვა, შეძლებენ თუ არა ჩინელები დაეხმარონ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებაში.

 

 

ავთანდილ წულაძე

პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

“მინდა მივმართო „ოცნებას“ – გილოცავთ ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს აღარ მოიხსენიოთ!” – პრეზიდენტი

მინდა მივმართო „ოცნებას“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს, გილოცავთ ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს აღარ მოიხსენიოთ! დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პარლამნტის მიერ, საარჩევნო სიებში გენდერული კვოტის გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

ამასთან, ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არაფერი აღარ აქვს არც ეროვნული და არც ევროპული.

„ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი „რუსული კანონის“, ბოდიში ბატონ პაპუაშვილთან რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ, ინიცირება იმ კვირას, რომელიც მიდის 31 მარტიდან 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის არის, ალბათ, ყველაზე დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ – არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ დაინახოთ, არ გინდათ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ – დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი აღარასდროს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ. „ოცნებამ“ უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.