,,ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ და გამჭვირვალეობა არის ღირებულება, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია”- იონათამიშვილი

91
spot_img

ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ და გამჭვირვალეობა არის ღირებულება, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ის ადამიანები, ვინც დეზინფორმაციით ცდილობდნენ, რომ ეს პრინციპები შეელახათ, ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაში არიან, ვინაიდან მათ გაბედეს და ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს. დღეს ეს არ გამოუვათ. ჩვენ საზოგადოების ინფორმირებას მუდმივად ვცდილობდით განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიძლება რისკის შემცველი იყოს ჩვენი ეროვნული მიზნებისა და უსაფრთხოებისთვის. დღეს, ეს გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ თანამედროვე დემოკრატიებს უდგათ. სწორედ აქედან არის განპირობებული, რომ იგივე კანონი დაინიცირებულია ევროკავშირში, მოწონებულია ევროკომისიის მხრიდან და დასამტკიცებლად გადაგზავნილია ევროპარლამენტში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გამჭვირვალეობის პრინციპს ალტერნატივა არ გააჩნია და გამჭვირვალეობა იცავს საზოგადოებას და სახელმწიფოს მავნე ზეგავლენებიდან. ის აჟიოტაჟი, რასაც ჩვენთან ვხედავთ, ლუსტრაციის პროცესს იწვევს. გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც რაღაც აქვთ თურმე დასამალი და გამჭვირვალეობას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ სცემს პასუხს კითხვას – რატომ არიან გამჭვირვალეობის წინააღმდეგი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.