Home Blog Page 1264

“სულ უფრო ცოტა ამერიკელი თვლის რუსეთს და ჩინეთს აშშ-ის მთავარ საფრთხეებად”-The Hill

„ამერიკის უბოროტეს მტერთა სიაში რუსეთს პირველი ადგილი აღარ აქვს დაკავებული“, – წერს სოციოლოგიურ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill), რომელიც აშშ-ის კონგრესთან დაახლოებულ გამოცემად ითვლება.

სტატიაში სათაურით „სულ უფრო ცოტა ამერიკელი თვლის რუსეთს და ჩინეთს აშშ-ის მთავარ საფრთხეებად“ (ავტორი ლაურენ სფორცა).

„გასული წლიდან მათი წილი, ვინც ამერიკის პრობლემების გამო რუსეთს ადანაშაულებს, 50%-დან 41%-მდე შემცირდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის „გელაპის ინსტიტუტის“ (დააარსა სოციოლოგიის პროფესორმა ჯორჯ გელაპმა 1935 წელს) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამერიკელებს თანდათანობით უქრებათ შიში რუსეთისა და ჩინეთის მიმართ, რომლებსაც აშშ-ის მთავარ საფრთხეებად აღარ თვლიან. ამჟამად მხოლოდ რესპონდენტთა 41% მიიჩნევს ჩინეთს „უდიდეს მტრად“ და მხოლოდ 26%-მა განაცხადა იგივე რუსეთის მიმართ. ეს მონაცემები მცირეა გასულ წელთან შედარებით, როცა გამოკითხულთა 50%-მა ამერიკის მყარად ჩინეთი დაასახელა, მხოლოდ 32%-მა – რუსეთი.

ამერიკელი რესპუბლიკელები ხშირად ასახელებენ ჩინეთს აშშ-ის მთავარ მტრად (67%), ხოლო დემოკრატები – რუსეთს (48%).

„გელაპის“ მონაცემებით, მატულობს იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომლებიც ირანს აშშ-ის მთავარ საფრთხედ თვლის: 2023 წელს მათი რაოდენობა 2% იყო, 2024 წელს კი – 9%.

გარდა ამისა, ამერიკელთა 5% თვლის, რომ მათი ყველაზე უბოროტესი მტერია თვითონ აშშ-ის ხელისუფლება. ეს რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე გასულ წელს (1%). სოციოლოგებმა აღნიშნეს, რომ 5% – ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2005 წლიდან.

გამოკითხვამ, რომლის შედეგები ორშაბათს, 18 მარტს გამოქვეყნდა, ასევე აჩვენა, რომ ამერიკელების თვალში ყველაზე ხელსაყრელი რეიტინგი აქვს კანადას და იაპონიას – ორივემ 83%-იანი დადებითი შეფასება მიიღო.

წყარო:

“სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს ქვეყანაში დანაშაულის ზრდის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

რატი ბრეგაძის თქმით, 2012 წლამდე მხოლოდ ციხეებში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების სისტემური დანაშაულები იმდენი იყო, რომ მას თანამედროვე ვითარებაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობა ვერ გადაფარავს.

„ალბათ ყველას ახსოვს „ნაცმოძრაობის“ დროს მათი სლოგანი – ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში. „ნაცმოძრაობის“ დროს პატიმრების სტატისტიკა 30 000-მდე იყო და ჩვენს პირობებში, ეს რიცხვი სამჯერაა შემცირებული. კარგად გემახსოვრებათ ყველას, პირველ რიგში, მოსახლეობას, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რა ტიპის დანაშაულები ხდებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში. მარტო ეს რომ აღერიცხათ, თუნდაც ციხეში მათი თანამშრომლების დანაშაულები რომ აღერიცხათ სათანადოდ, დარწმუნებული იყავით, ვერასოდეს დავეწევით თანამედროვე პირობებში დანაშაულის სტატისტიკას. შესაბამისად, სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე  კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება ყოველწლიურად მძიმდება. მან სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას დანაშაულის ზრდის დამადასტურებლად ციფრებიც დაასახელა.

“უმადურობაა, რასაც აკეთებთ აშშ-სთან მიმართებაში” – თეონა აქუბარდია „ოცნებას“

უმადურობა მეგობრობის წარმოჩინების საუკეთესო საშუალება არ არის და უმადურობაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, რამდენადაც ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერეს ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აქუბარდიას შეფასებით, მთავარი საკითხი, რის გამოც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ს თავს ესხმიან, არის „შიში ძალაუფლების დაკარგვის და შიში კრიტიკის, რომელიც აუცილებლად დემოკრატიული რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში იქნება“.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი ანტიამერიკული თავდასხმა ვიხილეთ პარლამენტში ჩვენი პირველი კანონმდებლისგან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეგახსენებთ ერთი მხრივ იმას, რომ პირდაპირი ფრენა რუსეთთან გვაქვს და ეს არც მეგობრობის ნიშანი არ უნდა იყოს და არც სტრატეგიული პარტნიორობის. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა, არც ამერიკა აღარ დაფრინავს რუსეთში, მაგრამ მეგობრობაც არ გესმით „ქართულ ოცნებაში“ , ნამდვილი ქართული მეგობრობა იმიტომ, რომ უმადურობა მეგობრობის წარმოჩინების საუკეთესო საშუალება არ არის და უმადურობაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, რამდენადაც ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერეს ემსახურება: პირველი, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და აშშ-ს მხარდამჭერი აქტი კანონით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და არ აღიარების პოლიტიკას ემსახურება. სხვათა შორის, განსხვავებით ჩინეთისგან, რომელთა ერთადაც ცდილობთ ერთ სიბრტყეში წარმოაჩინოთ. დემოკრატია არის ასევე, ჩვენი არჩეული გზა და შეერთებული შტატები ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში. ნატო-ში წევრობა, რომელიც სამწუხაროდ, თქვენ ფარატინა ქაღალდად აქციეთ, ესეც საერთო ინტერესია. გუშინ ირაკლი კობახიძეს ნატო-ს გენერალურ მდივანთან სიტყვა რომ არ დასცდენია წევრობაზე და პარტნიორობაზე, რომ ილაპარაკა, ისე როგორც ეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა გააკეთა, ესეც ამის მანიშნებელია, რომ თქვენ ქვეყანა ნატო-ში არ მიგყავთ. ისიც მანიშნებელია, აქ ვეტო-ს დაძლევას რომ აპირებთ, რომ დემოკრატიის განხორციელებას არ აპირებთ და არც 9 რეკომენდაციის, რომელიც ანალოგიურად ნატო-ში წევრობისთვის არის საჭირო, ასე ამაყად რომ ყოყლოჩინობთ, რომ ვეტოს დაძლევთ და მოერევით პრეზიდენტის ამ პოზიციას. ეს პრეზიდენტის პოზიცია არ არის, ეს ვენეციის კომისიის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ წლების განმავლობაში ჯანდაცვის, განათლების სექტორში, საზღვრის დაცვის უსაფრთხოებაში, ქართულ ჯარში და უამრავი სხვა მიმართულებით დახმარება, რაც გაუკეთებია და ამაზე თქვენ ასე უდიერად ლაპარაკობთ, ეს არის უმადურობა.

მთავარი საკითხი, რისთვისაც თქვენ თავს ესხმით აშშ-ს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, არის თქვენი შიში, თქვენი შიში ძალაუფლების დაკარგვის და შიში კრიტიკის, რომელიც აუცილებლად იქნება დემოკრატიული რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში. ამ მოცემულობაში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აშშ იყო მათ შორის, ის სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც შეაფასა უკანონოდ ჩატარებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა აქუბარდიამ.

“იანვარ-თებერვალში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 125.6 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 99.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 96.8 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 408.2 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 313.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 173.5 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 262.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 47.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 42.1 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 258.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 187.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 127.1 მლნ. აშშ დოლარით.

მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-სგან ასევე ვიხილავთ მეგობრობას, რომელიც გულისხმობს საქართველოსთან პირდაპირ ფრენას და თავისუფალ ვაჭრობას -შალვა პაპუაშვილი

მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-სგან ასევე ვიხილავთ მეგობრობას, რომელიც გულისხმობს საქართველოსთან პირდაპირ ფრენას და თავისუფალ ვაჭრობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენი მხრივ, ათწლეულებია ვაჩვენებთ აშშ-ს, რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მოხსნილი სავიზო ვალდებულებები ამერიკის მოქალაქეებისთვის, შექმნილი გვაქვს ყველანაირი პირობა ამერიკის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბიზნესის წარმოების გასაადვილებლად. ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ვიბრძოდით სხვადასხვა ცხელ წერტილში, მათ შორის ვიყავით პირველი, ლამის ნატო-ს ქვეყნებს შორისაც. ნატო-ს წევრ 23 ქვეყანაზე მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში. ავღანეთში ჩვენ რამდენი ჯარისკაციც დავკარგეთ, იმდენი ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას არც კი ჰყოლია. ამიტომ, ეს არის მეგობრობა ქართულად. ამ მეგობრობის საპასუხოდ, ჩვენი მოლოდინია, რომ ვნახავთ ასევე მეგობრობას, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის, პირდაპირ ფრენას საქართველოსთან და თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან.

ჩინეთთან სულ ახლახან ჩამოყალიბდა სტრატეგიული პარტნიორობა, სულ ახლახან მოხსნა საქართველომ სავიზო ვალდებულებები ჩინეთის მოქალაქეებისთვის და საპასუხოდ რამდენიმე თვეში ჩინეთმაც მოხსნა სავიზო ვალდებულებები. აშშ-ს უვიზო მიმოსვლა აქვს 40-ზე ცოტა მეტ ქვეყანასთან. 38 ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა ჩინეთს და ამ 38-ში ერთი საქართველოა. ასე რომ, ჩვენ გვაქვს სურვილი, ქართულ მეგობრობას და იმ მეგობრობის ქართულ ხედვას, რომელსაც ვაჩვენებთ პარტნიორებს, სხვადასხვა ქვეყანას, შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები მოჰყვეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა

“ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხეზე არანაირ კავშირში არ არის რუსეთთანმარია ზახაროვა – ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხეზე არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან”

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხეზე არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან, ეს არის ერევნის კომპეტენცია და დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„სადამდე მიიყვანეს საქმე ევროკავშირის, ნატო-სა და ვაშინგტონის ახალმა კურატორებმა? გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ეს განცხადება არანაირად არ არის დაკავშირებული რუსეთთან. ეს არის ერევნის დღევანდელი ხელისუფლების ექსკლუზიური კომპეტენცია და დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი“, – წერს ზახაროვა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა: „ჩვენი პოლიტიკაა, არ უნდა დავუშვათ ომის დაწყება, იმის მისაღებად, რაც კანონიერად გვეკუთვნის, მზად უნდა ვიყოთ გავცეთ ის, რაც კანონიერად ჩვენი არ არის“.

“USAID-ი მალავდა, რომ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი”- შალვა პაპუაშვილი

ISFED-ს აქვს ნულოვანი ნდობა ქართველი ხალხის მხრიდან და როდესაც ასეთი ნულოვანი ნდობის ორგანიზაციები არის ძირითადი დასაყრდენი დაკვირვების დროს, ეს არის ძალიან სამწუხარო. თუმცა, სამწუხარო ისიც არის, რომ არათუ ISFED-ი, თავად USAID-ი იყო ჩართული 2020 წელს პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გავრცელებაში და ეს თავად ISFED-მაც აღიარა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება არჩევნებს, თავისთავად, როდესაც ხდება ISFED-ის წარმოდგენა, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლისა, უკვე ესეც არის არაკეთილსინდისიერი ქცევა. ამაზე ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ. ISFED-ს აქვს ნულოვანი ნდობა ქართველი ხალხის მხრიდან და როდესაც ასეთი ნულოვანი ნდობის ორგანიზაციები არის ძირითადი დასაყრდენი დაკვირვების დროს, ეს არის ძალიან სამწუხარო. თუმცა, სამწუხარო ისიც არის, რომ არათუ ISFED-ი, თავად USAID-ი იყო ჩართული 2020 წელს პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გავრცელებაში. ეს თავად ISFED-მაც აღიარა, რომ USAID-მა იცოდა 2020 წლის ჯერ კიდევ ოქტომბერში, მალევე იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და მიუხედავად ამისა, არათუ პროაქტიულად არ უთხრა ხელისუფლებას და ქართველ ხალხს USAID-მა, რომ ეს იყო მცდარი და აქედან გამომდინარე, ამაზე არ უნდა აწყობილიყო რაღაც კამპანიები, არამედ პირდაპირ მალავდა. მათ შორის, უშუალო შემხებლობის დროს არ უთქვამთ ჩვენთვის, რომ იცოდნენ ამის შესახებ, რომ იყო მცდარი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, USAID-ს დღემდე არ გაუკეთებია განმარტება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოსთვის თუ იყო ცნობილი.

„სამწუხაროდ, ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არაერთხელ ამ საკითხს ხაზი გავუსვი და მოვუწოდე, დღემდე არ მოგვისმენია USAID-ის განმარტება, რასთან გვქონდა საქმე 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ის თანამშრომლები, რომლებიც, ზოგი აღარ არის უკვე საქართველოში, რატომ მალავდნენ ამ ინფორმაციას და მეორე – ვინ იცოდა USAID-ის გარდა, იყო თუ არა ეს ცნობილი [აშშ-ის] საელჩოსთვის, ელჩისთვის, რომელიც მაშინ ფასილიტაციაში იყო ჩართული. საინტერესოა, პარალელური დათვლის შედეგები, რომელსაც ძირითად არგუმენტად აყენებდა ოპოზიცია და რომელსაც აფუძნებდა მთელ ამ ყალბ, რევოლუციურ ნარატივს, ამის შესახებ იყო თუ არა ცნობილი საელჩოში, ვისთვის იყო ცნობილი საელჩოში, USAID-ის თანამშრომლებისთვის, საელჩოს თანამშრომლებისთვის, თუ ვისთვის. დღემდე, სამწუხაროდ, USAID-მა ქართველი ხალხი არ ჩათვალა ღირსად, რომ განმარტება გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. რა ვიცი, ბოდიშის მოხდაც არ იქნებოდა ცუდი სხვათა შორის, მაგრამ განმარტება გააკეთო, რასთან გვქონდა საქმე, რამდენად დაინტერესდნენ ამით, შიდა მოკვლევა იყო თუ არა ამასთან დაკავშირებით, ვინ იცოდა და თუ იცოდა ვინმემ. რატომ არ ეუბნებოდნენ ამას ქართველ ხალხს და ერთი თვე რატომ იყო აქ არეულობა, რატომ იყო თავდასხმა ცესკო-ზე, რატომ ტარდებოდა აქციები, როდესაც საფუძველი იყო აბსოლუტურად ყალბი?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“დამნაშავე და კრიმინალი სააკაშვილი რომ საუბრობს დანაშაულის სტატისტიკაზე, ეს არის ოქსიმორონი” – შალვა პაპუაშვილი

დამნაშავე და კრიმინალი სააკაშვილი რომ საუბრობს დანაშაულის სტატისტიკაზე, ეს უკვე თავად არის ოქსიმორონი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება არა მხოლოდ შიდა სასამართლოების, არამედ საერთაშორისო სასამართლოების მიერ მხილებულია, რომ მათ ჰქონდათ დანაშაულებრივი რეჟიმი.

„რა სტატისტიკაზე საუბრობ, დანაშაულებრივი რეჟიმი იყო თავადაც. ადამიანი ახლა ზის ციხეში, რადგან დამნაშავედ არის ცნობილი სამ საქმეში. თავად დამნაშავე და კრიმინალი რომ საუბრობს დანაშაულის სტატისტიკაზე, ეს უკვე თავად არის ოქსიმორონი. ასე რომ, კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია. ჩვენ გვახსოვს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც საკუთარ, ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებაში თქვა, რომ ეს იყო მაშინ დანაშაულებრივი სისტემა ციხეებში შექმნილი, რომელიც იყო ადამიანების წამების სისტემა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება მხილებულია არა მხოლოდ შიდა სასამართლოების, არამედ საერთაშორისო სასამართლოების მიერ იმაში, რომ მას ჰქონდა შექმნილი დანაშაულებრივი რეჟიმი. განაჩენი გამოტანილია, ასე რომ სხვა მხრივ ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში -რატი ბრეგაძე

ჩვენთვის მიუღებელია, რომ მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიღებული იყოს ქვეყნის გარეთ, მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებშიც მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები იღებენ.

წარმოდგენილი სისტემა, რისი სურვილიც გარკვეულ ძალებს აქვთ, გულისხმობს, რომ საქართველოში მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიღებული იყოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ვემხრობი იმ კურსს, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში. ნუ გავაკეთებთ ასეთ ფორმულირებას, რომ ითხოვენ, არის მოთხოვნა და ასე შემდეგ.  არსად წერია, რომ მოსამართლე უნდა იყოს შერჩეული უცხოელის მიერ.

შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ევროკავშირში ვერ შეხვალ, თუ მოსამართლეებს ვერ შეარჩევს რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ევროკავშირის ქვეყნებშიც გადაწყვეტილებას, მათ შორის მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, იღებენ შესაბამისი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ვეტინგის“ თემას დახურულად აცხადებენ: „ე.წ. ვეტინგის თემას დახურულად ვაცხადებთ, ქვეყნის კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმას საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ“.

“ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს ამბიცია მოხვდეს პარლამენტში – „ხალხის ძალას“ 5%-ზე გაცილებით მეტის ამბიცია გვაქვს”

თავისთავად დადგა დღის წესრიგში ის საკითხი, რომ პოლიტიკურ პარტიად გადავკეთებულიყავით, რათა სტატუსი უფრო აგვემაღლებინა და ჩვენს ბრძოლას უფრო მასშტაბური სახე მიეღო, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

ეკა სეფაშვილმა ისაუბრა „ხალხის ძალის“ პარტიად გარდაქმნის მიზეზებსა და მიზნებზე.

„მოგეხსენებათ, ჩვენი მოძრაობა, „ხალხის ძალა“, დღეს პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა. თავიდანვე, როცა „ქართულ ოცნებას“ გამოვეყავით და ცალკე მოძრაობა დავაარსეთ, ძალიან ხშირი იყო კითხვა იმასთან დაკავშირებით, ვაპირებდით თუ არა პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას. სხვადასხვა კვლევაშიც, რომელიც NDI-სა და IRI-ის მიერ იყო ჩატარებული, ხშირად პოლიტიკურ პარტიად მოგვიხსენიებდნენ. ანუ, თავისთავად დადგა დღის წესრიგში ის საკითხი, რომ პოლიტიკურ პარტიად გადავკეთებულიყავით, რათა სტატუსი უფრო აგვემაღლებინა და ჩვენს ბრძოლას უფრო მასშტაბური სახე მიეღო.

სადამფუძნებლო ყრილობაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან 500-ზე მეტი ადამიანი იყო. გაცილებით მეტი იყო მოსურნე, რომ დასწრებოდა ყრილობას და პარტიის წევრი გამხდარიყო. თუმცა, რა თქმა უნდა, პარტიის წესდება მათ საშუალებას მისცეს, მომავალში გახდნენ ჩვენი წევრები.

დიახ, ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. პოლიტიკური პარტია ვართ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ამბიციაა, პარლამენტში მოხვდეს. თუმცა, ბარიერის დაწევაზე საუბარი არ არის. მაშინაც კი, როცა პოლიტიკური პარტია ჯერ კიდევ არ ვიყავით და არჩევნებისთვის არ ვმუშაობდით, კვლევებში 2% გვქონდა. ასე რომ, არ მიმაჩნია, რომ რესურსი არ გვაქვს, პირიქით, 5%-ზე გაცილებით მეტის ამბიცია გვაქვს. ჩვენი მომავალი მუშაობა წარიმართება ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის მისიიდან გამომდინარე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

„ჯორჯიან ეარვეისი“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით: ვენაში, პარიზში, ნიცაში, ამსტერდამში, მიუნხენში, ბერლინში, მილანსა და ლარნაკაში შეასრულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავიაკომპანია ასევე მუშაობს თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიური ფრენების აღდგენაზე.

„პირდაპირი ფრენები შესრულდება “ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. „ჯორჯიან ეარვეისი“ ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას. კვირაში სამჯერ რეისები შესრულდება პარიზისა (სამშაბათს, პარასკევსა და კვირას) და ნიცას (ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს) მიმართულებით. ამსტერდამის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს. „ჯორჯიან ეარვეისი“ ფრენებს განახორციელებს გერმანიის ქალაქებში: მიუნხენის მიმართულებით კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას და ბერლინის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს. მილანის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევსა და კვირას. ყოველდღე შესრულდება პირდაპირი ფრენები თბილისი-ლარნაკას მიმართულებით. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე იგეგმება ყოველდღიური რეისების შესრულება თელ-ავივის მიმართულებითაც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვეტინგის თემა დახურულია ჩვენთვის – ირაკლი კობახიძე

„ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, შეიძლება, ასეთი რამ ვენეციის კომისიის მიდგომის თანახმად, განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები.

„ე.წ. ვეტინგზე განცხადება გაკეთდა გუშინ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან. რა თქმა უნდა, „ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან – სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპებთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან. შეიძლება, ასეთი რამ ვენეციის კომისიის მიდგომის თანახმად განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები. უკრაინისა და მოლდოვის საქმე იყო მაგალითად იმის აღიარება, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები და ამას აქვს მყარი საფუძველიც, რადგან მართლა ძალიან სუსტია ინსტიტუტები როგორც უკრაინაში, ასევე მოლდოვაში, მაგრამ საქართველოში თქვენ იცით, რომ 2012 წლის შემდეგ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით სასამართლოს მიმართულებით. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო ქართულ სასამართლოში 2012 წლამდე. ქართული სასამართლო გამოიყენებოდა როგორც რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ეს ვითარება შეიცვალა. ეს აისახა სასამართლო სტატისტიკაზე, ეს აისახა სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობის სტატისტიკაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე. აქედან გამომდინარე, ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოში არ არის შემდგარი სახელმწიფო ინსტიტუტები, პირიქით, თუ სადმე არის ძლიერი ინსტიტუტები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, ეს არის სწორედ საქართველო, მათ შორის, ეს ეხება სასამართლოს“, – განაცხადა პრემიერმა.