“USAID-ი მალავდა, რომ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი”- შალვა პაპუაშვილი

18
spot_img

ISFED-ს აქვს ნულოვანი ნდობა ქართველი ხალხის მხრიდან და როდესაც ასეთი ნულოვანი ნდობის ორგანიზაციები არის ძირითადი დასაყრდენი დაკვირვების დროს, ეს არის ძალიან სამწუხარო. თუმცა, სამწუხარო ისიც არის, რომ არათუ ISFED-ი, თავად USAID-ი იყო ჩართული 2020 წელს პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გავრცელებაში და ეს თავად ISFED-მაც აღიარა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება არჩევნებს, თავისთავად, როდესაც ხდება ISFED-ის წარმოდგენა, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლისა, უკვე ესეც არის არაკეთილსინდისიერი ქცევა. ამაზე ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ. ISFED-ს აქვს ნულოვანი ნდობა ქართველი ხალხის მხრიდან და როდესაც ასეთი ნულოვანი ნდობის ორგანიზაციები არის ძირითადი დასაყრდენი დაკვირვების დროს, ეს არის ძალიან სამწუხარო. თუმცა, სამწუხარო ისიც არის, რომ არათუ ISFED-ი, თავად USAID-ი იყო ჩართული 2020 წელს პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გავრცელებაში. ეს თავად ISFED-მაც აღიარა, რომ USAID-მა იცოდა 2020 წლის ჯერ კიდევ ოქტომბერში, მალევე იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და მიუხედავად ამისა, არათუ პროაქტიულად არ უთხრა ხელისუფლებას და ქართველ ხალხს USAID-მა, რომ ეს იყო მცდარი და აქედან გამომდინარე, ამაზე არ უნდა აწყობილიყო რაღაც კამპანიები, არამედ პირდაპირ მალავდა. მათ შორის, უშუალო შემხებლობის დროს არ უთქვამთ ჩვენთვის, რომ იცოდნენ ამის შესახებ, რომ იყო მცდარი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, USAID-ს დღემდე არ გაუკეთებია განმარტება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოსთვის თუ იყო ცნობილი.

„სამწუხაროდ, ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არაერთხელ ამ საკითხს ხაზი გავუსვი და მოვუწოდე, დღემდე არ მოგვისმენია USAID-ის განმარტება, რასთან გვქონდა საქმე 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ის თანამშრომლები, რომლებიც, ზოგი აღარ არის უკვე საქართველოში, რატომ მალავდნენ ამ ინფორმაციას და მეორე – ვინ იცოდა USAID-ის გარდა, იყო თუ არა ეს ცნობილი [აშშ-ის] საელჩოსთვის, ელჩისთვის, რომელიც მაშინ ფასილიტაციაში იყო ჩართული. საინტერესოა, პარალელური დათვლის შედეგები, რომელსაც ძირითად არგუმენტად აყენებდა ოპოზიცია და რომელსაც აფუძნებდა მთელ ამ ყალბ, რევოლუციურ ნარატივს, ამის შესახებ იყო თუ არა ცნობილი საელჩოში, ვისთვის იყო ცნობილი საელჩოში, USAID-ის თანამშრომლებისთვის, საელჩოს თანამშრომლებისთვის, თუ ვისთვის. დღემდე, სამწუხაროდ, USAID-მა ქართველი ხალხი არ ჩათვალა ღირსად, რომ განმარტება გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. რა ვიცი, ბოდიშის მოხდაც არ იქნებოდა ცუდი სხვათა შორის, მაგრამ განმარტება გააკეთო, რასთან გვქონდა საქმე, რამდენად დაინტერესდნენ ამით, შიდა მოკვლევა იყო თუ არა ამასთან დაკავშირებით, ვინ იცოდა და თუ იცოდა ვინმემ. რატომ არ ეუბნებოდნენ ამას ქართველ ხალხს და ერთი თვე რატომ იყო აქ არეულობა, რატომ იყო თავდასხმა ცესკო-ზე, რატომ ტარდებოდა აქციები, როდესაც საფუძველი იყო აბსოლუტურად ყალბი?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.