Home Blog Page 1249

ხელმოცარულები ცდილობენ, უცხოელების დაკვეთა შეასრულონ და ჩვენს იდენტობას შეუტიონ -ირაკლი ზარქუა

ხელმოცარულები ცდილობენ, უცხოელების დაკვეთა შეასრულონ, საიდანაც გრანტს იღებენ, რათა ჩვენს იდენტობას შეუტიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, „ქართული ოცნება“ ხალხთან ერთად დაიცავს ქართულ იდენტობას.

„ჩვენ დავაინიცირეთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც გულისხმობს ოჯახური ღირებულებებისა და მომავალი თაობის დაცვას. ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული გამოწვევები, რომლებიც ითქვა და მათ შორის, გაიწერა პუნქტებად: ეს არის ქორწინება და ოჯახის შექმნა, მათ შორის არის შვილად აყვანის თემების დარეგულირება, სქესის შეცვლა და ასე შემდეგ. მთელი რიგი ნიუანსებია, რომლებიც მსოფლიო გამოწვევაა. ეს არ არის ჩვენი მოგონილი. ხელმოცარულები ცდილობენ, უცხოელების დაკვეთა შეასრულონ, საიდანაც გრანტს იღებენ, რათა ჩვენს იდენტობას, მართლმადიდებლობას, ეკლესიას, კულტურას, მენტალობას შეუტიონ. თუ გადაგვარდი, სარწმუნოება, ტრადიცია წაგართვეს, არ მოგეცა საშუალება, შვილს დაუძახო ქალიშვილი, ვაჟიშვილი, დედას – დედა, მამას – მამა, რა გვინდა მაშინ ევროკავშირში და სხვა გაერთიანებებში? ამათ ეს არ აინტერესებთ, მთავარია, უცხო ქვეყნის ინტერესები გაატარონ და ფული აიღონ. ჩვენ ამას წინ აღვუდგებით. ქართველ ხალხთან ერთად როგორც აქამდე მოვიგერიეთ არაერთი შემოტევა, ამ ხელმოცარულების და უცხოური დაფინანსების მქონე პირების, მათ შორის მდიდარი „ენჯეოების“, ახლაც გავუძლებთ და გავიტანთ ჩვენს გასატანს, დავიცავთ ჩვენს იდენტობას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან კომუნიკაციას ამყარებდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა ცრუ და გამოგონილი საფუძვლით, დაზარალებულებს საბანკო ანგარიშებზე თანხებს მოტყუებით არიცხვინებდნენ.

ბრალდებულები სოციალური ქსელით დაუკავშირდნენ მათ შორის ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეს, რომელსაც 128 424 ევრო საქართველოში, მათთვის სანდო პირების საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად გადმოარიცხვინეს, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქმეზე გრძელდება გამოძიება, დანაშაულში ჩართული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

ალექსანდრე ლუკაშენკომ „საზღვრის ყველა დამრღვევის განადგურების“ ბრძანება გასცა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მეზობელ ქვეყნებთან საზღვარზე შესაძლო პროვოკაციებზე მკაცრი რეაგირების ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ საზღვრის ყველა დამრღვევი უნდა განადგურდეს.

„საჯაროდ ვიტყვი: ნებისმიერი პროვოკაცია იარაღის საშუალებით უნდა შეწყდეს. მათთან ხუმრობას აზრი არ აქვს. დაარღვია სახელმწიფო საზღვარი – განადგურება,” – განაცხადა ლუკაშენკომ ოშმიანის რაიონში, სადაც მან ტერიტორიის ის მონაკვეთი დაათვალიერა, სადაც ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

„დონალდ ტრამპის გუნდმა სასამართლო გადასახდელი ჯარიმის ოდენობის შემცირებაში დაარწმუნა“ – Reuters

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) მუდმივად თვალს ადევნებს და აქვეყნებს აშშ-ში მიმდინარე იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც შიდაპარტიულ პრაიმერიზებს და საპრეზიდენტო კანდიდატების საქმიანობას ეხება. ერთ-ერთ ასეთ მასალას წარმოადგენს სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის გუნდმა სასამართლო გადასახდელი ჯარიმის ოდენობის შემცირებაში დაარწმუნა“ (ავტორები – ჯერ ქუინი და ლიუკ ქოენი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

25 მარტს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმატებას მიაღწია სასამართლოში და მას მხოლოდ 175 მილიონი დოლარის ნაღდი ფულის ან ამ ღირებულების ობლიგაციების წარდგენა მოუწევს 10 დღის განმავლობაში. თავდაპირველად, ჯარიმის ოდენობა 454 მილიონი დოლარი იყო.

სასამართლოს დადგენილება არ მისცემს ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ დონალდ ტრამპს აქტივები ჩამოართვას. თავის მხრივ, დონალდ ტრამპს აღნიშნული ჯარიმის წარდგენა მოუწევს, რათა მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივროს.

ნიუ-იორკის სამოქალაქო საქმეზე დონალდ ტრამპის პასუხისმგებლობა მილიარდობით დოლარის თაღლითურად გაბერვისთვის დადგა, რათა მიეღო უკეთესი სესხი და სადაზღვევო პირობები. ტრამპის თქმით, საქმე პოლიტიკური ვენდეტაა.

დონალდ ტრამპს დაეკისრა ზარალის და დამატებით მიღებული შემოსავლის გადახდის ვალდებულება. ეს გადაწყვეტილება აჭიანურებს გადაწყვეტილების აღსრულებას ამ საქმეზე და ყოფილი პრეზიდენტის გუნდს მისი გასაჩივრების შანსს აძლევს.

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლატიშა ჯეიმსის ოფისმა, რომელიც საქმეში ბრალდების მხარეა, თქვა, რომ დონალდ ტრამპს “ჯერ კიდევ ემუქრება პასუხისმგებლობა მისი განსაცვიფრებელი თაღლითობისთვის”.~
„მე დიდ პატივს ვცემ სააპელაციო განყოფილების გადაწყვეტილებას და ძალიან სწრაფად წარვადგენ 175 მილიონ აშშ დოლარს ნაღდ ფულში, ობლიგაციებით ან ფასიანი ქაღალდებით ან რაც საჭიროა“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკის სასამართლოში.

დონალდ ტრამპმის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სულ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეები 91 ბრალდებას მოიცავს და ის მრავალმილიონიან სამოქალაქო დავების განაჩენებს უმკლავდება.
დონალდ ტრამპის გუნდის იურიდიული მანევრირების შედეგად სამი სისხლის სამართლის პროცესი გადაიდო, თუმცა ნიუ-იორკის მოსამართლემ 25 მარტს დაადგინა, რომ მეოთხე საქმეზე, რომელიც პორნოვარსკვლავისთვის გადახდილ ფულს ეხება, სასამართლო 15 აპრილს დაიწყება.

ამ შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილ ლიდერს ბრალად ედება პორნოვარსკვლავისთვის 130,000 დოლარის გადახდა დუმილის სანაცვლოდ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის წინ, რათა მას არ ესაუბრა საჯაროდ დონალდ ტრამპთან 10 წლის წინანდელ კავშირზე.

პაუზის მინიჭებამდე, დონალდ ტრამპს ორშაბათს უნდა წარედგინა 454 მილიონი დოლარის გადახდის გარანტია, რათა საქმე გაესაჩივრებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურორ ლატიშა ჯეიმსს შეეძლო სასამართლოსთვის მოეთხოვა გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აქტივების ჩამორთმევა, მათ შორის, ძვირფასი უძრავი ქონების, როგორიცაა “40 უოლ სტრიტის” შენობა, მანჰეტენზე.

ცალკე სამოქალაქო საქმეში, დონალდ ტრამპმა 91,6 მილიონი დოლარის გადახდის გარანტია წარადგინა. ამით მან დაფარა მწერალ ეუჯინ კეროლის ცილისწამების საქმეზე განაჩენით გათვალისწინებული ჯარიმა. ეუჯინ კეროლი მას მატყუარად მოხსენიების გამო უჩიოდა, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი, მან ათწლეულების წინ გაუპატიურებაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპი ამ გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებს.

სისხლის სამართლის საქმეები, რომლებსაც დონალდ ტრამპი უმკლავდება, უკავშირდება 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას, საიდუმლო დოკუმენტების შენახვას თანამდებობის დატოვების შემდეგ და პორნოვარსკვლავის საქმეს.

დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკად მოტივირებულად აფასებს.

წყარო

თურქეთის 30 პროვინციაში, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 147 ადამიანი დააკავეს

თურქეთში, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 147 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით 30 პროვინციაში ჩატარდა.

„სპეცოპერაციების შედეგად დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა, საორგანიზაციო დოკუმენტები და ციფრული მასალებია ამოღებული“, – წერს ალი იერლიკაია X-ზე.

გუშინ რაღაც შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ხაბეიშვილი-ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ მსვლელობას გამოეხმაურა, რა დროსაც პარტიის წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი ხელმოწერები მიიტანეს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ „ნაცმოძრაობა“ ბარიერს გადალახავს.

„გუშინ ვუყურებდი იმ საცოდაობას, რასაც ადგილი ჰქონდა. რაღაც შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე ჩანდა. რა ვუშველო, რა ვუყო არ ვიცი. არც იქანა უნდათ, არც აქანა მიიღეს, აქცია მოაწყო პარტიის თავმჯდომარემ და იქაც უკან მოჩანჩალებდა. შემდეგ „ნაცმოძრაობას“ გაუკვირდება, რატომ ვერ გადალახეს ბარიერი. ვერ გადალახავ ასეთი ლიდერის ხელში.

ჩვენ გვახსოვს 2003 წელი, როდესაც წალენჯიხიდან დაიძრა ავტობუსი, რომელიც იყო იმედის, განვითარების, დემოკრატიის სიმბოლო, ასე ეგონა მთელ მოსახლეობას. აქვე შეგახსენებთ, ჩემი ოჯახის წევრები იქ არ იყვნენ, პირიქით ოპოზიციაში ვიყავით, იმიტომ რომ ვიცოდით, შევარდნაძე და ესენი ერთი კლანი იყვნენ მაშინაც. მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობას სჯეროდა ამ კაცის. ცოტა ხანში გავშიფრეთ და ყველამ საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ ეს ტირანია და დიქტატურა, რაც „ნაცების“ ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა. ახლა სიმბოლური იყო, რომ ხუთი მანქანა მოჰყვებოდა, ავტობუსიც ვერ დაიქირავეს. ხუთი მანქანის მეტი ვერ ნახეთ? მე ვთხოვდი ვინმეს და დაგამატებდით კიდევ ორს, ხაბეს ხათრით. ასეთი სასაცილოები ხართ, იმიტომ რომ თქვენმა არასწორმა, მწვალებლურმა, უსამშობლო პოლიტიკამ, რომელიც გულისხმობს, რომ ქართული სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები ფეხებზე გკიდიათ, მიგიყვანათ აქამდე. ატრიალეთ ახლა დროშა, ის ხუთი მანქანა და აბრიყვეთ ბელადი და შემდეგ თქვენ“, – განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის შეწყალებას, ზარქუა ამბობს რომ არაფერია გამორიცხული, თუმცა „მე მაინც მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩება თავისი სიტყვების „არა და არასდროს“ ერთგული“.

“სანამ „ქართული ოცნებიდან“ ვინმე არ იტყვის, თუ როგორ გახდა ბავშვობაში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი, იქამდე პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ” – იაგო ხვიჩია

ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია იმის თქმა, რომ მთავრობა რომ არ ზრუნავდეს თქვენზე, თქვენ “გაპიდარასტდებით”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა.

მისივე თქმით, თუ “ქართულ ოცნებას” ლგბტ პროპაგანდით ერთი დაზარალებულიც არ ჰყავს, დანარჩენ საქართველოზე ზრუნვის მორალური უფლება არ გააჩნიათ.

“არავის ამდენი არ უსაუბრია, მათ შორის ბავშვების გასაგონად, ლგბტ პროპაგანდაზე, როგორც თვითონ [“ქართულ ოცნებას”]. დარწმუნებული ვარ, რომ “დაგუგლოთ” ლგბტ პროპაგანდა ქართულად, “ქართული ოცნების” ლიდერები გამოჩნდებიან პირველი საძიებო სიაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია იმის თქმა, რომ მთავრობა რომ არ ზრუნავდეს თქვენზე, თქვენ “გაპიდარასტდებით”. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, რომელიც შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის, მინიმუმ მანამ, სანამ ვინმე არ გამოჩნდება “ქართული ოცნებიდან” და არ იტყვის, თუ როგორ გახდა ბავშვობაში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი. ამის შემდეგ შეიძლება შეგვეცოდოს რომელიმე მათგანი და სერიოზულად ჩავთვალოთ, რომ საფრთხე რეალურია, მაგრამ თუ ერთი დაზარალებულიც არ ჰყავს “ქართულ ოცნებას” ლგბტ პროპაგანდით, მე მგონი, დანარჩენ საქართველოზე ზრუნვის მორალური უფლება მათ არ გააჩნიათ,” – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, მისი გუნდი აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.

“ჩვენ დავაკვირდებით (იმიტომ, რომ ეს ძალიან გასართობია), რა არგუმენტაცია ექნება “ქართულ ოცნებას” ამ კანონის მისაღებად, მაშინ როდესაც ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს საკუთარ რიგებში, რომელიც დაზარალდა,” – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი – ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვექნება შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ საჯარო განხილვები”

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ საჯარო განხილვები ჩვენს საზოგადოებასთან, ცხადია, ვნახეთ, ოპოზიცია, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისინი დაიმალნენ და გაექცნენ კითხვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდს არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პროცესში ჩაერთვება.

„ცხადია, მათგან არ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩაერთვებიან. მაგრამ როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულებაც იქნება ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ჩვენი საზოგადოების ის მცირე ნაწილიც კი, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა მათ ამომრჩევლად, უარს იტყვის მათზე და გააძევებს ქართული პოლიტიკიდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, სახელმწიფოს მიერ წარმართული პოლიტიკის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიასა და აქტივობებს -გივი მიქნაძე

განსაკუთრებით ბოლო წლებია ყველანი თვითმხილველი ვართ იმ ფაქტის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, სახელმწიფოს მიერ წარმართული პოლიტიკის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიასა და აქტივობებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ქვეყნისა და მისი შემდგომი წინსვლისთვის დამაზიანებელია.

„მათი საქმიანობა რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის და მისი შემდგომი წინსვლისთვის დამაზიანებელია. ეს არის კიდევ ერთი, ცალსახა განმაპირობებელი იმისა, რატომ ვითხოვთ ჩვენ, რომ მათი დაფინანსებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

„უკრაინის შელახული არმია ჯარისკაცთა მზარდ დეფიციტს ებრძვის“ – უცხოური პრესა

„უკრაინის ხელისუფლება და ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობა კვლავ პერმანენტული პრობლემის წინაშე დგას – ფრონტზე ჯარისკაცთა მწვავე უკმარისობის მოგვარება ვერა და ვერ ხერხდება“, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის შელახული არმია ჯარისკაცთა მზარდ დეფიციტს ებრძვის“ (ავტორები – ნიკიტა ნიკოლაენკო და იენ ლოვეტი). „სანამ უკრაინის რადა თავს არიდებს გაწვევის შესახებ მკაცრი კანონის მიღებას – ვაითუ ხალხი აღშფოთდესო, მანამ დამქირავებლები მამაკაცებს პირდაპირ ქუჩებში იჭერენ. მოსახლეობა უკმაყოფილოა, რომ სახელმწიფო ადამიანებს მსხვერპლად სწირავს, შემდეგ კი ივიწყებს, ამიტომაც ფრონტზე წასვლის სურვილს არავინ არ ამჟღავნებს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, საბრძოლო მასალებთან ერთად, მწვავედ ესაჭიროება ახალი სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის არმიის წინსვლის შესაკავებლად. მაგრამ მთავრობისა და სამხედროების ძალისხმევას ახალგაზრდების ჯარში გაწვევის მიზნით ხელს უშლის პოლიტიკა, დემოგრაფიული სიტუაცია და უკრაინელთა მზარდი სურვილი – თავი აარიდონ ჯარში გაწვევას.

უკრაინის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ უფრთხილდება ჯარისკაცთა სიცოცხლეს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაც აუცილებელია და დანაკარგები თავიდან ვერ იქნება აცილებული. რუსეთი, რომლის მოსახლეობის რაოდენობა, უკრაინასთან შედარებით, სამჯერ მეტია, ყოველი კვირის განმავლობაში მრავალ ჯარისკაცს კარგავს, მაგრამ კრემლს დანაკლისი შევსება იოლად შეუძლია – ყოველთვიურად 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის ფრონტზე გაგზავნით.

რასაკვირველია, უკრაინელთა დიდი რაოდენობა მხარს უჭერს მთავრობის ძალისხმევას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ გასული წლის კონტრშეტევის ჩაშლამ და მისი მსვლელობის დროს ათობით ათასი ჯარისკაცის დაღუპვამ არამარტო რწმენისა და იმედების დამსხვრევა გამოიწვია – უკრაინელებს უკვე ეჭვი შეეპარათ რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებაში – არამედ ცოცხალი ძალის რესურსების გამოფიტვაც. თუ ომის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებას შეეძლო მოხალისეებს დაჰყრდნობოდა, ახლა ჯარში ნებაყოფლობით წამსვლელებს სანთლით რომ ეძებოს, ვერავინ იპოვის. ის მამაკაცები, რომლებიც საზღვარგარეთ ჯერ ვერ გაქცეულან, ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ ჯარში გაწვევას – ქრთამის მიცემიდან დაწყებული, სახლის გარეთ გაუსვლელობით დამთავრებული – სანამ დამქირავებლები მათ პირდაპირ ქუჩაში აკავებენ და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ჯერ მომზადების პუნქტებში, შემდეგ ფრონტის წინა ხაზზე გზავნიან.
ზოგიერთი უკრაინელი მამაკაცის თქმით, მათ დაკავების დროს ჯერ სცემენ, შემდეგ კი რამდენიმე დღით აპატიმრებენ მანამ, სანამ ისინი ხელს არ მოაწერენ ჯარში სამსახურზე თანხმობას. „როცა ვხედავ, რომ უკრაინის მოსახლეობის დიდი რაოდენობა სახლში ზის და ისეთი სახე აქვს მიღებული, თითქოსდა არაფერი არ ხდება, მე ამ დროს საკუთარ თავს ჯარში სამსახურისგან თავის ამრიდებლად არ ვთვლი“, – ამბობს 24 წლის ოლეგ სინელჩენკო, რომლის ორი ძმა ფრონტზე ნებაყოფლობით წავიდა.
კანონპროექტი, რომელიც გაწვევის გაფართოებისაკენ არის მიმართული, ვერხოვნა რადაში (პარლამენტში) რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ „გაიჭედა“. შეთავაზებული ცვლილებები საკმაოდ მწირია: გასაწვევი ასაკი შემცირებული იქნება 27 წლიდან 25 წლამდე, ჯარისკაცებს ეძლევათ უფლება არმია სამი წლის სამსახურის შემდეგ დატოვონ, ხოლო ჯარში გაწვევის თავის ამრიდებლებისათვის მკაცრი სასჯელი იქნება დადგენილი. მაგრამ პარლამენტი, რომელიც პრობლემის წინაშე დადგა – მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ფრონტზე ბრძოლა აღარ სურს – ძალიან ძნელად უჭერს მხარს კანონპროექტის ამ მცირე ცვლილებებსაც კი.

„ჩვენთვის ძალზე ძნელია გასაწვევი ასაკის შემცირება 25 წლამდე – ეს მოსახლეობისთვის ძალიან არაპოპულარულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, – ამბობს პარლამენტის დეპუტატი ფედორ ვენისლავსკი მმართველი „ხალხის მსახურის“ პარტიიდან, რომელიც კანონპროექტის მიღების მხარდამჭერია, – მაგრამ რას ვიზამთ, კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ, უნდა გავზარდოთ ჯარისკაცთა რაოდენობა მობილიზაციის გზით“.

არიან ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტარებს მოუწოდებენ კანონპროექტში რიგი ცვლილებები შეიტანონ, მაგალითად, სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლება. ბიზნესი თანახმაა გადასახადის გადაიხადოს, თუ მათ თანამშრომლებს ფრონტზე არ გაგზავნიან.
სტუდენტებსაც თავიანთი მოთხოვნა აქვთ და ამბობენ, სანამ მათ ჯარში გაიწვევენ, მანამ სწავლის დასრულების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში შობადობის დონე სწრაფად დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს იმ უკრაინელთა რიცხვი, რომელთა ასაკი 20 წელზე მეტი ხნისაა, უბრალოდ, ბუნებრივად მცირეა, სხვა საკის წარმომადგენლებთან შედარებით.

სანამ ვერხოვნა რადა ცვლილებებზე მსჯელობს, მანამ ჯარისკაცები და მათი ოჯახების წევრები კანონმდებლებს მკაცრად აკრიტიკებენ:

„სახელმწიფომ ჩვენი ქმრები, შვილები და ძმები მსხვერპლად შესწირა და დაივიწყა“, – ამბობს 35 წლის ოლღა, – ეს ძალიან დიდი ტვირთია და ამიტომ „მისი ზიდვა“ თანასწორად უნდა გადანაწილდეს და მხოლოდ მათ არ უნდა დააწვეს მხრებზე, ვინ თავის დროზე ნებაყოფლობით დათანხმდა ჯარში სამსახურზე“.

„ძალიან კარგად მესმის, რომ ქვეყანა ომობს და არმიას შევსება ჭირდება… მაგრამ მე დედა ვარ და არ მსურს ჩემი ვაჟის ფრონტზე გაგზავნა“, – ამბობს 43 წლის ქრისტინა მოლიჩუკი, რომელსაც 23 წლის შვილი ჰყავს, – მან ჯერ უნივერსიტეტი უნდა დაამთავროს“.

ჩივილებით მიმართავენ ხელისუფლებას უკრაინელი ოფიცრებიც – პროფესიული სამხედრო მოსამსახურეები. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ განსაკუთრებით ახალგაზრდები სჭირდებათ – დღეისათვის უკრაინის არმიაში ძალიან ბევრი საშუალო და უფროსი ასაკიანი არიან. „განა შეიძლება სამხედრო ქვედანაყოფში მოხუცები გყავდეს და ბრძოლაში მათი იმედი გქონდეს?, – ამბობს 31 წლის იგორ ბელოუსი, 12-წლიანი სამხედრო სტაჟით. მისი თქმით, ბევრი თანაპოლკელის ასაკი უკვე 40 წელზე მეტია და ყოველი სისხლისმღვრელი შეტაკების შემდეგ მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ ძალების აღსადგენად, ვიდრე ახალგაზრდა ენერგიულ ჯარისკაცებს. არადა, უკრაინის არმიას დრო პრაქტიკულად არ აქვს: „ყველამ უნდა შეიგნოს და აღიაროს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, მოხალისეები კი აღარ არიან“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

ხატია დეკანოიძე უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ილია დარჩიაშვილს მიმართავს

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საარჩევნო უფლება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლითაა გარანტირებული. მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს უფლების ხელმისაწვდომობა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სახელმწიფოებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში ჩართულობა.

„ამ ფონზე, ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნამდე დიდი მანძილის გავლა, გამოწვევა არის არჩევნებში მონაწილეობისთვის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი, ეს ფაქტორები კი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხელს უშლით საარჩევნო უფლების გამოყენებაში. საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 37 ქვეყანაში 50 უბანი იყო გახსნილი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 247-მა ემიგრანტმა, რაც ძალიან დაბალი რიცხვია მაშინ, როცა, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ქვეყნიდან მილიონამდე ადამიანია საზღვარგარეთ გასული. აქტივობის ეს რიცხვი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ხელმისაწვდომობას. ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შესაძლებლობის გაზრდისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობა მმართებს. საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

უცხოეთის რომელ ქალაქებშია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, სადაც, დღეის მდგომარეობით, შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბნები? საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე თითოეულ ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ, კონკრეტულად რომელ ქალაქში/ქვეყანაში რამდენი მოქალაქე იმყოფება აღრიცხვაზე? საგარეო საქმეთა სამინისტრო გახსნის თუ არა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს (თუნდაც დროებითი დიპლომატიური წარმომადგენლობა საარჩევნო მიზნებისთვის) იმ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები, სულ მცირე, 50 მოქალაქე მოითხოვს საარჩევნო უბნის გახსნას? საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს თუ არა ემიგრანტებისთვის საინფორმაციო კამპანიების წარმოებას მათი არჩევნებში მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიებს საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ხოლო თუ გეგმავს, რა ტიპის აქტივობებია დაგეგმილი?“ – მიმართავს ხატია დეკანოიძე საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

“საკონსტიტუციო ცვლილებებით სერიოზული პრობლემების გადაფარვა ხდება” – ხატია დეკანოიძე

საკონსტიტუციო ცვლილებებით სერიოზული პრობლემების გადაფარვა ხდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ამ თემას „ქართული ოცნება“ საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენებს.

„ადამიანებს ის გამოგონილი თემა არ აწუხებთ, რომელზეც რეალურად მარტო „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს და მეტი არავინ. ეს არის პროპაგანდის ნაწილი და იმის გაგრძელება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ფასად ბიძინა ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება. ვფიქრობ, ამას გაგრძელება არ ექნება და ეს, უბრალოდ, ძალიან სერიოზულად ჩავარდნილი პროექტია „ქართული ოცნების“ მხრიდან. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ იმიტომ გამოიგონეს, ვითომ ოპოზიციის დისკრედიტაცია მოახდინონ, რაც არ მოხდება, რადგან საქართველოს მოქალაქეებს სრულიად სხვა პრობლემები აწუხებთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.