Home Blog Page 1247

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 36,4801 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინს“ და 145,807 გრ. „მდმა“-ს, საიდანაც 0,6245 გრ. „მეტამფეტამინი“ და 1,9208 გრ. „მდმა“ მოქალაქეზე გაასაღა.

„ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 143,8862 გრ. „მდმა“ და 35,8556 გრ. „მეტამფეტამინი“.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 29 ივნისს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვა) და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

TASS-ის ცნობით, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გამოძიების მიერ ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

რამდენიმე საათით ადრე, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს, ტერორიზმის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. ხიდზე ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული სატვირთო მანქანა აფეთქდა. მაშინ მოსკოვმა განაცხადა, რომ ორგანიზებაში, სავარაუდოდ, საქართველოს ორი მოქალაქე, სანდრო ინასარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი მონაწილეობდნენ.

ზურაბიშვილს სააკაშვილზე მეტი რეიტინგი თუ ექნება, არ შეიწყალებს და აქტორი თავად იქნება, სააკაშვილს თუ ექნება მაღალი რეიტინგი, მაშინ გამოაშვებინებენ და ის იქნება აქტორი -მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ერთადერთი მოლოდინი არსებობს.

მისივე თმით, ზურაბიშვილს სააკაშვილზე მეტი რეიტინგი თუ ექნება, არ შეიწყალებს და აქტორი თავად იქნება, სააკაშვილს თუ ექნება მაღალი რეიტინგი, მაშინ გამოაშვებინებენ და ის იქნება აქტორი.

„სააკაშვილის შეწყალებაზე ერთადერთი მოლოდინია, სალომე ზურაბიშვილს თუ მეტი რეიტინგი ექნება, სააკაშვილს არ შეიწყალებს და ის იქნება აქტორი, სააკაშვილს თუ მაღალი რეიტინგი ექნება, გამოაშვებინებენ და ის იქნება აქტორი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს, ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის”

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ინფრასტრუქტურის გახსნის საკითხს.

„პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ ითვალისწინებს, მათ შორის, გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას, საავტომობილო გადაზიდვებს, მილსადენების გაყვანას, ელექტროგადამცემ ხაზებს და ინტერნეტსადენებს, ერთი მხრივ, შავ ზღვასა და მეორე მხრივ, სპარსეთისა და ომანის ყურეს შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით. სარკინიგზო მაგისტრალის ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი, რომელიც საქართველოდან სომხეთში და შემდეგ ირანში მიდის, გაივლის აზერბაიჯანის ნახიჩევანს – ეს რკინიგზა არსებობდა საბჭოთა პერიოდში. არსებობს ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის ფრთა, რომელსაც შეუძლია, დააკავშიროს კასპიის და ხმელთაშუა ზღვები სომხეთის ტერიტორიის გავლით. ამისთვის აუცილებელია, რომ სარკინიგზო და საავტომობილო გზები, მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სადენები აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით დაუკავშირდენენ თურქეთს. ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა

სომხეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდერასიანთან ერთად, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის გაღრმავების კუთხით ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საუბრისას მინისტრმა, ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სომეხ კოლეგას ჟანა ანდერასიანს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჰოვანეს ჰოვანესიანს, საქართველოსა და სომხეთის ელჩებს.

გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველოლოგიის მიმართულებით სასწავლო-კვლევით საქმიანობასა და აკადემიური ცოდნის გავრცელებას.

„მინისტრის თქმით, საქართველოსა და სომხეთის საერთო ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქართველოლოგიური და არმენოლოგიური სამეცნიერო წრეების ერთობლივი მუშაობა და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

გახსნის ღონისძიების დასასრულს გიორგი ამილახვარმა ცენტრს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა.

“უკრაინის შემდეგ, ნაქები ვეტინგის სისტემა დღეს უკვე მოლდოვას დაემხო თავზე” – დავით ქართველიშვილი

უკრაინის შემდეგ, ნაქები ვეტინგის სისტემა დღეს უკვე მოლდოვას დაემხო თავზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით ქართველიშვილი იმ ხარვეზების შესახებ წერს, რაც ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით მოლდოვაში უკვე გამოჩნდა.

„მოლდოვას „ვეტინგის კომისიის“ წევრი, ნიდერლანდელი ჰერმან ფონ გებელი, რომელიც მოლდაველი პროკურორებისა და მოსამართლეების ეთიკურობასა და მოუსყიდველობაზე აგებდა პასუხს, კორუფციულ სკანდალში გაეხვა: 2013-დან 2018 წლამდე, ჰააგის სასამართლოს მდივნად მუშაობის პერიოდში, მან ინსტანციას 760 ათასი ევროს ოდენობის ზარალი მიაყენა.

მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმაში რამდენიმე მილიონი იქნა ჩადებული, რომლის განხორციელებისას აუდიტორულმა შემოწმებამ არამიზნობრივი ხარჯვის არაერთი ეპიზოდი გამოავლინა. გარდა ამისა, დადგინდა რომ მოლდოვისთვის „ვეტინგის კომისიისთვის“ წარდგენილ დოკუმენტაციაში, მან მონაცემები გააყალბა და აღნიშნულ კომისიაში მუშაობასთან ერთად, პარალელურად, სხვა უწყებაში დასაქმების ფაქტი დამალა, რაც იუსტიციის რეფორმირების რეგლამენტს ეწინააღმდეგებოდა.

ნიდერლანდების ქალაქ დენ ბოშის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ 2020 წლიდან დღემდე, ჰერმან ფონ გებელი მოქმედი მოსამართლის თანამდებობას იკავებს. ამ გარემოებებმა ნიდერლანდელის მიმართ, მის პროფესიონალიზმსა და საიმედოობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები წარმოშვა. ასევე, გაჩნდა რიგი კითხვები იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, ვინც მას მოლდოვას „ვეტინგის კომისიაში“ სამუშაოდ რეკომენდაციები გაუწიეს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

თიბისის მხარდაჭერით, ფერმერი ავთანდილ მარაქველიძე ყვარელში საკონსერვო საწარმოს გახსნას აპირებს

გაზაფხულის დადგომა ყველა ფერმერისთვის ბუნების გამოღვიძებასთან არის დაკავშირებული, იმისათვის, რომ წლის ბოლოს მოსავალი კარგი მიიღო,  გადამწყვეტია როგორ დაიწყებ წელს, ამიტომაც საგაზაფხულო  სამუშაოებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ყვარლის რაიონში, ავთანდილ მარაქველიძის მეურნეობაში საგაზაფხულო სამუშაოები ინტენსიურ ფაზაში შედის. 10 ჰა მიწის ფართობზე ძირითადად ბოსტნეული კულტურები მოჰყავთ, მაგრამ არასტანდარტული, ქართული ბაზრისთვის ჯერ კიდევ უცხო სახეობები და ჯიშები. სათესლე მასალას შვეიცარიული და ჰოლანდიური კომპანიებისგან ყიდულობენ და ასე მოჰყავთ კახეთში 60 -მდე სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული, განსხავებული ხარისხის და გემოვნური თვისებებით.

„ჩვენს მეურნეობაში ნახავთ ბოსტნეულის და ხილის ყველაზე გავრცელებული სახეობების არასტანდარტულ ვარიაციებს, ეს იქნება პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ყაბახი, საზამთრო, ნესვი და მრავალი სხვა. მაგალითად, შარშან 13 სხვადასხვა სახეობის საზამთრო მოვიწიეთ. გვაქვს მინი კიტრები, ცხარე ჰალაპენიო, მრავალნაირი პომიდორი ჩერი და სალათის სახეობა აისბერგი,“ – ავთანდილ მარაქველიძე, კოოპერატივის დამფუძნებელი.

ყვარელში მოყვანილ ე.წ. აისბერგს, რომელიც სალათის ფურცლის ძალიან პოპულარული სახეობაა, მთლიანად ქართული „მაკდონალდსი“ ყიდულობს, შარშან ავთანდილ მარაქველიძემ 80 ტონამდე აისბერგი  მოიწია. სხვა ბოსტნეულს და ხილს კი ძირითადად ქსელურ ჰიპერმარკეტებში ნახავთ.

შარშან კოოპერატივმა თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ევროპული სტანდარტების სამაცივრე მეურნეობა ააშენა, სადაც მიღებული მოსავლის შენახვა ხდება. ავთანდილ მარაქველიძე ამბობს, რომ კოოპერატივი სამომავლოდ საწარმოს გახსნასაც გეგმავს, სადაც მათ მიერ მოყვანილი ბოსტნეულის ზოგიერთი სახეობის კონსერვები დამზადდება. ყველაფერი კი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის – Global GAP (Good Agriculture Prasctice – კარგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკა) დაცვით ხორციელდება.

R

“ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა ქვეყანა ფიზიკურად და ახლა მისი ხელმძღვანელობით ყველა ერთად ვცდილობთ, რომ სულიერადაც გადავარჩინოთ”

ეს ლევან ბერძენიშვილი რეკორდსმენია, როგორც ირაკლი კობახიძემ ამხილა იმაში, რომ ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, ვერც სოკრატე გაიგო, ვერც მითოლოგია გაიგო, ვერც ფროიდი გაიგო, ასე თუ ლაპარაკობს ოიდიპოს მეფეზე, ვერცერთი გაუგია და რაღა ველაპარაკოთ, – ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმად, ლევან ბერძენიშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივაზე მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ „მალე ოიდიპოს მეფეც აიკრძალება“.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მითოლოგიაში ოიდიპოს მეფის დედაზე გაუცნობიერებელი ამბავი ხდება და ამის შესახებ ვინმემ უთხრას ბერძენიშვილს, „იქნებ, შეიძლება გაგიჟდეს ამაზე, დაბურძგლოს“.

„საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი როგორ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, იცით? გოიმი რომ ორ წიგნს კითხულობს, არც მეტს და არც ნაკლებს, ზუსტად ორი წიგნი რომ აქვს გოიმს წაკითხული და დანარჩენში ლევან ბერძენიშვილს ენდობა, აი, ასეთი მიმდინარეობაა საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი და თავის მხრივ, ეს ლევან ბერძენიშვილი რეკორდსმენია, როგორც ირაკლი კობახიძემ ამხილა იმაში, რომ ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, ვერც სოკრატე გაიგო, ვერც მითოლოგია გაიგო, ვერც ფროიდი გაიგო, ასე თუ ლაპარაკობს ოიდიპოს მეფეზე, ვერცერთი გაუგია და რაღა ველაპარაკოთ. გაუმხილეთ, ვიღაცამ უთხარით, რომ მითოლოგიაში, იქ, რაღაც გაუცნობიერებელი ამბავიც იყო დედამისთან დაკავშირებით-თქო და მოუყევით ერთი, ვინმემ, იქნებ, შეიძლება გაგიჟდეს ამაზე, დაბურძგლოს. სასწაული ამბავია, ასეთი გოიმობა და ამ გოიმობის „ტრენდის“ ქვეშ ხალხის მოტყუება არის საშინელება. ასეთ „ტრენდს“ აყოლა, ვითომ მოგონილ „ტრენდს“ აყოლა – ამაზე დიდი გოიმობა არ არსებობს, რასაც ისინი აკეთებენ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“საქართველოში ფსევდოლიბერალიზმი როგორ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, იცით? გოიმი რომ ორ წიგნს კითხულობს, არც მეტს და არც ნაკლებს და დანარჩენში ლევან ბერძენიშვილს ენდობა” – მამუკა მდინარაძე

ჩვენ ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა გავაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, პროპაგანდისტები ცდილობენ შეატყუპონ, შეაერთონ, გააიგივონ ერთმანეთთან და ამით საზოგადოება მოატყუონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნის გარეთ ფსევდოლიბერალების მოწოდებების გაზიარებას არ აპირებს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ უფლებები და პროპაგანდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, გავაცალკეოთ. პროპაგანდისტები ცდილობენ, რომ უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ. ეს არის მთავარი ღირებულებითი ხაზი და ამ ხაზზე მიდის ბრძოლა, ღირებულებითი ომი, რომელ ომშიც ვერ გაიმარჯვებენ ისინი, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე. როცა უფლებებს მიჯნავ პროპაგანდისგან და თავს მოხვევისგან, მავნე შედეგისგან, რამეს კი არ კრძალავ სინამდვილეში, უპირატესი მიზანი არის დაცვა – აკრძალვა კი არა, შენი მომავალი თაობების დაცვა ამ მავნე და საშინელი პროპაგანდის შედეგებისგან. ამისგან შვილების, შვილიშვილების, მომავალი თაობების დაცვაა, ოჯახური ღირებულების და არასრულწლოვანების ინტერესების დაცვაა პრიორიტეტი და არა რაღაც აკრძალვა.

ჩვენ ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა გავაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, ისინი ცდილობენ შეატყუპონ, შეაერთონ, გააიგივონ ერთმანეთთან და ამით საზოგადოება მოატყუონ. ხან ფაშიზმს, ხან ჰომოფობიას დაუძახებენ. უკვე დღე ნახევარი არაა გასული, მთელი მათი კამპანია აგებულია ჰომოფობიურ კანონპროექტზე ანუ ბავშვების უფლებების დაცვასა და ოჯახურ ღირებულებებს ისინი ეძახიან ჰომოფობიას. ოჯახური ღირებულებები და ბავშვების უფლებების დაცვა მათთვის ყოფილა ჰომოფობია, სად ჩავიდნენ, სად დავიდნენ და რაზე გააკეთეს აქცენტები?! ჩვენ, მათ შორის, ამ პიარულ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ.

რომელი ფსევდოლიბერალი რას იტყვის საქართველოსთან დაკავშირებით, ქვეყნის გარეთაც მხარდამჭერი ქართველი ფსევდოლიბერალი, ეს არ არის საინტერესო, ჩვენს ეროვნულ საქმეს ამით ვერ შეგვაწყვეტინებენ. ამ ვითარებაში, როცა ღირებულებითი ბრძოლა მიდის, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდებათ, მათ შორის, ქვეყნის გარედან, მაგრამ ჩვენ ამას არ გავითვალისწინებთ, ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, იმიტომ, რომ ჩვენი [მიზანი] ეროვნული ინტერესებია და მათი მოახვიონ რაღაც თავს, რაც არ გამომდინარეობს ქვეყნისა და ეროვნული ინტერესებიდან, აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ყურადღებას არ მივაქცევთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

“ვაშაძე იტყუებოდა, რომ ემიგრანტებს საარჩევნოდ საკონსულოებში არ არეგისტრირებენ”-მამუკა მდინარაძე

ამ წუთის მონაცემებით, საკონსულოების რაოდენობა დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების შესატყვისია. დარბაზში იმ დღეს რა მოხდა – ვაშაძემ მოიტანა 52 ადამიანის სია, 800 ათასით დაიწყეს და საბოლოო ჯამში 52 ადამიანის პრობლემაზე ალაპარაკდნენ, მერე ერთი აღარ აღმოჩნდა პრობლემური იქიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მმართველ გუნდს იმ ემიგრანტების სია წარუდგინა, რომლებსაც, ოპოზიციონერის თქმით, საზღვარგარეთ საკონსულოებში საარჩევნოდ არ არეგისტრირებენ.

„ემიგრაციაში რომ უამრავი ადამიანია, ამას ლაპარაკი რად უნდა. ზოგი გაჭირვების გამო მიდის და ზოგი სხვადასხვა მიზეზების გამო. აქ პროგრესი გვაქვს თუ რეგრესი გვაქვს, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩემი ძალიან ახლობლებიც არიან ემიგრაციაში და ბუნებრივი ამბავია ეს. გასაგებია, ცუდია ძალიან, მაგრამ შედარებითია ყველაფერი. მიგრაციული სალდო გვაქვს, როგორც იქნა, დადებითი. ადამიანი, რომელიც მივიდა, საბუთები წესრიგში ჰქონდა და შეიტანა ეს საბუთები, ყველამ შესაბამისი რეგისტრაცია მიიღო. ვისაც არ ჰქონდა წესრიგში, ამ ადამიანებმა ვერ მიიღეს. ათასში ერთი შემთხვევა შეიძლება იყო, გამონაკლისზე გამონაკლისი, სხვა არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, როცა ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, საქართველოს მოქალაქე იყო და საელჩოში არ დაარეგისტრირეს. რამდენი დღეა გასული მას შემდეგ, რაც მე ვაშაძეს ფურცლები გამოვართვი და ვუთხარი, რომ ერთი დაესახელებინა. 52-კაციანი სია ჰქონდა და ერთი ვერ დამისახელა, ანუ იტყუებოდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დაგეგმვა უკვე განახლებული ვებგვერდითა და აპლიკაციითაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი.

„მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სერვისებისა და უკვე არსებული მომსახურებების განვითარების პროექტის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს ასევე, სთავაზობს მობილურ აპლიკაციას Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის.

აღნიშნული აპლიკაცია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეები მგზავრობის დაგეგმვას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმებას შეძლებენ. აპლიკაციის ახალი ვერსია მოქალაქეებს ასევე, სთავაზობს მარშრუტების სხვადასხვა ალტერნატივას, რომელიც ავტობუსების რეალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებითაა შედგენილი.

განახლებული დიზაინისა და ფუნქციონალის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქალაქის მასშტაბით გადაადგილების დაგეგმვა მგზავრობის დაწყებისა და დასრულების ადგილების მიხედვით. ვებგვერდზე, ასევე, მოცემულია გრაფიკების, მარშრუტებისა და გაჩერებების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

დეტალური ინფორმაციის მიღებასა და აპლიკაციის ჩამოტვირთვას შეძლებთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გუშინ მთელი კამპანია აწიეს ოპოზიციაში, სხვა თემაზე ხომ ვერ გაბედეს გაერთიანება, ცისარტყელამ და მისმა ფერებმა გააერთიანა -მდინარაძე

არის კოორდინირებული ქცევა, რომ უფლებები და ლგბტ პროპაგანდა გააიგივონ ანუ დააახლოონ. ჩვენი მიზანია, რომ ისინი ერთმანეთს დავაშოროთ და უფლებებს არავინ შეეხოს და მაინც იბრაზებენ თავს. ვეუბნებით, უფლებების დაცვის ხარისხი გავზარდოთ და ამაზე ბრაზდებიან?! პროპაგანდა ავკრძალოთ – ამაზე ბრაზდებიან?! გვითხრან, ან ერთზე ბრაზდებიან ან მეორეზე. ორივეს ერთად თუ ილაპარაკებენ, მაშინ ძალით იბრაზებენ თავს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ოპონენტები ამ საკითხის ირგვლივ ცისარტყელამ გააერთიანა.

„სხვათა შორის, გუშინ ცისარტყელამ გააერთიანა, რაც ჩვენ ვერ ვქენით, გუშინ ცისარტყელამ ქნა. გუშინ მთელი კამპანია აწიეს ოპოზიციაში. სხვა თემაზე ხომ ვერ გაბედეს გაერთიანება, ცისარტყელამ და მისმა ფერებმა გააერთიანა. იყვნენ გახარებულები, აჟიტირებულები და მთაგავდნენ თურმე ამ რაღაცებზე. იყო ერთი ამბავი. ცისარტყელამ გააერთიანა ბოლოს და მართლა პროპაგანდისტები არიან, ბავშვებს ცისარტყელა წაართვეს. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდის მხარეს ძალიან დიდი ფინანსები დგას და „თბილისი პრაიდს“ და სხვა „ენჯეოებს“ დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.

„მე ვაბრალებ მათ, რომ ლგბტ პროპაგანდაში იხარჯება მათი ფინანსების ძალიან დიდი ნაწილი. თავის დამფინანსებლებსაც და საქართველოს მოქალაქეებსაც უთხრან, რომ ეს არის ან მართალი ან ტყუილი. ვიღებ ამ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე“, – აღნიშნა მდინარაძემ.